პარტიზანთა გადაჯგუფება, ალბათ, ტაქტიკური ნაბიჯია    

პარტიზანთა გადაჯგუფება, ალბათ, ტაქტიკური ნაბიჯია    

    ცნობამ პარტიზანულ რაზმ «თეთრი ლეგიონისა» და «ტყის ძმების» გაუქმების შესახებ, პარტიზანული მოძრაობის გულშემატკივართა დიდი შეშფოთება გამოიწვია.
    ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც საქართველოს უშიშროების სამინისტრო ადასტურებს, მოხდა საბრძოლო შენაერთთა რეორგანიზაცია - გაერთიანება, რის შედეგადაც ისინი დაექვემდებარებიან ერთიან სარდლობას».
    ცოტა არ იყოს გაუგებარია, რა იგულისხმება «ერთიან სარდლობაში» და საერთოდ, ეს ცნობა მართლაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ეჭვსაც აღძრავს.
    თუ საქართველოს რომელიმე ოფიციალურ სტრუქტურას ან სპეცსამსახურს განზრახული აქვს პარტიზანული რაზმები უშუალოდ დაიქვემდებაროს, ეს ქვეყნისათვის მხოლოდ დამღუპველი იქნება, ვინაიდან სეპარატისტები და მათ უკან მდგომი რუსეთიც მიიღებენ საშუალებას, ამ შემთხვევაში უკვე დასაბუთებულად წაუყენონ ბრალი საქართველოს ხელისუფლებას «დივერსანტთა მხარდაჭერაში», რაც პროპაგანდისტული თვალსაზრისით უაღრესად წამგებიანი იქნება.
    ამან შეიძლება საერთოდ ჩაშალოს ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან. ამერიკელებმა და ინგლისელებმა, ისევე როგორც გერმანელებმა და ფრანგებმა შესანიშნავად უწყიან, ვინ ეხმარება პარტიზანებს (საერთოდ, დახმარების გარეშე ისინი ვერ იარსებებენ) მაგრამ ოფიციალურად, ღიად ისინი არათუ მხარს არ დაუჭერენ ასეთ ქმედებებს, არამედ დაგმობენ კიდეც.
    ამიერიდან თითოეული ტერორისტული აქტი გალის რაიონში უშუალოდ დაბრალდება საქართველოს სპეცსამსახურს, რომელმაც პარტიზანული რაზმების რეორგანგიზაციით მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო; არ არის გამორიცხული, ამგვარი შეთანხმება მიღწეული ყოფილიყო სოხუმში ქართველი «ძალოვანი» მინისტრების ვიზიტის დროს. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თუ ჯემალ გახოკიძეს, კახა თარგამაძეს ან დავით თევზაძეს «მცირე ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტის» შეწყვეტა სურთ სამურზაყანოში (რაიმე მოსაზრებით და დროებით) ისინი ამას მაინც ვერ შეძლებენ, ვინაიდან მართლა ვერ აკონტროლებენ და ვერც გააკონტროლებენ ყველა შეიარაღებულ ფორმირებას აფხაზეთში. სეპარატისტები კი მათთვის ჩვეული ოსტატობით ისარგებლებენ ამ გარემოებით.
    თუმცა, მეორე მხრივ, არც ისაა გამორიცხული, რომ ზემოთქმულიო ინფორმაცია ბლეფი იყოს, ვინაიდან იმავე ცნობით, ზურაბ სამუშია «არ დაემორჩილა გადაწყვეტილებას» და მცირე ჯგუფთან ერთად მარტო აგრძელებს მოქმედებას.
    შესაძლოა ჯემალ გახოკიძემ და აფსუათა «უშიშროების მინისტრმა» ასტამურ თარბამ სოხუმში ფრთხილი პარტია გამართეს, რის შემდეგაც ვითომ შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა კი ორივე მხარე ერთმანეთის მოტყუებას ცდილობს. არც თარბაა ასე ადვილად მოსატყუებელი, მაგრამ ფორმალობა - ფორმალობად რჩება.
    ასეთ შემთხვევაში, ქართული უშიშროება უბრალოდ წინასწარ შეუთანხმდებოდა ზურაბ სამუშიას, რომ გამოაცხადებდა მას «შეურიგებლად», რათა მთელი პასუხისმგებლობა უშიშროების სამინისტროს არ დაკისრებოდა.
    მიუხედავად იმისა, რა შეთანხმებას მიაღწევენ გახოკიძე და სამუშია, ტერორისტული აქტები (ანუ პარტიზანული ქმედებები) აფხაზეთში გაგრძელდება. ეს იოტისოდენ ეჭვს არ იწვევს. თუმცა, დამოუკიდებელ დამკვირვებლებს ძალიან ეპარებათ ეჭვი, რომ მათ შორის რაიმე დაპირისპირება რეალურად არსებობს - ეს უფრო ტაქტიკურ სვლას ჰგავს, რათა ხელისუფლებამ ოფიციალურად მოიხსნას პასუხისმგებლობა სამურზაყანოში მოვლენათა განვითარებისათვის, ხოლო სინამდვილეში - უფრო აქტიურად დაეხმაროს პარტიზანებს.
    მაშასადამე, გამოდის, ზურაბ სამუშიამ (ასეა თუ ისე) მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ეს კაცი მართლა გმირია, მართლა ხელის გულზე სატარებელი მამულიშვილია. არც ერთ მოლაყბე-პოლიტიკანს იმდენი არ გაუკეთებია საქართველოსთვის, რამდენიც ზურაბ სამუშიას და მის მცირერიცხოვან რაზმს. ეს რაზმი მაისის მოვლენების დროს სწორედ მცირერიცხოვნობის გამო დამარცხდა, რაც პირადად სამუშიას ბრალი ნამდვილად არ არის.
    ყველაზე საშინელი კი მაინც ის იქნებოდა, თუ ყოველივე თავიდან ბოლომდე სიმართლეა, თუ უშიშროებამ მართლაც «გააერთიანა» თეთრი ლეგიონი და ტყის ძმები ერთ ფორმირებად, თუ ზურაბ სამუშია ნამდვილად განუდგა უშიშროებას და ისევ დაგვემართა ის, რაც ზოგადად გვჭირს ქართველებს - «უჩემოდ ვით იმღერეთა» - თუ ასეა, მაშინ აფხაზეთში ქართული საქმის გამარჯვების «უკანასკნელ შანსსაც» ვკარგავთ.
    ღმერთმა ნუ ქნას, ზურაბ სამუშია რომელიმე ჩინოვნიკმა გაწიროს, - ამით საქართველოს აფხაზეთთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ძაფიც გაუწყდება; ამ კაცს მართლა თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. სულ რომ აღარაფერი გააკეთოს, იგი «წინააღმდეგობის სიმბოლოა». თუმცა, გაკეთებულიც ძალიან ბევრი აქვს. იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე 1992-1998 წლებში საქართველოს მთელ უშიშროებას.

მერიდიანი, 5 ოქტომბერი, 1998 წ.