პრეზიდენტის დაცვის უფროსმა ახალ შეფთან მუშაობა არ ისურვა

პრეზიდენტის დაცვის უფროსმა ახალ შეფთან მუშაობა არ ისურვა

   

    უშიშროების მინისტრის გადადგომამ და ახალი მინისტრის დანიშვნამ «ზედა სახელისუფლებო ეშელონებში» სერიოზული მღელვარება გამოიწვია. მოულოდნელად, საკუთარი განცხადებით გადადგა, აგრეთვე, შევარდნაძის პირადი დაცვის ხელმძღვანელი, ზაზა მაზმიშვილი, რომელიც «ცეცხლსა და ტყვიის წვიმაში» თან ახლდა ედუარდ შევარდნაძეს.
    ეს გადადგომა, როგორც ჩანს, პირდაპირ არის დაკავშირებული გენერალ ქუთათელაძის «გადაყვანასთან». სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალი უფროსი, სულხან პაპაშვილი პროკურატურაში ნამუშევარია, მაგრამ «დაცვის თანამშრომლებისთვის» ახალი კაციაю
    ამ სამსახურისა და, მთლიანად, ელიტარული ძალისმიერი სტრუქტურის სპეციფიკიდან გამომდინარე, «ახალი ხელმძღვანელის» მოსვლა ყოველთვის მტკივნეულად აღიქმება. მით უმეტეს, რომ საქართველო რუსეთი არ არის. აქ ოფიცრებისა და ჯარისკაცების «დაჭერა» მხოლოდ პირად ურთიერთობებზე დამყარებული ნდობით შეიძლება; ახალი ურთიერთობების აგებას კი წლები დასჭირდება.
    მიუხედავად ამისა, პაპაშვილი მაინც დაინიშნა. მას რეკომენდაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს სამდივნომ გაუწია. ძნელი წარმოსადგენია, მათ მოსალოდნელი რეაქცია არ გაეთვალისწინებინათ ან ვერ გაეთვალათ. მაშასადამე, აქ კიდევ რაღაც სხვა მიზეზი უნდა ყოფილიყო. ასეა თუ ისე, ვახტანგ ქუთათელაძემ ადვილად გაართვა თავი პირველ ამოცანას და სიტუაცია «დააწყნარა». შევარდნაძის თქმით, იგი «ჭეშმარიტი პროფესიონალია», თუმცა «ძალიან რთულ უბანზე» გაიგზავნა და უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება სპეცსამსახურის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც «საქართველოს სახელმწიფოებრივი უშიშროების ქვაკუთხედად უნდა იქცეს».
    ეს მეტად საყურადღებო განცხადებაა; არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ ვახტანგ ქუთათელაძე მინისტრის პოსტის დაკავებამდე პრეზიდენტის უშიშროების სამსახურს კურირებდა. ანუ, იმავე «სამთავრობო დაცვას», რომელსაც შემდგომ «სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური» ეწოდა. იმთავითვე ნათელია, რამდენად ენდობოდა და ენდობა შევარდნაძე უშიშროების სამინისტროს. შეიძლება ითქვას, ნდობის ხარისხი ნულის ტოლია.
    ეს ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია. ჯერ კიდევ 60-იან წლებში, როდესაც ედუარდ შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა და ეს უწყება მნიშვნელოვნად გააძლიერა, უეჭველად წარმოიშობოდა «უწყებრივი დაპირისპირება» მვდ-სა და კგბ-ს შორის.
    შჩოლოკოვისა და ანდროპოვის ურთიერთსიძულვილი საყოველთაოდ ცნობილია. არც კგბ-ს ქართული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, «ბაბუა ალექსიდ» წოდებულ ალექსი ინაურს ეპიტნავა ვიღაც «თავხედი მილიციელის» დაჟინებული მოთხოვნები და ყველა საქმეში ჩარევა, მაგრამ შევარდნაძე სულ მალე ცკ-ს პირველი მდივანი გახდა.
