ოსები კომპრომისზე წამოსვლას არ აპირებენ

ოსები კომპრომისზე წამოსვლას არ აპირებენ

  

    შაბათს, საქართველოს პრეზიდენტი ოს სეპარატისტთა ლიდერ ლუდვიგ ჩიბიროვს შეხვდა ბორჯომში. ამ ადგილის შერჩევა საქართველოს ტერიტორიაზე შეხვედრის ორგანიზებისათვის შემთხვევითი ნამდვილად არ იყო. 1989-92 წლის წლის კონფლიქტამდე ბორჯომის ხეობასა და ბაკურიანში ასეულობით ოსური ოჯახი ცხოვრობდა. შეხვედრის ბოლოს ლუდვიგ ჩიბიროვმა უარი განაცხადა ბაკურიანში გამგზავრებულიყო დაბრუნებულ ოს ლტოლვილებთან შესახვედრად. მიზეზი ძნელი მისახვედრი არაა: საქართველოს შიდა რაიონებში დაბრუნებული ოსები სულ მალე გაქართველდებიან. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და «მოსკოვში» ვეღარ იჩივლებენ, ამიტომ ცხინვალის ხელისუფლებას ოსების ე.წ. «სამხრეთ ოსეთში» დაბრუნება სურს და ამ საკითხს მუდმივად უწევს ლობირებას - მათ შორის, ბორჯომის მოლაპარაკებებზეც.
    ოსური მხარის მოთხოვნით, მოლაპარაკებებში «აქტიურად მონაწილეობდა» ჩვენი ძველი ნაცნობი - ბორის პასტუხოვი. ამ უკანასკნელს, რასაკვირველია, საკუთარი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები ყოველთვის მართლაც არ ემთხვევა «სამხრეთელ ოსთა» ინტერესებს. ძასოხოვს ინგუშებთან დაპირისპირება აშინებს, ამიტომ ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს საქართველოსთან მეგობრობს და სამხრეთელ მეზობელთან პრობლემები არა აქვს. რაც, ცხადია, ინგუშთა გაღიზიანებას იწვევს.
    როგორც მოსალოდნელი იყო, მოლაპარაკებათა შედეგად რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ვერ დაადგინეს «სამხრეთ ოსეთის მომავალი სტატუსიც» - ამის თაობაზე საერთოდ არ უსაუბრიათ. ჩიბიროვმა დაადასტურა, რომ მისთვის პრიორიტეტული ამოცანა «სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის აღდგენაა» და იგი ამ საქმეში დახმარებას საქართველოსგან მოითხოვს.
    მაგრამ გაუგებარია, თუ ოსები თავს საქართველოს მოქალაქეებად არ თვლიან და არც «სამხრეთ ოსეთი» მიაჩნიათ საქართველოს ნაწილად, რატომ დაეხმარება მათ ქართული მხარე ეკონომიკის განვითარებაში? ეს საკითხი «წითელ ხაზად» გასდევს ყველა მოლაპარაკებას. ოსები მოითხოვენ: ჯერ ეკონომიკის აღდგენაში დაგვეხმარეთ, სტატუსზე კი შემდგომ ვილაპარაკოთო.
    საქართველო ამაზე არ თანხმდება და არც უნდა დათანხმდეს. ყველაზე ლოგიკური და მიზანშეწონილი ფორმულა იქნებოდა: ჯერ განისაზღვროს სტატუსი, შემდგომ კი ბატონო, საქართველოს ბიუჯეტი დააფინანსებს თავისი ერთ-ერთი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
    ოსებისთვის ამგვარი მიდგომა მიუღებელია. ეტყობა, სულ მთლად სულელები ვგონივართ და იმედი აქვთ, თავად დავეხმარებით სეპარატისტული რესპუბლიკის ეკონომიკის განმტკიცებაში. ასეთ შეცდომას ხელისუფლება ალბათ არ დაუშვებს. ხოლო - ჯერ დაგვეხმარეთ, ნდობა განვიმტკიცოთ და მერე სტატუსზე ვილაპარაკოთო - ქოსატყუილას ზღაპარია და მეტისმეტად გულუბრყვილო ბავშვის გარდა არავინ დაიჯერებს.
    რაც შეეხება სტატუსს, ოსებს აშკარად არ ეპიტნავებათ ედუარდ შევარდნაძის წინადადება «ასიმეტრიული ფედერაციის» შესახებ, ვინაიდან ფედერაცია მაინც ერთიანი სახელმწიფოა - ერთიანი საზღვრებით, ერთიანი შეიარაღებული ძალებით, ერთიანი ვალუტით და ა.შ. ოსებისთვის კი წარმოუდგენელია, როკის გვირაბს საქართველოს სასაზღვრო ჯარები იცავდნენ ან «სამხრეთ ოსეთში» გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება ლარი იყოს.
    ამიტომაც, ლუდვიგ ჩიბიროვმა თავი მოიკატუნა: მოდი, ამჟამად ეკონომიკის აღდგენაზე ვისაუბროთ, ხოლო სტატუსის თაობაზე კონკრეტული წინადადება ჯერ არ მიგვიღია, თუ მივიღებთ, უეჭველად განვიხილავთო.
