პოლიტიკური კარუსელი 1988-2000

პოლიტიკური კარუსელი 1988-2000

        პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში, მიუხედავად 1988 წლიდან დაღვრილი უამრავი სისხლისა, კვლავ კომიკური დადგმის კანონებით უფრო ვითარდება. «ბედის ბორბალი» აქ ყოვლად დაუშვებელი მეტაფორაა – ეს უფრო «კარუსელია», რომელიც ტრიალებს და ტრიალებს «გულარხეინთა» და «თვალსასეირო სანახაობათა» მოყვარულების გასახარად – ჰოდა, იტრიალეთ, ბატონებო, ვიდრე არ მოგწყინდებათ.. . . .
        კიდევ კარგი, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჭკუა ისწავლა განვლილ წლებში გადატანილი კატაკლიზმების შედეგად – რაც 31 ოქტომბრის არჩევნებმა ნაწილობრივ მაინც დაადასტურა...
        გასულ კვირას «პოლიტიკური მძვინვარების» მთავარი ობიექტი კვლავ საარჩევნო კანონი გახდა. «კვლავ», ვინაიდან არც ერთი სამართლებრივი აქტი, არც ერთი კანონი, 1990 წლიდან - დღემდე არ ყოფილა ისეთი გამუდმებული ჭრა-კერვის, ბინძური პოლიტიკური გარიგებებისა და ამ გარიგებების შედეგად პერმანენტული «გაუპატიურების» საგანი, როგორიც «საარჩევნო კანონი».
        ჩვენს ბრძენსა და შორსმჭვრეტელ, სათნო და კეთილშობილ პოლიტოკრატიას, რომელმაც გასულ ათწლეულში ამდენი «ბედნიერება» და გამარჯვება მოუპოვა ქვეყანას, რა თქმა უნდა, მიაჩნია, რომ «გამარჯვებული ჰერცოგისა» არ იყოს, სწორედ მას უნდა ეკუთვნოდეს «პირველი ღამის» უფლება ამ საკითხის გადაწყვეტისას.
        აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია, თუ 1990 წლის 28 ოქტომბრიდან დღემდე არ ჩატარებულა არც ერთი არჩევნები, რომ წინასწარ ამ ზემოთხსენებულ «პოლიტოკრატიას» არ გაემართოს კონსულტაციები, არ მიეღწიოს გარიგებისთვის და არ შეეცვალოს საარჩევნო კანონი საკუთარი ინტერესებისა და ძალთა «რეალური განლაგების» შესაბამისად;
        უმთავრესი მიზანი კი ყოველთვის ამომრჩევლის «განსაკუთრებულ ვითარებაში» ჩაყენება იყო, რათა მას «გადაწყვეტილება» მიეღო არა მხოლოდ საკუთარი სურვილის, არამედ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის «რეალური გავლენის» მიხედვით.
        პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება, ვინაიდან ბოლოს და ბოლოს სწორედ იგი იღებს გადაწყვეტილებებს.
        ხელისუფლება ყოველთვის მოქმედებს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ნამდვილად გამაღიზიანებელია, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, საქმე ისე წარმოადგინოს, თითქოს თავად «კეთილშობილებისა და დემოკრატიულობის» განსახიერებაა და დედის ცრემლივით სუფთა მოსაზრებები ამოძრავებს.
        ვითომდა პოლიტიკური ინტერესები (აქედან გამომდინარე, ანგარებითურთ) იმთავითვე მხოლოდ ხელისუფლებას შეიძლება ახასიათებდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ოპოზიციას.
        არადა, საქართველოს მოსახლეობას შესანიშნავად ახსოვს, რომ, მაგალითად, ეგრეთ წოდებულ «დეკემბერ-იანვრის» სასაკლაო ხელისუფლების უნიათობასთან და უნიჭობასთან ერთად - «ოპოზიციის» ბინძურმა ანგარებამაც გამოიწვია.
        საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, მაშინ, როდესაც კანდიდატურათა წარდგენა 18 თებერვალს უნდა დასრულდეს – ქართული პოლიტოკრატია საარჩევნო კანონში მორიგი ცვლილებისათვის ემზადება.
        «აღორძინების» წარმომადგენელთა განცხადებით, არსებული კანონი არადემოკრატიულია, «დრაკონულია», ამიტომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს უფრო «დემოკრატიული» და «არადრაკონული» საარჩევნო კანონით.
        როგორც ჩანს, ამ ხალხს საქართველოს მოსახლეობა მართლაც მთლად «გამოთაყვანებული» ჰგონია - არადა, ჩვენ ხომ შესანიშნავად გვახსოვს, რომ არსებული კანონი «არჩევნების შესახებ», მათ შორის, საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების წესი – 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იმავე «პოლიტოკრატიაში» მიღწეული კონსენსუსისა და გარიგების შედეგი იყო? არ მინდა ვთქვა, «ბინძური გარიგების», თუმცა, ვენაცვალე ქართულ ენას, თვით სიტყვა «გარიგება» შეიცავს შეფასებას.
        ყოველ შემთხვევაში «მოქალაქეთა კავშირი» ერთპიროვნულად კანონს ვერ გაიტანდა – რომც მოენდომებინა. მაგრამ საქმე სწორედ ის არის, რომ მაშინ (1999 წლის ივნისში) ოპოზიციაც და «უმრავლესობაც» უფრო საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადებოდა - შესაბამისად, ინტერესი და მოტივაციაც სხვა ჰქონდა; საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი სულ სხვა ინტერესები მოქმედებს, ვინაიდან ამჟამად უკვე არა პარტიული, არამედ პერსონიფიცირებული არჩევნები უნდა გაიმართოს.
        შესაბამისად, ის ჩვენი კეთილშობილი და ბრძენი პოლიტოკრატია, რომელიც თავად გაურიგდა «მოქალაქეთა კავშირს» საარჩევნო კანონის გასატანად, ამჟამად უკვე კანონის შეცვლას მოითხოვს.
        1999 წლის ივნისში (ვიმეორებ) გარიგების საფუძველი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ინტერესთა თანხვედრა იყო. ძირითად ოპოზიციურ პარტიებს სხვა («წვრილ-წვრილი») ოპოზიციური პარტიების «ჩაძირვა» ხელს აძლევდათ.
        ამიტომ, ივნისში მიღებულ საარჩევნო კანონს «წითელ ზოლად გასდევს» არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ «ძირითადი ოპოზიციის» პრიორიტეტი. მიაქციეთ ყურადღება: ამ კანონის შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენებში პირველი ადგილი მიიღო «მოქალაქეთა კავშირმა», როგორც უდიდესი საპარლამენტო წარმომადგენლობის მქონე პარტიამ, მაგრამ ოპოზიციას ეს ხელს აძლევდა, ვინაიდან, იმავე ლოგიკით, «მეორე» საარჩევნო სიაში თავად იქნებოდა.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ოპოზიციას (მაშინ) ხელს აძლევდა დაფიქსირებულიყო «მოქალაქეთა კავშირის» მთავარ ალტერნატივად და ამით შეეზღუდა სხვა ოპოზიციური პარტიების გავლენა. სწორედ ამიტომ გავიდა ის კანონი თითქმის უპრობლემოდ წინა მოწვევის პარლამენტში.
        ან ავიღოთ საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების წესი შეგახსენებთ, რომ კანონის შესაბამისად, «ცსკ»-ს ხუთ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, 5-ს პარლამენტი (აქედან სამს - უმრავლესობა, ორს - ოპოზიცია), ხოლო ხუთი წევრი ინიშნება უკანასკნელ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე ხუთი პარტიის მიერ.
        სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ივნისში გათამაშებული ზოგიერთი სპექტაკლის მიუხედავად, საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების ასეთი წესი (მაშინ) ხელს აძლევდა არა მხოლოდ «მოქალაქეთა კავშირს», არამედ ძირითად ოპოზიციურ ძალებსაც, ვინაიდან ისინი ამით საკუთარ პრიორიტეტსაც ამკვიდრებდნენ - სხვა ოპოზიციური პარტიების ხარჯზე.
        კვლავ მიაქციეთ ყურადღება - «აღორძინების ბლოკი» რომც დაიშალოს, მისი სუბიექტები მაინც შეინარჩუნებენ ადგილს საარჩევნო კომისიაში – შემდეგი საარჩევნო ციკლისთვის. მაგრამ დღეს ეს საკითხი აქტუალური იმიტომ გახდა, რომ ერთი ჩვენი კოლეგის მახვილგონივრული მიგნებისა არ იყოს, «საპარლამენტო» არჩევნებისაგან განსხვავებით, საპრეზიდენტო არჩევნებისას შეუძლებელია აღმოჩნდე უმცირესობაში, ანუ ან გაიმარჯვებ, ან დამარცხდები.
        საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების ახლანდელ წესს შეიძლება მხოლოდ ორი ალტერნატივა ჰქონდეს. პირველი: ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს «არაპოლიტიკური» ნიშნით, ანუ შეიქმნას საზოგადოებრივ (და არა პარტიულ) საწყისებზე. მაგრამ კომისიის წევრები ვიღაცამ ხომ უნდა აირჩიოს ან დანიშნოს? ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც, საარჩევნო კომისია მთლიანად «უპარტიო მეცნიერებისაგან» დაკომპლექტდეს, - ოპოზიცია მაინც იტყვის, რომ ისინი «ხელისუფლების» ლაქიები არიან», ანუ ამით ბევრი არაფერი შეიცვლება.:
        მეორე: საარჩევნო კომისია დააკომპლექტოს ყველა მსურველმა პოლიტიკურმა პარტიამ - განურჩევლად იმისა, წარმოადგენს თუ არა იგი რეალურად პოლიტიკურ ძალას (და არა თანამოაზრეთა კლუბს), ანუ უჭერს თუ არა მხარს ამომრჩევლის თუნდაც მცირე ოდენობა.
        მაგრამ ეს არის სრული მარაზმი - ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ამგვარი წესით საარჩევნო კომისია საქართველოში დაკომპლექტდა მხოლოდ 1992 წელს, როდესაც პარლამენტში კოოპტირებული ქნა (11 ოქტომბრის «არჩევნების» შედეგად) უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალა და თვით ცალკეული ფიგურაც კი, ვისაც ამის სურვილი (მხოლოდ სურვილი) ჰქონდა.
        ამ წესის აღდგენა «აღორძინებას» მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების წინ სჭირდება - ნებისმიერს ვენიძლავები: რომც მიიღოს «უმრავლესობამ» ეს წესი, ოპოზიცია 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისა ან უკვე 2002 წლის «ადგილობრივი მმართველობის» არჩევნების წინ უეჭველად გაურიგდება კვლავ «მოქალაქეთა კავშირს», რათა საპარლამენტო (არაპერსონიფიცირებულ, არამედ პარტიულ) არჩევნებში ისევ «დაიკანონოს» პრიორიტეტი სხვა (გარესაპარლამენტო) ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით.

        სინამდვილეში, «აღორძინებას» მთელი ეს გნიასი «საარჩევნო კანონის არადემოკრატიულობის» თაობაზე დასჭირდა მხოლოდ იმისთვის, რომ გაამართლოს ასლან აბაშიძის უარი, კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე.
        დღეს «გაახსენდათ» საარჩევნო კანონის «არადემოკრატიულობა», აგრეთვე ის, რომ თურმე, დაპირისპირებამ შეიძლება სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანოს.