    ალექსი ინაურს იგი ვერ მოერეოდა, თუმცა, ორივე მხარე იცავდა ერთგვარ «სუბორდინაციას». 1992 წლიდან უნდობლობა და ეჭვი გააძლიერა ჯერ იგორ გიორგაძის «მოსკოვიდან დანიშვნამ», შემდეგ 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტმა;
    თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს შეთქმულება იმდენად ინაურის პლეადის «ჩეკისტთა» ორგანიზებული არ იყო, რამდენადაც ჯაბა იოსელიანის თანამებრძოლთა.
    ნუ დავივიწყებთ, რომ 1992 წლიდან უშიშროება აივსო ხალხით, რომელთაც, რასაკვირველია, არ ჰქონდათ და არც შეიძლება ჰქონოდათ არანაირი ურთიერთობა ინაურის უშიშროებასთან. ამ ხალხს კომუნისტების დროინდელი ქართული კგბ არათუ თანამშრომლად, (მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირად და ხელმძღვანელად!) არამედ ელემენტარულ «ინფორმატორადაც» ვერ გამოიყენებდა და არც შეცდებოდა.
    მიუხედავად ამისა, 1995 წლის 29 აგვისტოს შემდეგ, შევარდნაძე პროფესიონალ მილიციელებს ნიშნავდა უშიშროების უფროსად. ჯერ კვირაია დაინიშნა მინისტრად, შემდეგ გახოკიძე. ორივე გამოცდილი ოპერატიული მუშაკი იყო და თავისი საქმე კარგად იცოდა, მაგრამ სპეცსამსახური არ იყო «მათი საქმე».
    1998 წლის 9 თებერვლის ტერაქტმა, როგორც ჩანს, შევარდნაძეს საბოლოოდ გადაუწურა იმედი, რომ ოდესმე შეძლებდა ქმედითი «უშიშროების» ჩამოყალიბებას ამ საქმის პროფესიონალთა გარეშე. სწორედ ამით არის განპირობებული გენერალ ქუთათელაძის დანიშვნა მინისტრად. ეს ადრე თუ გვიან მოსალოდნელი იყო, - განურჩევლად იმისა, მოხდებოდა თუ არა სენაკის ამბოხი. მით უმეტეს, რომ ამ ამბოხისთვის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი უნდა დაეკისროს არა უშიშროებას, არამედ თავდაცვის სამინისტროს.
    ვახტანგ ქუთათელაძემ კგბ-ს ელიტარული სკოლა გაიარა. სპეციალობა მან ჯერ კიდევ იმ ეპოქაში აითვისა, როდესაც საბჭოთა უშიშროება დედამიწას აზანზარებდა. რაც მთავარია, მისი სპეციალობა კონტრდაზვერვაა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში; მაგრამ რამდენად შეძლებს ქუთათელაძე «ჩაეწეროს» არსებულ პოლიტიკურ დისპოზიციაში?
    დღეს 1998 წელია და არა 1978. იმ ეპოქაში «თანამშრომლები» არ იყვნენ ვალდებულნი გაეთვალისწინებინათ პოლიტიკურ ძალთა განლაგება, ოპოზიციის არგუმენტაცია და სხვა ამგვარი ფაქტორები. ყოველივე ამას მათ არც ასწავლიდნენ, ვინაიდან არ სჭირდებოდათ.
    თუმცა, ჭკვიანი და ნიჭიერი კაცის უმთავრესი თვისება ისაა, თუ რამდენად სწრაფად და უმტკივნეულოდ «მოერგება» ახალ ვითარებას, ახალ სიტუაციას.
    რამდენად გამოამჟღავნებს ამ ნიჭს ქუთათელაძე, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ჯერჯერობით შეცდომებს არ უშვებს, პრესამ უკვე «მოუსინჯა» კბილი და «სიგარეტის ბიზნესთან» კავშირში დაადანაშაულა, მაგრამ ქუთათელაძეს ისტერიკა არ აუტეხია (რაც უდიდესი შეცდომა იქნებოდა).
