ოსური «დესტაბილიზატორი»

ოსური «დესტაბილიზატორი»

    
       

        გასული კვირის მოვლენებმა დაადასტურა, რომ შეიარაღებული დაპირისპირება «სამხრეთ ოსეთში» ლატენტურ ხასიათს იძენს და ეს რეალობა ძალიან დიდი ხნით ჩამოყალიბდა.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ცხინვალის რეგიონში იწყება ე.წ. «დაბალი ინტენსივობის ომი» - მუდმივი დაძაბულობით, სპორადული სროლებით, დივერსიებით, მძევლებით, პერიოდული დაბომბვებით და ამ კლასის ომებისათვის დამახასიათებელი ყველაზე საშინელი მოვლენით - სნაიპერული ბრძოლით, როდესაც მთავარი სუბიექტი უხილავი, კარგად მომზადებული, მაღალანაზღაურებადი, დაუნდობელი და სასტიკი სნაიპერი (უმრავლეს შემტხვევაში ქალი) ხდება. ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა.
        ასე იწყებოდა ანალოგიური ომი სარაევოში განვლილი საუკუნის 90-იან წლებში. მტავარი სამიზნე ჯერ-ჯერობით (პირველ ეტაპზე) მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო პერსონალი იქნება. მაგრამ ეს მხოლოდ პირველ ეტაპზე - ასეთია სნაიპერული ომის საზარელი ლოგიკა.
        აქვე უნდა ითქვას, რომ გვსურს თუ არა, ქართულ მხარეს აუცილებლად მოგვიწევს ამ ლოგიკის მიღება და კონფლიქტის ზონაში შესაყვანად რამდენიმე ათეული სნაიპერის მომზადება.
        ბუნებრივია, ამგვარი ომის ყოველ წუთს შეიძლება გადავიდეს სხვა «კლასში» და დაიწყოს მასშტაბური საომარი მოქმედებები - მძლავრი შეტევებით ქართულ სოფლებზე - თუ მოსკოვი ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.
        თუმცა, რუსეთისათვის ყველაზე მომგებიანი სწორედ «ნელ-თბილი» (სისხლივით თბილი) სტაბილურობის შენარჩუნებაა, ვინაიდან ამით საქართველოს მუდმივი დაძაბულობის ვითარებაში ამყოფებს.
        «სამხრეთ ოსეთი» იქცევა პოტენციურად მძლავრ «დესტაბილიზატორად», რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, სრული ძალით აამოქმედებენ - ლატენტურ მდგომარეობაში კი მუდმივი შანტაჟისათვის გამოიყენებენ.
        სწორედ ამიტომ, საქართველო «დაბალი ინტენსივობის» ომის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს, ხოლო პრობლემის «ერთი დარტყმით» გადაწყვეტის, ანუ ცხინვალის აღებისა და ოსური ფორმირებების გაუვნებლების საშუალებას რუსეთი არ მოგვცემს.
        მეორე მხრივ, თუ ძალიან არ დასჭირდა, იგი არც ოსებს მისცემს საშუალებას - სამხრეთ ოსეთი ქართული მოსახლეობისაგან გაწმინდონ ან გორის მიმართულებით განახორციელონ მძლავრი შეტევა.
        ნუ გაიკვირვებთ, ვლადიკავკაზში «ერთიანი დიდი ალანიის» იდეოლოგები ამგვარ სცენარსაც ამუშავებენ.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას: დღეს უკვე საქართველომ მართლაც რომ გაიყვანოს «შემოვლითი გზიდან» და სამხრეთ ოსეთის მთელი ტერიტორიიდან დამატებითი შეიარაღებული ფორმირებები (რასაც ცხინვალი და მოსკოვი) მოითხოვენ - ლატენტური ომის ამ ტერიტორიაზე გაგრძელდება და მისი შეწყვეტისათვის მოწინააღმდეგის მთავარი (და ერთადერთი) მოთხოვნა იქნება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან ტვირთების (კონტრაბანდის) თავისუფალი მოზრაობის აღდგენა, ვინაიდან ეს ტვირთნაკადი ანგრევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და არ აძლევს მას თავისუფალი (რუსეთისაგან დამოუკიდებელი) განვითარების საშუალებას.
        თუ საქართველო ამას დაეთანხმება, და (პირობითად) «ერგნეთის ბაზრობას» აღადგენს, - მაშინ ვითარება «დაბალი ინტენსივობის ომიდან» ისევ «გაყინული კონფლიქტის» სტადიას დაუბრუნდება, რომელშიც იგი იმყოფებოდა მთელი 12 წლის განმავლობაში.
