პრეზიდენტი სამინისტროებს ამცირებს

პრეზიდენტი სამინისტროებს ამცირებს

      

        შესაძლოა, გასულ კვირას პარლამენტში მომხდარზე უფრო დიდ სენსაციად პრეზიდენტის ახალი გადაწყვეტილება იქცეს (იგი მიმდინარე კვირას გაფორმდება) მთავრობის ახალი სტრუქტურის შესახებ. როგორც ჩანს (თუ პრეზიდენტის განცხადებებს გავითვალისწინებთ), მიმდინარენ კვირას შეიძლება პარლამენტის კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომა გაიმართოს, რომელზეც განიხილავენ ცვლილებათა პროექტს კანონში აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ. ეს ცვლილებები პარლამენტართა 118 ხმას მოითხოვს ვინაიდან კონსტიტუციას არ ეხება.
        უბრალო უმრავლესობა კი დღევანდელ პარლამენტში ძალთა ნებისმიერ განლაგებაში შეგროვდება. მით უმეტე,ს როდესაც საუბარია სამინისტროთა რაოდენობის შემცირებაზე. საქართველოში ეს მოთხოვნა (მით უმეტეს, განხორციელება), ოდითგანვე კარგ ტონად ითვლებოდა. ჯერ კიდევ 1992 წლიდან ოპოზიცია (მაშინდელი ოპოზიცია!) მოითხოვდა სამინისტროთა რაოდენობის შემცირებას. ოღონდ მაშინ მიდგომა უფრო მექანიკური იყო, - «რაც ნაკლებია სამინისტრო, მით უკეთესი!»
        რასაკვირველია, ყოველთვის ასე არ შეიძლება და შემცირება ყოველთვის არ ნიშნავს გაუმჯობესებას. ზოგიერთი სამინისტროს შემცირება, შეკვეცა, სხვასთან მიერთება, უბრალოდ, არ იქნება გამართლებული ფუნქციონალური თვალსაზრისით. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო. სხვათა შერწყმას კი კონსტიტუცია კრძალავს; მაგალითად, უშიშროების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, რაკი საქართველო სისტემური თვალსაზრისით საბჭოთა კავშირის ნამსხვრევი და სამართალმემკვიდრეა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამინისტროთა რაოდენობის შემცირება სასიკეთოც იქნება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში დარგობრივ სამინისტროებს (ძირითადად) ქვეყნის შიგნით საკოორდინაციო ფუნქცია აქვთ ხოლო ქვეყნის გარეთ - ინტერესთა ლობირებისა.
        ზოგი ჭირი მარგებელიაო და უკანასკნელი კატალკიზმების შედეგად, შესაძლებელია, ბიუროკრატიული აპარატის მკვეთრი შემცირება მივიღოთ, რაც უდავოდ საშური და სასარგებლო საქმე იქნება. ამით საქართველო შეასრულებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყველაზე რთულად აღსასრულებელ მოთხოვნას აპარატის უმცირესობის შესახებ. რთულად აღსასრულებს, ვინაიდან ედუარდ შევარდნაძის ერ-თერთი თვისება არის უდიდესი სიფრთხილე მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებისას.
        სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთის მტკიცების მიუხედავად, სინამდვილეში არავითარი «შოკური საბაზრო რეფორმა» საქართვლეოში არ განხორციელებულა. «შოკური თერაპია» იქნებოდა, თუ, მაგალითად, პურზე ფასები გაიაფდებოდა 1994 წელსვე ან «თელასის» პრივატიზება მოხდებოდა 1995 წელს.
        საქართველო შეასრულებდა მსოფლიო ბანკის მოთხოვნას პედაგოგ-მასწავლებელთა რიცხვის შემცირების შესახებ (რაც დღემდე არ არის განხორციელებული) და ასე შემდეგ. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. მხოლოდ სავალუტო ფონდის ბოლოდროინდელმა მოთხოვნამ აიძულა, ხოლო შექმნილმა ვითარებამ საშუალება მისცა პრეზიდენტს, გაეკეთებინა გასაკეთებელი და გადაედგა აუცილებელი ნაბიჯები აპარატის შემცირების თვალსაზრისით, რაც ნამდვილად გამოიწვევს იმ ათასობით უსაქმურის უკმაყოფილებას, ვინც საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული, არაფერი იცის, ყავის სმისა და სამსახურში ჭორაობის გარდა.
