პანკისი: დიდი პოლიტიკის პატარა ხეობა

პანკისი: დიდი პოლიტიკის პატარა ხეობა

      

        დღეს დილით, საქართველოს პრეზიდენტი ვერტმფრენით გაემგზავრება პანკისის ხეობაში. უფრო ზუსტად, კახეთის რეგიონში, ვინაიდან დაგეგმილია გურჯაანისა და ზოგიერთი სხვა რაიონის მონახულება, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ დანიშნულების მთავარი პუნქტი სწორედ პანკისის ხეობაა.
        ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე უშურველად იყენებს საკუთარი პიროვნების «ფაქტორს» პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად. რა პოლიტიკური პრობლემები უკავშირდება პანკისის ხეობას, საყოველთაოდ ცნობილია.
        ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტი სულ რაღაც 7 თვის წინათ იმყოფებოდა პანკისში, სადაც ჩეჩენ ლტოლვილებს შეხვდა. ძირითადი საბაბი გახლდათ მდინარე ხადორზე მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება. ამჟამად ამ ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი ბლოკის ამუშავება ხდება. თავისთავად საქართველოსთვის ესეც მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა, ორივეჯერ პანკისში სტუმრობას უიდესი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის ეს მცირე მონაკვეთი რუსეთის პოლიტიკური «მძვინვარების» კატალიზატორია.
        ედუარდ შევარდნაძე პანკისში იმყოფებოდა თებერვლის დასაწყისში. მას შემდეგ ხეობაში ბევრი რამ შეიცვალა, უფრო სწორად, ზოგიერთი პროპაგანდისტული თუ კრიმინალური დომინანტი კიდევ უფრო გაძლიერდა: რუსულმა მედიამ შეძლო დაემკვიდრებინა სტერეოტიპი, რომლის თანახმად, ცნობილი საველე მეთაური რუსლან გილაევი პანკისის ხეობაში იმყოფება (რაც ყველაზე მთავარია) თავის მრავალრიცხოვან რაზმთან ერთად.
        მოსკოვის პროპაგანდისტულ დივერსიათა თითქმის ყოვლისშემძლე მანქანა ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ რუსლან გილაევის რაზმი რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობს ხან აფხაზეთის, ხან სხვა რეგიონთა გავლით.
        გარდა ამის,ა განვლილ პერიოდში გათავხედებულმა პანკისელმა კრიმინალებმა რამდენიმე ადამიანი გაიტაცეს. ზოგიერთი მათგანის დაბრუნება მოხერხდა დიდი დავიადრაბის და შეიარაღებული გაწევ-გამოწევის შემდეგ, რამაც ქვეყანა ომის ზღვართან მიიყვანა.
        მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, პანკისში იმყოფებიან ესპანელი ბიზნესმენები და კახი კალაძის ძმა. მათი გათავისუფლება არ ხერხდება. საქართველოს ხელისუფლებამ კი დაიცვა აბსოლუტურად სწორი პოზიცია და უარს აცხადებს აწარმოოს მოლაპარაკება გამოსასყიდის გადახდის თოაბაზე, რათა ხელი არ შეუწყოს ახალ გატაცებებს. ასეულობით ათასი დოლარის გადახდის თუნდაც ერთი პრეცედენტი გამოიწვევს გატაცებათა ეპიდემიას.
        ამ ვითარებაში, საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრება პანკისში პოლიტიკური რეალობის შეფასებას ისახავს მიზნად. პოლიტიკური თვალსაზრისით, პრეზიდენტის ჩასვლა ნათელყოფს ცენტრალური ხელისუფლება მაინც აკონტროლებს ამ რეგიონს და ინფორმაცია იქ შეიარაღებულ ბანდიტურ ფორმირებათა თარეშის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ედუარდ შევარდნაძის მხრიდან ეს არის საკმაოდ ქმედითი პროპაგანდისტული კონტრარგუმენტი - გავიხსენოთ საყურადღებო ფაქტი: რუსულმა მედიამ მოსახლეობას დაუმალა (შეძლებისდაგვარად) საქართველოს პრეზიდენტის პირველი სტუმრობის ფაქტი პანკისში.
        იმავდროულად, ქვეყნის სისუსტეზე (ან მოწინააღმდეგის სიძლიერეზე) მეტყველებს, რომ პრეზიდენტს პირადი ფაქტორის გამოყენება უხდება, რათა მოწინააღმდეგემ ვერ მოახერხოს შესაბამისი «კონცენტრირებული სტერეოტიპის» ჩამოყალიბება და იგი აგრესიის გასამართლებლად ვერ გამოიყენოს.
        თავისთავად ძალიან საინტერესო საკითხია ჩინეთის როლი მთელ ამ ამბავში. შეგახსენებთ: ჰიდროელექტროსადგურს აშენებს ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელიც რა თქმა უნდა, ერთ ნაბიჯს არ გადადგამს (გახედვასაც ვერ გაბედავს) საზღვარგარეთ - ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებასთან შეთანხმების გარეშე. პეკინში კი შესანიშნავად უწყიან. რა არის პანკისის ხეობა, რა პოზიცია აქვს რუსეთს და რა რეაქციას გამოიწვევს მოსკოვ-ჩინეთის (!) გადაწყვეტილება, ააშენოს ჰიდროელექტროსადგური ჩეჩნეთის საზღვრიდან 4 (!) კილომეტრში.

დილის გაზეთი, 11 სექტემბერი, 2001 წელი