პროვინციული დემოკრატია

პროვინციული დემოკრატია

    რამდენიმე დღის წინ, ქართული პოლიტიკური ელიტა ახალი «გენიალური იდეით» წარდგა ქართველი ერის წინაშე. თურმე ნუ იტყვით, საქართველოს გადასარჩენად და «ერის გასამთლიანებლად» საჭირო ყოფილა ე.წ. «მცირე კონსტიტუციის» მიღება ანუ რამდენიმე «ორგანული» კანონისა, რომელიც, განსხვავებით «დიდი კონსტიტუციისაგან», შეიძლება თვით პარლამენტმა მიიღოს (და არა რეფერენდუმით - მთელმა მოსახლეობამ), რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, უმტკივნეულოდ გამოვიდეს იმ უმწვავესი კონსტიტუციური კრიზისიდან, რომელშიც იგი «დღევანდელმა მმართველმა გუნდმა შეიყვანა შევარდნაძის თაოსნობით».
    კაცმა რომ თქვას, ამ განცხადებაში ახალი და გასაკვირი არაფერია - ჩვენს პოლიტიკოსებს საერთოდ ჩვევიათ «ბრალის პერსონიფიცირება» - ასე უფრო იოლად და მშვიდად გრძნობენ თავს, მაგრამ ისტორიული რეალობა გვკარნახობს, რომ ქვეყნის დღევანდელ კატასტროფულ ვითარებამდე მიყვანაში ეს მენტორული ტონით მოუბარი «კონსტიტუციონალისტები» არანაკლებ არიან დამნაშავენი, ვიდრე დღევანდელი მმართველი გუნდი. უფრო სწორად, ისინიც ამ გუნდის წევრები არიან, ოღონდ უმცირესობას წარმოადგენენ იმ ხელისუფლებაში, რომელმაც 1991-92 წლებში საქართველოში სამხედრო გადატრიალება განახორციელა და მთელი პასუხისმგებლობაც იკისრა ქვეყანაში შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.
    იქნებ არც ღირდეს მათ მორიგ «იდეაზე» ყურადღების მოპყრობა, რომ არა რამდენიმე მართლაც საგულისხმო გარემოება. ერთ-ერთმა «დემოკრატმა», რომელიც თავს დიდ კონსტიტუციონალისტად თვლის, მის მიერვე შეთხზული «კონსტიტუციის» სიდიადის დასადასტურებლად, ასეთი არგუმენტი მოიტანა: «ევროპელმა ექსპერტებმა აღიარეს, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტი ევროპაში მოქმედ კონსტიტუციათა შორის ყველაზე დემოკრატიულიაო».
    ამ არგუმენტის ავტორი, როგორც ჩანს, თავად ვერ ხვდება, რა სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. მართლაც, რას უნდა ნიშნავდეს ეს შეფასება - «ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია ევროპაში?». დავუშვათ, ის დასავლელი ექსპერტები სერიოზულად ამბობდნენ ამას (და არა ფარული ირონიით) - ამგვარმა შეფასებამ მაინც არ შეიძლება არ დაგაფიქროს. ამ საკითხზე მსჯელობას კი რამდენიმე სერიოზულ დასკვნამდე მივყავართ, რომელშიც საქართველოს ეროვნული კატაკლიზმის მთავარი მიზეზია არეკლილი.

