პირველი ყვითელი ბარათი უშიშროების მინისტრ ჯემალ გახოკიძეს

პირველი ყვითელი ბარათი უშიშროების მინისტრ ჯემალ გახოკიძეს

    თუკი საქართველოს ხელისუფლება ცდილობს სახელმწიფო სახელმწიფოს დაამსგავსოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოახდინოს საკუთარ შესაძლებლობათა დემონსტრირება.
  როცა ხელისუფლებას, ექსტრემალურ ვითარებაში, დამნაშავე თანამდებობის პირის დასჯა არ ძალუძს, იგი ხელისუფლებად ვერ ჩაითვლება. როგორც ჩანს, ამ ელემენტარული სახელისუფლებო ჭეშმარიტების სიმწვავე იგრძნო ჯემალ გახოკიძემაც. ზუგდიდში მომხდარი აფეთქების გამო იგი პირველად ძალზე სწრაფად გააკრიტიკა თვით პრეზიდენტმა.
    9 თებერვლის შემდეგ საზოგადოების განწყობა ისე უცნაურად წარიმართა, რომ რისხვის მთავარი ობიექტი აღმოჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე და არა ქართული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი.
    როგორც ჩანს, ამის უმთავრესი მიზეზი გახდა ტერაქტის ადგილი (შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მისი სიახლოვე) და ზოგიერთი სხვა მომენტი. კახა თარგამაძემ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი (არცთუ უსაფუძვლოდ), რომ დივერსია და ტერორისტული აქტები არ არის პოლიციის საქმე, მაგრამ მთლიანობაში მაინც ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მომხდარზე მთავარი პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო.
    ჯემალ გახოკიძეს, ამის გამო (თავად) განსაკუთრებული პროტესტი არ გამოუთქვამს, მაგრამ ბოლოს მაინც იკისრა პასუხისმგებლობა და ჩაატარა კოლეგიის სხდომა, რის შედეგადაც რამდენიმე თანამდებობის პირი უშიშროებიდან «გაუშვა».
    მას მიბაძა კახა თარგამაძემაც. თუმცა, ალბათ ნაკლები ენთუზიაზმით, ვინაიდან დასჯილი პიროვნებები (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა) მაინც ნაკლებ დამნაშავედ მიაჩნდა, ვიდრე უშიშროების შესაბამისი სტრუქტურის ხელმძღვანელები.
    ზუგდიდის ტერაქტის შემდეგ ვითარება შეიცვალა. საზოგადოებამ მომხდარი აღიქვა, როგორც უშიშროების ნაკლი და არა პოლიციისა. შესაძლოა ამგვარი (სწორი) აღქმა თვით განხორციელებული დივერსიის სპეციფიურობითაც იყო განპირობებული - 9 თებერვლის ტერაქტს სხვა ფორმა ჰქონდა, ზუგდიდის დივერსიისას - სულ სხვა.
    ზუგდიდში მომხდარი დანაშაული იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის პროფილაქტიკა აუცილებელია და ეს სწორედ უშიშროებამ უნდა გააკეთოს, ვინაიდან პოლიციას სულ სხვა სპეციფიკა აქვს.
    გაუგებარია, რატომ არ გათვალა ქართულმა სპეცსამსახურებმა დივერსიის შესაძლებლობა სეპარატისტთა მხრიდან მას შემდეგ, რაც არძინბამ და მისი ბანდის სხვა წევრებმაც არაეთრგზის ღიად განაცხადეს: «ქართული დივერსიული ჯგუფების მოქმედების საპასუხოდ მიღებული იქნება შესაბამისი ადეკვატური ზომები».
    ელემენტარული გათვლა იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ ეს «ადეკვატური» ზომა გახდებოდა ზუგდიდში, ხალმხრავალ ადგილას ბომბის აფეთქება.
