ორთაბრძოლა სამთაბრძოლის შირმით

ორთაბრძოლა სამთაბრძოლის შირმით

        გასული კვირის მოვლენებმა ცხადყო, რომ აბაშიძე-პატიაშვილი-აბაშიძის პოლიტიკური დუეტი შეხმატკბილებულად არ ჟღერს. ჯუმბერ პატიაშვილის საინიციატივო ჯგუფმა შეიტანა განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
        მას შემდეგ «ბათუმურ კოალიციას» აშკარად დაეტყო კონფუზი და ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილი), რომელიც კვლავინდებურად ყველაზე სერიოზულ ფიგურად ამ კოალიციაში (თვით ასლან აბაშიძის შემდეგ) ცდილობს შეარბილოს წინააღმდეგობა.
        ვახტანგ ბოჭორიშვილი კი აშკარად უკმაყოფილოა: «სად გაგონილა ერთ პოლიტიკურ ბლოკს ორი კანდიდატი ჰყავდეს?»
        აქვე უნდა ითქვას, რომ ბოჭორიშვილი, სწორედ მისი გულწრფელობის, ერთგვარი პატიოსნებისა და პოლიტიკაში გამოუცდელობის გამო, ყველაზე საშიში ფიგურაა «აღორძინების» კოალიციისთვის.
        ბათუმურმა ბლოკმა ვახტანგ ბოჭორიშვილის «გულწრფელი გაკვირვებით» უკვე საკმაო მომხრე დაკარგა. საქმე ის არის, რომ ოპოზიციის მომხრეებს ყველაზე მეტად გაურკვევლობა აღიზიანებთ. პოლიტიკური ძალისთვის შიდაგანხეთქილების დემონსტრირება დამარცხების ტოლფასია.
        ამას არა თუ «აღორძინება», არამედ «მოქკავშირიც» არ ითვალისწინებდა. ამიტომაც «წაუვათ» კარგად საქმე, თუმცა ჯერჯერობით «აღორძინების» კოალიციის შიდა დაძაბულობა უფრო მეტად შესამჩნევია.
        პირველი სერიოზული ბზარი აღორძინებაში სწორედ 19 თებერვალს გაჩნდა, როცა ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე «ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში» პატიაშვილის განაცხადი შევიდა.
        დარწმუნებით მაინც ის შეიძლება ითქვას, რომ მას თავიდანვე არ სურდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, ანუ მისი კანდიდატურა თავიდანვე ბლეფი იყო, მაგრამ აშკარად ხელს აძლევდა (როგორც ჩანს) ისეთი ვითარება, როცა მეტი საშუალება ექნებოდა შევარდნაძისათვის მოთხოვნის წასაყენებლად.
        მოთხოვნა კი მას ერთადერთი აქვს: ეს არის აჭარის დღევანდელი (ფაქტობრივი) სტატუსის დაკანონება საქართველოს კონსტიტუციით.
        ამისათვის საკმარისია, კონსტიტუციაში ჩაიწეროს სამად-სამი სიტყვა: «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა»
        რატომღაც დღემდე არავის მოსვლია აზრად ეკითხა: თვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში როგორ არის ნახსენები «საქართველო» და «საქართველოს კონსტიტუცია?», რა კონტექსტში, რა იურიდიული მიმართებითა და სტატუსით?
        საქართველოს კონსტიტუცია თბილისშიც და ბათუმშიც ნებისმიერ ჯიხურში იყიდება. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე.
        ამ კონსტიტუციიის წაკითხვა თვით პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც ვერ შეძლეს დღემდე - მიუხედავად დიდი მცდელობისა.
        თავად ასლან აბაშიძე გამოხატავს (ყოველ შემთხვევაში გამოხატავდა) აჭარის რეგიონული ელიტის ინტერესებს და ამ საქმეს არაფერი ეშველება - ეს რეალობაა, რასაც უნდა შევურიგდეთ. ასლან აბაშიძე მოქმედებდა, მოქმედებს და კვლავაც იმოქმედებს იმ პოლიტიკური შეკვეთის შესაბამისად, რაც მიღებული აქვს აჭარის (ყოფილი საბჭოთა) ისტებლიშმენტისაგან.
