«პროტოკოლზე» ხელმოწერა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას ნიშნავს

«პროტოკოლზე» ხელმოწერა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას ნიშნავს

    ძნელი მისახვედრი არ არის: ბოლოდროინდელი მოვლენებით, მათ შორის, არძინბას თბილისში «ჩამობრძანებით» საქართველოს ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს აფხაზეთის თაობაზე რუსული დიპლომატიის შემუშავებული ე.წ. «ოქმის» ხელმოსაწერად.
    როგორც ჩანს, პრეზიდენტსაც და მის გარემოცვასაც მიაჩნიათ, რომ სხვა გზა არ არსებობს: არანაირ დათმობაზე არძინბა არ მიდის; იგი არ თანხმდება ოქმში «ერთიანი ფედერაციული სახელმწიფოს» დაფიქსირებას. მავანმა შეიძლება გაიკვირვოს: ის თუ არ თანხმდება, ჩვენ ხომ მაინც ვაწერთ ხელს მის ფორმულირებას, რომელიც «საერთო სახელმწიფოს», ანუ კონფედერაციის შექმნას ითვალისწინებს; მაგრამ საქმე სწორედ ის გახლავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი ჩიხში თავად მოაქცია: ოქმის ხელმოწერა, რაც პრობლემის გადაწყვეტაში «პროგრესის» ილუზიას ქმნიდა, ხელისუფლებისათვის (ვითომდაც პარლამენტის დადგენილების დაურღვევლად) ისეთი საშუალება აღმოჩნდა, რომლითაც ესენგეს მომავალ სამიტზე ვადას გაუგრძელებს კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების ყოფნას. ეს კიდევ გამართლებული იქნებოდა, «ოქმის» ხელმოწერა რეალურად რამეს რომ გვაძლევდეს, მაგრამ ამის იმედად ყოფნა, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობაა.
    რას გულისხმობს ხელმოსაწერად გამზადებული «პროტოკოლი»? დოკუმენტის თანახმად, საქართველო ცნობს აფხაზეთის ამჟამინდელ კონსტიტუციას, რომლის პირველივე პუნქტი აფხაზეთის სუვერენიტეტს (დამოუკიდებლობას) აღიარებს. სამაგიეროდ, აფხაზეთი თანახმაა, საქართველოსთან გააფორმოს «დიდი ხელშეკრულება» და შექმნას საქართველო-აფხაზეთის კავშირი, ანუ ე.წ. უნია (ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავსად). საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ სანაცვლოდ სეპარატისტები დათანხმდებიან ლტოლვილთა თუნდაც ნაწილობრივ დაბრუნებას, მაგრამ ესეც ილუზიაა, აფხაზები ოქმზე ხელს მოგვაწერინებენ, «ლტოლვილთა დაბრუნებას» კი ისევე, როგორც ადრე, ფარსად აქცევენ, ანუ კვირაში 30 ლტოლვილს შეუშვებენ გალის რაიონში და გვეტყვიან: ხომ ხედავთ, ჩვენს ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთო. სამაგიეროდ, მათ ხელთ იქნება დოკუმენტი, რომლითაც საქართველო ფაქტობრივად აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სუბიექტად (რაკი ცნობს მის კონსტიტუციას). ამის შემდეგ საქართველოს წუწუნი «ტერიტორიული მთლიანობის» შესახებ გულს ვეღარავის აუჩუყებს.
    როგორც ჩანს, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ რუსეთს დააინტერესებს ლტოლვილთა დაბრუნებაში მისი მხარდაჭერის მისაღებად. რუსეთი შეეცდება საქართველოს ლოიალობა მოიპოვოს და ამ მიზნით აიძულებს აფხაზეთს, რეალურად შეასრულოს აღებული ვალდებულებები. ესეც უდიდესი შეცდომაა! საქართველოს ლოიალობის მოსაპოვებლად რუსეთისათვის სავსებით საკმარისია მუქარაც: ჭკვიანად იყავით, თორემ აფხაზეთს იურიდიული უფლება აქვს (ოქმის ხელმოწერის შემდეგ), სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადოსო. იმის შიშით, ვაითუ აფხაზეთი საბოლოოდ (იურიდიულად) დავკარგოთო, საქართველოს ხელისუფლება იძულებული შეიქნება, უკვე მერამდენედ მოითმინოს გაცუცურაკება და «ბოღმა გადაყლაპოს».

მერიდიანი, 19 აგვისტო, 1997 წ.