პრეზიდენტის ოპტიმიზმი მართლაც განსაცვიფრებელია

 პრეზიდენტის ოპტიმიზმი მართლაც განსაცვიფრებელია


   

    მთავრობის «გაფართოებულ სხდომაზე», რომელსაც მინისტრებისა და კანცელარიის თანამშრომელთა გარდა ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელებიც (გუბერნატორები და გამგებლები) ესწრებოდნენ, საინტერესო ფაქტი გამომზეურდა: მიუხედავად იმისა, რომ «საგადასახადო დეპარტამენტის» მუშაკებს 6-7 თვეა ხელფასი არ მიუღიათ, გამგეობებში არ შესულა არც ერთი თხოვნა დახმარების ან თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
    აქედან გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა: მათ სხვა, დამატებითი შემოსავლის წყარო აქვთ, ამიტომაც არ უჭირთ და მასწავლებლებისა და ექიმებისაგან განსხვავებით არ აწყობენ საპროტესტო აქციებს.
    «საგადასახადოსა» და «საბაჟოს» კოლექტივი «დღენიადაგ შრომობს», მიუხედავად უხელფასობისა და «გაჭირვებას მედგრად უმკლავდება». მაგრამ «საბიუჯეტო კრიზისის» მხოლოდ ამ ფაქტორზე გადაბრალება არ შეიძლება.
    ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, გადასახადების აკრეფის დროსაც ფული კეთდება კანონიერებისა და უკანონობის» ზღვარზე, ვინაიდან შეუძლებელია «ცოცხალი საქმე» დარღვევების გარეშე აწარმოო.
    დარღვევები ნიშნავს საურავს, რომელიც მთლიანად ინსპექტორის «ხელთაა» - უნდა დაარიცხავს მას მეწარმეს, უნდა – არა.
    გარდა ამისა, თუ ყველაფერი მხოლოდ კორუფციის ბრალია, გაუგებარი რჩება, რატომ «იფეთქა» განსაკუთრებულად კორუფციამ მაინცდამაინც რუსეთის ფინანსური კრიზისის შემდეგ?
    სინამდვილეში, რასაკვირველია, არის სხვა, უფრო სერიოზული, სიღრმისეული მიზეზები, რომელთა მოქმედების შედეგად რუსეთის კრიზისის შემდეგ საქართველოს ბიუჯეტში შემოსავლები კატასტროფულად შემცირდა.
    რაც ყველაზე მთავარია, - რუბლის დევალვაციამ და რუსული ეკონომიკის კრახმა გამოიწვია საქართველოს ექსპორტის (ანუ წარმოების) მნიშვნელოვანი შემცირება; გაიზარდა უარყოფითი სავაჭრო სალდო; შემცირდა ქვეყანაში ვალუტის შემოდინება; გაჩნდა დოლარის დეფიციტი, რამაც ლარს სერიოზული დარტყმა მიაყენა.
    საქართველოს მთავარი უბედურება ისაა, რომ მიუხედავად «რუბლის ზონიდან» გამოსვლისა, ჩვენ კვლავინდებურად დავრჩით რუსეთის სამეწარმეო ზონაში ანუ საქართველოში წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილის გატანა სწორედ რუსეთში ხდებოდა.
    ბუნებრივია, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია საექსპორტო ორიენტაციის შეცვლისათვის და თუ ობიექტურნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ: ქართველ მეწარმეს, რა თქმა უნდა, საკუთარი შემოსავალი აღელვებს და სულაც არ ფიქრობს იმაზე, რა მოხდება, თუ ხვალ რუსეთში ეკონომიკური გარემო შეიცვალა.
    არადა ის, რაც რეალურად მოხდა, ნამდვილად მოსალოდნელი იყო. 1995 წლიდან რუსეთში შენდებოდა ფინანსური პირამიდა «მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებების» სახით, რომელიც ერთხელაც უნდა «აფეთქებულიყო». შექმნილ სიტუაციაში «რუსეთზე ორიენტაცია» კიდევ უფრო მეტად არის დისკრედიტებული, ვინაიდან, თუ ვინმეს ჰგონია, რუსეთი რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი ეკონომიკის ინტერესთა საზიანოდ - ძალიან ცდება.