        «თბილისურ პარტიებთან» ფლირტი მას თავიდანვე მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რათა უკეთ და «მარჯვედ» განეხორციელებინა ეს ინტერესები - სხვა მას არაფერი აინტერესებს.
        ვახტანგ რჩეულიშვილი საკმარისად ჭკვიანია, რათა ეს ვითარება მაშინვე განეჭვრიტა. ვახტანგ ბოჭორიშვილი ამას დღემდე ვერ ხვდება და, ალბათ, ვერც ოდესმე მიხვდება. 19 თებერვლის შემდეგ კი კაკო ასათიანი და ჯუმბერ პატიაშვილიც დაეჭვდნენ.
        თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ 19 თებერვალს, რომელიც «გარდატეხად» იქცა. დამკვირვებელთა უმეტესობა მიიჩნევს, თითქოს უკანასკნელ მომენტში (ვთქვათ 16, 17, 18 თებერვალს) თვით ასლან აბაშიძე ან მისი გარემოცვის წევრები ატეხდნენ განგაშს და გამოიჩენდნენ ინიციატივას, რათა ჯუმბერ პატიაშვილს «მოესწრო» განაცხადის გაკეთება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, მაგრამ თუ ყურადღებით გავაანალიზებთ სიტუაციას, ბლოკის წევრთა გამონათქვამებს, ერთმანეთის პრეს-კონფერენციებზე დასწრება-არდასწრებას, ნახევრადხუმრობით ნათქვამ გესლიან ქარაგმებს და ასე შემდეგ - უეჭველია, რომ ასე მარტივად არ იქნებოდა საქმე.
        სინამდვილეში, როგორც ჩანს, «განგაში ატეხა» აბაშიძის გარემოცვამ. არა მან პირადად, არამედ ვახტანგ რჩეულიშვილმა და მამუკა გიორგაძემ. ისინი მიხვდნენ, რა თამაშს თამაშობს აჭარის ლიდერი და რომ 19 თებერვლის შემდეგ სწორედ მის ხელში დარჩებოდა ყველა კოზირი
        «მარკირების» (ადამიანის საქონელივით დადაღვის) მოთხოვნას მმართველი პარტია არასდროს ეთანხმებოდა, ვინაიდან ამომრჩეველთა აღშფოთება ამჯერად სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. ასლან აბაშიძე მოითხოვდა საქართველოს კონსტიტუციაში «აჭარის სტატუსის დაფიქსირებას» და თუ ხელისუფლება მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, აჭარაში უბრალოდ არ ჩატარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები.
        ხოლო მის ულტიმატუმებზე ხელისუფლების თანხმობისას თვითონ მაინც მოხსნიდა საკუთარ კანდიდატურას და ერთდროულად რამდენიმე კურდღელს დაიჭერდა: ერთი მხრივ, თითქოს დათმობაზე წავიდოდა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნები აჭარაში ჩატარდებოდა; მეორე მხრივ, ედუარდ შევარდნაძე აღმოჩნდებოდა «გაუგებარი ტიპების» საარჩევნო გარემოცვაში და ასეთ გარემოცვაში გამარჯვება პოლიტიკურად მისთვის წამგებიანიც იქნებოდა.
        «ბათუმური კოალიციის» სხვა ფრთის წევრებმა სწორად გათვალეს, რომ ამ სცენარის განხორციელებისას თვითონ საბოლოოდ იქცეოდნენ პოლიტიკურ მარგინალებად და დაკარგავდნენ ყოველგვარ პოლიტიკურ ავტორიტეტს:
        ისე გამოვიდოდა, რომ მათ ან ხელი შეუწყვეს ქართული სახელმწიფოებრიობის დამღუპველ «რეგიონულ» ბოიკოტს ან თვითონ სტატისტების როლი შეასრულეს სხვის თამაშში.
        ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ ჯუმბერ პატიაშვილის «განაცხადთან» დაკავშირებით სწორედ «ამათ» ატეხეს განგაში «სანამ გვიან არ იყო» - ასლან აბაშიძის უშუალო გარემოცვა კი (რაკი შეამჩნევდნენ, რომ ჩანაფიქრს მიუხვდნენ) ისე დაიჭერდა თავს, თითქოს თვითონ არის ინიციატორი, თითქოს «თვითონაც ამას ფიქრობდა» და პირიქით დააჩქარებდა: «რაღას ელოდებით, დროზე, ჩქარა, დღის 12 საათია . . . .. საღამომდე კიდევ დრო გვაქვს.. . . . . არიქა. . . . . .. და ასე შემდეგ».
        ეს რომ ასეა, ჯუმბერ პატიაშვილის პირველივე პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომლის დროსაც მამუკა გიორგაძემ თავი ვეღარ შეიკავა და განაცხადა: «ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოიკოტში მონაწილეობას არ მივიღებთ (მიაქციეთ ყურადღება. - ავტ.), ჯუმბერ პატიაშვილს ერთმნიშვნელოვნად დავუჭერთ მხარს, ვინაიდან დღემდე არ არის ცნობილი, ბოლოს და ბოლოს (აშკარა გაღიზიანებითაა ნათქვამი) ასლან აბაშიძე აპირებს იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე თუ არ აპირებს?!»
        მიაქციეთ აგრეთვე ყურადღება, რომ, თვით ჯუმბერ პატიაშვილის თქმით, მას «მეგობრებმა ურჩიეს, შეეტანა განაცხადი კომისიაში». მაგრამ ამ მეგობრების ვინაობა არ დაუსახელებია. შეიძლება მაინც ვივარაუდოთ, რომ მთელი ეს «ახალი კომბინაცია», რაც «სახალხოელთათვის» «ნაკლები ბოროტების» პრინციპით» მისაღები გახდა, უფრო მეტად სწორედ ყოფილი ედპ-ს ელიტაში «მოიხარშა»;

        ყოველივე ზემოთქმული ძალთა თანაფარდობას მნიშვნელოვნად მაინც არ ცვლის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. დარჩა ორი სერიოზული კანდიდატი: ედუარდ შევარდნაძე და ჯუმბერ პატიაშვილი. ერთი შეხედვით, თითქოს მეორდება 1995 წლის ვითარება, მაგრამ მსგავსება მოჩვენებითია – სინამდვილეში, 5 წლის განმავლობაში საქართველოში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.
        ვგულისხმობ არა მხოლოდ და არა იმდენად ცვლილებებს ეკონომიკაში, თუნდაც საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში, პოლიტიკურ ძალთა განლაგებასა თუ თვით პოლიტიკურ ლანდშაფტში, რამდენადაც ტექტონიკურ ძვრებს საზოგადოებრივ ცნობიერებასა და საზოგადოებრივ ატმოსფეროში – ამ მხრივ დღევანდელი ვითარება ისე განსხვავდება 5 წლის წინანდელისაგან, როგორც ცა და დედამიწა.
        თუმცა უკვე მაშინ, - 1995 წელს იყო პირველი სიმპტომები და ნიშნები იმ ღირებულებათა დევალვაციისა, რომლებმაც განაპირობა 1988-1993 წლების რევოლუცია საქართველოში.
        მიუხედავად ამისა, 1995 წელს ჯერ კიდევ მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მამუკა გიორგაძე, ვანო ხუხუნაიშვილი და გიორგი კობახიძე ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურას წარადგენდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში.
        მაშასადამე, 9 აპრილს ორი «ძველი კონკურენტი» შეეჯახება ერთმანეთს. მათი პოლიტიკური კონკურენცია იწყება 1985 წლიდან, როდესაც ედუარდ შევარდნაძე პოლიტბიუროს წევრი გახდა, ხოლო ჯუმბერ პატიაშვილი, ყველასთვის, (მათ შორის შევარდნაძისთვისაც) მოულოდნელად გორბაჩოვმა საქართველოს კომპარტიის «ცკ»-ს პირველ მდივნად დანიშნა.
