პარტიზანული მოძრაობის გაძლიერება

 პარტიზანული მოძრაობის გაძლიერება

10-11 ნოემბრისთვის თბილისში დაგეგმილია «აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან» დევნილთა მეორე ყრილობა. ამ ცნობამ, როგორც ჩანს, ქართული ისტებლიშმენტი სერიოზულად შეაშფოთა. ვგულისხმობ არა მხოლოდ უშუალოდ პრეზიდენტსა და მის პარტიას, არამედ ოპოზიციასაც.
    ედპ-ს ლიდერი ირინა სარიშვილი უკვე ღიად აცხადებს, რომ «აფხაზეთის პრობლემა გარკვეულმა ძალებმა შეიძლება, გამოიყენონ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისთვის». როგორც ჩანს, კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ოპოზიცია «წინააღმდეგი იყო ვითარების იმგვარი სტაბილიზაციისა, რომელიც არსებულს უნარჩუნებდა მდგრადობას» (გავიხსენოთ 1991 წლის შემოდგომა) ამჟამად «სტაბილურობა» უკვე უზენაეს ფასეულობადაა გამოცხადებული.
    სხვათა შორის, ამ პრობლემისადმი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება აშკარად იმის მიხედვით იცვლება, რამდენად ახლოს არის იგი ხელისუფლების წყაროსთან. უფრო ზუსტად, თავად რამდენად არის ინტეგრირებული ხელისუფლებაში.
    საპარლამენტო ფრაქციათა დამოკიდებულების გრადაცია მერყეობს სრული ლოიალობიდან - ფრთხილ ოპოზიციამდე (სახალხო). სამაგიეროდ, პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალები სულ უფრო მჭახედ და «პრინციპულად» მოითხოვენ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას - რაკი თავად არაფერზე აგებენ პასუხს და არც გრძნობენ რაიმე პასუხისმგებლობას მოსალოდნელი შედეგებისთვის.
    ედუარდ შევარდნაძემ ნამდვილად მოახერხა პასუხისმგებლობის გადანაწილება საპარლამენტო ფრაქციებზე. ამიტომ, მისი პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში სერიოზულ წინააღმდეგობას არ აწყდება, ხოლო «ანგაჟირებულ ოპოზიციონერთა» პროტესტი დაპირისპირების იმიტაციად რჩება.
    უფრო ძნელია ანალოგიური ვითარების შექმნა «გარეოპოზიციაში», ვინაიდან ეს უკანასკნელი მშიერი მგელივით შესცქერის ხელისუფლებას და ისეთ პრივილეგიებს მოითხოვს, რისი მიცემაც მმართველ გუნდს არ შეუძლია - რაკი თვით «შინაურ ოპოზიციასაც» ვერ აკმაყოფილებს სრულად.
    ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ დაიწყო «პარლამენტსგარეშე» პარტიების კონსოლიდაცია ლტოლვილთა მოძრაობაში. მოძრაობის მონაწილენი ცდილობენ, დაივიწყონ სოციალურ-პოლიტიკური წარმომავლობა (ზვიადისტობა-ანტიზვიადისტობა) და გაერთიანდნენ ერთგვარ სახალხო ფრონტში - აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად.
    სწორედ ამ მიზანს ისახავს მომავალი ყრილობა, რომელიც უკვე მიჩნეულია ისტორიულ მოვლენად, საქართველოში ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღის «აზვირთების» თვალსაზრისით.
    ყველაზე რთულ ამოცანად ისევ და ისევ ხელისუფლებაში მოხვედრილ პარტიებთან ურთიერთობა რჩება. თუ ახალმა «მოძრაობამ» ვერ შეძლო მათი მომხრობა ან რაიმე ფორმით ჩათრევა თავის აქციებში, მაშინ მოძრაობა ანტისისტემურ ხასიათს მიიღებს, - მთლიანად ხელისუფლებას (როგორც ასეთს) დაუპირისპირდება და უნებლიედ მოახდენს თვით ხელისუფლებაში მმართველ ძალასთან ოპოზიციონერთა კონსოლიდირების პროვოცირებას - რაც სტრატეგიული თვალსაზრისით უდიდესი დამარცხება იქნება.
