ოპოზიცია კიტოვანთან დამოკიდებულებაში გულწრფელი არ არის

ოპოზიცია კიტოვანთან დამოკიდებულებაში გულწრფელი არ არის

 

    მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში ოპოზიციამ ვერ შეძლო ბიუჯეტის ჩაგდებით მთავრობისა და მთლიანად სახელმწიფოებრივი კურსის შეცვლა, მან ხელისუფლებასთან «საძიძგილაოდ» ახალი თემა აირჩია - დაპატიმრებული „კოლეგა“ თენგიზ კიტოვანი.
    ჩემი ღრმა რწმენით, მიზეზია (მიზანია) სწორედ ეს და ამ შემთხვევაში სხვა არანაირი მოტივი ოპოზიციას არ ამოძრავებს. დღეს მისთვის სულ ერთია ისიც კი, თუ რამდენად მართებული ან უმართებულოა ამგვარი მოქმედება. ან შეესაბამება თუ არა ეს ქვეყნის ინტერესებს. უმთავრესი ამ შემთხვევაში ერთია - ყოველნაირი «მშვიდობიანი ხერხებით» (რაკი «სხვა არა დარჩენია რა») მტკიცედ გაემიჯნოს ხელისუფლებას.
    იანვრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ხელისუფლების ხმამაღალი განცხადებებისა («კიტოვანის ახალი ლაშქრობის სახით აღვკვეთეთ ახალი სამოქალაქო ომი, სახელმწიფო გადატრიალება და ა.შ.») და ოპოზიციური ძალების, უმეტეს შემთხვევაში, მეტად ფრთხილი შეფასებების ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო, თენგიზ კიტოვანის არაორდინალური ფიგურა ნელ-ნელა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ბანალური ყოველდღიურობა ხდება.
    დღეს უკვე კარგად ჩანს, რა უმნიშვნელოვანესი «ფსონებია» გაკეთებული ყოფილ თავდაცვის მინისტრზე როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიერ. «დემოკრატიული რევოლუციის» ერთ-ერთი შემოქმედი კვლავაც ისეთივე «ახლობელი» ხდება დღევანდელი ოპოზიციისათვის, როგორც 1991-1992 წლებში, «დეკემბერ-იანვრის» მოვლენების დროს იყო. მაგრამ თუ მაშინ თენგიზ კიტოვანი «ლაზიერი» იყო, დღეს მხოლოდ «პაიკია დიდ პარტიაში».
    სწორედ ამით უნდა აიხსნას ოპოზიციონერთა ფრთხილი შეფასებების ხმაურიანი განცხადებებით შეცვლა. მაგალითად, 7 თებერვლის სხდომაზე პარლამენტარ შაკიაშვილის აღელვებული მიმართვა სახელმწიფოს მეთაურისადმი: «თენგიზ კიტოვანი რომ არა, დღეს ვერც ჩვენ და ვერც თქვენ აქ ვერ ვისხდებოდით».
    იმას, რასაც სხვა «დროსა და სივრცეში», ხელისუფლებასთან ერთად უმკაცრესად დაგმობდა ყველაზე უფრო რადიკალური ოპოზიციური აზრი, დღეს პრაქტიკულად შეფასების გარეშე ტოვებენ და ხელისუფლებასთან «პოლიტიკური ჭიდილის» უმთავრეს თემად აქცევენ.
    «კიტოვანის თემის» გარშემო შემოიკრიბნენ სხვადასხვა ოპოზიციური ძალები: აქ არის «ეროვნული-დემოკრატია», რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა კიტოვანის პოლიტიკური კარიერის დანგრევაში; ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიმართ თითქმის ყოველთვის ცივად განწყობილი «რესპუბლიკელები»; მეტ-ნაკლებად მეგობრული «ჭავჭავაძისა» და «კოსტავას საზოგადოებები»; «მონარქისტ-კონსერვატორები»; მუდამ ერთგული, ხმაურიანი «ეროვნულ-დამოუკიდებლები».
    დღეს ეს პოლიტიკური ძალები ფართო ფრონტით უტევენ პარლამენტის ტრიბუნაზე შემდგარ გენერალურ პროკურორსა და იქვე მჯდომ სახელმწიფო მეთაურს . . . ყოვლის ამხსნელი «ქართული ლოგიკით» მართლებიც არიან.