        მას შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს არც ერთი პოლიტიკური შეცდომა არ მოსვლია. ჯუმბერ პატიაშვილს კი პირიქით – უმძიმესი შეცდომები მოუვიდა, რომელთაგან პირველი სოლიკო ხაბეიშვილის დაპატიმრება იყო – ამით პატიაშვილმა მთელი ქართული ელიტა (ელიტარული ინტელიგენცია) გადაიმტერა, ვინაიდან ელიტამ ეს აქცია აღიქვა როგორც უშუალო დარტყმა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრზე, რაც ძალიან გაახარებდა ქართველოფობიურ უმრავლესობას მოსკოვურ პოლიტბიუროში.
        რა თქმა უნდა, ეს სხვა საუბრის თემაა – ამჟამად გვაინტერესებს ჯუმბერ პატიაშვილის შანსები 2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ მისი შანსი ზუსტად 0-ის ტოლია.
        ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს პატიაშვილი ხმათა 1 პროცენტსაც არ მიიღებს - არავითარ შემთხვევაში! პატიაშვილმა შეიძლება მიიღოს ხმათა 20-25 ან თუნდაც 30 პროცენტიც კი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ გამარჯვების შანსზე, რაც მართლაც 0-ის ტოლია.
        ოღონდ აქ თვით 9 აპრილი, ანუ არჩევნების თარიღი და შესაბამისი ასოციაციები (11 წლის წინანდელ მოვლენებთან) არაფერ შუაშია.
        9 აპრილის ტრაგედიამ სწორედ «ფასეულობათა გადაფასების» და «ეროვნული მოძრაობის ღირებულებათა» დევალვაციის გამო, ქართული სოციუმისათვის იმპერატიული მნიშვნელობა დაკარგა. თუ 9 აპრილი ჯუმბერ პატიაშვილს მიღებულ ხმათა პროცენტს შეუმცირებს – არავითარ შემთხვევაში იმის გამო, რომ იგი უშუალო დამნაშავედ არის მიჩნეული.
        პირიქით: სულ უფრო მწიფდება და გამოკვეთილი ხდება აზრი, რომ 9 აპრილის სასაკლაომდე და («დომინოს პრინციპით») შემდგომ ტრაგიკულ და სისხლიან მოვლენებამდე, უპირველეს ყოვლისა, იმდროინდელი «მოძრაობის» ლიდერთა შეურიგებლობამ, ჩლუნგმა რადიკალიზმმა, ავანტიურიზმმა და მანიაკურმა ურთიერთდაპირისპირებამ მიგვიყვანა.
        ჯუმბერ პატიაშვილს თუ რაიმეში ადანაშაულებენ, მხოლოდ იმაში, რომ მისი უნიათობით საქმე 9 აპრილამდე მივიდა. მან ვერ შეძლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების მართვა და «ბრბოს სტიქიის» დამორჩილება, თორემ რაკი მივიდა საქმე 9 აპრილამდე, რაკი დაიწყო 1989 წლის 4 აპრილს საბედისწერო მიტინგი «მთავრობის სასახლესთან» - შემდგომ ყველაფერი გარდაუვალი გახდა.
        8-9 აპრილის ღამით პატიაშვილი კი არა, უწმინდესი მივიდა და მას არ უსმინეს – პატიაშვილს ყურს ვინ დაუგდებდა?
        ამრიგად, 9 აპრილისთვის «პასუხისმგებლობა» კი არ არის საქმე (უდანაშაულო ადამიანთა დაღუპვისთვის გაცილებით მეტად ეკისრებათ პასუხისმგებლობა მიტინგის ორგანიზატორებს?), არამედ პოლიტიკურ ნიჭსა და უნარში, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ კრიზისულ ვითარებაში მჟღავნდება.
        1989 წლის აპრილიდან - დღემდე, ედუარდ შევარდნაძეს ასეთი ათი-თორმეტი უაღრესად კრიზისული, საბედისწერო სიტუაცია შეექმნა აფხაზეთის ომამდე, აფხაზეთის ომის დროსაც, ომის შემდეგაც. არც ერთხელ არ დაბნეულა (პატიაშვილივით – ბრინჯივით) ყოველთვის იპოვა გამოსავალი, ერთადერთი ზუსტი და რაციონალური პასუხი გამოწვევაზე, ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მაშინ (გადაწყვეტილების მიღებისას) ბევრს მცდარადაც ეჩვენებოდა.

