პირველი სიმპტომი - სამოქალაქო ომის შურისგება

პირველი სიმპტომი - სამოქალაქო ომის შურისგება

 

    რამდენიმე დღის წინ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოლეგიამ დაამტკიცა ეროვნული გვარდიის გადაწყვეტილება ყოფილი სამხედრო კომისრის, ტარიელ აბუაშვილის გვარდიის სარდლის მოადგილედ დანიშვნის თაობაზე. უეჭველია, ამ ცნობამ არა მხოლოდ პოლიტიკოსთა, არამედ საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო, ვინაიდან მომხდარი ძალზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი სიმპტომია.
    როგორც ცნობილია, ტარიელ აბუაშვილი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ პოლიცია არც იმას მალავდა, რომ დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზი იყო 1991 წლის ოქტომბერში თელასთან მომხდარი ინციდენტი, როდესაც გვარდიელებსა და მილიციელებს (აგრეთვე პრეზიდენტის ერთგული გვარდიის ქვედანაყოფს) შორის შეტაკებისას რამდენიმე მილიციელი და გვარდიელი დაიღუპა. კიტოვანის გვარდიელებს იმ დღეს ტარიელ აბუაშვილი მეთაურობდა. ხელისუფლება, რომელიც გრძნობს, რომ კიტოვანის დაპატიმრების «აფხაზური» მოტივაცია საზოგადოებამ საკმაოდ დუნედ აღიქვა, მის დასჯას (არაოფიციალურად) დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორობით ამძიმებს. ამდენად, არავისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ტარიელ აბუაშვილის დაპატიმრების ჭეშმარიტი საბაბი.
    როგორც ჩანს, «ძველი გვარდიის» ელიტას მოთმინების ფიალა აევსო. ჯერ იყო და, ჯიქიას მკვლელის დევნამ დაუპირისპირა გვარდია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლებას. ტარიელ აბუაშვილის ეპიზოდმა კი საბოლოოდ დაარწმუნა გვარდიის ხელმძღვანელობა, რომ საქართველოში მოხდა ღირებულებათა გადაფასება და დეკემბერ-იანვრის გადატრიალების ორგანიზატორები თუ შემსრულებლები უკვე, როგორც მინიმუმ, გმირებად აღარ ითვლებიან. ეროვნულ გვარდიას დღემდე ჯემალ ჭუმბურიძე ხელმძღვანელობს, რომელიც (აბუაშვილთან ერთად) თენგიზ კიტოვანმა მიიყვანა გვარდიაში. იგი «აბოიმას» (კიტოვანის მეტსახელია თავში გაჩხერილი ტყვიის გამო-ავტ.) ახალგაზრდობის ძმაკაცია და ერთ დროს მისი უსაზღვრო ნდობით სარგებლობდა.
    1994 წლიდან ეროვნული გვარდია თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შეიყვანეს, თუმცა ეს სამხედრო ქვედანაყოფი თავისი შინაარსითა და დამკვიდრებული ტრადიციით მაინც არაორდინალური და პრობლემატური შენაერთია, რომელმაც (ფრთხილად ვთქვათ) შესაფერისი პირობების შექმნისთანავე შეიძლება გარკვეული პრობლემა შეუქმნას ხელისუფლებას.
    ჯემალ ჭუმბურიძემ ჯერ კიდევ ჯიქიას მკვლელობასთან დაკავშირებული ამბების დროს დაამტკიცა, რომ საკმაოდ გულმაგარი კაცია და ხელისუფლებასთან დაპირისპირებასაც არ გაურბის (ედუარდ შევარდნაძემ რამდენჯერმე მოსთხოვა მკვლელის დაპატიმრება) თუ საფრთხე გვარდიის ინტერესებსა და პრესტიჟს შეექმნება.
    შეუძლებელია ეს შენაერთი შინაგანად ოპოზიციური არ იყოს. ჯემალ ჭუმბურიძემ იცის, რომ მისდამი ნდობა ძალზე მყიფე საფუძველს ემყარება, რაკი შევარდნაძე წყენას არასდროს ივიწყებს. ჯიქიასთან დაკავშირებული ინციდენტი კი მისთვის, რბილად რომ ვთქვათ, საწყენი იქნებოდა. მაშასადამე, ტარიელ აბუაშვილთან ერთად გვარდიაში ძველი სულისკვეთება ბრუნდება.

მერიდიანი, 25 აპრილი, 1997 წ.