        თითქოსდა, საპარლამენტო არჩევნებამდე ნაკლები დაძაბულობა იყო საზოგადოებაში (ამ დაძაბულობას ორივე მხარე და არა მხოლოდ ხელისუფლება აღვივებდა) და მაშინ არ შეიძლებოდა საქმე «სამოქალაქო დაპირისპირებამდე» მისულიყო.
        მიუხედავად ამისა, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ასლან აბაშიძის კანდიდატურა მაინც დასახელდა პრეზიდენტის პოსტზე.
        თუ ასეა, დღეს რა შეიცვალა? – შეიცვალა ის, რომ «აღორძინება» სასტიკად დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში და, რაც მთავარია, ამ დამარცხების ახსნა შეუძლებელია მხოლოდ გაყალბებით ან «ადმინისტრაციული ბერკეტების» გამოყენებით.
        ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ გაყალბება და ადმინისტრაციული ზემოქმედება აჭარაში არანაკლები იყო. გარდა ამისა, თბილისში, სადაც კონტროლიც მეტია, მოსახლეობის პოლიტიკური და სამოქალაქო შეგნებაც, ინფორმირებულობის დონეც უფრო მაღალია (ვიდრე რაიონებში) და სადაც მოქალაქეს ნამდვილად ჰქონდა თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება - «აღორძინება» აგრეთვე დამარცხდა.
        აქედან გამომდინარე, ასლან აბაშიძეს სურვილი რომც ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტობისა, ედუარდ შევარდნაძესთან იგი უეჭველად დამარცხდება.
        მით უმეტეს, რომ პერსონიფიცირებულ არჩევნებში ამომრჩეველს თვისებრივად განსხვავებული მოტივაცია აქვს. ამიტომ, საპარლამენტო არჩევნებში «აღორძინების» ბლოკის მხარდამჭერი 27 პროცენტიდან ყველა როდი გააკეთებდა იგივე არჩევანს პერსონიფიცირებულ არჩევნებში.
        გარდა ამისა, საკუთრივ «აღორძინების» პარტიამ უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება ჩააგდოს მთელი ოპოზიციური ბლოკი.
        მართლაც, თუკი ასლან აბაშიძე უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, «არადემოკრატიული კანონისადმი» პროტესტის ნიშნად, მაშინ ბლოკმა საერთოდ აღარ უნდა წამოაყენოს კანდიდატურა, თორემ რა გამოდის - თუ ჯუმბერ პატიაშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაშასადამე, საარჩევნო კანონის «არადემოკრატიულობის» მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობას, აზრი მაინც ჰქონია.
        ცოტა არ იყოს ძნელი სავარაუდოა, როგორ აპირებს «აღორძინების ბლოკი» სერიოზული პოლიტიკური დანაკარგების გარეშე გამოვიდეს შექმნილი ტრაგიკომიკური მდგომარეობიდან, რომელშიც თავად ჩაიყენა თავი.
        ერთგვარი გამოსავალი ჩანს არჩევნებისადმი საერთოდ ბოიკოტის გამოცხადება, მაგრამ იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ამჟამად არსებობს - ასეთი ბოიკოტი უეჭველად მიიღებს სეპარატისტულ შეფერილობას და აღიქმება, როგორც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისადმი აჭარის ბოიკოტი.
        ეს კი ნამდვილად არ შესძენს «ქულებს» ბლოკის მონაწილე «თბილისელ» სუბიექტებს ქართველი ამომრჩევლის თვალში, რომელსაც სეპარატიზმის ყოველი (თუნდაც კარგად შენიღბული) გამოვლინებისადმი ისტორიული, გენეტიკური ზიზღი აქვს.

        თუ მოქალაქეთა კავშირის ლიდერებს ეყოფათ ჭკუა და ეშმაკობა, მათ სავსებით შეიძლება გამოიყენონ თავის სასარგებლოდ ოპოზიციის «გაჭირვება».
