პრეზიდენტის 100 დღე

პრეზიდენტის 100 დღე

        შეშინებული ასლან აბაშიძე და დაშანტაჟებული ზურაბ ჟვანია

        გუშინ ზურაბ ჟვანია საკმაოდ სერიოზული პიარ განსაცდელის პირისპირ აღმოჩნდა. პრემიერის შეფასებით, მას აშანტაჟებენ. ეს საკითხი უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, პროკურატურამ და შესაბამისმა საგამოძიებო-საპარლამენტო ჯგუფებმა შეისწავლონ. ოპონენტთა შეფასებით, ჟვანიას, საკმაოდ, სერიოზულად «მოეკითხება» ყველა დანიშვნისა და ძველი ხელისუფლების ბიზნეს-ინტერესების ახალ ხელისუფლებაზე გადმოფორმებისათვის. როგორც ჩანს, პრემიერს სერიოზული დებატები და დაუნდობელი შეფასებები მოელის ბიუჯეტის განხილვის ფორმატითაც.

        საქართველოს «რევოლუციური ხელისუფლების» მმართველობის დასაწყისიდან ას დღეზე მეტი გავიდა. ამასთან, პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციიდან ასი დღე სწორედ 14 მაისს შესრულდა. უკვე არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა, შეჯამდეს გარკვეული შედეგები და გაანალიზდეს ის ტენდენციები, რაც უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა. ოღონდ, არა ობივატელური თვალსაზრისით.

        რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტისა და ხელისუფლების პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით, სერიოზული მახასიატებლებით უნდა შეფასდეს. ჯერ-ჯერობით, შედეგი უცნობია, თუმცა, გამოიკვეთა ტენდენცია: მათგან უმნიშვნელოვანესი _ აჭარის ოდესღაც ერთპიროვნული ლიდერის კარზე დიდი არეულობაა, მას უახლოესი თანამებრძოლები (მაგალითად, ასლან სმირბა) ტოვებენ. აჭარის მმართველს დღეს უბედავენ იმას, რასაც რამდენიმე წლის წინათ ვერაფრით წარმოიდგენდნენ. ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ავტორიტარული მმართველიდან ასლან აბაშიძე აგონიაში ჩავარდნილ ჩვეულებრივი დიქტატორად იქცა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დემოკრატიულ ძალებს დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მეტად უადვილდებათ, ვიდრე ავტორიტატული მმართველისა. თავისთავად, ეს უკვე ხელისუფლების ძალიან სერიოზული წარმატებაა და მმართველობის პირველი 100 დღის მიღწევად უნდა ჩაითვალოს.
        მოეხსნა ტაბუ მრავალ თემას, რაც მანამდე ხელშეუხებელი იყო: თბილისმა მიაღწია ზოგიერთ ისეთ დათმობას, რასაც ასლან აბაშიძის ბათუმი მანამდე არც კი განიხილავდა. მათ შორის, გადასახადების ნაწილობრივი გადმორიცხვა, შედარებით ტრანსპარენტული აღჩევნების ჩატარება, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გაუქმება, ბათუმის აშკარად გამოხატული სურვილი _ დაიწყოს მუშაობა «ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის» დოკუმენტზე.
        ადრე ამას მხოლოდ თბილისი იხვეწებოდა. დღეს ვითარება კარდინალურად შეიცვალა. თუ ხელისუფლება შეძლებს ამ ვითარების მართვას და საქმეს სისხლისღვრამდე არ მიიყვანს, ანუ შეინარჩუნებს მუდმივ «ანტიასლანისტურ» დაძაბულობას აჭარაში _ ამგვარი ვითარება და რეჟიმის შინაგანი ნგრევის პროცესი ახალი ხელისუფლების ასი დღის განმავლობაში მიღწეულ უმნიშVნელოვანეს შედეგად და დადებით ტენდენციად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან უსისხლოდ მხოლოდ ამ პირობებში (ოღონდ მხოლოდ ამ პირობებში), ეს რეჟიმის თანდათანობითი კვდომას ნიშნავს.
        სხვა ტენდენციებიდან უნდა აღინიშNოს წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, საბაჟოზე არსებული «შავი ხვრელების» ნაწილის ამოქპოლვა და გადასახადების აკრეფის ზრდა, რაც უკვე დაეტყო ფინანსურ ბაზარს. განსხვავებული საკითხია, რამდენად შეძლებს ხელისუფლება მილიარდ ნახევრიანი ბიუჯეტის შესრულებას, მაგრამ თვით ასეთი ბიუჯერის შედგენა და (კიდევ უფრო ნიშანდობლივია) სავალუტო ფონდის თანხმობის მიღება ზურაბ ჟვანიას ვაშინგტონში ვიზიტისას _ თავისთავად, მნიშვნელოვანი ტენდენციაა. შედეგებიდან უნდა, ისევე, აღინიშნოს ბობოლა ჩინოსანთა «დახარკვა». მათი დაპატიმრების ფორმა და იურიდიული პროცედურა სერიოზულ ეჭვს (პროტესტსაც კი) იწვევდა, მაგრამ «გამარჯვებულებს არ სჯიან».
        შეიცვალა რუსეთთან დამოკიდებულების ტექნოლოგია. თანაც, შეიცვალა სწორედ იმ მიმართულებით, რასაც მოითხოვდა დასავლეთი. საგარეო და საშინაო მიმართულებით პოლიტიკა უფრო დინამიური, მოსახლებისათვის გასაგები და მოსახლების მიერ აღიარებული სოციალური პრიორიტეტების შესაბამისი გახდა. ხელისუფლებამ აღიარა, რომ ადამიანებს, უპირველესად, სწორედ სოციალური სიდუხჭირის დაძლევა სჭირდებათ. არცთუ უმნიშვნელოა, აგრეთვე, სიმბოლიკის საკითხის გადაწყვეტა, დროშის შეცვლა, რაკი წინა დროშა დამარცხებულ საქართველოს განასახიერებდა. ახალ ეპოქას კი ახალი სიმბოლოები ესაჭიროება.
        უარყოფით ტენდენციებად უნდა ჩაითვალოს ერთგვარი იმპულსურობა, ბოლომდე «აუწონავი» დემარშები, რაც დროთა განმავლობაში გაღრმავდება და ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ახალი ხელისუფლების ნაკლოვანებებს საუბარი ძალიან ადვილია, მაგრამ ამა აზრი არა აქვს, ვინაიდან ხელისუფლებამ მიაღწია მოღვაწეობის დაწყებიდას «სუფთა ფურცლიდან», მაშასადამე, ჯერჯერობით, ნებისმიერი პრობლემა წარსულს უკავშირდება.
        ეს არის ტენდენციები, რომელთა უმრავლესობა, მინიმუმ, წლების განმავლობაში «დაბერილი» წყლულების გახსნას გულისხმობს. შემდგომში კი უნდა დაიწყოს მკურნალობის ეტაპი. იგი ბევრად უფრო რთულია და ამჟამად ძნელი სათქმელია. რამდენად შეესაბამება ეს სირთულე ხელისუფლების შესაძლებლობებს, სააკაშვილის მოღვაწეობის შედეგებზე საუბარი ბევრად უფრო ადვილი იქნება უახლოესი 3-4 წლის შემდეგ. აქ კი საუბარი მხოლოდ მოკვლევადიან საქმიანობაზეა.

4 მაისი, საშაბათი, 2004 წელი
        დილის გაზეთი