პარტიზანულ მოძრაობას სხვა ნება სჭირდება

პარტიზანულ მოძრაობას სხვა ნება სჭირდება

 

    გალის რაიონში დამსჯელი ექსპედიციის ორგანიზებისას არძინბას ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო ადგილობრივ მოსახლეობასა და პარტიზანებს შორის დაპირისპირების პროვოცირება. ეს უკვე ღიად თქვა კიდეც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ზურაბ ერქვანიამ.
    ზურაბ ერქვანიას სიტყვები ამჟამად ჩამოყალიბებულ რეალობას ასახავს: ლტოლვილი სამურზაყანოელები პარტიზანებს ბრალს სდებენ, რომ წამოიწყეს ბრძოლები და ვერ შეძლეს სოფლების დაცვა - ორი წლის განმავლობაში «ძლივს აწყობილი» ცხოვრება მოეშალათ, სახლ-კარი აფსუებმა გადაუწვეს, ყველაფერი დაკარგეს და ა.შ. «მშვიდად ვცხოვრობდით, ცოცხლები ვიყავით და სახლ-კარი მაინც ხომ გვქონდა, რას გვერჩოდით?!» - ეს კითხვა სულ უფრო ხშირად გაისმის ლტოლვილებში, რამაც ზურაბ ერქვანიას აღშფოთება გამოიწვია. ეს უკანასკნელი ნადარეიშვილთან ერთად «პარტიზანთა» აქტიური გულშემატკივარი იყო, ამიტომ რადგან მათ საწინააღმდეგოდ და გასაკიცხად ენა ვერ მოუბრუნდება, ისევ იმ დეპუტატებს კიცხავს, ვინც გალის რაიონის სოფლებში მარულა მოაწყო და ქართული დროშა აღმართა, «რამაც აფხაზები გააღიზიანა».
    თუმცა დაუჯერებელია, რომ არძინბამ მორიგი ფაშისტური გადაწყვეტილება სწორედ «მარულას» გამო მიიღო. სინამდვილეში მთავარი მიზეზი, რაღა თქმა უნდა, თვით პარტიზანული მოძრაობა იყო, მაგრამ ძალიან მძიმეა მისი კრახის აღიარება.
    იმთავითვე შესამჩნევი იყო, რომ ამ მოძრაობას ძალიან ბევრი ნაკლი ჰქონდა. ჯერ ერთი, პარტიზანული მოძრაობის თავისებურებიდან გამომდინარე, პარტიზანებს ბაზები უნდა შეექმნათ თვით აფხაზეთში და არა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. მათი მოქმედების არეალი უნდა ყოფილიყო აფხაზებით მჭიდროდ დასახლებული რაიონები - ტყვარჩელისა და ოჩამჩირის მიმდებარე სოფლები. პარტიზანებს შეეძლოთ გადაეკეტათ სოხუმი-ოჩამჩირის ტრასა, დაეკავებინათ სტრატეგიული მაღლობები და ამგვარად შეეფერხებინათ სეპარატისტთა ფორმირებების მოძრაობის გალის მიმართულებით. ბოლოს და ბოლოს, თუ გალში სერიოზული აქცია იგეგმებოდა, რატომ ვერ შეძლეს თუნდაც ოცდაათკაციანი რაზმის გადასროლა ოჩამჩირის მიდამოებში, რათა იქ გაემართათ პირველი ბრძოლა მომხვდურ მტერთან და გალელებისათვის უკეთ მომზადების საშუალება მიეცათ?
    პარტიზანული მოძრაობა ყველა ეპოქაში განსაკუთრებულ სამხედრო მოვლენად იყო მიჩნეული. პარტიზანი ითვლებოდა ყაჩაღად და არა სამხედრო ტყვედ, ამიტომ პარტიზანის სიკვდილით დასჯას საერთაშორისო კონვენციებიც არ კრძალავდენ, რომლებიც ომის კანონებს არეგულირებენ.
    ეს კანონები ძირითადად სწორედ «დაწერილია» და არა «დაუწერელი». სტალინმა პარტიზანული მოძრაობის «გაკეთილშობილება» შეძლო იმ აზრით, რომ რუსმა პარტიზანებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვებაში, მაგრამ ისტორია იმასაც გვასწავლის, რომ პარტიზანული მოძრაობა ფართომაშსტაბიანი ომის წარმოებისას შეიძლება მხოლოდ «დამხმარე» საშუალება იყოს.
    თავისთავად პარტიზანულ ომს კარდინალური ამოცანის გადაწყვეტა არ ძალუძს. მეორე მსოფლიო ომის დროს პარტიზანებს რუსეთის მთელი დასავლეთ პროვინციები ჰქონდათ დაკავებული, მაგრამ ისინი მოსკოვიდან იმართებოდნენ და ცენტრიდან მიღებული დირექტივებით მოქმედებდნენ. ჩეჩნეთში პარტიზანულმა მოძრაობამ იმავე რუსეთის «უძველეს არმიას» სისხლი გაუშრო», მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც ის გახლდათ, რომ ჩეჩნებმა შეძლეს ფრონტის ხაზის შენარჩუნება - ჩეჩნეთის ჩრდილოეთ რაიონებში რუსული არმია «ცხვირის შეყოფას» ვერ ბედავდა და მხოლოდ ავიაციით ბომბავდა.
    დაახლოებით ამგვარი ვითარება უნდა შექმნილიყო აფხაზეთში, თუ პარტიზანულ მოძრაობას რეალურად სურდა წარმატების მიღწევა. მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა - აფხაზეთში პარტიზანული ბაზები არ შეიქმნა, პარტიზანები იძულებული იყვნენ, დასავლეთ საქართველოდან შეეღწიათ გალის ტერიტორიაზე, ჩაეტარებინათ ოპერაცია და შემდეგ უკანვე გამობრუნებულიყვნენ.
    ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა - ეს სეპარატისტებმა შესანიშნავად იცოდნენ. პარტიზანთა უმთავრესი მიზანი კი საკუთრივ სეპარატისტული რეჟიმის დისკრედიტაცია უნდა ყოფილიყო: აფხაზეთის ტერიტორიაზე კომუნიკაციათა მწყობრიდან გამოყვანა, ელექტროგადამცემი ხაზების აფეთქება და ა.შ. - საბოლოოდ კი რეჟიმის სრული პარალიზება - მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევდა პარტიზანული მოძრაობა თავდაპირველ მიზანს და აიძულებდა სეპარატისტებს, რეალურ დათმობაზე წამოსულიყვნენ.

მერიდიანი,

3 ივნისი, 1998 წ.