პარტია, რომელიც ჯერ კიდევ შექმნამდე დაიშალა

პარტია, რომელიც ჯერ კიდევ შექმნამდე დაიშალა

        ქართულმა პოლიტიკამ თითქოს მიგვაჩვია, რომ აღარაფერი გვიკვირდეს, მაგრამ «დასის» და «თოფაძის მრეწველთა» ალიანსი ბოლო დროს ყველაზე საკვირველ და დაუჯერებელ მოვლენად უნდა ჩაითვალოს.
        თოფაძე დიდი ხანია აცხადებდა, რომ არც ერთ საპარლამენტო პარტიასთან არ ჰქონდა ალიანსი, მაგრამ არც იმას ამბობდა, რომელ «გარესაპარლამენტო» პარტიასთან გააფორმებდა კავშირს ან თუნდაც, ვისკენ იყო მიმართული მისი სიმპათიები.
        ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, თოფაძე მარტოდმარტო მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში, - როგორც მრეწველთა პარტიის ლიდერი, მაგრამ ეს შეხედულება მცდარი აღმოჩნდა; ის აზრი, რომ გოგი თოფაძემ საქართველოსათვის უკვე «ტრადიციად ქცეული» პარტიებიდან შეარჩია პარტნიორი (ანუ იმ პარტიებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ 1989-90 წლებში წარმოიშვნენ და «ეროვნული მოძრაობიდან» მოდიან) - უეჭველად მიუთითებს, რომ თოფაძეს პოლიტიკური პარტია სჭირდება არა მხოლოდ საკუთარი სამეწარმეო ინტერესების დასაცავად (ამიერიდან «ყაზბეგში» ყოველგვარი შემოწმება უმალვე გამოცხადდება პოლიტიკურ ზეწოლად), არამედ, პოლიტიკურ ოლიმპზე გარკვეული გავლენის მოსაპოვებლად.
        შავიშვილი-ხმალაძის «იმიჯი», როგორც უმწიკვლო, მოუსყიდველი, პრინციპული და პატიოსანი პოლიტიკოსებისა, მეწარმეთა კორპორაციისა და თოფაძისთვის (ამ კორპორაციის პოტენციური ლიდერისათვის) – უაღრესად ხელსაყრელია.
        სხვა საქმეა, რამდენად «პრინციპულია» ასეთი ალიანსი «დასელთა» მხრიდან.

        «მოუსყიდველობა» ერთობ ფართო ცნებაა პოლიტიკაში და ყოველთვის ფულს (უფრო ზუსტად, კონკრეტულ თანხას) არ უკავშირდება. «დასელთა» ალიანსი «თოფაძის პარტიასთან» მოულოდნელი იყო იმიტომ კი არა, რომ საერთოდ გამორიცხულია (თეორიულადაც კი) ალიანსი ხმალაძე-შავიშვილის ტიპის პოლიტიკოსთა და გოგი თოფაძის ყაიდის მოღვაწეს შორის, არც იმის გამო, რომ «დასელები» და თოფაძე სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის ფიგურები არიან.
        მთავარი ის გახლავთ, რომ გოგი თოფაძის მოძრაობასთან ალიანსი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპთა სისტემას, რასაც ეფუძნებოდა ზოგადად «ეროვნული მოძრაობა» (იგი თავისი არსით არა მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატიული, არამედ ლიბერალურ-დემოკრატიული იყო) და კონკრეტულად რესპუბლიკური პარტია, რომელშიც «ჰპოვეს თავი» დასელებმა.
        დავაკვირდეთ, რას მოითხოვს გოგი თოფაძე უპირველეს ყოვლისა? - პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას «სამამულო წარმოების დასაცავად».
        ეს არის წმინდა წყლის «მემარცხენე-სოციალისტური» მოთხოვნა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ლიბერალურ-დემოკრატიულ დოქტრინასთან.
        «სამამულო წარმოების დაცვა» საქართველოს პირობებში ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს: მომხმარებლის იძულებას, შეიძინოს ძვირი და უხარისხო «ადგილობრივი პროდუქცია», ნაცვლად იაფი და ხარისხიანი უცხოურისა.
        მაგალითისთვის, რუსული ლუდიც კმარა. თოფაძე აცხადებს, რომ ეს ლუდი უხარისხოა, მაგრამ თუ იგი თოფაძის «ყაზბეგზე» ძვირია და მაინც იყიდება, ანუ თოფაძის პროდუქციას კონკურენციას უწევს, მაშინ გამოდის, რომ საქართველოში მხოლოდ თოფაძეს ესმის, რა არის ლუდი, სხვებს კი ლუდის გემოსი არაფერი გაეგებათ.
        არადა, ასე ნამდვილად არ უნდა იყოს – საქართველოში ლუდი ტრადიციულად უყვართ და თუ უცხოურ ლუდს (თითქმის თანაბარი ფასის პირობებში) არჩევენ, მაშასადამე, ის მართლაც უკეთესია.
        რას გვთავაზობს თოფაძე? – დაწესდეს მაღალი საბაჟო გადასახადი უცხოურ ლუდზე, ანუ გაიზარდოს მისი ფასი, რათა მომხმარებელი იძულებული გახდეს იყიდოს «ყაზბეგი» - არა იმიტომ, რომ იგი უკეთესია, არამედ შედარებითი სიიაფის გამო.
        ეს არის ყველაზე იოლი გზა, - იგი ძალზე მომხიბვლელი და სანატრელია ზოგადად ქართველი მეწარმეებისათვის. რასაკვირველია, გაცილებით ძნელია მიაღწიო იმას, რომ შენი პროდუქცია, ჯერ ერთი, ხარისხით სჯობდეს უცხოურს (ასეთ შემთხვევაში, ქართველ ლუდის მოყვარულებს არაფერი შეეშლებათ) და უფრო იაფიც იყოს. საამისოდ კი აუცილებელია უფრო რაციონალური მენეჯმენტი, შრომის ყაირათიანი განაწილება, სპეციალისტების მომზადება, გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოიტანს ეფექტს; გარდა ამისა, ძვირადღირებული ტექნოლოგიების შემოტანა, რისკზე წასვლა, გარკვეული დროით «წაგებაზე მუშაობა» და ა.შ.
        რასაკვირველია, ეს უფრო რთული გზაა – რატომ აიტკივებენ აუტკივარ თავს, რატომ უნდა შეწუხდნენ, ათჯერ მეტი იშრომონ, ინერვიულონ, როცა იგივე პრობლემას გაცილებით იოლად გადაწყვეტენ? - დააწესებენ მაღალ საიმპორტო გადასახადს, გააძვირებენ უცხოურ პროდუქციას და ასე აიძულებენ ქართველ მომხმარებელს შეიძინოს მათი პროდუქცია, - ნაცვლად იმპორტულისა.
        პირწავარდნილი დემაგოგიაა, თითქოს «ჩვენში გადასახადები დიდია, ამიტომ იმთავითვე წამგებიან მდგომარეობაში ვართო». ჯერ ერთი, არ არის გადასახადები «უფრო მაღალი». გარდა ამისა, რატომღაც «ავიწყდებათ», რომ საწარმო კაპიკის ფასად დაიკანონეს, მუშებს ათჯერ ნაკლებს უხდიან და იმპორტიორთან შედარებით, ტრანსპორტირების ხარჯიც არ ეკისრებათ; რაც შეეხება «კორუფციას» - მას ყოველთვის ორი მხარე აქვს.

