პაველ გრაჩოვის ვიზიტი

პაველ გრაჩოვის ვიზიტი

ამბორი სხვა რამის ნიშანიცაა
   

    პაველ გრაჩოვის ვიზიტმა თბილისში ჩვენი საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მითქმა-მოთქმას სათავე დაუდო ერთობლივმა განცხადებებმა რუსეთის «სამხედრო ბაზების» შესახებ.
    სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ მეტისმეტი სერიოზულობით ვეკიდებით რუსეთთან ურთიერთობის ფორმალურ მხარეს და გვგონია, რომ რაღაც ქაღალდი თუ დოკუმენტი (თუნდაც უმაღლეს დონეზე ხელმოწერილი) შეძლებს საქართველოს სტრატეგიულ პრობლემათა გადაწყვეტას.
    ჩრდილოელი მეზობელი კი შესანიშნავად იყენებს ამ გარემოებას და თავის პატარა, უმწეო პარტნიორთან ურთიერთობის ფორმალურ მხარეებზე აქცენტის გადატანით ცდილობს, შენიღბოს ამ ურთიერთობათა შინაარსი - ანუ თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკა საკუთარი სტრატეგიული ინტერესების განხორციელების მიზნით!
    რატომ და რისთვის ჩამოვიდა პაველ გრაჩოვი საქართველოში? თითქოს აქ ყოველივე ნათელია - საქართველოსა და რუსეთს შორის მზადდება ყოვლისმომცველი ხელშეკრულება; გასარკვევია რუსეთის ჯართან დაკავშირებული მრავალი პრობლემა. მაგრამ ამგვარი ახსნა მაინც ტოვებს გარკვეული უკმარისობის გრძნობას თუ ვიზიტს საქართველოში შექმნილი ვითარების კონტექსტში განვიხილავთ და ახლო წარსულიდან რამდენიმე ეპიზოდსაც გავიხსენებთ.
    გავიხსენოთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ პაველ გრაჩოვი ისე ჩამობრძანდა საქართველოში (ბათუმში) - სახელმწიფოს მეთაურს არც კი დაეკითხა ამის შესახებ. მაშინ მისმა ასეთმა «თავხედობამ» დიდი აურზაური გამოიწვია. თუმცა, შევარდნაძემ სცადა, მისთვის ჩვეული სიფრთხილითა და მოქნილობით «მოეგვარებინა» ეს უხერხული სიტუაცია. მან რუსეთის თავდაცვის მინისტრი მოიპატიჟა კიდეც თბილისში, მაგრამ უკმეხი და უზრდელი პასუხი მიიღო.
    რუსული გენერალიტეტი არასდროს წარმოადგენდა და არც ამჟამად წარმოადგენს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას (თავად რუსეთისთვის ეს, რასაკვირველია, დიდი ბედნიერებაა). მის მოქმედებას მკაცრად წარმართავს რეალური ძალაუფლების მპყრობელი პოლიტიკური ელიტა და ის ინტელექტუალური ცენტრი, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით ახდენს თითოეული მოვლენის ან რომელიმე მოღვაწის ამა თუ იმ ნაბიჯის პოლიტიკური შედეგების პროგნოზირებას.
    ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურთა უმთავრესი მიზანი მისი დისკრედიტაცია გახდა, რადგან მათ არ აძლევდათ ხელს საქართველოში მყარი პოლიტიკური რენომეს მქონე ლიდერის არსებობა.
    «ცენტრში» ზუსტად გათვალეს, რომ გრაჩოვის აშკარად გამომწვევი ვიზიტები გუდაუთასა და ბათუმში უდიდეს უკმაყოფილებას გამოიწვევდა საქართველოს პოლიტიკურ წრეებში და მათი უკმაყოფილება, «ნაკლები წინააღმდეგობის» კანონის თანახმად, სწორედ შევარდნაძის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.
    გარდა ამისა, ეს აქცია საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დისკრედიტაციასაც გამოიწვევდა მსოფლიოს თვალში, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა მხოლოდ იმ ქვეყანას სცემს პატივს, მხოლოდ იმ ქვეყანას მიიჩნევს «ტოლად და სწორად», რომელიც უპირობოდ, სრულად ახორციელებს იურისდიქციას მთელ თავის ტერიტორიაზე. ხოლო თუ მეზობელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ყოველგვარი ნებართვისა და ელემენტარული ზრდილობის ნორმათა დაცვის გარეშე ჩამოდის შენს ტერიტორიაზე და შენ კი არავითარი ძალა, უნარი არ გაქვს ამას წინააღმდეგობა გაუწიო (აქ არა მხოლოდ და არა იმდენად სამხედრო წინააღმდეგობა იგულისხმება), ბუნებრივია, ჭეშმარიტად სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვერ ჩაითვლები.
    სწორედ ამ პოლიტიკური რეალობის დემონსტრირება სურდა რუსეთს თავდაცვის მინისტრის იმ დაუვიწყარი ვიზიტით. რა თქმა უნდა, ყოველივე ამას თავად გრაჩოვი ვერ მოიფიქრებდა და ეს არც შედის მის კომპეტენციაში - იგი იღებს ინსტრუქციებს და მოქმედებს ამ ინსტრუქციების მიხედვით.
