ოპოზიციამ ფიცვერცხლჭამა

ოპოზიციამ ფიცვერცხლჭამა

      

        გასული კვირის უმთავრეს მოვლენად საპარლამენტო უმცირესობის «ძეგლისდება» იქცა, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ იგი არ აპირებს მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მინისტრთა კაბინეტის პროექტს. «არაუმრავლესობის» ყველა ფრაქციამ მიიღო ეს შეუვალი პოზიცია. თანაც არანაირ პირობებზე აქ საუბარი უკვე არ არის: შეუძლებელია «პირობად» ჩაითვალოს ის, როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკური მხარე გარკვეული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებათა განხილვაზეა თანახმა, ანუ საპასუხოდ არანაირ პასუხისმგებლობას არ კისრულობს.
        რასაკვირველია, ეს მხოლოდ «დიპლომატიური ხერხია» - სინამდვილეში აქ საკვანძო საკითხი მომავალი პრემიერის ვინაობაა. ოპოზიციას ეშინია ამ პოსტზე ზურაბ ჟვანიას გამოჩენის, ვინაიდან არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რომ ამან შეიძლება ჟვანიას გაძლიერება გამოიწვიოს და არა დასუსტება, როგორც თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
        ამდენად, თვით ინსტიტუტის დაფუძნება (რასაც თავად მოითხოვდნენ, მცირე ხნის წინათ) ნაკლებ მნიშვნელოვნად და პრიორიტეტულად მიაჩნიათ.
        ოპოზიციას რომ ჰქონდეს იმის გარანტია, მომავალი «კაბინეტი» დაახლოებით სიგუა-ფაცაციას დარი «ტექნიკური მთავრობა» იქნება და არა დაკომპლექტდება პოლიტიკური გუნდით, იგი უეჭველად მხარს დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვინაიდან თავისთავად «ფრანგული» ან «რუსული» მოდელი მისთვის მისაღებია.
        სწორედ და მხოლოდ ეს მოდელი ტოვებს «კოალიციური მთავრობის» შექმნის საშუალებას, მაშინ, როდესაც, ხელისფლებათა გამიჯვნა-გაწონასწორების ამერიკული მოდელი ამას კატეგორიულად გამორიცხავს.
        ოღონდ ასეთი მოტივაცია ახალი ოპოზიციური «კოალიციისთვის» მთლიანობაში როდია დამახასიათებელი. არის სხვა ხასიათის მოტივაციაც: მაგალითად, ასლან აბაშიძისთვის ცვლილებები მიუღებელია იმდენად, რამდენადაც, მისთვის მიუღებელია «თბილისთან» წლების განმავლობაში აწყობილ ურთიერთობათა პარადიგმის დარღვევა. არადა, აჭარის ლიდერი შესანიშნავად ხვდება, რომ ახალი მოდელი, ახალი სახელისფლებო ორგანო ასეთ ცვლილებებს უეჭველად მოასწავებს. აუცილებელი გახდება ახალი მიმართებების შექმნა, ახალი კავშირების შეკვრა, ახალი არგუმენტების ძიება, რაც მისთვის «აუტკივარი თავის ატკივებას ნიშნავს».
        ამ მხრივ, ძალზე ნიშანდობლივია ასლან აბაშიძის მოთხოვნა ძალოვანი სტრუქტურების უშუალოდ პრეზიდენტისთვის დაქვემდებარების თაობაზე, ვინაიდან მხოლოდ ასეთი მიმართება თავსდება ხსენებულ პარადიგმაში, რომლის შეცვლამაც შეიძლებაახალი, ჯერაც უცნობი მიმართება ჩამოაყალიბოს.
        აქედან გამომდინარე, «ოპოზიციური ბლოკისთვის», რაოდენ უცნაურადაც უნდა მოეჩვენოთ ამ ბლოკის სხვა სუბიექტებს, მთავარია არსებული, წლობით «დაჯერებული» პარადიგმის შენარჩუნება და არა გაურკვეველი თუ უცნობი, «გაუსინჯავი» სიახლე.
        სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ აჭარის ლიდერმა საპრეზიდენტო არჩევნებში ედურად შევარდნაძეს დაუჭირა მხარი (და კვლავაც დაუჭერს) - მაშინ, როდესაც მისივე ბლოკის კანდიდატი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. ესეც ადვილად აიხსნება იმავე პარადიგმით ედუარდ შევარდნაძესთან მიმართება ჩამოყალიბებულია, აპრობირებული და პროგნოზირებადი. აი, ჯუმბერ პატიაშვილთან (ამ უკანასკნელის გაპრეზიდენტების შემთხვევაში) რა მიმართებები ჩამოყალიბდება, კიდევ საკითხავია. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა აჭარაში 80 პროცენტი მიიღო ასლან აბაშიძის «არა დავალებით, არამედ, თხოვნით», როგორც ეს ხულოს რაიონის გამგებელმა განაცხადა, ომახიანად და ვაჟკაცურად ერთ-ერთ შეკრებაზე თბილისში.
        ეს, რაც შეეხება «აღორძინების ბლოკის მთავარი ძალის» მოტივაციას, რომელსაც, სინამდვილეში აჭარის გარდა არც არაფერი აინტერესებს. უფრო სწორად, დანარჩენი ყველაფერი აინტერესებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს მთავარი ინტერესი უნდა დაიკმაყოფილოს. მაგრამ იმავე ბლოკის სხვა სუბიექტებს ხომ განსხვავებული მოტივაცია აქვთ? აქ «აღმძრავი» უეჭველად ვახტანგ რჩეულიშვილია, რომლის შეურიგებლობა ზურაბ ჟვანიასადმი მისი ფსიქოლოგიური და მენტალური თავისუბერებებიდან გამომდინარეობს. თუმცა, ეს სხვა თემაა.
        «სოციალისტთა ლიდერიც» მხარს დაუჭერდა «კაბინეტის» შემოღებას მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი იქნებოდა «კოალიციური», ან, უკიდურეს შემთხვევაში, «ტექნიკური» კაბინეტი. მაგრამ რაკი ამის გარანტია არ არსებობს და პირიქით, «კაბინეტი» სწორედ იმისთვის იქმნება, რათა კონკრეტულმა გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა იკისროს - რჩეულიშვილი ამას არაფრის დიდებით მხარს არ დაუჭერს. შეიძლება 2003 წლის ზაფხულში მოითხოვოს, მაგრამ ამჟამად - არავითარ შემთხვევაში.
        რაც შეეხებათ ბლოკის სხვა სუბიექტებს, მათი პოზიცია უფრო ზომიერია. მით უმეტეს, «არააღორძინების» ფრაქციებისა. «ახლები» და «მრეწველები» პრინციპში წინააღმდეგნი არ იყვნენ, შეცვლილიყო კონსტიტუცია, მაგრამ ბოლოს ჩათვალეს, რომ რაკი არსად ეჩქარებათ, ეს საქმე შეიძლება 2003 წლის ზაფხულისთვისაც გადაიდოს, როდესაც საქართველოში საპარლამენტო საარჩევნო კამპანია იქნება გაჩაღებული.
        მთელი ეს ისტორია კი სერიოზულად ვნებს საქართველოს ეკონომიკას, ვინაიდან ნებისმიერი გაურკვევლობა თანხის გადახდის სურვილს უკარგავს როგორც გადასახადის გადამხდელს, ასევე პოტენციურ ინვესტორს.
        ამდენად, რაც უფრო სწრაფად გაირკვევა ყველაფერი - მით უკეთესი ქვეყნისთვის. გაურკვევლობა ყველაზე უარესია. სჯობს ნათლად და მკაფიოდ ითქვას: «ცვლილებები არ განხორციელდება, ხელისუფლება იმუშავებს ძველი მოდელით».
        დღეს უმრავლესობას დაახლოებით 132 მანდატამდე შეუძლია შეაგროვოს, მაშასადამე, კიდევ 25-30 ხმა ესაჭიროება, ანუ 2-3 ფრაქციის მხარდაჭერა, რისი ალბათობაც საკმოად დაბალი ჩანს, ვინაიდან «უმცირესობის» ორივე «აღმძრავმა» ძალამ («აღორძინების პარტამ» და «სოციალისტებმა») მოახერხეს უკომპრომისობის ატმოსფეროს შექმნა ოპოზიციაში და შესაბამისი დომინანტიც ჩამოაყალიბეს.