    დარწმუნებებული ბრძანდებოდეთ, როგორც კი საქართველოს ხელისუფლებისაგან მიიღებენ კონკრეტულ წინადადებებს «სტატუსის» შესახებ, უმალვე გამოაქვეყნებენ ამ წინადადებებს ქართულ პრესაში (რათა სახალხო მძვინვარება გამოიწვიონ). არსებითად კი უეჭველად იტყვიან: ასიმეტრიული ფედერაცია არ გვაკმაყოფილებს, თუ ფედერაციაა - ფედერაცია იყოს, ყველა სუბიექტს თანაბარი სტატუსი ჰქონდესო.
    რა თქმა უნდა, საქართველო ვერ დაეთანხმება იმას, რომ კახეთს, სამეგრელოს ან იმერეთს «სამხრეთ ოსეთის» მსგავსად საკანონმდებლო ან თუნდაც წარმომადგენლობითი ორგანოები ჰყავდეთ, მოსახლეობა თავად ირჩევდეს გუბერნატორს და ასე შემდეგ.
    «ასიმეტრიული ფედერაცია» ნიშნავს «სამხრეთ ოსეთისათვის» განსაკუთრებული სუბიექტის სტატუსის მინიჭებას. ოსები სინამდვილეში არანაირ სტატუსს არ დაეთანხმებიან, მაგრამ «ასიმეტრიულობის» უარყოფა და აფსუათა მსგავსად «თანასწორსუბიექტურობის» მოთხოვნა მათი ტაქტიკური სვლა გახდება.
    ედუარდ შევარდნაძესაც ალბათ ესმის ეს ყოველივე, მაგრამ ფუჭი და არაფრისმომცემი შეხვედრები იმისათვის სჭირდება, რათა დააფიქსიროს ხელისუფლების მცდელობა, რამენაირად გადაჭრას პრობლემა.
    პრეზიდენტის მხრიდან (მისივე სახელისუფლებო ინტერესების გათვალისწინებით) უდიდესი შეცდომა იქნებოდა დათანხმებოდა «სამხრეთ ოსეთის» არსებობას.
    ანუ ისეთ სტატუსს, რომელიც პერსპექტივაში «ჩრდილოეთ ოსეთთან» გაერთიანების შანსს შეიცავს. ამ ნაბიჯის გადადგმა არათუ ვერ განამტკიცებს ხელისუფლების პოზიციებს, პირიქით, გააძლიერებს კიდეც მოწინააღმდეგეებს, რომლებიც შემდგომ თვითონ შესანიშნავად ისარგებლებენ მიღწეული კომპრომისით.
    ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია პარალელური კონტაქტების გააქტიურება ინგუშეთთან, რაზეც ისინი სიამოვნებით წამოვლენ. ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ძასოხოვიც, მასხადოვიც, მაგრამ აუშევი ჯერ არ ჩამოსულა.
    ოსებს ინგუშთა ხსენებაზე შიშით აჟრჟოლებთ, რაკი შესანიშნავად უწყიან, რომ ათასი წლის შემდეგაც არ აპატიებენ იმას, რაც 1992 წელს ჩაიდინეს ვლადიკავკაზსა და «პრიგოროდნი რაიონში».
    დასკვნით პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ოსმა ჟურნალისტმა ჰკითხა ედუარდ შევარდნაძეს: თქვენ ითვლებით აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გამაერთიანებლად, რას იტყოდით ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებაზეო.
    ეს კითხვა, რა თქმა უნდა, ჭკვიანურად ჩაფიქრებული პროვოკაცია იყო. საქართველოში ზოგიერთ გულწრფელად სჯერა, რომ რუსეთი შევარდნაძეზეა განაწყენებული და ამიტომ გვსჯის, ამიტომ წაგვგლიჯა ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც.
    ეს ბრიყვული შეხედულება არჩევნების მოახლოების კვალობაზე სულ უფრო მტკიცდება. ახალგაზრდა ოს პროვოკატორსაც სწორედ ამ წინააღმდეგობის გამწვავება სურდა.
    მთლიანობაში, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ნამდვილად აძლევს ხელს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება. ცხინვალის რეგიონში ქვეყნის პოზიციები შეუდარებლად უფრო მტკიცეა, ვიდრე აფხაზეთში.
    შესაძლოა, დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდეს თუ იმას მივაღწევთ, რომ რუსეთიდან ცხინვალის რეგიონი მხარდაჭერას არ იღებდეს, ანუ იძულებული იყოს საქართველოს სხვა რეგიონებთან ითანამშრომლოს.
    ამ თვალსაზრისით, კვლავ და კვლავ ვრწმუნდებით, რაოდენი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და საბაზრო რეფორმათა გაგრძელებას.
    ისტორიას ჩაბარდა 1992-93 წლებში არსებული ვითარება, როდესაც ცხინვალი ეკონომიკურად უკეთ ცხოვრობდა, ვიდრე საქართველოს მოსაზღვრე რეგიონები. დღეს საპირისპირო მდგომარეობაა, რაც ადრე თუ გვიან უეჭველად გამოიღებს შედეგს.
    მოთმინება პოლიტიკაში ყველაზე დიდი ნიჭია.

მერიდიანი, 22 ივნისი, 1998 წ.