    არადა, ლტოლვილთა რადიკალური განწყობის გათვალისწინებით, ეს ვარიანტი სავსებით რეალურია: ზოგიერთი ლტოლვილი უკვე მოითხოვს გაერთიანებას ფორმულით: ყველა მინუს ოთხი. ანუ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა, გარდა ოთხი უდიდესი პარტიისა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ იგულისხმებიან «მოქალაქეთა კავშირი», «აღორძინება», «რჩეულიშვილის სოციალისტები» და «სარიშვილის ედპ».
    ამ უკანასკნელის მოხვედრა «შავ სიაში» უეჭველად მისი რესპექტაბელურობის ზრდას ნიშნავს, თუმცა ქართული პოლიტიკა, მთლიანობაში, რესპექტაბელობითა და ცივილურობით არ გამოირჩევა, ამდენად პარტიის «ელიტარულობა» ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის გავლენას რეალურად არსებულ ელექტორატზე.
    სხვა საქმეა მმართველი პარტია, რომლის წარმატება უპირველესად სახელისუფლებო ბერკეტთა ფლობაზეა დამოკიდებული.
    ამდენად, შექმნილ ვითარებაში ყველაზე რთული საწყისი მდგომარეობა სწორედ ირინა სარიშვილს აქვს, ვინაიდან თუ მმართველმა პარტიამ ხელისუფლება მოიპოვა და ბევრი აქვს დასაკარგი, ხოლო «პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციას» დასაკარგი საერთოდ არაფერი აქვს - ედპ-მ ხელისუფლებაში მხოლოდ უმცირესობა მიიღო ჯერჯერობით, ანუ დასაკარგი ნამდვილად აქვს, მაგრამ არც იმდენი, რომ «ქუჩასთან» ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტის რისკად ღირდეს.
    და მაინც, მიუხედავად ზემოთქმულისა, ვივარაუდებ, რომ ლტოლვილთა მომავალი ყრილობა ბევრს ვერაფერს შეცვლის: განურჩევლად იმისა, როგორი ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთმიმართება არსებობს თბილისის პოლიტიკურ სპექტრში, თვით ლტოლვილთა მასა რჩება თვისებრივად ანტისისტემურ ძალად, რომლის მოთხოვნა მიუღებელია მთლიანობაში, ქართული საზოგადოებისთვის.
    ლტოლვილებსა და მათ ლიდერებს (როგორც თამაზ ნადარეიშვილს, ასევე ბორის კაკუბავას) დღემდე არ სურთ, შეურიგდნენ აზრს, რომ მათ გარდა ახალი ომი აფხაზეთში არავის სურს. მიზეზი იგივეა: ლტოლვილებმა ყველაფერი დაკარგეს და დასაკარგი აღარაფერი აქვთ, მაგრამ საზოგადოების დანარჩენ ნაწილს კვლავინდებურად ბევრი რამ დარჩა დასაკარგი.
    ეს წინააღმდეგობა ძალზე ძნელად გადასალახი იქნება. უკიდურეს შემთხვევაში, რადიკალურად განწყობილ ლტოლვილებს ის პოლიტიკოსებიც განუდგებიან, რომლებიც ამჟამად თამაშობენ «რადიკალობანას» და ისევ ლტოლვილთა მასაზე დაყრდნობით ცდილობენ, მისწვდნენ ხელისუფლებას ან (სხვაგვარად თუ ვიტყვით) ცდილობენ, პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირამდე მიაღწიონ და ჰაერი ჩაისუნთქონ, რათა საბოლოოდ არ იქცნენ პოლიტიკურ გვამებად.
    ერთადერთი, რაც ლტოლვილებს რეალურად შეუძლიათ, არის პარტიზანული მოძრაობის გააქტიურება აფხაზეთში, თუმცა არც იმის დავიწყება ეგების, რომ ეს მოძრაობა ქართული ისტებლიშმენტის კონტროლს ექვემდებარება.
    მაშასადამე, ლტოლვილთა პრობლემა მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის კონტექსტში შეიძლება, გადაწყდეს - საბედნიეროდ, «ვერაფერი შეცვლის იმ რეალობას, რომ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ენდომება აფხაზური წალკოტის დაბრუნება».

7 დღე, 7 ნოემბერი, 1997 წ.