    თითოეულმა მათგანმა ნებსით თუ უნებლიედ, თავის დროზე, აქტიურად იღვაწა იმ ხელისუფლების განმტკიცებისათვის, რომელიც დღეს კიტოვანსა და მასთან დაახლოებულ პირებს «ახრამუნებს»; ანუ იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც ისინი ამისთვის აღარ დასჭირდა.
    «დიდ გადანაწილებაში» მათ პრაქტიკულად არაფერი ერგოთ, ამიტომაც აღარ სჯერათ სახელმწიფოს მეთაურის, რომელიც, პირიქით, მიიჩნევს, რომ «არის საკითხები, რომელშიც, მიუხედავად ყოველგვარი უთანხმოებისა, ჩვენ მაინც ერთად უნდა ვიყოთ ერთ-ერთი ასეთი საკითხი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაშლაა».
    არ სჯერათ და ალბათ მართლებიც არიან! «გუშინ» ხომ, იმავე თენგიზ კიტოვანს, სახელმწიფოს მეთაურმა «ვახტანგ გორგასლის ორდენი» უწყალობა. როგორც თავად განაცხადა, მან ეს გულწრფელად გააკეთა. თუმცა, იქვე სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის შემორჩენილი დოკუმენტიც გამოამზეურა, რომლითაც, მისი აზრით, დასტურდება, რომ კიტოვანის შესვლა აფხაზეთის დასახლებულ პუნქტებში, 1992 წელს, «შეთანხმებული არ იყო».
    ოპოზიციას საერთოდ არ სჯერა გენერალური პროკურორის. მას «ჯიბის პროკურორს» და «არაკომპეტენტურს», «აბსურდულსა და პროვოკაციულს» უწოდებს. ყოველმხრივ ცდილობს, დაამციროს იგი საზოგადოების თვალში. თავის მხრივ, გენერალურ პროკურორს (მისი გამოსვლა «მოქალაქეთა კავშირის» წევრის გამოსვლას ჰგავდა) ავიწყდება, რას ნიშნავს «უდანაშაულობის პრეზუმპცია» და მასთან მოკამათე პარლამენტარებს შემდეგნაირად «ამშვიდებს»: «გაჩერდით თქვენც ეჭვმიტანილი ბრძანდებით!» «თქვენზეც მოგვეპოვება მასალები», «დაწყნარდით, ჩვენ ისედაც ბევრი გვაქვს სალაპარაკო».
    ამასთან, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ შარშანდელი საშემოდგომო სესიის (გენერალური პროკურორისათვის მეტად მძიმე) პირველი სხდომისაგან განსხვავებით, 7 თებერვალს ჯამლეთ ბაბილაშვილი თავს უფრო ლაღად გრძნობდა. მიუხედავად «საპარლამენტო შტურმისა», თითქმის არ აღელვებულა და თამამად ისიც კი განაცხადა, რომ «პარლამენტში ათი ეჭვმიტანილი ზის და ისტორიას არ ახსოვს, ეჭვმიტანილები დაკითხვას უწყობდნენ საკუთარ პროკურორსო».
    «ეს ყველაფერი მასკარადია», - ასეთი იყო სახელმწიფოს მეთაურის საბოლოო შეფასება, რომელიც, აშკარაა, მყარად ფლობს ვითარებას.
    ის, რომ ოპოზიცია 7 თებერვალს ვერ მოახერხებდა «კიტოვანის თემით» სიტუაციის აფეთქებას, თავიდანვე ნათლად ჩანდა. ჯერ ერთი, იგი არ იყო მზად მსგავსი დემარშისათვის. მეორე: სხდომაზე ოპოზიციონერთა რიგებს, გასაგები მიზეზების გამო, აკლდა თავად თენგიზ კიტოვანი და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი: კიტოვანთან დამოკიდებულებაში ოპოზიცია არ არის გულწრფელი.
    ჩემი აზრით «კიტოვანის თემას» განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან განაჩენი კარგა ხანია გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

«7 დღე», თებერვალი, 1995 წელი.