პროკურატურის მტკიცებით, თენგიზ სიგუა ბეწვზე გადაურჩა დაპატიმრებას

პროკურატურის მტკიცებით, თენგიზ სიგუა ბეწვზე გადაურჩა დაპატიმრებას

 

    «ნაპრემიერალ» თენგიზ სიგუასთან დაკავშირებით მორიგი ტრაგიკომედია თამაშდება. საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც მთლიანად «კრიმინოგენულ ვითარებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას» მიეძღვნა, გენერალურმა პროკურორმა ჯამლეთ ბაბილაშვილმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე თენგიზ სიგუას წინააღმდეგ არ აღიძრა, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაული ამნისტიას დაექვემდებარა.
        მდგომარეობის კომიკურობა კი შემდეგში მდგომარეობს: როგორც ცნობილია, პროკურატურა ექსპრემიერს ბრალს სდებდა, რომ 1992 წლის თებერვალში მის მიერ «დროებითი მთავრობის სახელით» გამოცემული ¹54 ბრძანებულება ნებას რთავდა ერთ-ერთ ფირმას, საქართველოდან იაპონიაში გაეტანა ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ფერადი ლითონი (ალუმინი) და ხაზინასთან ანგარიშსწორება მოეხდინა ხელოვნურად შემცირებული კურსით.
        გენერალური პროკურორის მტკიცებით, ამ აფიორის შედეგად სახელმწიფომ თორმეტი მილიონი დოლარი დაკარგა. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის «ბიზნესმენები» ამჟამად საქართველოში აღარ ცხოვრობენ - «თავს უშველეს» და ახლა (მათთვის) უკეთეს შემთხვევაში პარიზის ან ლონდონის გარეუბანში ისვენებენ. უარეს შემთხვევაში კი მოსკოვში ცხოვრობენ - ამ ქვეყნის «კანონმორჩილი» მოქალაქეები არიან და მშვიდი, უზრუნველი (უზრუნველყოფილი) სიბერისთვის ემზადებიან.
        მათი ვინაობა არც იქნებოდა საინტერესო, რომ არა ორი მომენტი: უპირველეს ყოვლისა, პროკურატურის მაღალი ჩინის წარმომადგენლის მტკიცებით, 1992 წლის თებერვალში დროებითმა მთავრობამ ზემოთხსენებულ «ფირმას» დახმარება გაუწია «ვალის» დაბრუნების მიზნით, ვინაიდან სწორედ ამ ფირმამ «დააფინანსა» 1991 წლის შემოდგომაზე კიტოვანის გვარდიის «პუტჩი» და მისი ხანგრძლივი «შვებულება» თბილისის ზღვაზე.
        გასარკვევია, რომელ ამნისტიას გულისხმობდა გენერალური პროკურორი? რამდენადაც გვახსოვს, 1991 წლის შემდეგ საქართველოში მხოლოდ ერთი ამნისტია იყო - იმავე 1992 წელს! იმავე დროებითი საბჭოს (!) ვერდიქტით ციხეებიდან გამოუშვეს თითქმის ყველა პატიმარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამნისტიას უკუქმედების ძალა აქვს, ყველაფერი ცხადი ხდება. თენგიზ სიგუა დღეს უეჭველად ციხეში იჯდებოდა. წინდახედულად რომ არ მოქცეულიყო და უარი არ ეთქვა თავისი მეგობრისათვის «აფხაზეთისკენ ლაშქრობაში» მონაწილეობაზე. ამის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეს სპეციალური კომისიაც იკვლევდა. მის მიერ აღმოჩენილი ფაქტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ¹54 დადგენილება იყო, მაგრამ პროკურატურამ, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა, დაედგინა (დაემტკიცებინა) მთავარი - მოქმედებდა თუ არა თენგიზ სიგუა ანგარებით.
        «უდანაშაულობის პრეზუმპციიდან» გამომდინარე, ექსპრემიერი თავად არ იყო ვალდებული რაიმე ემტკიცებინა; «სპილენძის ოპერაციის» უშუალო მონაწილენი კი პროკურატურამ, როგორც ჩანს, ხელში ვერ ჩაიგდო. თუმცა, საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება თენგიზ სიგუას პრობლემას არ უმსუბუქებს: პროკურატურას გადაწყვეტილი აქვს სამოქალაქო სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ექსპრემიერის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის (თორმეტი მილიონი დოლარის!) ანაზღაურება. ჯამლეთ ბაბილაშვილის გამოსვლიდან იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ თენგიზ სიგუას ბრალეულობა პროკურატურას დამტკიცებულად მიაჩნია, ხოლო დაპატიმრების სანქცია არ გაიცა მხოლოდ ამნისტიის გამო.

მერიდიანი, 18 თებერვალი, 1997 წ.