ორი ედპ აღარ არსებობს

ორი ედპ აღარ არსებობს

    ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, უეჭველად შენიშნავდა ტენდენციას, რომელიც შეიძლება არანაკლები მნიშვნელობისა აღმოჩნდეს, ვიდრე კვირაიას «გაშავება» ან კანონი «ადგილობრივი თვითმმართველობის» შესახებ.
    ეს ტენდენცია გახლავთ «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» საბოლოო დაშლა - არა მხოლოდ ფორმალური და «პარტიული», არამედ მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით.
    ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირინა სარიშვილისა და მისი ყოფილი თანამებრძოლების გზა საბოლოოდ გაიყარა და შერიგება შეუძლებელია არა მხოლოდ პიროვნული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით. პარლამენტში წარმოდგენილი ორივე შტოს პოზიციები სულ უფრო შორდება ერთმანეთს. რამდენიმე თვის წინ, მიუხედავად ფორმალური გაყოფისა, ეს ერთი პარტია იყო; დღეს კი უკვე ორი სხვადასხვა პარტიაა: «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხელმძღვანელობით და «სახალხო პარტია» მამუკა გიორგაძის თავმჯდომარეობით.
    თავდაპირველად ეს განსხვავება წვრილმანებში წარმოჩნდა. ვთქვათ, ზოგიერთი კანონპროექტისადმი დამოკიდებულებაში ან ხანმოკლე, თუმცა დაძაბულ «წაკინკლავებაში» საპარლამენტო დებატებისას. შემდგომ ნაპრალი სულ უფრო გაღრმავდა: ედპ-მ და «სახალხომ» დიამეტრალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავეს «თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ» კანონპროექტის განხილვისას - მამუკა გიორგაძის პარტიამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ირინა სარიშვილის ფრთამ კი უარყო. კიდევ უფრო გამწვავდა ვითარება, როდესაც პარლამენტმა დაიწყო პოზიციის ჩამოყალიბება აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის ჯართან დაკავშირებით. თუ ირინა სარიშვილმა (შესაბამისი «გაფორმებით») ფაქტობრივად უარყო ეს წინადადება და გააფრთხილა ხელისუფლება, რომ მთელი პასუხისმგებლობა ახალი ომის უმძიმეს შედეგთა გამო მას დაეკისრებოდა, «სახალხო პარტია» პირიქით, კატეგორიულად მოითხოვდა და მოითხოვს «რადიკალური ზომების» მიღებას იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ენგურიდან ე.წ. «სამშვიდობო ძალთა» გაყვანას საბრძოლო მოქმედებათა ესკალაცია მოჰყვეს.
    მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც შოთა კვირაიასთან დაკავშირებული ეპიზოდი იყო. ამ საკითხის განხილვისას, «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» ორივე ნაწილი უკვე უშუალოდ ერთმანეთს დაუპირისპირდა. ანუ, ეს იყო არა დისკუსია განყენებულ პოლიტიკურ თემაზე, ან ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც მხოლოდ პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვდა, არამედ ბრძოლა ერთმანეთის ინტერესთა წინააღმდეგ. თუ ირინა სარიშვილმა შოთა კვირაია ოსტატურად აქცია «განტევების ვაცად» ყველაფრისათვის და მისი გადაყენება მოითხოვა, «სახალხო ფრაქციამ» არანაკლები ოსტატობით (პასუხისმგებლობის თავზე აუღებლად) დაიცვა უშიშროების მინისტრი. მაგალითად, გიორგი კობახიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ კვირაიას ოპონენტებმა მას ვერ წაუყენეს და (მით უმეტეს) ვერ დაუმტკიცეს ვერცერთი ბრალდება გარდა «ტელეფონების მოსმენისა».
    არადა, თავდაპირველად საუბარი იყო «სიგარეტის მაფიის» მფარველობაზე, ტერორისტულ აქციებში მონაწილეობასა და რუსეთის აგენტობაზე. ერთადერთი რეალური ბრალდება აღმოჩნდა «ტელეფონების მოსმენა», მაგრამ მამუკა გიორგაძის მომხრეებმა ამ ბრალდებაშიც სხვა მხარე აღმოაჩინეს: შოთა კვირაია უნდა გადადგეს უკვე იმიტომ, რომ ვერ მართავს ვითარებას საკუთარ უწყებაში და სრულიად საიდუმლო დოკუმენტები ასე ადვილად «იკარგება» უშიშროებიდან, რის შემდეგაც ისინი ოპონენტების ხელში გადადის.
    გარდა ამისა, სწორედ გიორგი კობახიძემ თქვა პირველად ხმამაღლა, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს შოთა კვირაიას წინააღმდეგ ატეხილ კამპანიასა და აფხაზეთის პრობლემას შორის - 31 ივლისის მოახლოების გათვალისწინებით.
    ამჟამად დაპირისპირება ოდესღაც ერთიანი და მონოლითური პარტიის ნაწილებს შორის იმდენად შინაარსობრივი განსხვავებითა და ხედვით არ უნდა იყოს გამოწვეული (ეს უფრო შედეგია და არა მიზეზი), რამდენადაც პოლიტიკური მიზანშეწონილობით: სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს განსხვავებული ინტერესები აქვთ და ამიტომაც ეჯახებიან ერთმანეთს.

მერიდიანი, 4 ივლისი, 1997 წ.