    ახლა კი გრაჩოვი მეორედ ეწვია საქართველოს. ოღონდ ამჟამად იგი ხაზგასმულად ზრდილად იქცეოდა, - სახელმწიფოს მეთაურს ქათინაურებით ამკობდა და (დაუკვირდით) «პრეზიდენტს» უწოდებდა. თუმცა კი მშვენივრად იცის, არ შეიძლება, არ იცოდეს, რომ შევარდნაძე პრეზიდენტი არ არის.
    იგი ყოველმხრივ ცდილობდა ხაზი გაესვა «მეგობრული ურთიერთობისათვის», რომელიც მასსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის თითქოს დამყარდა.
    არ გამოვრიცხავთ: მოლაპარაკებისას შესაძლოა გრაჩოვი მართლაც «დაუტკბა» შევარდნაძეს, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გრაჩოვის ვიზიტი და საქართველოს ხელისუფლებისადმი «კარგი» დამოკიდებულების დემონსტრირება ამჯერად უმჭიდროესადაა დაკავშირებული დასავლეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან. და აი, როგორ:
    საქმე ის გახლავთ, რომ კრემლმა შესანიშნავად იცის: შევარდნაძის პოზიციების დასუსტება, უპირველეს ყოვლისა, იმით შეიძლება, რომ მოხდეს მოსკოვისადმი მისი ვითომდაც «მორჩილი» დამოკიდებულების დემონსტრირება. იმპერიის სპეცსამსახურები სწორედ ასეთი მეთოდებით აღვივებენ სამოქალაქო ომებს დაპყრობილ ქვეყნებში, აძლიერებენ მოწინააღმდეგე მხარეებს, «აწოდებენ» მათ ახალ-ახალ «არგუმენტებს» ერთმანეთის წინააღმდეგ, რათა ძმათაშორის შუღლი და მტრობა მუდმივი იყოს და «მესამე ძალას» ყოველთვის შეეძლოს «დაჰყავი და იბატონეს» მეთოდის გამოყენება.
    ამჯერად (დარწმუნებულნი ვარ) გრაჩოვს თავისი ვიზიტით შესაბამისი სტერეოტიპის ჩამოყალიბება სურდა. აკი, ყოველ მათგანს უკვე პირზე აკერია: «შევარდნაძე მოღალატეა - დახეთ, როგორ აკოცა მას რუსმა გენერალმაო».
    არადა, კაცმა რომ თქვას, არ შეიძლება გრაჩოვის ამ ამბორში საყოველთაოდ ცნობილი ქრისტიანული სიმბოლო არ დაგენახა.
    კიდევ ერთი საბუთი: რაღა მაინც და მაინც იმ დღეს ჩამოვიდა გრაჩოვი, როდესაც სიტუაცია ცხენისწყალთან ყველაზე მეტად დაძაბული იყო? საქართველოს ოფიციალური წყაროები აცხადებდნენ, რომ ეს ვიზიტი ადრევე დაიგეგმა (ელცინ-შევარდნაძის მოლაპარაკებათა კონტექსტში), მაგრამ დარწმუნებული ვარ: კონკრეტული თარიღი დაგეგმილი არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამ აშკარა პროვოკაციამ უკვე გამოიღო შედეგი: სააგენტო «იბერიას» ცნობით, გენერალი გენო ადამია და აფხაზეთის ქართველობა თანადგომას უცხადებს ლოთი ქობალიას, - გაფიცვას აპირებს ენგურჰესის კოლექტივი.
    როგორ გინდა ფანატიკოსი «ზვიადისტები» დაარწმუნო, რომ შევარდნაძე ვერ ეტყოდა უარს გრაჩოვს შეხვედრაზე, რადგან დასავლეთში ეს ძალზე ცუდ რეაქციას გამოიწვევდა - რაკი ევროპა და ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებენ.
    რაც შეეხება თავად მოლაპარაკებას, იგი, რა თქმა უნდა, ზემოთაღწერილი, კარგად დაგეგმილი პროვოკაციისაგან აბსტრაგირებულად უნდა განვიხილოთ. ესე იგი, თავად მოლაპარაკება, ამ შემთხვევაში, რუსეთისათვის იმის საშუალება იყო, რომ «მეორე კურდღელიც» მოეკლა და შევარდნაძე რთულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა.
    რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი, სტრატეგიული კომპრომისი იქნება. მაგრამ ეს კომპრომისი შესაძლოა, არარად მოგვეჩვენოს იმ კოლოსალურ სისხლისღვრასთან შედარებით, რომლის პროვოცირებასაც კვლავ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.
    მდგომარეობა რომ კატასტროფულია, იქიდანაც ჩანს, რომ უკვე სერიოზულად ლაპარაკობენ «სამეგრელოს რესპუბლიკის» გამოცხადებისა და ამ რესპუბლიკის პრეზიდენტად გამსახურდიას არჩევის შესახებ. ექსპრეზიდენტის მომხრეები კატეგორიულად უარყოფენ ამ განზრახვას. ეს ინფორმაცია მკაცრად უარყო აგრეთვე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ.
    თუმცა, ისიც ფაქტია, რომ პრეზიდენტყოფილის მომხრეები თავიანთი კერპის ხელისუფლებას აღდგენილად აცხადებენ მხოლოდ სამეგრელოს ტერიტორიაზე, ეს კი (საბოლოო შედეგის გათვალისწინებით), იმასვე ნიშნავს ფაქტობრივად, რასაც ასე გააფთრებით უარყოფენ.
    საქართველოს ერთიანი სამეფო XV საუკუნეში მას შემდეგ დაიშალა, რაც თბილისის ტახტისათვის ბრძოლაში საბოლოოდ დამარცხებული «კანონიერი მეფე», გიორგი VIII, კახეთში გადავიდა და იქ «დამოუკიდებლად» გამეფდა.

«ივერია-ექსპრესი», 4 სექტემბერი, 1993.