პრეზიდენტი საკადრო წმენდისათვის ემზადება

პრეზიდენტი საკადრო წმენდისათვის ემზადება

        არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველივე ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ინაუგურაციის პროცესის დასრულებისთანავე პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს.
        ეს შემადგენლობა შეიძლება ახალი იყოს არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ თვისებრივადაც, ვინაიდან, პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი მინისტრი, ვინც თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას, თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს.
        ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლებო ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ძალზე ძნელი მისახვედრია (ასე ერთბაშად), თუ ვის გულისხმობდა იგი «უღირს მინისტრებში» და ვინ ვერ გაართვა (მისი აზრით) თავი დაკისრებულ მოვალეობას.
        დღემდე შევარდნაძეს არც ერთი მინისტრის მიმართ არ გამოუხატავს აშკარა უკმაყოფილება. გამონაკლისი მხოლოდ საბაჟოს უფროსი თამაზ მაღლაკელიძეა, მაგრამ მაღლაკელიძე კარგა ხნის წინ გადადგა თანამდებობიდან. სხვას ვის შეიძლება გულისხმობდეს? არ არის გამორიცხული, ახლად არჩეული პრეზიდენტის რისხვას ზოგიერთი ის თანამდებობის პირი შეეწიროს, ვის საქმიანობასაც ბოლო დროს აქტიურად აშუქებდა მასმედია კონტროლის პალატის მასალებზე დაყრდნობით. ეს იქნება პირველი სერიოზული ნაბიჯი წინასაარჩევნო დაპირებათა და საპრეზიდენტო პროგრამის აღსასრულებლად – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
        ანუ ედუარდ შევარდნაძე ქმნის ისეთ ვითარებას, როგორიც შექმნა ორი წლის წინ, როდესაც მინისტრები აიძულა, დაეწერათ (ან არ დაეწერათ) განცხადებები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
        ის, ვინც განცხადება დაწერა, ზოგიერთ შემთხვევაში, ედუარდ შევარდნაძემ მაინც დატოვა თანამდებობაზე, მაგრამ ყველა – არა. იგივე განმეორდება დღესაც, ოღონდ განცხადების დაწერა საჭირო აღარ არის. ინაუგურაციის შემდეგ ყველა მინისტრი ავტომატურად ითვლება თანამდებობიდან გადამდგარად. პრეზიდენტი, კონსტიტუციის თანახმად, ვალდებულია შესთავაზოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა. ანუ ზოგიერთი მინისტრი იმ მეთოდსაც ვეღარ გამოიყენებს, რომელიც მაშინ (1998 წელს) გამოიყენა, ანუ «თუ არ დამტოვებ თანამდებობაზე, წავალ «იქ», - ბათუმში.
        ბათუმური კოალიცია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ასეც რომ არ იყოს, მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ძალზე დიდი დროა – მთელი ეპოქაა გასავლელი და დღეს ოპოზიციაში გადასული ნებისმიერი მინისტრი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ყველას დაავიწყდება.
        მადლობა ღმერთს, დემოკრატიულ ქვეყანაში თანამდებობის დატოვება ტრაგედია აღარ არის და პანაშვიდები არ მოეწყობა (როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს) – ყოფილ მინისტრს შეეძლება ბიზნესში «სცადოს თავი» - მით უმეტეს, რომ გამოცდილებაც აქვს (უმრავლეს შემთხვევაში).
        აუცილებლად გასათვალისწინებელია აგრეთვე პარლამენტისა და ზურაბ ჟვანიას ფაქტორიც. შესაძლოა, პარლამენტმა ყველა კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს, შეიძლება პრეზიდენტის ნებას (ზოგჯერ) არ დაეთანხმოს ან ვითომ არ დაეთანხმოს – მაშინ, როდესაც, სინამდვილეში, პრეზიდენტიც «ვითომ» წარუდგენს ამ კანდიდატურას და ა.შ. ამგვარი რამ გასულ წლებშიც არაერთგზის მომხდარა.
        გამორიცხული მხოლოდ ის არის, რომ პრეზიდენტმა შექმნას ე.წ. კოალიციური მთავრობა და მინისტრების პორტფელები დაურიგოს ხელმოცარულ პოლიტიკანებს.
        თვით პრეზიდენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ისეთი ნაბიჯი იქნება, როგორიც (ასეთი ქმედების კვალიფიკაციიდან გამომდინარე) პრეზიდენტს არასოდეს გადაუდგამს მთელი მისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.
        საეჭვოა, შევარდნაძემ ასეთი რამ დღეს მოიმოქმედოს. მით უმეტეს, რომ საამისოდ არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამიტომ ის პოლიტიკანები, ვისაც იმედი ჰქონდა რაიმეს «ხელს გამოჰკრავდა» მთავრობაში, სინამდვილეში ვერაფერს მიიღებენ.
        მთავრობა კვლავ დაკომპლექტდება არა პარტიული, არამედ გუნდის პრინციპით, ანუ შეიკრიბება პროფესიონალთა (სხვა საკითხია, რა დონის პროფესიონალთა) გუნდი, ოღონდ მათ პოლიტიკურ ინფანტილიზმში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იქნება ნებისმიერი მხრიდან.

მერიდიანი, 12 აპრილი, 2000 წელი