პრეზიდენტობას ვახტანგ რჩეულიშვილიც უმიზნებს

პრეზიდენტობას ვახტანგ რჩეულიშვილიც უმიზნებს

  

    თუ ყურადღებით დააკვირდებით ასლან აბაშიძის გარშემო შემოკრებილ კონგლომერატს, უეჭველად შეამჩნევთ, რომ სოციალისტთა ლიდერი მასში განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
    უფრო ზუსტად, იგი სხვებზე მეტი სიფრთხილით ეკიდება ასლან აბაშიძესთან ალიანსს. ეს გარემოება თითქოსდა წვრილმანებში მჟღავნდება. მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: «თუ რამეს არასწორად აკეთებს ასლან აბაშიძე - ესეც უნდა ვთქვათ».
    მისი პოზიცია ძირითადად «მოქალაქეთა კავშირთან» დაპირისპირებით აიხსნება. რჩეულიშვილის თქმით, თუ ედუარდ შევარდნაძე განაგრძობს მოქალაქეთა კავშირის მხარდაჭერას, მაშინ ყველა ის ბრალდება, რასაც აჭარის ლიდერი «მოქალაქეების» მიმართ გამოთქვამს, მან საკუთარ თავზე უნდა მიიღოს.
    ყოველივე ეს მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯებია მმართველ პარტიასთან დაპირისპირებისა და პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკიდან გამომდინარე. მაგრამ თუ უფრო ღრმად გავაანალიზებთ შექმნილ ვითარებას, უეჭველად დავრწმუნდებით: ვახტანგ რჩეულიშვილს აბაშიძის მიმართ ისეთი აღტკინება არ ეტყობა, როგორც სხვა პოლიტიკოსებს. უფრო მეტიც, იგი გარკვეულ სიფრთხილესაც იჩენს ამ საკითხში - არც მხარს უჭერს «მოქალაქეებს», მაგრამ არც მეტისმეტად აქტიურობს.
    ბათუმშიც უფრო იშვიათად ჩადის, ვიდრე სხვები, მაგრამ ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელის - ჯემალ გოგიტიძის ინტერვიუებში სოციალისტური პარტიის თავმჯდომარისადმი განსაკუთრებული სიმპათიები მაინც არ შეიმჩნევა.
    ეს აშკარად ჩანს, თუმცა თვით ასლან აბაშიძე, ისე როგორც ყოველთვის, ამ საკითხში განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს.
    რჩეულიშვილსა და აბაშიძეს შორის ამგვარ დამოკიდებულებას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს. პირველი წარსულს უკავშირდება, მეორე - მომავალს.
    ვახტანგ რჩეულიშვილს ვიცე-სპიკერობის დროს უეჭველად ექნებოდა კონტაქტი ასლან აბაშიძესთან. მაგრამ რა სახის იყო ეს კონტაქტი - აი, ამაშია სწორედ საქმე. რჩეულიშვილს წინა პარლამენტში ასლან აბაშიძის წინააღმდეგ საჯაროდ არაფერი უთქვამს. თუმცა მაშინ ასეთი იყო (და არის) შევარდნაძის ტაქტიკა. ამდენად, შესაძლოა, რჩეულიშვილი ამ საკითხში სახელმწიფოს მეთაურს უჯერებდა.
    ნუ დაგავიწყდებათ, რომ თვით ვახტანგ რჩეულიშვილი შეურიგებელი «ანტიზვიადისტია», ამდენად, ნამდვილად დააეჭვებდა ასლან აბაშიძის «მოლაპარაკებები» ლოთი ქობალიასთან ან მისი თბილისში ჩამოუსვლელობის მიზეზი, რაც პრეზიდენტისადამი არალოიალურობად აღიქმებოდა.
    არ არის გამორიცხული, ვახტანგ რჩეულიშვილსა და ასლან აბაშიძეს შორის ამ ნიადაგზე დაპირისპირება წარმოშობილიყო. აჭარის ლიდერისათვის ტელეფონით ნათქვამი ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა სამუდამოდ გასანაწყენებლად.
    მეორე მიზეზი კი უეჭველად ის არის, რომ ვახტანგ რჩეულიშვილს თავად სურს პრეზიდენტობა (რა თქმა უნდა, მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის შემდეგ). ამდენად, ასლან აბაშიძე მისი პოტენციური კონკურენტია.
    თუ ვახტანგ რჩეულიშვილი იმავე გზას დაადგება, რასაც «ლეიბორისტები» ან «სახალხოელები», მაშინ იგი ასლან აბაშიძის ლიდერობას აღიარებს, რაც მას სულაც არ ეპიტნავება. ეს შესაძლოა იმით აიხსნას, რომ ამ უკანასკნელმა შესანიშნავად უწყის: ასლან აბაშიძის განცხადებები «პრეზიდენტობის თაობაზე» მხოლოდ ტაქტიკური სვლაა, რომელიც თბილისური ისტებლიშმენტის რეაქციის მოსინჯვას ისახავს მიზნად.

მერიდიანი, 13 მაისი, 1998 წ.