    სიმპტომები წინასწარვე არსებობდა: ერთი წლის განმავლობაში სეპარატისტებმა ზუგდიდში რამდენიმე ტერაქტის ორგანიზება შეძლეს, ოღონდ მათ ნაკლები მსხვერპლი და რეზონანსი მოჰყვა.
    არავითარი განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდებოდა სამხარეო ადმინისტრაციის შენობის დაცვას. საკმარისი იყო უშიშროების ერთი თანამშრომლის დაყენება კართან, რომელიც უბრალოდ ჩახედავდა ყველა შემსვლელს ჩანთაში.
    რაკი აფეთქება იმ ფლიგელში მოხდა, სადაც გალის რაიონის ადმინისტრაციაა განლაგებული, მით უმეტეს ლოგიკური იქნებოდა თუ დაცვა დაევალებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპეცსამსახურის წარმომადგენელს.
    თუმცა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, თითქოს ამ გზით მოხერხდებოდა საერთოდ დივერსიის თავიდან აცილება. ტერორისტი ჯერ შორიდან დაზვერავდა თავდასხმის ობიექტს, რაკი შეამჩნევდა უშიშროების თანამშრომელს, ნაღმს ადმინისტრაციის შენობაში აღარ შეიტანდა და სხვა ადგილას ააფეთქებდა. ვთქვათ, ბაზარში ან ცენტრალურ მოედანზე. მას უეჭველად სჭირდებოდა დიდი მსხვერპლი, მაგრამ უშიშროების სამსახურის მოვალეობაც ხომ ეს იყო, - მოეხდინა დანაშაულის პროფილაქტიკა.
    სწორედ ეს მომენტი განასხვავებს სპეცსამსახურს პოლიციისაგან, რომლის მთავარი დანიშნულება არის არა პროფილაქტიკა, არამედ უკვე ჩადენილი დანაშაულის გახსნა.
    გაუგებარია, რატომ არ მიავლინა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, გალის მოვლენებამდე, ან მოვლენების შემდეგ, უშიშროების მინისტრმა რამდენიმე ასეული თანამშრომელი ზუგდიდში;
    ისეთები კი არა, ვინც იქ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩავიდოდა ან რესტორნებში გაატარებდა მთელ დროს, არამედ პროფესიონალები, რომლებიც «ლტოლვილებად» შეინიღბებოდნენ, დევნილთა მასაში გაერეოდნენ, შეუმჩნევლად ადევნებდნენ თვალს ყველა საეჭვო პიროვნებას, ვინც ზუგდიდში შემოვიდოდა.
    აბა, სხვას რა საქმეს აკეთებს სპეცსამსახური? კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უშიშროებას (სპეცსამსახურს) ამ საქმის პროფესიონალი უნდა ხელმძღვანელობდეს.
    ჯემალ გახოკიძე უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტია. თავის საქმე მან შესანიშნავად იცის, მაგრამ მისი საქმე პოლიციაა და არა უშიშროება. ჯიხაშკარის მოვლენების დროს მან საკმაოდ კარგად იმუშავა, ოღონდ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს მაინც საპოლიციო ოპერაცია იყო, - როდესაც დანაშაული უკვე მომხდარია. საკუთრივ სპეცსამსახურის საქმე პროფესიონალმა უნდა აკეთოს.
    ამრიგად, ედუარდ შევარდნაძემ, (იგი გასაგები მიზეზის გამო ქართულ «კაგებეს» არ ენდობა, სწორედ ამიტომ ნიშნავს ტრადიციულად მისდამი ლოიალურ პოლიციის მაღალჩინოსნებს უშიშროების ხელმძღვანელებად) აუცილებლად უნდა იპოვოს ლოიალური, მაგრამ კომპეტენტური პიროვნება ამ თანამდებობაზე დასანიშნად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზუგდიდის მსგავსი ექსცესების აღკვეთა თბილისში ვერ მოხერხდება.

მერიდიანი, 28 აგვისტო, 1998 წელი