.......პრეტენზია გამოთქვეს ქართული სააღლუმო შენაერთის ეკიპირების გამო

.......პრეტენზია გამოთქვეს ქართული სააღლუმო შენაერთის ეკიპირების გამო

ნიშანდობლივი სიუჟეტი   
    
   
   

    ის, რის თქმასაც ამჟამად ვაპირებ უეჭველად მძლავრი დისანონსი იქნება იმ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომელიც საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტთანაა დაკავშირებული.    
    თუმცა, ამჯერად ეს დისონანსი აუცილებლად მიმაჩნია, რადგან საქმე ერის ღირსებას ეხება. ნებისმიერი დემოკრატია ტოტალიტარიზმისაგან უპირველესად იმით განსხვავდება, რომ თავისუფალ აზრს არსებობის უფლება აქვს მმართველი ელიტის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესისაგან დამოუკიდებლად. ოფიციალური პოზიცია ერთია, ხოლო თავისუფალ გაზეთში გამოთქმული აზრი - მეორე. მე ვიტყვი რასაც ვფიქრობ, - მიუხედავად იმისა, მოეწონება ეს ჩვენს «მაღალ» სტუმარს (ან მის მრავალრიცხოვან თანაშემწეთ) თუ არა.

    რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ტელეკომპანიის საინფორმაციო პროგრამა «ვესტიმ» გადმოსცა ასეთი ინფორმაცია: «რუსეთის მხარის წარმომადგენლებმა, რომლებიც ბორის ელცინის ვიზიტის მოსამზადებლად ჩამოვიდნენ საქართველოში, პრეტენზია გამოთქვეს ქართული სააღლუმო შენაერთის ეკიპირებისა და სამხედრო მომზადების მსოფლიო სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო. მათ მოითხოვეს უსწრაფესად, ორ დღეში, ახალი ფორმის შეკერვა ქართული შენაერთებისათვის, ხოლო თბილისის სამხედრო ორკესტრი იმდენად არ მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს საკუთარი ასკაციანი სამხედრო ორკესტრის ჩამოყვანა. ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ განაცხადა, რომ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს რუსეთის პრეზიდენტის ჩამოსვლამდე».   
    ის ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთის ტელეკომპანიების მუშაობას, უეჭველად შეამჩნევდა, რომ ეს ტელევიზია მხოლოდ გარეგნული დიზაინით არის «თავისუფალი» და «დემოკრატიული». სინამდვილეში, იმპერიული ტრადიციისამებრ საზოგადოების ცნობიერების მართვის ამ უმთავრეს ბერკეტს მტკიცედ ფლობს რუსეთის მმართველი ელიტა და მას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების განმახორციელებელ იარაღად იყენებს.    
    აქვე, ერთგვარი გადახვევის სახით ვიტყვი, რომ ტელევიზია ძალაუფლების განუყოფელი ატრიბუტია და ყოველთვის, ყველა ქვეყანაში, ამა თუ იმ ფორმით ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს, მის სტრატეგიულ ინტერესებს; ხოლო თავისი შინაგანი ბუნების გამო, ხშირ შემთხვევაში, ტელევიზია ოფიციოზის განცხადებებზე უფრო ზუსტად ასახავს ამ სტრატეგიულ ინტერესს.    
    ხშირად მომხდარა, რომ მიუხედავად ოფიციოზის განცხადებისა (ან მისი დუმილისა) ამა თუ იმ საკითხზე, ხელისუფლების ჭეშმარიტი პოზიცია სწორედ ტელევიზიის კონკრეტულ სიუჟეტს გაუმჟღავნებია.   
   ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ ის სიუჟეტები, რომლებიც რუსეთის ტელევიზიით აფხაზეთის ომის დროს გადაიცემოდა.   
    მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტებზე «მაღალი» ხელმოწერებისა, მიუხედავად ბორის ელცინის (ან საქართველოში მისი უნიჭიერესი ელჩის) განუწყვეტელი ფიცისა, დაკვირვებული თვალისათვის რუსეთის ტელევიზიის მიერ გადმოცემული სიუჟეტების არსის, მათი საერთო ტონალობის ანალიზითაც ნათელი ხდებოდა, რომ ის ხელშეკრულებები უეჭველად დაირღვეოდა, რადგან არ გამოხატავდა რუსეთის ჭეშმარიტ მიზნებს და ინტერესებს ამ რეგიონში.

