პრეზიდენტი ლუკაშენკო - «თავხედი რეგვენი ტანკზე უარესია»

პრეზიდენტი ლუკაშენკო - «თავხედი რეგვენი ტანკზე უარესია»

 

    ბელორუსში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სულელმა მმართველმა, რომელიც არ ფლობს პოლიტიკურ ტექნოლოგიას, თავისი ხალხი ადვილად შეიძლება მიიყვანოს სამოქალაქო ომის პირას.
    პრეზიდენტ ლუკაშენკოს მთავარი მიზანი აღსრულებულია: მან შეძლო ჩაეტარებინა ე.წ. «რეფერენდუმი» და მიეღო ბელორუსი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პრეზიდენტი სთავაზობდა მოსახლეობას, იურიდიულ ძალს იძენს.
    მიუხედავად ამისა, ბელორუსი ძალიან ახლოს დგას იმ ზღვართან, რომლის მიღმა სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი იწყება. ლუკაშენკო იმდენად ბრიყვი მმართველი აღმოჩნდა, რომ «ცხვარივით» წყნარი და მშვიდი რესპუბლიკა, რომელშიც სამოქალაქო დაპირისპირების არანაირი წინაპირობა არასდროს არსებობდა, მართლაც აქცია უმწვავესი დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის კერად. ლუკაშენკოს მთავარი არგუმენტია «რუსეთთან კავშირი» - თითქოსდა იგი რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციას მოითხოვს, ხოლო მისი მტრები ამის წინააღმდეგნი არიან.
    მაგრამ ეს აბსურდია: ბელორუსში არავინაა რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგი. ფაქტობრივად, ბელორუსი ხალხი, როგორც ასეთი, არც არსებობს, მაგრამ პოლიტიკას აქვს თავისი ტექნოლოგია, თავისი კანონები, რომელთა დაცვა ყოვლად აუცილებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ბელორუსის ანალოგიურ შედეგს, როდესაც ლუკაშენკომ იმდენი მოახერხა, რომ მცირერიცხოვანი «ბელორუსი ნაციონალისტების» პოზიციები გააძლიერა და თავისი ყოფილი მოკავშირეებიც მათ მხარეს დააყენა.
    სასაცილო და სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რუსეთის ხელმძღვანელები. ერთის მხრივ, მათ, რასაკვირველია, ძალიან უნდათ ბელორუსის შემოერთება. მაგრამ ლუკაშენკოს სიბრიყვე მათაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებს.
    გასულ კვირას ურეცედენტო შემთხვევა მოხდა: რუსეთის პრემიერ-მინისტრი და ფედერალური საკრებულოს ორივე პალატის თავმჯდომარე ერთად ჩავიდნენ მინსკში, რათა დაპირისპირებული მხარეები შეერიგებინათ; მაგრამ მიღწეული კომპრომისი ჩაიშალა, რუსეთი შერცხვენილი და თავლაფდასხმული დარჩა, დაპირისპირება კი გრძელდება. ბელორუსის საკონსტიტუციო სასამართლომ აღძრა საქმე პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ; ლუკაშენკო იმდენად ბრიყვია, რომ შეიძლება პარლამენტიც დაითხოვოს, საკონსტიტუციო სასამართლოც, საარჩევნო კომისიაც და თუთიყუშივით იძახოს: ხალხმა გადაწყვიტოს ჩემი ბედი რეფერენდუმზეო.
    არადა, პოლიტიკის უმთავრესი კანონი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს კანონი უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი იურიდიული ჩარჩო. შეიძლება იურიდიულად ცამდე მართალი იყო, მაგრამ მაინც დამარცხდე, რადგან არ გაუწიო ანგარიში პოლიტიკურ რეალობას.
    ლუკაშენკოს არადა არ სურს გაითვალისწინოს, რომ «რეფერენდუმი» და «ხალხის უმრავლესობის ნება» სინამდვილეში (მიუხედავად გავრცელებული, ლამაზი «დემოკრატიული მითისა») პოლიტიკაში არათუ ყველაფერს, არამედ საკითხთა უმრავლესობასაც არ წყვეტს. მაგრამ ის მაინც, ხეპრული სიჯიუტით იმეორებს: ხალხმა ამირჩია და ყველანი უნდა დაემორჩილონო. არადა, მისმა მოწინააღმდეგეებმა უკვე უამრავი არგუმენტი მოიტანეს «რეფერენდუმის უკანონობის» დასადასტურებლად: ინფორმაციის საშუალებათა მონოპოლიზაცია; ამომრჩევლებზე ზეწოლა; დარღვევები ხმის დათვლისას და ა.შ.
    ეს არგუმენტაცია უეჭველად ჩაითვლება «საკმარისად» - მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსი ხალხის დიდი უმრავლესობა მართლაც პრეზიდენტს უჭერს მხარს. ამ თვალსაზრისით ბელორუსის დღევანდელი პრეზიდენტი არის ზუსტი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხეპრე პოლიტიკოსმა, მიუხედავად ფორმალური სიმართლისა, სრული კრახი განიცადოს. გარდა ამისა, ეს მაგალითი იმასაც კვლავ ადასტურებს, რომ პოლიტიკოსისათვის ყველაზე მთავარ სწორედ «პოლიტიკური ტექნოლოგიის» ფლობაა და არა «ცამდე სიმართლე».

«მერიდიანი», 26 ნოემბერი, 1996 წელი.