        კომპრომისის ნიშანწყალიც არ ჩანს, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი მიიღებს ნებისმიერ საარჩევნო კოდექს ან ნებისმიერ ახალ კანონს «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ», - ეს ვერ შექმნის რამე გარანტიას, რომ «მინისტრთა კაბინეტი» დაფუძნდება, ანუ დაფუძნდება ურთიერთქმედების ახალი მოდელი. ასეთი მოდელი (პირობითად «ფრანგული»), საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით, ამ ქვეყანაზე ზედგამოჭრილია, ვინაიდან გარკვეული პოლიტიკური კონფიგურაციის შემთხვევაში (თუ პარლამენტი და პრეზიდენტი პოლიტიკური ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან) ნამდვილად არ არის გამორიცხული მოვლენათა კიდევ უფრო ტრავმატული განვითარება, ვიდრე 1991-92 წლებში.
        გამოსავალი არ არსებობს კიდევ იმიტომაც, რომ უკვე გაიჟღერა დებულებამ «პოლიტიკური კაბინეტის» შესახებ - ამის უარყოფა და შეცვლა ვეღარ მოხერხდება «კოალიციური» და «ტექნიკური» კაბინეტით. მეორე მხრივ, ოპოზიციასაც (მთლიანობაში) ძალიან გაუჭირდება კომპრომისზე წასვლა პოლიტიკური სახის დაუკარგავად მას შემდეგ, რაც აღორძინება - სოციალისტების ტანდემმა შეურიგებლობისა და უკომპრომისობის დომინანტი შექმნა.
        უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს განხეთქილება ოპოზიციაში. ოღონდ არა «ხავერდოვანი», არამედ ძალზე ხმაურიანი და სენსაციური, რასაც შესაბამისი «სასჯელი» და საარჩევნო ბლოკის მიღმა დატოვება მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში კი, «ბათუმური ბლოკი» შეიძლება საერთოდ დაიშალოს კიდეც, ვინაიდან მთავარი სულისჩამდგმელი (ასლან აბაშიძე) მას შეინარჩუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არამც და არამც არ იქნება ერთგვაროვანი, ანუ არ ასოცირდება ერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მიმდინარეობასა თუ კონცეფციასთან.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, მხოლოდ «სოციალისტებისა და აღორძინების» საარჩევნო ბლოკი არ გამოვა, თუ მას «გამაწონასწორებლად» არ ეყოლა «ტრადიციონალისტები», იქით «ზვიადისტები», აქეთ - «ყოფილი ცეკას მდივნები» და ასე შემდეგ.
        ვახტანგ რჩეულიშვილი და აკაკი ასათიანი რომ «დაუსწრებლად» თუ «დაუსახელებლად» აკრიტიკებენ ერთმანეთს საპარლამენტო სხდომებზე საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე მსჯელობისას (თანაც, ამას ვითომ ვერ ამჩნევენ) - ეს ერთია, მაგრამ ბლოკში «წონასწორობის დარღვევა» სულ სხვაა.
        «მოდელების თაობაზე» მსჯელობამ კი თითქმის მივიწყებული დისკუსიის რეანიმაცია მოახდინა: «რა უფრო ფასეულია, დამოუკიდებლობა (იგივე სახელმწიფოებრიობა) თუ დემოკრატია?» «ფრანგული მოდელი სჯობს თუ გერმანული?»
        არადა, იმთავითვე (ჯერ კიდევ 1991 წლის შემოდგომაზე) ცხადი იყო, რომ საკითხის ასე დასმა ელემენტარული იდიოტიზმია: გააჩნია გარემო ვითარებას, ქვეყნის თავისებურებებს, გეოპოლიტიკურ სიტუაციას, მოკლე და გრძელვადიან ინტერესებს...
        ამ დისკუსიას მაშინაც საშინელი პროვინციალიზმის ელფერი დაჰკრავდა: სინამდვილეში «განყენებულ ჰიპოთეტურ ვითარებათა მოდელირება» დაუშვებელია კონკრეტული გარემოს გათვალისწინების გარეშე. ყველაზე საშიში ამჟამად შექმნილ სიტუაციაში სწორედ ეს არის. არადა, ჩვენებური «პროვინციელი დემოკრატები» ძველებური სიჯიუტით ახდენენ მოდელირებას სულ სხვა გარემო-ვითარებაზე.