  ზემოთმოყვანილი ინფორმაცია, რომელიც პროგრამა «ვესტიმ» გაავრცელა, მრავალმხრივ არის დასაფიქრებელი. ჯერ ერთი, წმინდა ემოციური თვალსაზრისით, თუ საბოლოოდ არ დაგვჩლუნგებია ეროვნული ღირსების გრძნობა, უნდა შევამჩნიოთ, რომ ეს იყო დაუფარავი შეურაცხყოფა ყველაზე წმიდა, ყველაზე სათუთი გრძნობებისა, რომელიც კი მოქალაქეს გააჩნია თავისი სახელმწიფოს მიმართ.   
    სხვა სახელმწიფოს მოღვაწის დახვედრისას გამართული მცირე სამხედრო აღლუმი, რომელშიც შეიარაღებული ძალების სამივე სახეობის შენაერთი მონაწილეობს, აგრეთვე სტუმრის საპატივცემულოდ შესრულებული ჰიმნი ისეთივე ატრიბუტია დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის, ეროვნული სუვერენიტეტისა, როგორც დროშა და გერბი. მათი შეურაცხყოფა ეროვნული ღირსების შელახვის ტოლფასია. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, მართლა ასეთი სუსტი და უნიათოა ჩვენი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა (იგივე ორკესტრი ან სააღლუმო შენაერთი) თუ არა. მთავარი აქ ის არის, რომ განურჩევლად იმისა, გულწრფელნი იყვნენ რუსეთის წარმომადგენლები თუ ეს ჩვეულებრივი პროვოკაცია იყო მათი მხრიდან - ამგვარი ინფორმაცია, ნორმალურ ვითარებაში, პროგრამა «ვესტის» არ უნდა გაევრცელებინა ესოდენ მნიშვნელოვანი ვიზიტის წინ.    
    ბოლოს და ბოლოს, არსებობს ერთგვარი «დიპლომატიური სამზარეულო», რომლის ფარგლებში მართლაც შეიძლება გამოითქვას რაიმე შენიშვნა სტუმართა მხრიდან, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დაუწერელი ეთიკა, ერთგვარი «უზენაესი ზრდილობა» მოითხოვს, ეს სამზარეულო არავითარ შემთხვევაში არ იქნას გატანილი საზოგადოების სამსჯავროზე, რათა უნებლიედ არ მოიშხამოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა.    
    ამას თვით ყველაზე «დემოკრატიული» ქვეყნების ყველაზე თავისუფალი (ჭეშმარიტად თავისუფალი) ტელეკომპანიებიც არ კადრულობენ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე ეხება ვიზიტს არც თუ ისე კეთილგანწყობილ ქვეყანაში.    
    აღარაფერს ვამბობ იმ შემთხვევაზე, თუკი საქმე ეხება სახელმწიფოს, რომელთანაც ამ ქვეყანას «მეგობრული ურთიერთობების» დამყარება სურს.

    ეს ვითომდაც უმნიშვნელო ინციდენტი კიდევ ერთი დადასტურება გახლავთ იმისა, რომ რუსული საზოგადოება და რუსული სახელმწიფო შინაგანად არასოდეს შეურიგდება, არასოდეს სცნობს არც საქართველოს, არც რომელიმე სხვა ყოფილი რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ყოველთვის შეეცდება, ეს სახელმწიფო როგორმე დაამციროს, შეურაცხჰყოს, პოლიტიკურად არიოს, ეკონომიკურად დაანგრიოს.    
    რა თქმა უნდა, რუსები არ არიან ჩვენი «გენეტიკური მტრები» და საქართველოს მტრობა მათთვის თვითმიზანი ნამდვილად არაა. უფრო მეტიც, ქართველი ერის მიმართ ამ საზოგადოების დიდ ნაწილს შესაძლოა ერთგვარი სიმპატიაც ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს ასეთივე სიმპატია აქვთ ქართული სახელმწიფოს მიმართ.   
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენდამი სიმპატიით და კეთილად მანამდე არიან განწყობილი, სანამ თანახმა ვართ, ვიცხოვროთ მათი სახელმწიფოს შემადგენლობაში. მაგრამ როგორც კი კრინტს დავძრავთ «დამოუკიდებლობაზე», უმალვე იწყებენ ჩვენი ნების ფეხქვეშ გათელვასა და შეურაცხყოფას, რისი თვალნათელი მაგალითიცაა «ვესტის» სიუჟეტი.

    ეს, რაც შეეხება ემოციურ მხარეს. მაგრამ თუ იმ ინფორმაციას წმინდა პოლიტოლოგიურად გავაანალიზებთ, «ვესტის» სხვა მიზანიც ჰქონდა - დაემშვიდებინა აფხაზი და ოსი სეპარატისტები, ქარაგმულად მიენიშნებინა მათთვის: რუსეთმა კარგად იცის, ვინ არიან მისი სტრატეგიული მოკავშირენი კავკასიაში; ხოლო ელცინის ვიზიტი საქართველოში ტაქტიკური მოსაზრებითაა განპირობებული. კერძოდ, მთელი მსოფლიოსათვის კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ საქართველო ნებაყოფლობით შედის რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში და, რაც მთავარია, არ ადანაშაულებს მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივ ოკუპაციაში.

    რა თქმა უნდა მიზნად არ ვისახავ და არც ძალმიძს წინ აღვუდგე სახელმწიფოებრივ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. ღმერთმა ქნას, ამ ვიზიტმა სასიკეთო შედეგი გამოიღოს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, მაგრამ ვერანაირი «პოლიტიკური მოსაზრება» ვერ მაიძულებს ხმა არ ამოვიღო, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ და შეძლებისდაგვარად, პასუხი არ გავცე შეურაცხმყოფელს.   
    იმასაც ვიტყვი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რა თქმა უნდა, ძალზე ძვირფასია ჩვენთვის, მაგრამ არა გვგონია, იგი ერის ღირსების სამუდამო შელახვად ღირდეს.    
  ბოლოს და ბოლოს, ტერიტორიაც და სახელმწიფოებრიობაც ერის სულიერი სიმშვიდისა და ცხოველმყოფელობისათვისაა საჭირო.    
    ღირსებააყრილ ერს არც ერთი სჭირდება და არც მეორე.

«ივერია-ექსპრესი», 4 თებერვალი, 1994 წელი.