    დავსვათ მრავალთათვის მოულოდნელი კითხვა: რა არის ჩვენი მიზანი - ის, რომ ეროვნული (ნაციონალური) სახელმწიფო ავაშენოთ თუ ის, რომ «ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია» შევქმნათ? შეიძლება მავანმა ეს ერთი და იგივე ცნების ორ სხვადასხვა განზომილებად მიიჩნიოს, რასაც ვერასგზით დავეთანხმები.
    თუ, მაგალითად, საფრანგეთის კონსტიტუცია ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობას ითვალისწინებს, იმდენად ძლიერს, რომ ზოგიერთი ფრანგი ექსპერტი-კონსტიტუციონალისტი მას «აბსოლუტური მონარქიის ერთ-ერთ ვარიანტად მიიჩნევს» და «არადემოკრატიულად» თვლის, ეს ჯერ კიდევ იმას როდი ნიშნავს, თითქოს ფრანგი ხალხის დიდი შვილი და დიდი მოღვაწე - დე გოლი არასწორად მოიქცა, როდესაც სწორედ ეს კონსტიტუცია დაამკვიდრა (თითქმის ძალით) მშობლიურ საფრანგეთში.
    ამგვარი კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, უფრო მეტად შეესაბამებოდა ფრანგი ხალხის ეთნოფსიქოლოგიურ თვისებებს, ამ სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებას, საერთაშორისო რეალიებს.
    მართალია, «ძლიერი პრეზიდენტის» ინსტიტუტი შემდგომში რომელიღაც «კონსტიტუციონალისტ მოლაყბეს» შეიძლება არადემოკრატიულადაც მოსჩვენებოდა, მაგრამ ამის გამო დე გოლი და მისი კონსტიტუცია სრულიადაც არ «მცირდება» ჩვენს თვალში - სწორედ მან მისცა საშუალება საფრანგეთს, შეექმნა მყარი, სტაბილური «მეხუთე რესპუბლიკა», რომლისთვისაც უცხოა წინამორბედ რესპუბლიკათა გაუთავებელი პოლიტიკური რყევა და სამოქალაქო არეულობა.
    რომელიღაც  «ექსპერტის» განცხადება, «ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა არადემოკრატიულიაო», - ცივილიზებული, მოაზროვნე საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ არ უნდა იქცეს იმის წინაპირობად, რომ საკუთარ ქვეყანაში «საპარლამენტო რესპუბლიკა» დაამკვიდროს მხოლოდ იმ მიზნით, რათა «ევროპაში ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება» მოუწონონ.
    ასეთი კონსტიტუციის მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მყარი, სტაბილური და ერთიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შენობის აგებას. კონსტიტუცია მართლაც შეიძლება «ყველაზე დემოკრატიული» იყოს, ხოლო სახელმწიფო - ყველაზე სუსტი, დაშლილი, დანაწევრებული და დანგრეული.
    ამ შემთხვევაში რით დავიმშვიდოთ თავი - რომ ჩვენი კონსტიტუცია ყველაზე დემოკრატიულია? კონსტიტუცია უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის საჭიროებას და არა პირიქით. კონსტიტუცია ქვეყნის სიღრმისეული, სტრატეგიული ინტერესების, მისი ფუნდამენტური თავისებურებების შესაბამისად უნდა იწერებოდეს და არა რომელიღაც ჭკუამოკლე ევროპელი ექსპერტის მოსაწონად, რომელმაც შეიძლება არც იცოდეს, საერთოდ არის თუ არა ასეთი ქვეყანა - საქართველო და სად მდებარეობს იგი.

