პარტიზანები....პარტიზანები.....

პარტიზანები....პარტიზანები.....

        ორიოდე დღის წინ, ერთ-ერთმა საინფორმაციო წყარომ, ზუგდიდის უშიშროების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ძალზე საყურადღებო ცნობა გაავრცელა: «პარტიზანები ნელ-ნელა აფხაზებს ურიგდებიან და მათთან ფერადი ლითონებითა და ჩაით ვაჭრობენო».
        არანაკლებ საინტერესოა მეორე ინფორმაციაც. «ტყის ძმების» მეთაურის დათო შენგელიას გალის ადმინისტრაციაში საგანგებო სიტუაციათა რწმუნებულად დანიშვნის შესახებ. შენგელიას თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ საქმის კურსში არიან აფხაზეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები, თავად კი ამ თემაზე გახსნილად ვერ ილაპარაკებს.
        ამასობაში აფხაზ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერი, სერგეი ბაღაფში ღიად აფიქსირებს აფხაზთა პოზიციას: «მართალია, ჩვენ კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელების მოქმედებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ქართული მხარისაგან განსხვავებით, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია რუსი სამხედროებისათვის მანდატის გაფართოება და მათთვის პოლიციური ფუნქციების დაკისრება».
        ცალსახაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის ლევ მირონოვის განცხადებაც: «გუდაუთაში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა რუსი მშვიდობისმყოფელებისათვის ზურგის ფუნქციას ასრულებს. მისი გაუქმებით, უდავოა, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაცია მნიშვნელოვნად შესუსტდება, ეს კი, ჩემი აზრით, ქართველების ინტერესებში არ შედის».
        როგორც ხედავთ, სოხუმისა და მოსკოვის პოზიციათა თანხვედრა აშკარაა. ამ დროს კი, საქართველოს ხელისუფლება კარგავს სეპარატისტებზე ზემოქმედების, ფაქტობრივად, ერთადერთ ბერკეტს - პარტიზანულ მოძრაობას.
        ნიშანდობლივია, რომ პარტიზანულმა მოძრაობამ მას შემდეგ დაიწყო დაკნინება, რაც იგი საჯარო მსჯელობის საგნად იქცა. 10 თვისწინანდელ გალის ამბებამდე ქართველებში შექმნილი ეიფორია და რწმენა «რამდენიმე დღეში აფხაზეთში შესვლისა», დიდი ნაწილის მიერ ისე იქნა აღქმული, რომ პარტიზანების ინკოგნიტოდ დარჩენის საჭიროება აღარ არსებობდა.
        ის კი არადა, ეს უკანასკნელები დიპლომატებივით აქეთ-იქით იძლეოდნენ ინტერვიუებს. პარტიზანული მოძრაობის ასეთი «გაოფიციალურება», არც ერთ ჭკუათმყოფელ ხელისუფლებას არ უნდა სდომოდა და რა გასაკვირია, თუკი ჩვენს ხელისუფლებასა და პარტიზანებს შორის აშკარა თუ ფარულმა უთანხმოებამ იჩინა თავი.
        მოკლედ, რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით მოწყობილი გალის ტრაგედიით არძინბამ სრულად განახორციელა ჩანაფიქრი და პარტიზანული მოძრაობა ქართველებისვე ხელით ხერხემალში გადატეხა.
        გალში დევნილების დაბრუნების ერთი თვის წინ დაწყებული პროცესით კი ისედაც დაბნეული პარტიზანები, ალბათ, უფრო დააბნია. ასეთი ვაკუუმის ამოვსება საქართველოს მხრიდან ალბათ, წარმოუდგენელია, რადგან არძინბამ გალში დაბრუნებული თუ დაბრუნების მსურველი მოსახლეობა სწორედ პარტიზანების საწინააღმდეგოდ განაწყო - ამ უკანასკნელების გააქტიურების შემთხვევაში ხომ ოფიციალური ხელისუფლებისაგან დაუცავ ქართულ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ემუქრება საკუთარი ფუძე-კარიდან აყრის საფრთხე.
