ოსებმა ზეიმით აღნიშნეს «ქართველ ფაშისტთა» დამარცხების 5 წლისთავი

ოსებმა ზეიმით აღნიშნეს «ქართველ ფაშისტთა» დამარცხების 5 წლისთავი

    საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, ცხინვალში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა ე.წ. «დაგომისის ხელშეკრულების» იუბილე. 1992 წლის 25 ივნისს, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მიერ ტელევიზიის შენობის დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ, ბორის ელცინი და ედუარდ შევარდნაძე დაგომისში შეხვდნენ ერთმანეთს და ხანმოკლე დისკუსიის შედეგად ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამშვიდობო ძალთა შეყვანის შესახებ.
    სამშვიდობო ოპერაცია უცნაური, არაორდინალური ხერხით განხორციელდა: კონფლიქტის ზონაში შეყვანილია ოთხმხრივი სამშვიდობო კონტიგენტი - რუსეთის ფედერაციის, ჩრდილოეთ ოსეთის(!), სამხრეთ ოსეთისა და საქართველოსი. დღევანდელი გადასახედიდან აშკარად ჩანს, რომ ამგვარი სამშვიდობო ძალები მხოლოდ «დაპირისპირებულ მხარეთა შორის» კი არ ჩადგნენ, არამედ კონფლიქტით მოცული მთელი ტერიტორია დაიკავეს და გარკვეულწილად პოლიციის ფუნქციაც იტვირთეს.
    ეს იმდენად ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკის «დამსახურება» არ არის, რამდენადაც იმ თავისებურებებისა, რომელიც ყოფილ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტს ახასიათებდა და დღესაც ახასიათებს. აფხაზეთის კონფლიქტისაგან განსხვავებით, ოსებმა ვერ შეძლეს ქართული მოსახლეობას გაძევება მთელი ტერიტორიიდან; ქართული და ოსური მოსახლეობის ეთნიკურ მასივთა განსახლების კონფიგურაციაც იმის წინაპირობაა, რომ «ოსური სახელმწიფო», «აფხაზეთის რესპუბლიკისგან» განსხვავებით, მყარი სტრუქტურითა და მკაცრად შემოფარგლული საზღვრებით ვერ წარმოიქმნებოდა.
    მიუხედავად ამისა, ოსებმა ეს შეთანხმება მაინც გამარჯვებად აღიქვეს. გვირაბის გავლით რეგიონში შემოსულ «მშვიდობისმყოფელთ» ისინი ტაშითა და ცრემლთა ფრქვევით შეხვდნენ. აქაოდა, დამთავრდა «ქართველი ფაშისტების აგრესია». იმავე ღამეს ცხინვალში მოეწყო «საზეიმო სვლა მაშხალებით» ინდოევროპულ ხალხებში გავრცელებული წესისამებრ. არადა, მანამდე სულ ცოტა ხნით ადრე «სამხრეთელი ოსები» წყევლა-კრულვას უთვლიდნენ ბორის ელცინსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას; მხურვალედ უჭერდნენ მხარს საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას და ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომელიც ყოფილი ავტონომიებისა და «მოკავშირე რესპუბლიკების» უფლებრივ გათანაბრებას, ანუ «მოკავშირე რესპუბლიკების» ფაქტობრივ დაშლას ითვალისწინებდა. საქართველოსთვის ეს ოთხ ნაწილად დაშლას მოასწავებდა. გარდა ამისა, ცხინვალმა აქტიურად დაუჭირა მხარი 19 აგვისტოს გადატრიალებას. ავტონომიათა იმ ხელმძღვანელების გვერდით, რომლებიც 1991 წლის 21 აგვისტოს მოსკოვში ეახლნენ იანაევს (გკჩპ) და თანადგომა აღუთქვეს, სამხრეთ ოსეთის ლიდერებიც იყვნენ.
    სამშვიდობო ძალთა შემოყვანის შემდეგ მოხდა კონფლიქტის «დაკონსერვება»: ცეცხლი შეწყდა, მაგრამ პრობლემა კვლავინდებურად არსებობს და ღმერთმა უწყის, როდის «იფეთქებს» ახალი ძალით. ალბათ, მალევე, როგორც კი რუსეთი საქართველოს ხელმეორედ დასჯას გადაწყვეტს. არანაირი პროგრესი «სამხრეთ ოსეთის» სტატუსის საკითხში მიღწეული არ არის. ოსი სეპარატისტები ისეთივე შეურიგებლობას ამჟღავნებენ ამ საკითხში, როგორც აფხაზები. უფრო მეტიც, მათი უკომპრომისობა «შერბილებულია» აფხაზეთის პრობლემით, რომლის ფონზეც მდგომარეობა «ოსეთში» უფრო რესპექტაბელურად გამოიყურება. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კი «ორ ფრონტზე ომი» არც სურს და არც ძალუძს.

მერიდიანი, 27 ივნისი, 1997 წ.