    შეიქმნა ვითარება, როდესაც გეოპოლიტიკურზე მეტად ეკონომიკურ ინტერესებს ენიჭება პრიორიტეტი. ეს პირველად ელცინის ყოფილ პრეს-მდივანს, იასტრეჟემბსკის წამოსცდა «რუსეთი არ აპირებს დსთ-ს ქვეყნებთან დაახლოებისათვის საკუთარი ეკონომიკური ინტერესების იგნორირება მოახდინოს».
    სავსებით ბუნებრივია, რომ არსებულ სიტუაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კონკრეტული, საკმოად მკაცრი პირობა წამოგვიყენა: მოიქეცით ისე, თითქოს რუსეთი საერთოდ არ არსებობს და დაიწყეთ ყველაფერი თავიდან.
    სავალუტო ფონდი დაჟინებით მოითხოვს შემოსავლების გაზრდას. მაგრამ საექსპორტო ორიენტაციის შეუცვლელად რეალურად ეს შეუძლებელია.
    რუსეთი ღრმა დეპრესიაშია და საეჭვოა იგი ამ ვითარებიდან უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში გამოვიდეს; ექსპორტის სხვა ქვეყანაში (თუნდაც დსთ-ს წევრ ქვეყანაში) განხორციელება კი ძნელია. არსებობს ბაზარი, რომლის დაპყრობას წლები სჭირდება.
    მიუხედავად ამისა, სხვა გზა მაინც არ არის. «ერთიან კომუნისტთა» იდეა «საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ» - არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ შეუძლებელიც. აქედან გამომდინარე, საეჭვოა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველო გაჭირვებაში მიატოვოს. დაპირებულ 40 მილიონიან ტრანშს უეჭველად გამოგვიყოფენ, მაგრამ კიდევ უფრო გაამკაცრებენ მოთხოვნებს გადასახადების აკრეფასთან დაკავშირებით. ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მენსბრუგემ ხაზგასმით აღნიშნა: საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს ორი მიზეზი აქვს: საშინაო და საგარეო. მან აგრძნობინა პრეზიდენტს, რომ «საშინაო მიზეზების» აღმოფხვრის, ანუ გადასახადების წარმატებით აკრეფის შემთხვევაში, სავალუტო ფონდი მზად არის, თავის მხრივ, აღმოფხვრას «საგარეო მიზეზებით» განპირობებული ნეგატიური შედეგი.
    სავალუტო ფონდს უდიდესი, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან შესანიშნავად უწყის: ადგილობრივი ბიუროკრატია აუცილებლად შეეცდება «საგარეო» მიზეზებს გადააბრალოს საკუთარი უნიათობისა და კორუმპირებულობის შედეგი; ამის საშუალება კი მას არ უნდა მიეცეს.
    სტრატეგიული თვალსაზრისით, შექმნილმა საბიუჯეტო კრიზისმა შეიძლება დადებითადაც იმოქმედოს საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის თვალსაზრისით.
    უნდა გადარჩეს და დარჩეს მხოლოდ ის საწარმოო სიმძლავრეები, რომელიც ორიენტირებული იქნება «სიცოცხლისუნარიან ბაზრებზე». რუსეთი სიცოცხლისუნარიანი ბაზარი არ არის, ამიტომ სამრეწველო პროდუქციის ორიენტირება უნდა ხდებოდეს არა რუსეთზე, არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებსა და «შორეულ საზღვარგარეთზე».
    როგორც ჩანს, ედუარდ შევარდნაძემ მიიღო გარანტია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სხვა «ფინანსური ცენტრები» ამაში საქართველოს დახმარებას გაუწევენ.
    ეს ფინანსური ორგანიზაციები უპირველესად საკუთარ მოგებაზე «მუშაობენ». საბჭოთა კავშირის აღდგენა უფრო ხელსაყრელი თუ იქნებოდა მათთვის, - ასეთ «რჩევასაც» მისცემდნენ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ, რაკი ეს არათუ პოლიტიკურად შეუძლებელია, არამედ ეკონომიკურადაც არარენტაბელური - ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე მუშაობენ.

მერიდიანი, 30 ნოემბერი, 1998 წ.