    მისი უმთავრესი ამოცანა ახლა «იმიჯის» შექმნაა, რაც პრესასთან აქტიურ თანამშრომლობას გულისხმობს. იგორ გიორგაძე და შოთა კვირაია სწორედ «იმიჯმა» დაღუპეს. თუ ახალი უშიშროების მინისტრი შეძლებს (ოღონდ, ძალიან ძნელი იქნება) «ქართული სპეცსამსახურის» თანამშრომელთა იმიჯის შექმნას, შემდგომ მრავალი ამოცანის გადაწყვეტა გაუადვილდება.
    ქუთათელაძის ამოცანას აადვილებს ის გარემოება, რომ სხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან მას დიდი ხანია ჩამოყალიბებული ურთიერთობა აქვს. ჯემალ გახოკიძესა და კახა თარგამაძეს შორის თავიდანვე ერთგვარი დაძაბულობა არსებობდა, ვინაიდან ორივე, ფაქტობრივად, ერთი და იმავე უწყების წარმომადგენელი იყო. მათი ურთიერთობა 9 თებერვლის ტერაქტმა კიდევ უფრო დაძაბა. ვახტანგ ქუთათელაძეს ასეთი პრობლემა არ ექნება.
    მაგრამ რამდენად მოახერხებს ახალი მინისტრი უწყებაში თვისებრი რეფორმის გატარებას?
    ჯერჯერობით პოლიტიკურ წრეებში მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, რაც საპარლამენტო კენჭისყრამაც დაადასტურა. ნდობის ეს ვოტუმი საკმარისია, რათა გადაიდგას პირველი, ყოვლად აუცილებელი ნაბიჯი. უშიშროების სამინისტრო თავად უნდა გახდეს ინიციატორი «ლუსტრაციის შესახებ» კანონის მიღებისა და გამოაქვეყნოს იმ თანამშრომელთა თუ ინფორმატორთა სია, რომელიც საქართველოში, ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენაში მიმდინარე პროცესების შესახებ მოსკოვს აწვდიდა ინფორმაციას.
    საბოლოოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან დაზვერვა და კონტრდაზვერვა, - ამის გარეშე ცივილური სპეცსამსახურის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება და, რაც მთავარია, ვახტანგ ქუთათელაძემ უნდა შექმნას ძალიან ძლიერი სპეცრაზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების გასაკონტროლებლად.
    ამ სპეციალური დანიშნულების რაზმებით ქართულ უშიშროებას შეეძლება ერთგვარი «არიერგარდი» შექმნას ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
    კიდევ ერთი ნაბიჯი (ჩემი აზრით) იქნებოდა ევროპისა და ამერიკის სპეცსამსახურებთან უფრო ქმედითი და აქტიური კონტაქტის დამყარება. ბოლოს და ბოლოს უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ კგბ დაიშალა საბჭოთა კავშირთან ერთად, საქართველო გადადის სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეში და სწორედ ამ სივრცისთვის დამახასიათებელი სისტემები უნდა შეითვისოს, მათთან უნდა ითანამშრომლოს.
    სხვაგვარად არაფერი გამოვა, უნდა შევეჩვიოთ იმ აზრსაც, რომ რუსული სპეცსამსახური ჩვენი მოწინააღმდეგეა. ადამიანისთვის, რომელიც სწორედ ამ სპეცსამსახურმა აღზარდა, ეს ძალიან ძნელია. მენტალიტეტი ძნელად იცვლება, თუმცა თანამდებობრივი აუცილებლობა და მოვალეობა ამ პრობლემასაც გადაწყვეტს, მაგრამ სამომავლოდ საქართველოს მთლიანობაში ახალი მენტალიტეტის საიდუმლო სამსახური ესაჭიროება.

7 დღე, 4 ნოემბერი, 1998 წ.