        თუმცა, განყენებულ თეორიულ მსჯელობას სჯობს, ისევ «მშრალ» სოციოლოგიასა და «პი-არ-ს» დავუბრუნდეთ.
        დღევანდელი გათვლებით, ედუარდ შევარდნაძე ჯუმბერ პატიაშვილს 35-40 პროცენტით უსწრებს. ასლან აბაშიძის ამომრჩეველი ყოველთვის აუცილებლად როდი მისცემს ხმას ჯუმბერ პატიაშვილს მაშინ, როდესაც ჯუმბერ პატიაშვილის ელექტორატი თითქმის ასიდან - ას შემთხვევაში მხარს დაუჭერდა ასლან აბაშიძეს.
        ამიტომ, პატიაშვილისა და აბაშიძის ამომრჩეველთა ხმების მექანიკური «შეკრება» დაუშვებელია. იმ შემთხვევაში, თუ ასლან აბაშიძე კანდიდატურას მოხსნის ჯუმბერ პატიაშვილის სასარგებლოდ, პატიაშვილი მაინც ხმათა ნაკლებ რაოდენობას მიიღებს, ვიდრე ორივეს მომხრეთა რიცხვის მექანიკური შეკრებისას.
        მაგრამ თუ (არც ესაა გამორიცხული) ასლან აბაშიძე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უბრალოდ მოხსნის კანდიდატურას («მარკირების» უარყოფის საბაბით) და არ იტყვის გამოკვეთილად, რომ კანდიდატურას ხსნის პატიაშვილის სასარგებლოდ (რაც უკვე სავსებით რეალურია), ასეთ შემთხვევაში ჯუმბერ პატიაშვილი ხმათა კიდევ უფრო ნაკლებ ოდენობას მიიღებს.
        ბოლომდე გამორიცხული არ არის ის ვარიანტიც, რომ ასლან აბაშიძემ არ მოსხნას თავისი კანდიდატურა იმ მიზნით, რათა აჭარაში 100-პროცენტიანი წარმატებით «თბილისს» რეგიონში თავისი ძალა და გავლენა დაანახოს. ამ ვარიანტის ალბათობა მცირეა, ვინაიდან ეს უკვე «აღორძინებაში» აშკარა განხეთქილების მომასწავებელი იქნება.
        აშკარა განხეთქილებას კი ჯერ მაინც ერიდება «აღორძინებაში» მოთამაშე ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზული ფიგურა.
        ნურც იმას დავივიწყებთ, რომ არჩევნებამდე კიდევ ერთი თვეა და მოქმედ პრეზიდენტს შეუძლია «მეორე», «მესამე» და უკიდურეს შემთხვევაში «მეოთხე სიჩქარე» ჩართოს.
        31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე «მოქალაქეთა კავშირსა» და «აღორძინების ბლოკს» შორის სხვაობა სულ 8-10 პროცენტი იყო. ამ სხვაობის ზრდა განაპირობა არა მხოლოდ ასლან აბაშიძის განცხადებებმა და ქმედებებმა (რაც ზოგიერთ გულუბრყვილოს «შეცდომაც» ჰგონია დღემდე), არამედ, შევარდნაძის აქტიურობამ, მისმა ვიზიტებმა (განსაკუთრებით, მართლაც ძალზე წარმატებულმა ვიზიტებმა ამერიკასა და გერმანიაში) და ასე შემდეგ.
        თუ შევარდნაძე იგივე «სიჩქარეს» ჩართავს, სხვაობა უეჭველად გაიზრდება. აშკარა არაკომპეტენტურობაა იმის თქმა, თითქოს 31 ოქტომბრის შემდეგ «მოქალაქეთა კავშირის» რეიტინგის შედარებით დაწევამ (კიდევ უფრო დაიწია «აღორძინების» რეიტინგმა, რომელშიც «ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს») სერიოზულად იმოქმედა ედუარდ შევარდნაძის რეიტინგზე.

დილის გაზეთი, 6 მარტი, 2000 წელი