        «არ დავუშვათ ავტორიტარიზმი» - თავად ვერ ხვდებიან, რომ ამ შეურიგებლობაში სტერეოტიპულ განწყობათა ის სისტემა მჟღავნდება, რომელიც მათში ჯერ კიდევ პიონერული ხანიდან აღზარდეს.
        შესაბამისი იდეოლოგიზებული შავ-თეთრი სტერეოტიპებით კი, იმპერია იმთავითვე ცუდია («ბოროტი» თავისთავად, მაგრამ აგრეთვე «ცუდია» - რაც ყოველთვის ერთი და იგივე არ არის) ისევე, როგორც «ცუდია» დიქტატურა, ავტორიტარიზმი და ასე შემდეგ.
        «საკონსტიტუციო ცვლილებათა» ერთ-ერთ დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის თაობაზე დისკუსიის ინიცირება. ეს საკითხი ღიად დატოვა 1995 წლის კონსტიტუციამ. უფრო სწორად, მან დაადგინა, რომ ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა უნდა გაირკვეს მხოლოდ იურისდიქციის სრული მოცულობით აღდგენის შემდეგ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» ტერიტორიაზე.
        თავისთავად ამ პუნქტის შეტანა კონსტიტუციაში უდიდესი შეცდომა იყო, ვინაიდან ამით, ოსმა და აფსუა სეპარატისტებმა მიიღეს საშუალება ამტკიტცონ, რომ თვით მათი «სტატუსის» თაობაზე მიმდინარე დისკუსიაა «იურისდიქციის აღდგენის» პროცესი, რითაც ეძლევათ საშუალება, უსასრულოდ გააჭიანურონ ეს მოლაპარაკება. არძინბას ბანდა «სტატუსზე» საერთოდ არ გველაპარაკება («ყველაფერი გარკვეული მაქვს და მხოლოდ სახელმწიფოებრივი ურთიერთობები დავადგინოთო»), მაგრამ «სახელმწიფოებრივ ურთიერთობათა» გარკვევის პროცესში ნიღბავენ იმავე არგუმენტს.
        ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ ასევე სრულიად შეუთავსებელი კონცეფციები არსებობს: უნიტარიზმიდან-ფედერაციამდე. ამჟამინდელი დისკუსიის პროცესში გამოიკვეთა, რომ «ოპოზიციის» ერთი ნაწილი (რაც ძალიან საინტერესოა) რაიონების გაუქმებას მოითხოვს, რათა რამდენიმე რაიონის გაერთიანებით შეიქმნას «ოლქები». ოღონდ არა ისტორიული მხარეების შესაბამისად.
        მაგალითად, კახეთი გაიყოს სამ ოლქად, ისევე, როგორც სამეგრელო, ქართლი და ასე შემდეგ. იგივე ხალხი მცირე ხნის წინ «სამხარეო მოწყობის» თავგადაკლული მომხრე იყო.
        არადა, დღეს მხარეების დაშლა უკვე აღარ გამოვა - მაშინ სჯობს ისინი საერთოდ არ შექმნილიყო, ვინაიდან ამჟამად მათი «ხელის ხლება» ისეთ პრობლემებს წარმოშობს, რომელთა არსებობაც კი ვერ წარმოგვედგინა ათი წლის წინათ.
        მაგალითად, კახეთში იმასაც გაიგონებ - «კახეთი შაჰ-აბასმა ვერ გაყო და ახლა უნდათ სამ ნაწილად გაჰყონო?»
        როდესაც სამხარეო მოწყობა არ არსებობდა, ეს პრობლემა დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა, მაგრამ რაკი გარკვეული რეალობა დაფისქირდა, ახლა მისი შეცვლის ცდა უარეს შედეგს გამოიწვევს.
