პარლამენტში ზურაბ ჟვანიას იმპიჩმენტს ამზადებენ?

პარლამენტში ზურაბ ჟვანიას იმპიჩმენტს ამზადებენ?

 

    საკანონმდებლო ორგანოში ძალთა განლაგებასა და მხარეთა პოზიციებს უკვე მთლიანად განსაზღვრავს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს არჩევნები არც ისე მოახლოებულია, როგორც ზოგიერთ აშკარად «აცუნდრუკებულ» პოლიტიკოსს ეჩვენება – მომავალი წლის ოქტომბერ-ნოემბრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა; ამ ხნის განმავლობაში (10 თვეში) იმდენი რამ მოხდება, იმდენი მნიშვნელოვანი პროცესი განვითარდება, რომ არჩევნების წინა დღეს უკვე სულ სხვა სურათი და სიტუაცია იქნება.
    მიუხედავად ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია (მემარჯვენე ოპოზიციას ვგულისხმობ) აშკარად ნერვიულობს, ცდილობს მოვლენებს დაასწროს, ამიტომ შეცდომას-შეცდომაზე უშვებს. თანაც, გამოუსწორებელ სტრატეგიული ხასიათის შეცდომებს. პოლიტიკის ელემენტარული ტექნოლოგიიდან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია, მაგალითად, რა სარგებლობას ელის «სახალხო» ზურაბ ჟვანიას გადადგომიდან. «სახალხო» რომ მემარცხენე ძალა იყოს, - მაშინ კი ბატონო, ეს მეტ-ნაკლებად გასაგები იქნებოდა იმ ალიანსის გათვალისწინებით, რაც უკვე ჩამოყალიბდა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ამ «გამარჯვების» შემთხვევაში «სახალხომ» ან ნებისმიერმა სხვა პარტიამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს.
    გარდა ამისა, პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარის გადადგომას არანაირი საფუძველი არა აქვს არც პოლიტიკურ წრეებში, არც საზოგადოებაში; პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა თავისთავად აბსურდული მოთხოვნაა (განსხვავებით პრეზიდენტის, ან რომელიმე მინისტრის გადადგომის მოთხოვნისაგან); ყოველ შემთხვევაში, არც ერთი ქვეყანა (რასაკვირველია, საქართველოს გარდა - ჩვენ ხომ ყოველთვის «პიონერები» უნდა ვიყოთ) ასეთ ტაქტიკას არ იცნობს. ეს იგივეა, საპარლამენტო ოპოზიციამ - საპარლამენტო უმრავლესობის გადადგომა რომ მოითხოვოს, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე სწორედ უმრავლესობის არჩეულია და ამ უმრავლესობის წარმომადგენელია.
    მიუხედავად ამისა, არის სერიოზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში დაისმება და საკმაოდ მწვავედაც.
    «მემარჯვენე ოპოზიციას» არ შეიძლება არ ესმოდეს ამ საქმის სრული უპერსპექტივობა. ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა საკითხს არც განიხილავს, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ოპოზიციონერთა მცდელობა მთლად უაზროც არ არის.
    როგორც ჩანს, მათ ამ გზით სურთ განხეთქილების პროვოცირება მმართველ პარტიაში. ძნელი შესამჩნევი არც ისაა, რომ «მოქალაქეთა კავშირი» მამების და შვილების პარტიაა. «მამებს» ახალგაზრდათა უკომპრომისობა და რადიკალიზმი არ მოსწონთ. «შვილებს» - უფროსი თაობის კონსერვატიულობა. ამ ნიადაგზე «თაობებს შორის» ერთგვარი უთანხმოება ნამდვილად არსებობს. ოპოზიციის მოქმედება კი უთანხმოების გამწვავებისკენაა მიმართული. არ არის შემთხვევითი, რომ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, როდესაც «მმართველი პარტიის» ცოდვები ჩამოთვალა, ასეთი არგუმენტიც მოაყოლა: «პარლამენტს მართავს უმრავლესობა, რომელსაც, თავის მხრივ, მართავს უმცირესობა». ერთობ მრავალმნიშვნელოვანი განცხადება იყო - სწორედ ამ სტრატეგიის გათვალისწინებით.