        მაგალითად, კატეგორიულად მოითხოვონ კონკრეტული ალტერნატიული კანონპროექტის წარმოდგენა. ამის გაკეთება კი «აღორძინებას», ზემოთ ხსენებული მიზეზით, ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან იძულებული გახდება, აირჩიოს ერთ-ერთი საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების ორი ალტერნატიული ვარიანტიდან,;
        ბოლოს და ბოლოს, აბა იმას ხომ არ მოითხოვენ საარჩევნო კომისია მაინც «ძველიო წესით» დაკომპლექტდეს?!
        ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ უმრავლესობაში ვიყოთ, ხოლო «მოქალაქეთა კავშირი» - უმცირესობაში, ძირითადი პრობლემა (მათთვის) აქ ის არის, რომ თუ საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების წესი შეიცვლება - ამით პრიორიტეტს დაკარგავს არა მხოლოდ მოქალაქეთა კავშირი «აღორძინების» მიმართ, არამედ «აღორძინების» ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიები - სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ, რაც მათ სრულებითაც არ ეპიტნავებათ.
        გარდა ამისა, მოქალაქეთა კავშირი შეიძლება გადავიდეს «კონტრშეტევაზე» და მოითხოვოს ცვლილებათა განხილვა «პაკეტში», ანუ ორმხრივი კომპრომისის შედეგად;
        მაგალითად, მოქალაქეთა კავშირმა შეიძლება მიიღოს ოპოზიციის ნებისმიერი წინადადება და შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება «არჩევნების შესახებ» ორგანულ კანონში, ოღონდ, თავის მხრივ, თვითონაც შესთავაზოს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა სხვა ორგანულ კანონებში.
        მაგალითად, «ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები» გაიმართოს არა პარტიული პრინციპით, არამედ მხოლოდ მაჟორიტარულად. მმართველი პარტია შეიძლება უფრო შორსაც წავიდეს – შესთავაზოს «ოპოზიციას» თვით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, რათა საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის შემცირდეს 5 ან 4 პროცენტამდე, სამაგიეროდ, საერთოდ აიკრძალოს არჩევნებში პოლიტიკური ბლოკების მონაწილეობა ან დაწესდეს მათთვის 50 პროცენტიანი ბარიერი.
        თუ «აღორძინებას» ერთიან პოლიტიკურ ძალად მიაჩნია თავი, მაშინ კეთილი ინებონ და შექმნან ჩვეულებრივი პარტია. მაგრამ საქმე სწორედ ის არის, რომ ისინი იმას ვერასდროს შეძლებენ. «საარჩევნო ბლოკები» კი გენიალური მიგნებაა აბსურდული პოლიტიკური ალიანსების შესაქმნელად და გასამართლებლად.

        რამდენიც არ უნდა ეცადოს «აღორძინების ბლოკი» - იგი კვლავაც დარჩება მუდმივ ხელსაყრელ ფონად და ხელსაყრელ ოპოზიციად მოქალაქეთა კავშირისათვის.
        ასეთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს მოქალაქეთა კავშირი, ასი არჩევნები რომ გაიმართოს, ასივეჯერ დაამარცხებს, ვინაიდან ამგვარ ოპოზიციას არანაირი ალტერნატიული პროგრამა არასდროს ექნება – არც საშინაო, არც საგარეო პოლიტიკის სფეროში.
        «აღორძინების ბლოკს» ეშინია კონკრეტული ალტერნატივის წამოყენება ნებისმიერ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხში, ვინაიდან, ეკლექტური ბუნების გამო, საკუთარ თავთან მოვა უმალვე წინააღმდეგობაში.
        მხოლოდ «პროტესტული ელექტორატის» იმედად ყოფნა კი ფუჭია, ვინაიდან ბრმა სიძულვილით მოქმედი ამომრჩეველი საზოგადოების უმრავლესობა ვერასდროს იქნება.

დილის გაზეთი, 17 იანვარი, 2000 წელი