        რასაკვირველია, თბილისი ამას არ დაეთანხმება. მაშასადამე, ქვეყნის თავისუფალი განვითარების თუნდაც შანსის შენარჩუნების «ფასი» უეჭველად გახდება დაბალი ინტენსივობის ომი ცხინვალის გარშემო.
        ეს არც თუ სასიხარულო, მაგრამ გარდაუვალი რეალობა დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციით. გასულ კვირას ამერიკის თავდაცვის მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის, თეთრი სახლისა თუ სახელმწიფო დეპარტამენტის «სპოუქსმენთა» და ელჩ მაილზის განცხადებებით ვაშინგტონმა მკაფიოდ და ნათლად «შეგვატყობინა»: «ამჟამად თქვენთვის არ გვცალია, ერაყში ომია, ნავთობზე ფასმა (პირველად ბრეჟნევის ეპოქის შემდეგ) 46 დოლარს მიაღწია - მოელაპარაკეთ რუსეთს. მეტი არაფერი შეგვიძლია».
        ოღონდ, ამის გათვალისწინებითაც კი, აშკარა უსამართლობაა იმის თქმა, რომ «ამერიკის ადვილად პროგნოზირებადი პოზიციის გათვალისწინებით», სამხრეთ ოსეთის საკითხი საერთოდ არ უნდა გამწვავებულიყო. ასეთი საყვედური უკვე გაისმის ხელისუფლების მიმართ.
        ჯერ ერთი, ამგვარი გამწვავების გარეშე კონტრაბანდის გადაკეტვა ნამდვილად ვერ მოხერხდებოდა. გარდა ამისა, ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ, ჩვენ თუ არ «ვიყვირეთ», ჩვენვე თუ არ გავამწვავეთ და (როგორც თბილისში იტყვიან) «გავახურეთ», - დასავლეთსა და ამერიკას სულაც არ ანაღვლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მისთვის მთავარია, იყოს სტაბილურობა, არ იყოს ომი და არაფერი დაემუქროს ნავთობსადენს, რომელიც, ნავთობზე ფასის კატასტროფულ ზრდასტან ერთად, მართლაც სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.
        ესე იგი, ისევ და ისევ, სტატუს-ქვოს შენარჩუნება ყველას აძლევდა ხელს - საქართველოს გარდა.
        ამ ფონზე კვლავ გრძელდება გამაოგნებლად გულუბრყვილო მოლაპარაკებები და განცხადებები იმის თაობაზე, რომ «რუსეთს თავად არ ესმის საკუთარი ინტერესები, თორემ სინამდვილეში, მას, გრძელვადიანი თვალსაზრისით, ხელს აძლევს მეზობელი საქართველოს ქცევა ნორმალურ, დემოკრატიულ, ძლიერ, აყვავებულ, ერთიან სახელმწიფოდ».
        არადა, დღემდე ვერავინ ახსნა, მაინც რატომ უნდა აძლევდეს რუსეთს ხელს საქართველოს ქცევა მდიდარ და აყვავებულ სახელმწიფოდ?
        წარმოვიდგინოთ, 20-30 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში (ანუ ჩრდილო კავკასიის მეზობლად, სადაც რუსეთისადმი ისტორიულად არც თუ ლოიალურად განწყობილი ეთნოსები სახლობენ) წარმოიშვა შვეიცარიის, ნიდერლანდის ან ბელგიის მსგავსი სტაბილური, მდიდარი, კონსოლიდირებული სახელმწიფო. ეს ობიექტურად შეუქმნის რუსეთს პრობლემებს ჩრდილოეთ კავკასიაში - განურჩევლად იმისა, როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველოს ხელისუფლება.
        ამდენად, რუსეთს სურს მიაღწიოს ისეთ ვითარებას, როდესაც ჩვენი ქვეყნის განვითარება მთლიანად მასზე იქნება დამოკიდებული. მარტივი ილუსტრაციაა იგივე «ერგნეთის ბაზრობა» და როკის გვირაბის პრობლემა. მოსკოვის ყოველნაირად ცდილობს, შექმნას ისეთი ვითარება, როდესაც საქართველო «ხელს ჩაიქნევს», დარწმუნება ეკონომიკური საზღვრის ჩაკეტვის შეუძლებლობაში და გააფორმებს რუსეთთან საბაჟო შეთანხმებას ანუ შევა რუსეთის საბაჟო სივრცეში.