        პარტიზანებსაც ისღა დარჩათ, ყველაფერზე ხელი ჩაექნიათ და ვაჭრობა დაეწყოთ, ხოლო ოფიციოზს - «თვალი დაეხუჭა» და პარტიზანთა მეთაურის ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნით შემოფარგლულიყო.
        ნათელია: ასეთ სიტუაციაში რუს «მშვიდობისმყოფელებზე» მანდატის გაფართოების მეშვეობით პოლიციის ფუნქციების მინიჭება ერთხელ და სამუდამოდ დაასამარებს პარტიზანულ მოძრაობას. სწორედ ამიტომ, აფხაზი სეპარატისტები არაერთხელ ნაცად მარტივ ფანდს მიმართავენ - ავრცელებენ ისეთ განცხადებას, რომელიც საქართველოს მხრიდან საწინააღმდეგო მოქმედების სურვილს აღძრავს, სინამდვილეში კი, თავიანთ გასაკეთებელს ქართველების ხელითვე იმკიან.
        ასე იყო 10 თვის წინანდელი გალის ტრაგედიის დაწყებამდე, როდესაც არძინბამ რუსი მშვიდობისმყოფელების აფხაზეთიდან გაყვანის მოთხოვნით გვაომა, ხოლო შემდეგ იმავე «მშვიდობისმყოფელებთან» შეთანხმებით საქმე მოგვითავა.
        ამდენად, აფხაზი სეპარატისტების განცხადებები ხშირ შემთხვევაში, სულაც არ გახლავთ მათი აზრებისა და ჩანაფიქრის ადეკვატური.
        თურმე ნუ იტყვით და, აფხაზ სეპარატისტებს არც 10 თვის წინათ აკმაყოფილებდათ რუსი მშვიდობისმყოფელების მოქმედება და არც ახლა უნდათ მათი მანდატის გაფართოება.
        მიუხედავად ამისა, დსთ-ს სამიტის წინ, საქართველოს დელეგაცია რუსეთის სპეცსამსახურებისა და აფხაზი სეპარატისტების ანკესზე წამოსაგებად გამზადებულ თევზს ჰგავს. ამიტომ ჩვენი ოფიციოზის მოქმედება ძალზე გასაკვირია და არანაირ ახსნას არ ექვემდებარება. ლევ მირონოვმა განაცხადა კიდეც: «გუდაუთაში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის გაუქმების მოთხოვნით, ქართული მხარე თავის თავს ეწინააღმდეგება»;
        ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის ეს კომენტარი სრულიად ლოგიკურია: რუსი «მშვიობისმყოფელების» მანდატის გაფართოებისა და გუდაუთის სამხედრო ბაზის გაუქმების ერთდროული მოთხოვნები ერთმანეთთან აშკარა წინააღმდეგობაშია – გუდაუთის სამხედრო ბაზის გაუქმების შემთხვევაში ხომ რუსი «მშვიდობისმყოფელების» მანდატის გაფართოება გამორიცხულია.
        ასეთი ვითარების «შემხედვარე» ლევ მირონოვი ასკვნის: «აფხაზეთის და საქართველოს ლიდერთა შეხვედრა აუცილებელია და კვლავ დღის წესრიგში დგას, საამისოდ ყველა წინაპირობა შექმნილია» (მართლაც, რომ ასეა?!). ამასთან, მისი აზრით, შევარდნაძის და არძინბას შეხვედრა იმიტომაცაა მიზანშეწონილი, რომ ამ ეტაპზე აქტუალურია დევნილთა დაბრუნების პრობლემა, მათი საკითხის მოუგვარებლობამ კი შეიძლება კონფლიქტის ზონაში ვითარება გაამწვავოს». მირონოვი, ალბათ, დევნილთა ცალმხრივი დაბრუნების პროცესის მხარდაჭერას გულისხმობს.
        არადა, შევარდნაძე-არძინბას მოსალოდნელ სოხუმურ შეხვედრას რუსული სცენარის «სუნი უდის», რადგან ჩვენი პრეზიდენტის შესაძლო «ოფიციალურ» ვიზიტს გარეშე თვალი როგორც აღიქვამს, საიდუმლოს არ წარმოადგენს.
        «საპირველმარტო წამოწყებითა» და პარტიზანული მოძრაობის «კომერციალიზაციით» კიდევ ერთი სირცხვილი იწვნია ასე ნაქებმა ქართულმა დიპლომატიამ. შესაძლოა, უახლოეს მომავალში აფხაზმა სეპარატისტებმა კიდევ უფრო უარესი დიპლომატიური დარტყმა მოგვაყენონ - თუკი ამ უკანასკნელებმა ჩვენი სატყუარაზე წამოგებით რუსი «მშვიდობისმყოფელების» მანდატის გაფართოება მოახერხეს.

მერიდიანი, 24 მარტი, 1999 წელი