    კვლავ იკვეთება საპარლამენტო «მემარჯვენე ოპოზიციისათვის» დამახასიათებელი ტექნოლოგია: აღმასრულებელ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ დეკლარაციის დონეზე უპირისპირდებიან; კონკრეტულ მინისტრებთან, კონკრეტულ სამინისტროებთან (ასე ვთქვათ), დაპირისპირებას ერიდებიან, ვინაიდან ამით გავლენიან მტრებს გაიმრავლებენ, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარესთან მკვეთრი დაპირისპირება ამ თვალსაზრისითაც მომგებიანია და ხელსაყრელი, ვინაიდან ზემოხსენებულ «სამინისტროებთან» დაპირისპირებას სულაც არ გულისხმობს, - უფრო პირიქით.
    მეორე მხრივ, «მოქალაქეთა კავშირსაც» შეუძლია, სწორი ტაქტიკის არჩევის შემთხვევაში, ამ სიტუაციიდან მოგება ნახოს. ჯერ ერთი, მან არ უნდა დაუშვას განხეთქილება საკუთარ რიგებში და რეალობიდან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე მაინც, რადიკალიზმი შეარბილოს. ამ შემთხვევაში, «მემარჯვენეების» მცდელობა უმთავრეს მიზანს ვერ მიაღწევს, სამაგიეროდ, ზურაბ ჟვანიასა და მთლიანად, «ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდის» მხარდასაჭერად აუცილებლად (ბუნებრივად) შეიქმნება შესაბამისი ანტისტერეოტიპი ანუ ქმედება გამოიწვევს ტოლ, საპირისპირო უკუქმედებას; ვგულისხმობთ, ელექტორალურ მასას, რომელიც ყოველთვის მწვავედ რეაგირებს ასეთ გამაღიზიანებლებზე. გარდა ამისა, არჩევნებამდე გარკვეული დროით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა უაზრობაცაა პირდაპირი თვალსაზრისით, ვინაიდან ყოველთვის იარსებებს ელემენტარული არგუმენტი: «ვაცალოთ ხალხს გამოთქვას თავისი აზრი, მაშინ ყველაფერი ცხადი იქნება».
    ალბათ «პარლამენტის თავმჯდომარის» გადადგომის საკითხი საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაისმება. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია შეეცდება ეს პრობლემა «ბიუჯეტის განხილვის» პარალელურად გაამწვავოს, მაგრამ ამ თემას მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ფუნქცია დაეკისრება; რეალურად, ოპოზიციის მეორე ნაწილიც კი, ვისაც «ადგილობრივ არჩევნებში წარმატებამ» მოსალოდნელი «სრული გამარჯვების» ილუზია შეუქმნა, არ მიიღებს მონაწილეობას «მემარჯვენეთა» მიერ დადგმულ სპექტაკლში იმავე მოტივით – რატომ დავხარჯოთ ენერგია ტყუილუბრალოდ, რატომ გავზარდოთ «მოქალაქეთა» რეიტინგი აშკარად უაზრო მოთხოვნით, როდესაც «სულ მალე გვექნება საშუალება თავად მივიღოთ გადაწყვეტილება».
    ამრიგად, «კოალიციამ» საეჭვოა ამ საკითხებზე საპარლამენტო დებატებში ძალიან იაქტიუროს. ასეც რომ იყოს, პარლამენტის თავმჯდომარის «მოსახსნელად» ხმებს იგი ნამდვილად ვერ დააგროვებს და უმცირესობაში დარჩება. ზურაბ ჟვანია კი ამ საკითხის «გარეგანი» გამწვავებით მოიპოვებს მხარდაჭერას იმ (მათ შორის გარესაპარლამენტო) ძალებში, რომელთათვისაც მისი ალტერნატიული ჯგუფები კატეგორიულად, მოუთმენლად მიუღებელნი არიან.
    ზემოთქმულთან დაკავშირებით ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში ვერა და ვერ «დალაგდა» ნორმალური პოლიტიკური პროცესი, რომლისთვისაც ციკლურობა, უბრალოდ, აუცილებელი ნიშანია;
    პოლიტიკა და საპარლამენტო მუშაობა ჩვენში შეცვლილია ინტრიგებით (ინტრიგანობით) და გარკვეული ჯგუფების მხრიდან საზოგადოებაზე საკუთარი ინტერესების თავსმოხვევით.
    ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ თვით უცხოელი სპეციალისტების აღიარებითაც კი, ქართული საზოგადოება მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პოლიტიზებულია.

მერიდიანი, 25 დეკემბერი, 1998 წ.