        აქ ატავითარი «რუსოფობია» არ არის. ასევე მოქმედებს ყველა დიდი სახელმწიფო. ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია მეზობლად ჰყავდეს ძლიერი, სტაბილური, კონსოლიდირებული, სწრაფად განვითარებადი მექსიკა. მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ მექსიკის ეკონომიკა, მისი სოციალური სისტემა და, მთლიანად, განვითარება, 100 პროცენტით ამერიკაზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, ამ ვითარებაში, მექსიკის განვითარება ამერიკის სახელმწიფო სისტემასთან, მის ეკონომიკასთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ნიშნავს და პირიქით.
        ასევე, რუსეთიც მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იქნება სისხლხორცეულად დაინტერესებული, ხელი შეუშალოს საქართველოს განვითარებას, თუ თავად იქცევა ამ განვითარების უმთავრეს პირობად (წყაროდ) და საქართველოს განვითარება რუსეთის სახელმწიფო სისტემასთან, რუსეთის ეკონომიკასთან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას იგულისხმებს.
        ესე იგი, ამ პირობებში და ამგვარ სისტემაში, რაც უფრო განვითარდება საქართველო, - მით უფრო მჭიდროდ დამოკიდებული აღმოჩნდება იგი რუსეთზე.
        სამწუხაროდ, ამ ელემენტარული გეოპოლიტიკური რეალიის გაგება არაფრით სურს იმ ხალხს, ვინც უკვე მრავალი წელია კომიკური დაჟინებით ცდილობს, «გააგებინოს» რუსეთს, რაში მდგომარეობს მისი სტრატეგიული ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში და უმტკიცებენ სრულ აბსურდს: რომ თითქოს, რაც უფრო სწრაფად განვითარდება მისგან დამოუკიდებელი, ერთიანი, მდიდარი, სტაბილური და აყვავებული საქართველო - მით უკეთესო რუსეთისათვის.
        სინამდვილეში, რასაკვირველია, რუსეთი, საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე (არა იმიტომ, რომ იგი «გენეტიკურად ბოროტია»), ყოველთვის შეეცდება, (მისგან) დამოუკიდებელი საქართველო იყოს მაქსიმალურად ღარიბ-ღატაკი, სუსტი, წინააღმდეგობებით აღსავსე ქვეყანა. რამდენად შეძლებს და მოახერხებს ამას - მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ანუ იმაზე, თუ რამდენადაა მზად ქართული საზოგადოება, აიტანოს გაჭირვება, მუდმივი დაძაბულობა, «უშუქობა-უგაზობა» (რაკი ერთადერთი წყარო რუსეთია) - რუსეთისაგან დამოუკიდებლობის მისაღწევად.
        ასეთივე გულუბრყვილობაა მუდმივი ფარული «შეთავაზება»: «ბაზებ-ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებელი განვითარების სანაცვლოდ».
        რეალურად, ბაზები (ან თუნდაც მათი მოდიფიკაცია - «ანტიტერორისტული ცენტრი») არ არის საქართველოში რუსეთის მთავარი ინტერესი. მით უმეტეს, რომ განურჩევლად მისი პოზიციისა კონფლიქტის ზონებში, - საქართველოს მაინც არ გააჩნია არანაირი ბერკეტი და მექანიზმი, რათა მოსკოვს ჯარების გაყვანა აიძულოს. მაშ თუ ასეა, რატომ უნდა წავიდეს რუსეთი ამ საკითხში დათმობაზე, - თუკი ყოველგვარი დათმობის გარეშეც ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას საქართველოში? განა ლოგიკური არ არის?
        ამრიგად, «ცივსისხლიანი» ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველო შედის რუსეთთან ხანგრძლივი, უმოწყალო, ლატენტური, მრავალპლანიანი ომის ხანაში (არა მხოლოდ «სამხრეთ ოსეთის» ტერიტორიაზე), რომელშიც გამარჯვება ისევ და ისევ ქართული საზოგადოების სიმტკიცეზე, ამტანიანობაზე იქნება დამოკიდებულია.
        აგრეთვე იმაზე, თუ რამდენად რეალური და არადეკლარაციულია მისი (ანუ თვით ერისა და საზოგადოების) 15 წლის წინანდელი «ევროატლანტიკური არჩევანი» და ვართ თუ არა მზად არ არჩევნის დასაცავად გავიღოთ რეალური(!) მსხვერპლი.
        ჩვენს რეგიონში(!) «ორ სკამსა» და «ორ ორიენტაციაზე» ერთდროულად ჯდომა (რასაც შევარდნაძე ოსტატურად, თუმცა მაინც მხოლოდ დროებით ახერხებდა) უკვე აღარ არ გამოვა.
       
        16 აგვისტო, ორშაბათი, 2004 წელი
        24 საათი