        გარდა ამისა, აქ «ადგილობრივი მწარმოებელი» და «იმპორტიორი» დაახლოებით თანაბარ პირობებში არიან, ვინაიდან კორუფცია «საგადასახადო სამსახურშიც» ჰყვავის და «საბაჟოშიც».
        ამიტომ ნებისმიერი «მემარჯვენე ძალა» (რესპუბლიკელები და დასელები კი სწორედ «მემარჯვენეებად» თვლიდნენ თავს 1989 წლიდან) აუცილებლად უნდა იყოს ყოველგვარი პროტექციონიზმის წინააღმდეგი, ვინაიდან მხოლოდ ამ პირობებში განვითარდება რეალურად «სამამულო წარმოება» და გახდება იგი კონკურენტუნარიანი».
        «პროტექციონიზმი» კი მხოლოდ «საბჭოურ წარმოებას» დააკონსერვებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თანამედროვე პირობებში ისიც, რასაკვირველია, ნაკლული იქნება იმავე რუსეთთან კავშირების გაწყვეტისა და «გოსპლანის» გაუქმების გამო.
        ბუნებრივია თოფაძის ალიანსი (ვთქვათ) ვახტანგ რჩეულიშვილთან, შალვა ნათელაშვილთან ან სხვა ანალოგიურ ძალებთან, მაგრამ თოფაძე, როგორც ჩანს, მართლაც ჭკვიანი კაცია, ამიტომ აირჩია ისეთი ხალხი, ვისაც სახელი იოტისოდენადაც არა აქვს შებღალული და ვინც «არ გარეულა» ყოველმხრივ გასვრილ ქართულ პოლიტიკურ მარაქაში. ისინი უკეთ დაიცავენ მის ინტერესებს.
        სხვა საქმეა, რომ რეზო შავიშვილი და ვახტანგ ხმალაძე ამ ალიანსით სამუდამოდ დასცილდნენ საკუთარ პოლიტიკურ საწყისს. საქართველოს შემდგომი სახელმწიფოებრივი (და ყოველმხრივი) განვითარების ერთადერთი გზა არის ლიბერალიზმი. ყველაფერი, რაც ლიბერალიზმს ეწინააღმდეგება, გვაბრუნებს «ბრეჟნევისა» და «წითელი დირექტორების» ეპოქაში.
        შეუძლებელია ეს არ ესმოდეთ დასელებს; ასეთ შემთხვევაში გაუგებარია (ვთქვათ), რატომ იყვნენ წინა პარლამენტში სოფლის მეურნეობისათვის (იმავე ყოფილი «დამზადებისათვის») შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის წინააღმდეგნი?
        «პროტექციონიზმიდან» ერთი ნაბიჯია ე.წ. «შეღავათიან» კრედიტებამდე», აქედან კი მთელ იმ მარაზმამდე, რომელსაც თითქოს სამუდამოდ დავშორდით.
        როგორც ჩანს, მიკროფონის სიყვარულმა ისე აუწაკწაკათ სული, რომ ვეღარ მოითმინეს.
        ეს ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი მარცხია.

მერიდიანი, 30 ივნისი, 1999 წელი