ოპოზიცია ახალი ბარიკადებისთვის ემზადება

ოპოზიცია ახალი ბარიკადებისთვის ემზადება

    «თვითმმართველობის» შესახებ კანონში გამგებელთა არჩევითობის პრინციპის უგულებელყოფამ ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია გამოიწვია. ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანდა როგორც «მემარცხენე», ასევე «მემარჯვენე» ოპოზიცია.
    თუმცა აქ არის ორი გამონაკლისი: ვახტანგ რჩეულიშვილმა შედარებით ფრთხილი პოზიცია დაიკავა. სოციალისტთა ლიდერი ამით ცდილობს, თავიდან აიცილოს «დესტრუქციული ოპოზიციის» იმიჯი, თუმცა შინაარსობრივად იგი «მოქალაქეებისათვის» ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგეა.
    «სახალხო ფრაქციამ» კი ჩვეულ პრაგმატულ ტაქტიკას არ უღალატა და კომპრომისზე წავიდა. სამაგიეროდ, რაიონებში წარმომადგენლობითი ორგანოების მაჟორიტარული არჩევნები გამორიცხა, რაც ძალზე სასარგებლოა, მთლიანად, პოლიტიკური სპექტრისათვის. მაგრამ ამ სპექტრის უდიდესი ნაწილი, როგორც ჩანს, «საკუთარი გზით აპირებს წასვლას» და სულ უფრო შეურიგებელი ხდება. გაჩნდა თითქოს მივიწყებული ექსტრემიზმის პირველი ნიშნებიც. ზოგიერთი ყოფილი პარლამენტარი «ქუჩის აქციებზე» ალაპარაკდა. თუმცა ხელისუფლებისათვის ეს არ არის იმდენად საშიში, რამდენადაც მეორე იდეა, რომელიც «ინტეროპოზიციური» ჯგუფის შეკრებაზე გამოითქვა – 16 სექტემბერს: საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი აპირებს ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ოპერაციის განხორციელებას ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წინააღმდეგ. კერძოდ, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა პარლამენტმა ვერ დაიცვას საკონსტიტუციო ვადა ორგანული კანონების მიღებისას. ამ კანონების მიღება კი 25 ნოემბრამდე უნდა მოესწროს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა კონსტიტუცია და ოპოზიცია მიიღებს საშუალებას, ბრალი დასდოს უმრავლესობას ქვეყნის ძირითადი კანონის უგულებელყოფაში. ორგანული კანონის მისაღებად აუცილებელია ხმების კვალიფიციური უმრავლესობა (118 ხმა). მოქალაქეთა კავშირი ყოველთვის ვერ შეძლებს მოსკოვიდან ვაჟა ლორთქიფანიძისა და სხვა «გასტროლიორების» ჩამოყვანას.
    ამდენად, არ არის გამორიცხული, ოპოზიციის ფარული ობსტრუქციის შედეგად მართლაც შეიქმნას კონსტიტუციური კრიზისი, რაც უეჭველად დაძაბავს პოლიტიკურ ატმოსფეროს ქვეყანაში.
    თუმცა, «მოქალაქეები» გამოსავალს მაინც იპოვნიან: კანონებს მოამზადებენ მისაღებად, შემდგომ კვლავ გამოაცხადებენ «საყოველთაო მობილიზაციას», ჩამოიყვანენ გასტროლიორებს და ერთ სხდომაზე გამარტივებული წესით მიიღებენ ყველა ორგანულ კანონს.
    ეს სავსებით შესაძლებელი იქნება, ოღონდ ოპოზიცია კიდევ უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავს და ფლიბუსტრიზმიდან - უშუალო ობსტრუქციაზე გადავა სხდომათა დარბაზში. ამის შემდეგ უკვე არ არის გამორიცხული «ძველებური» მუშტი-კრივი და გაწევ-გამოწევა. საბოლოოდ, მოხდება ოპოზიციის დიფერენცირება ე.წ. «უპერსპექტივო» და «პერსპექტიულ» ოპოზიციად. თუ «სახალხო ფრაქციამ» იგრძნო, რომ სტრატეგიულ კომპრომისს ვერ აღწევს და პერსპექტიული ოპოზიციიდან - უპერსპექტივოში გადადის, იგი შეუდარებლად რადიკალური გახდება და უეჭველად გაიხსენებს ძველ მეგობრობას «ქუჩის ოპოზიციასთან». ეს უკანასკნელიც შეიწყნარებს «უძღებ შვილს», რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის ტრიბუნა მოიპოვოს ამჟამინდელ პარლამენტში.
    მეორე მხრივ, დღეს გაწიწმატებულ «რადიკალურ ოპოზიციონერთა» დაშოშმინებაც არ იქნება ძნელი. მათი სითამამე გაგრძელდება დაახლოებით კიდევ ერთ წელიწადს, მაგრამ მმართველი პარტიის მხრიდან გარკვეულ დათმობათა შემთხვევაში უმალვე მოვლენ თავადაც კომპრომისის ხასიათზე, როგორც ეს საერთოდ სჩვევიათ.

მერიდიანი, 19 სექტემბერი, 1997 წ.