პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ბრუნდება

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ბრუნდება

        პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, დღეს, გვიან ღამით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი ვიზიტი სშემდეგ, თბილისში ბრუნდება. ხვალ ან ზეგ დაგეგმილია მასშტაბური პრესკონფერენცია ვიზიტის შედეგთა თაობაზე. თუმცა, პრესცენტრის ხელთ უკვე არსებული ინფორმაციის შეჯერებით შესაძლებელია ძირითად შედეგებზე მსჯელობა.
        უპირველეს ყოვლისა, კვლავ აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტს, როგორც ჩანს, ორი «შრე» ჰქონდა – ნინო ბურჯანაძე ამერიკაში იმყოფებოდა, უპირველეს ყოვლისა, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და, აგრეთვე, როგორც ოპოზიციურ ძალთა წარმომადგენელი.
        ეს სავსებით ცხადია იმ განცხადებებისა და მოლაპარაკებათა შინაარსის გათვალისწინებით, რაც მთელი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა. თავისთავად სერიოზულ შედეგად უნდა ჩაითვალოს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ამერიკის სახელმწიფო მდივანს. მით უმეტეს, იმ მკვეთრი განცხადების შემდგე, რაც კოლინ პაუელმა გაავრცელა ტრეფიკინგის ყბადაღებული პრობლემის თაობაზე – ზოგიერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის აშკარად არაობიექტური და დიდად გადაჭარბებული ინფორმაციის საფუძველზე.
        კოლინ პაუელმა, ამის მიუხედავად, კვლავ დაადასტურა ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის მიმართ გარკვეული რიდი მის პოზიციაში მაინც იგრძნობა -–მაისში ევრაზიული ტურნეს დროს, თავდაპირველად, იგი საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა.
        კოლინ პაუელმა საუბრისას კვლავ წამოჭრა ვაშინგტონის პრეტენზიათა ცნობილინუსხა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებიდან – რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევამდე.
        საერთოდ, ნინო ბურჯანაძის გარემოცვის აღიარებით, არჩევნების თემა თითქმის ყველა შეხვედრისას ფიგურირებდა. მაშასადამე, დემოკრატიულმა ოპოზიციამ ნამდვილად მოახერხა, ეს საკითხი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობათა ცენტრალურ პრობლემად ექცია, თუმცა, გააჩნია ამერიკის კონკრეტულ დაინტერესებას და იმას, თუ როდის რა არგუმენტი დასჭირდება _ ამას წინათ სომხეშთი ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ამაზრზენი და ანტიდემოკრატიული პროცედურა თეორიულადაც კი ძნელად წარმოსადგენია _ იქ საარჩევნო უბნებზე ნამდვილი ხოცვ-აჟლეტა გაიმართა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა კიდეც. თანაც, აშკარად ხელისუფლების ჩარევის შედეგად. მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, - ცალყბა განცხადებებს თუ არ ჩავთვლით, ამას იოტისოდენი ზეგავლენა არ მოუხდენია ამერიკის დამოკიდებულებაზე სომხეთის მიმართ.
        რაც ყველაზე უცნაურია (თითქოს), არჩევნების თემა სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკშიც ფიგურირებდა. ორივე ფინანსური ინსტიტუტი თმების გლეჯამდე დაინტერესებულია მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობით.
        ალბათ, ესოდენ მძლავრად გაჟღერებული და ანგაჟირებული მოთხოვნების უგულებელყოფას საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს, ანუ არსებობს ყველა წინაპირობა საიმისოდ, რომ მკაცრ საერთაშორისო მეთვალყურეობით, მომავალი არჩევნები მართლაც დემოკრატიულად ჩატარდეს და მოსახლეობამ თავისი ნება გამოამჟღავნოს.
        მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თავისუფალი «ნებაგამოვლინების» შედეგად დემოკრატიული ოპოზიცია ან ამჟამინდელი ხელისუფლება გაიმარჯვებს.
        უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ხსენებული თავისუფალი ნებაგამოვლინების» შედეგად გაიმარჯვებენ ის ძალები, რომლებიც სავალუტო ფონდსაც, მსოფლიო ბანკსაც და ამერიკელ ინვესტორებსაც პანღურისკვრით დაიფრენენ საქართველოდან და პრივატიზებული ქონების ნაციონალიზებას გამოაცხადებენ.
        რაც შეეხება იმ ცნობას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შესახვედრად კონგრესმენთა და სენატორთა აპარატის ხელმძღვანელები გამოდიოდნენ თავიანთი უფროსების ნაცვლად – ამაში ამერიკელთათვის დამახასიათებელი ქედმაღლობა მჟღავნდება. მიუხედავად ამისა, ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მთლიანობაში წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. ამერიკელები დარწმუნდნენ, რომ საქართველო რჩება «რიალპოლიტიკის» ფარგლებში, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, გაგრძელდება «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამ ა- ეს კი ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესების დადასტურებაა.
        რაც შეეხება სავალუტო ფონდის «გადამწყვეტი» მისიის მომზადებას (ეს მისია ივნისის ბოლოს ჩამოდის), ამ თვალსაზრისით, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს ბევრი არაფრის შეცვლა შეეძლო, სავალუტო ფონდის მისიის წინ ფონი, როგორც არასდროს, დაძაბულია და შედეგიც ძნელად ექვემდებარება რამენაირ პროგნოზირებას.

დილის გაზეთი, 14 ივნისი, 2003 წელი