პოლონელი ლეგიონერები საქართველოს გუნდში

პოლონელი ლეგიონერები საქართველოს გუნდში

               პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ვიზიტმა ჩვენს ქვეყანაში მაინც ვერ მიიღო ის გამოხმაურება, როგორსაც იმსახურებდა. სინამდვილეში ეს იყო სენსაციური ვიზიტი, რის შედეგადაც რუსეთ-პოლონეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა. იმდენად, რომ პრემიერმა პუტინმა თავდაპირველად უარი განაცხადა ტუსკთან დაგეგმილ შეხევდრაზე.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ტუსკი არ შეუშინდა საქართველოში ჩამოსვლას სწორედ მაშინ, როდესაც მოსკოვსა და ვარშავას შორის ისევ მწვავდება კონფლიქტი რუსების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს კატინში დახვრეტილი 15 ათასი პოლონელი ოფიცრის თაობაზე. ასეთი მხეცობა და ნაძირლობა იმ ომის დროს გერმანელ ფაშისტებსაც კი არ ჩაუდენიათ. ყოველ შემთხვევაში, პოლონეთის დაპყრობის შემდეგ ტყვეების მეტი რა ჰყავდათ, მაგრამ ასე გამოეყვანათ ტყეში და კეფაში ტყვია დაეხალათ, - ეს ნაცისტებსაც კი არ გაუკეთებიათ.
        პუტინი კი უარს აცხადებს დანაშაული მოინანიოს ისევე, როგორც გერმანელებმა მოინანიეს ებრაელების წინაშე ჩადენილი მხეცობანი. სწორედ ამიტომ, რუსები ფეხს ითრევენ და არ სურთ დაუშვან კატინში (ტრაგიკული მოვლენის იუბილეზე) პოლონეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.
        დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში და მისი განცხადებები კი იმის მაჩვენებელია, რომ განსხვავებით ფრანგებისა და გერმანელებისაგან, პოლონელები არ აპირებენ «დაუწვენ» რუსებს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს სარკოზიმ რუსეთისათვის «მისტრალის» მიყიდვაზე, პოლონეთს არანაკლები რესურსები აქვს, რათა პოსტსაბჭოური ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) მთავარ საყრდენად იქცეს ევროპაში.
        რეალურად რუსეთი პოლონეთზე ბევრად მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე საფრანგეთზე, რაკი დასავლური მარშრუტი სწორედ პოლონეთზე გადის და პოლონეთის გარეშე რუსეთის ფედერაცია იმავე საფრანგეთს იაფი გზით ძნელად თუ დაუკავშირდება.
        რაც მთავარია, დონალდ ტუსკის გამომწვევმა (მოსკოვისათვის) ვიზიტმა დაადასტურა, რომ პოლონელები აუცილებლად შეეცდებიან აიძულონ მოსკოვი, შეცვალოს ტონი. დღემდე პუტინს პოლონეთი რატომღაც «დაბალი ღობე» ეგონა. ისე «გადაუვლიდა» ხოლმე პრეს -კონფერენციებზე, ვითომც არაფერი. პოლონეთის პრეზიდენტსაც დასცინოდა და პოლონელ ხალხსაც. შედეგად კი მიიღო პოლონეთის მზარდი აქტიურობა პოსტსაბჭოურ სივრეცზე. განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოში.
        დღეს პოლონეთი ჩვენი ქვეყნის ინტერესთა ყველაზე ძლიერი ლობისტია დასავლეთში. იმდენად ძლიერი და გავლენიანი, რომ მისი პოზიციის იგნორირერბა ამ საკითხში მერკელსა და სარკოზისაც არ შეუძლიათ.
        ტუსკის ვიზიტისას დადასტურდა, რომ ვარშავა განაგრძობს ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მხარდაჭერას, იწონებს თბილისის ინიციატივას ნატოს ახალი სამხედრო სწავლებების გამართვის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე და, რაც მთავარია, ზოგიერთი ნიშანი მიუთითებს, რომ თუ ფრანგები კვლავაც ჯიუტად განაგრძობენ რუსებისათვის თავდასხმის იარაღის მიყიდვას (მისტრალი სწორედ თავდასხმის იარაღია) საქართველომ შეიძლება ევროპაში თავდაცვითი იარაღიც შეიძინოს. მაგალითად, ავიაგამანადგურებლები, რომელთა მოყიდვაზე საფრანგეთმა 2007 წელს უარი გვითხრა.
        ამდენად, დონალდ ტუსკის ვიზიტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და «ისტორიულია», ვიდრე ნებიემიერი სხვა ევროპელი ლიდერის სტუმრობა იქნებოდა. პოლონეთის სახით საქართველოს ევროპაში ჰყავს მოკავშირე, ვისაც პუტინმა და მისმა იმპერიალისტურმა ხროვამ მოთმინების ფიალა არანაკლებ აუვსო და რომელმაც გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ ასწავლოს ჭკუა კრემლს, თუ მას კალენდარი აერია და დღეს მე-18 საუკუნე ჰგონია, როცა რუსი მხედართმთავრის, ალექსანდრე სუვოროვის სადისტები ვარშავაში პოლონელ ბავშვებს ხიშტზე აგებდნენ, ხოლო რუსეთის გერმანელი იმპერატრიცა ეკატერინა პოლონეთს პრუსიასა და რუსეთს შორის ჰყოფდა.

2010