        არადა, ზოგიერთი ნიშნით, ეს «სამხარეო მოწყობა» უახლოეს მომავალში სერიოზულ პრობლემას შექმნის, როდესაც სულ უფრო განვითარდება ადგილობრივი თვითმმართვლეობა, რაც ბუნებრივად (მით უმეტეს ჩვენში) წარმოშობს ყველა დონის ადმინისტრაციულ ერთეულში «პიდაპირი არჩევნების» ჩატარების მოთხოვნას. ამ გზით ვუახლოვდებით რეგიონალიზმს, რომელიც ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს - სახელმწიფოებრივი კულტურისა და ტრადიციის სიმყიფის გათვალისწინებით.
        საფრანგეთში პარიზის მერის არჩევითობა მხოლდ მაშინ დაუშვეს, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ეს სახელმწიფოს არც ღია, არც შენიღბულ პრობლემებს არ შეუქმნიდა. ისევე, როგორც პრეფექტის ინსტიტუტი გაუქმდა (უფრო სწორად, შინაარსის შეცვლა) მხოლოდ მაშინ, როდესაც აბსოლუტურად გამოირიცხა პარტიკულარიზმის საშიშროება.
        ის ხალხი, ვინც საქართველში სრული თვითმმართველობის დაუყოვნებლივ დამკვიდრებას მოითხოვს, არ ითვალისწინებს, რომ სრულფასოვანი და ქმედითი თვითმმართველობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იქ, სადაც არსებობს ქმედითი სახელმწიფოებრივი ვერტიკალი უმდაბლესი, პირველადი რგოლიდან - უმაღლესამდე.
        ასეთი ვერტიკალი გამორიცხავს ლოკალურ ელიტათა თავნებობას. საქართველოში კი ამგვარი ვერტიკალი ჯერჯერობით არ გვაქვს. ამიტომ, ვთქვათ, რაიონის გამგებელის პირდაპირი კენჭისყრით არჩევა გამოიწვევს ლოკალური (რეგიონული) ელიტის კონსოლიდირებას და ადგილობრივი ინტერესების უპირატესობას ზოგადსახელმწიფოებრივთან. ეს ორი რანგის ინტერესი კი საქართველოში რეალურად არსებობს და ისინი ხშირად ერთმანეთს კატეგორიულად წეინააღმდეგებიან.
        საქართველოს ფედერალიზაციის «ასიმეტრიული მოდელიც» გამორიცხავს მხარეთა შემდგომ ინსტიტუციონალიზაციას. იგულისხმება, რომ «ასიმეტრიული ფედერაციის» სუბიექტები იქნებიან მხოლოდ ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკები მაშინ, როდესაც მხარეებში შენარჩუნდება უშუალოდ «ცენტრალური მმართველობა» და არავითარ შემთხვევაში არ მოხდება სამხარეო სტრუქტურათა ლეგიტიმაცია «მხარის მოსახლეობის» მიერ - რაც უბრალოდ საშიშია - ამან შეიძლება XVII საუკუნეში დაგვაბრუნოს.
        მაგრამ რაიონულ ელიტათა ლეგიტიმაციაც ადრე თუ გვიან აუცილებლად დასვამს დღის წესრიგში ამ საკითხს - ეს მიმდინარე პროცესის ლოგიკური შედეგი იქნება.
        აქედან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებ რისკს შეიცავს მოდელი, რომელიც გულისხმობს სრულ თვითმმართველობას პირველ დონეზე, ხოლო «რაიონულ რგოლში» ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც რაიონის ხელმძღვანელს (დანიშვნითი იქნება იგი თუ არჩევითი) არ ექნება ბერკეტები თვითმმართველობაზე ზემოქმედებისათვის.
        აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება საბიუჯეტო ბერკეტები - «რაიონი» მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს ფინანსური თვალსაზრისით, ოღონდ, არა სახსრების «ცენტრში» გადმოქაჩვით, არამედ, პირიქით - მათი თვითმმართველობის (პირველად) დონეზე დატოვებით.
        ამით მოხდება ინტერესთა კონფლიქტის პროვოცირება პირველადი დონის «მიკროელიტებსა» და «რაიონულ», შემდეგ «რეგიონულ» ელიტებს შორის, რაც გამორიცხავს მათ კონსოლიდირებას საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ.

დილის გაზეთი, 21 მაის, 2001 წელი