        რომ აღარაფერი ვთქვათ (ზოგიერთ დარგში) «ფულის კეთებაზე». სამაგიეროდ, მათი ხელფასები გადანაწილდება პენსიებსა და ყველა იმ ადამიანზე, ვისაც მართლა უჭირს თვითგადარჩენა. ბოლოს და ბოლოს, არმიას ვამცირებთ (ჩვენს გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი ქვეყანა) და ეს სახელმწიფო აპარატი არ გახდა?
        იმავდროულად, შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტის ნაბიჯი პოლიტიკურ მდგომარეობასაც არ გაამწვავებს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ სამინისტროს მძლავრი ლობი ჰყავს პარლამენტში, საეჭვოა, დეპუტატებმა ხმამაღლა გაბედონ ამა თუ იმ სამინისტროს არსებობის «სასიცოცხლო აუცილებლობის» მტკიცება მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ეს უწყება დეპარტამენტის სახითაც შეიძლება არსებობდეს. გამონაკლისია ზემოხსენებული უმნიშვნელოვანესი სამინისტროები, რომელთა არსებობა ფუნქციონალურად აუცილებელია, თუმცა მათ შემცირება-შერწყმას არავინ აპირებს.
        ასეთი 2-3 სამინისტროა, ხოლო აწ გადაყენებულ მთავრობაში 19 მინისტრი იყო. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სამინისტროები გაერთიანდება.
        ზედაპირზე დევს მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს საკითხი, თუმცა ესეც სერიოზულ დებატებს გამოიწვევს. ალბათ, გაუქმდება ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, შესაძლოა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო გაერთიანდეს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან.
        მოსალოდნელია, რომ გაუქმდება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და ა.შ. ბუნებრივია, სამინისტროთა რაოდენობის შემცირება იმ შედეგსაც გამოიღებს, რომ პარლამენტს ნაკლები მინისტრი ეყოლება დასამტკიცებელი, შესაბამისად შემცირდება პრობლემის სირთულე - პარლამენტში კომპრომისისა და კონსესუსის თვალსაზრისით. თუმცა არავის ეგონოს, თითქოს მინისტრების (მთავრობის დამტკიცება) კანდიდატურაზე შეთანხმება იოლი საქმე იქნება. აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ რაც უფრო შემჭიდროვდება რაოდენობა, მით უფრო შემცირდება პრობლემები და, რაც მთავარია, დრო, რომელიც ამჟამად პლატინის ფასი ღირს, არათუ ოქროსი.
        რაც შეეხება ახალი სახელმწიფო მინისტრის ფიგურას (თუ პოლიტიკური ნიშნით არ იქნა შერჩეული), ის, უეჭველად დროებით იქნება - მთავრობის ახალი სტრუქტურა გულისხმობს, რომ გაგრძელდება მუშაობა მინისტრთა კაბინეტის მოდელზე. თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მოდელი შეიძლება განსხვავებული აღმოჩნდეს მთავრობის ახალი სტრუქტურისგან. სხვაგვარად თუ ვიტყვით, პრემიერმა და ვიცე-პრემიერებმა შეიძლება მოითხოვონ ზოგიერთი სამინისტროს აღდგენა, დეპარტამენტის იერარქიული ადგილმდებარეობის შეცვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        ერთი შეხედვით, თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ ყველაზე საინტერესო რამ:; პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მინისტრთა კაბინეტი, საერთოდ, არ იქნას შემოღებული და პარლამენტში ვერ მოხერხდეს მისთვის მისაღები მოდელის დამტკიცება. სხვა მოდელს კი პრეზიდენტი შევარდნაძე თვითონ არაფრის დიდებით არ შეურიგდება. გამორიცხულია, მან დაუშვას საპარლამენტო რესპუბლიკის შემოღება და ამისთვის, ალბათ, მომხრეთა საიჭრო რაოდენობასაც შეაგროვებს (პარლამენტში) ისე, რომ მისთვის მიუღებელი მოდელი არ გავიდეს.
        ყველაფრიდან ჩანს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი სტრუქტურის შემოღება პრეზიდენტის მხრიდან ძალიან სერიოზული ნაბიჯია და იგი მრავალი მიმართულებით სიახლეს მოასწავებს.

მერიდიანი, 12 ნოემბერი, 2001 წ.