პარლამენტი პრეზიდენტს საბიუჯეტო «იმიჯითაც» შეაფასებს

პარლამენტი პრეზიდენტს საბიუჯეტო «იმიჯითაც» შეაფასებს

        სახელმწიფო კანცელარიის ცნობით, უახლოეს დღეებში მთავრობის კიდევ ერთი სხდომა იგეგმება, რომელზეც საბიუჯეტო პროცესებს განიხილავენ. ამ პროცესებში, უპირველესად, საგადასახადო შემოსავლების ეგრეთ წოდებული მობილიზება იგულისხმება.

        «საგადასახადო შემოსავლებში» საქართველოს ოფიციალური წრეები ხშირად «საკუთარ შემოსავლებს» გულისხმობენ. ბიუჯეტისა და შემოსავლების გამიჯვნა ამჟამად განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან უკვე ცხადია, რომ ევროკავშირის გრანტს (13 მილიონ ევროს, ანუ 26 მილიონ ლარს) საქართველო მხოლოდ იმ პირობით მიიღებს, თუ მოხერხდება ბრიტანელი ბანკირის – პიტერ შოუს გათავისუფლება.
        მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა მკაცრად დაგმო რუსული ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა, იმავდროულად ევროკავშირი საქართველოს მიმართ სანქციასაც განახორციელებს და მას არც გაემტყუნება – ცივილიზებული სახელმწიფო და ასეთ ქვეყანათა გაერთიანება ყოველთვის, ყველა ხერხითა და საშუალებით იცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს.
        ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რა ფორმატით ჩატარდება მთავრობის სხდომა. შესაძლოა, ეს «გაფართოებული ფორმატი» იყოს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, «მცირე კაბინეტის» სხდომა გაიმართოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით, ანუ «საგანგებო თათბირი» პრესის თანდასწრებით. ეს ღონისძიება უდავოდ პირდაპირ უკავშირდება პრეზიდენტის მოახლოებულ მიმართვას «პარლამენტისა და ხალხისადმი» და იმ დისკუსიას, რომელიც წლის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის გარშემო გაიმართება საკანონმდებლო ორგანოში.
        ბუნებრივია, პრეზიდენტის მთავარი არგუმენტი (!ისევე, როგორც ოპოზიციის მთავარი ბრალდება) 8 თვის ბიუჯეტის შესრულება იქნება. «საკუთარი შემოსავლების დონე (განურჩევლად იმისა, რამდენად გაირღვევა ბიუჯეტი ევროკავშირისა და სხვა გრანტების მიუღებლობით) ავთანდილ ჯორბენაძის მთავრობის ქმედუნარიანობის კრიტერიუმი გახდება. ეს საკითხი კი (როგორც არასდროს ადრე) პრეზიდენტის რენომეს დაუკავშირდება.
        ობიექტური მონაცემებით, მირიან გოგიაშვილის «გაერთიანებულმა სამინისტრომ» პირობითად შეძლო 8 თავის საბიუჯეტო პარამეტრის შესრულება. კონსოლიდირებული ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებმა (არასაბიუჯეტო სექტორის ანარიცხების ჩათვლით) 680 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამჟამად «აკრეფილი» თანხა 2001 წლის შესაბამის მაჩვენებელს 12 პროცენტით აღემატება. შარშან, აგვისტოს ჩათვლით, ბიუჯეტში შეტანილი იყო 606 მილიონი ლარი, აქ არ ითვლება სბაიუჯეტო ფონდები. მათ გარეშე კი ბიუჯეტში შეტანილია 572 მილიონი ლარი, ანუ» «ფონდების» გარეშე მაჩვენებელი უმჯობესდება და 101 პროცენტს აჭარბებს.
        ნაწილობრივი საბიუჯეტო წარმატება, უპირველესად, აიხსნება იმ ცვლილებებით, რაც საქართველოს ხელისუფლებამ (პარლამენტზე ზემოქმედებით) საგადასახადო კანონმდებლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის კატეგორიული, ულტიმატუმური მოთხოვნის შედეგად შეიტანა.
        ბიუჯეტის შემოსავლების «სტრუქტურა» ასე გამოიყურება: საგადასახადო დეპარტამენტის ხაზით (არასაბიუჯეტო სექტორის ანარიცხების გათვალისწინებით) მობილიზებულია 452 მილიონ ლარზე მეტი, რაც აღემატება გეგმას (ოდნავ, მაგრამ მაინც). შედარებით უარესი მაჩვენებლები აქვს საბაჟო დეპარტამენტს. გეგმა «თითქმის» 100 პროცენტით შესრულდა. ოფიციალური ცნობით, დაგეგმილ პარამეტრს «სულ ოდნავ» დააკლდა. ეს ოდენობა შარშანდელ მაჩვენებელს თითქმის 20 პროცენტით აღემატება.
        აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივ საბიუჯეტო წარმატებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა იმ გარემოებამ, რომ, როგორც იქნა, ბიუჯეტი რეალური შესაძლებლობების მიხედვით დაიგეგმა.

დილის გაზეთი, 10 სექტემბერი, 2002 წელი