    აქ მხოლოდ იმაში როდია საქმე, რომ ამ სტრიქონების ავტორი ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეა - მთავარი და უფრო მეტად საინტერესო სხვა გახლავთ: კერძოდ, ქართული პოლიტიკური ელიტის სრული არაკომპეტენტურობა, აგრესიული უმეცრება, ამბიციურობა და ამავე დროს, საზიზღარი წამხედურობა - რაც მთლიანობაში გვაძლევს იმ ფენომენს, რომელსაც პირობითად «პროვინციულ დემოკრატიას» ვუწოდებდი.
    საქართველოში არსებობდა არა «პროვინციული ფაშიზმის» პრობლემა, არამედ სწორედ «პროვინციული დემოკრატიისა». იმ ადამიანებს, რომლებიც თავს «დემოკრატებს» უწოდებენ, არც არასდროს ესმოდათ, არც ახლა ესმით და ალბათ უკვე ვერც ვერასდროს გაიგებენ, რომ დემოკრატიის პრობლემა და სახელმწიფოებრიობის პრობლემა ერთი და იგივე არ არის! კონსტიტუცია, რომელიც «ყველაზე დემოკრატიულია ევროპაში» - შეიძლება მართლაც «ყველაზე დემოკრატიული» იყოს, მაგრამ იოტისოდენადაც არ პასუხობდეს ჭეშმარიტი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობისათვის მებრძოლი საქართველოს ინტერესებს. და პირიქით, ის კონსტიტუცია, რომელიც «კულტურტრეგელურად» განწყობილ ზოგიერთ «ექსპერტს» შეიძლება არც მოეჩვენოს «ყველაზე დემოკრატიულად ევროპაში» - შესაძლოა უფრო მეტად შეესაბამებოდეს საქართველოს ინტერესებს.
    აქ უფრო პრინციპზე გვაქვს საუბარი და არა კონკრეტულ შინაარსზე. არ შეიძლება საქართველოს ახალი კონსტიტუციის უმთავრეს მახასიათებლად (დადებით მახასიათებლად) ის არგუმენტი ფიგურირებდეს, რომ იგი უფრო «გერმანულ მოდელს» შეესაბამება (დემოკრატიულად მიჩნეულს), ვიდრე ფრანგულს.
    ვიცი, ათასგვარ დემაგოგიურ «კუდს» გამოაბამენ ჩემს ნათქვამს, მაგრამ მაინც ვიტყვი: რამდენიც არ უნდა იყვირონ დასავლეთში, რომ ელცინის კონსტიტუცია «არადემოკრატიულია» - ელცინის სახელმწიფოებრივი ნება და სიბრძნე იმაში გამოიხატება, რომ მან მიიღო ისეთი კონსტიტუცია, როგორიც მისი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამებოდა და არა ისეთი, როგორიც ჩიკაგოს «კონსტიტუციური სემინარის» მონაწილეებს მოეწონებოდათ. სხვა საკითხია რუსეთის პოლიტიკა კონკრეტულად საქართველოს ან რომელიმე სხვა მეზობელი ქვეყნის მიმართ.
    კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ამ «ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუციის» შემოქმედთა დამოკიდებულება ქართველი ამომრჩევლის მიმართ. მათი აზრით, რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება მანამ, სანამ «პოლიტიკური ძალები არ შეთანხმდებიან უმთავრეს პრინციპებზე». პოლიტიკური ელიტის ეს წარმომადგენლები თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას რეფერენდუმისადმი იმით ხსნიან, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება პროცედურის დარღვევით - რაკი კანონით პარლამენტი ექვსი თვე უნდა იხილავდეს კონსტიტუციას, ამ ვადის შემჭიდროებით რეფერენდუმზე კონსტიტუციის გატანა მას თითქოსდა უკანონოდ აქცევს. ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია!
    სინამდვილეში, რეფერენდუმი (თუ ხმის დათვლა სწორად და სამართლიანად მოხდა) ყოველგვარ პროცედურაზე და ყოველგვარ კანონზე მაღლა დგას - რეფერენდუმის შედეგი თავად არის უზენაესი კანონი და არავის არა აქვს უფლება მე, როგორც ამომრჩეველს და მოქალაქეს, განმისაზღვროს, თუ როდის უნდა გამოვხატო ჩემი ნება - ექვსი თვის თუ ორი თვის შემდეგ.
    ვიმეორებ: რეფერენდუმი თავად არის უზენაესი კანონი! თუ ჩავთვლი, რომ კითხვა დროულად დამისვეს - მივალ რეფერენდუმზე, თუ არ ჩავთვლი - არ მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ არც ერთ პარტიას არა აქვს უფლება, ჩემს ნაცვლად გადაწყვიტოს - დროულია ეს რეფერენდუმი თუ არ არის დროული.
    სინამდვილეში, ზემოთხსენებულ «დემოკრატებს» პროცედურის დარღვევა კი არ აღელვებთ, არამედ ის, რომ ამომრჩეველმა შეიძლება არ დაუჭიროს მხარი კონსტიტუციის იმ პროექტს, რომელიც მათ შეიმუშავეს და «ევროპაში ყველაზე დემოკრატიულადაა მიჩნეული».
    ესეც «პროვინციული დემოკრატიის» გამოვლინებაა. საქართველო რომ ჭეშმარიტად ცივილიზებული ქვეყანა ყოფილიყო და ჭეშმარიტად პატრიოტული ელიტა ჰყოლოდა - იგი არც საუკუნის დასაწყისში აყვებოდა სხვადასხვა «იზმებს» და არც საუკუნის ბოლოს, ასევე ბრმად, სხვადასხვა «კრატიას».

«მსგეფსი», 1995 წლის მარტი.