ომი ჩეჩნეთში და ომი აფხაზეთში - მართებულია თუ არა შედარება?

ომი ჩეჩნეთში და ომი აფხაზეთში - მართებულია თუ არა შედარება?

  
   

    კავკასიაში მიმდინარე მოვლენები ბოლო დროს საერთო კანონზომიერებას ექვემდებარება. მიუხდედავად ამისა, სხვადასხვა რეგიონში «აფეთქებული» კონფლიქტები თავისი არსით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
    ომი ჩეჩნეთში და ის, რაც აფხაზეთში მოხდა, რა თქმა უნდა არ არის ერთი და იმავე ტიპის მოვლენა, - ამას თითქოს ყველა აცნობიერებს საქართველოში, მაგრამ ყველა როდი ხსნის ზუსტად და სწორად იმას, თუ რატომ არ შეიძლება ამ კონფლიქტების შედარება - მათი ერთ პლანში განხილვა.
    უმრავლეს შემთხვევაში, მოჰყავთ ასეთი არგუმენტი: ჩეჩნეთი რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიაა, მაშინ, როდესაც საქართველოს აფხაზეთი არასდროს დაუპყრია. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეა. მართლაც, საქართველოს არასდროს დაუპყრია «აფხაზეთად» წოდებული ტერიტორია. სწორედ ამიტომ, თავიდან ბოლომდე ყალბია ანდრეი სახაროვის «ცრუთეორია» საქართველოს «იმპერიულობის» შესახებ. რუსეთი კი იმპერიაა უკვე მხოლოდ იმიტომაც, რომ მან თავისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ცეცხლითა და მახვილით დაიპყრო.
    ომი რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის იყო და არის გარდაუვალი კანონზომიერება, რადგან ამ შემთხვევაში ერთი ერი ცდილობს, ძალით მოახვიოს თავს საკუთარი ნება-სურვილი მეორეს და ამ მიზნით მიმართავს ძალას.
    ჩეჩენთა და რუსთა ეთნოფსიქოლოგია ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ცა და დედამიწა. ვგულისხმობ არა რელიგიურ - კონფესიურ განსხვავებას, არამედ განსხვავებას სწორედ ეროვნულ მსოფლმხედველობაში. უბრალო ენით რომ ვთქვათ ზნე-ჩვეულებაში, პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულის გაგებაში, «სამშობლოს» ცნების აღქმაში, ისეთი ფუძემდებლური ცნებებისადმი დამიკიდებულებაში, როგორიცაა, ვთქვათ «ოჯახი», «სისხლით ნათესაობა» და ა.შ.
    რამდენიმე ხნის წინ, ერთი რუსი ჟურნალისტი ბოღმითა და სიძულვილით წერდა: ამ ხალხთან მოლაპარაკება შეუძლებელია, - იგი სხვა განზომილებაში ცხოვრობსო.
    მართლაც, ჩეჩენი და რუსი ხალხები სხვადასხვა განზომილებაში ცხოვრობენ, - ისინი განსხვავდებიან (ვიმეორებ) არა მხოლოდ რელიგიით, არამედ ცნობიერებით, მსოფლგაგებით.
    ამდენად, ჩეჩნეთის ყოფნა რუსეთის შემადგენლობაში იყო მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის შედეგი. რუსეთმა შეძლო დაეპყრო ჩეჩნეთი და დროებით მისთვის თავს მოეხვია საკუთარი ნება-სურვილი, საკუთარი სახელმწიფოებრივი სისტემა. ჩეჩნეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა თავიდან მოეცილებინა ეს სისტემა და როგორც კი მიეცა საშუალება თავისუფალი არჩევანისა, უმალვე აღიდგინა საკუთარი თვისობრიობა, ანუ აღადგინა ის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც გააჩნდა რუსეთის მიერ აგრესიის განხორციელებამდე.
    სწორედ ამიტომ განახლდა ომი: ჩეჩნები დაუბრუნდნენ საკუთარ თვისობრიობას, რომლისთვისაც რუსული სახელმწიფოებრივი სისტემა სრულიად მიუღებელი და შეუთავსებელია.
    არაფერი მსგავსი არ ხდებოდა აფხაზეთში: საუკუნეთა განმავლობაში, ქართველი და აფხაზი ხალხები გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ.
    დავიწყოთ ელემენტარულით, ზნე-ჩვეულებით: ამ ორ ხალხს იგი სრულიად იდენტური აქვს. დამოკიდებულება ოჯახისადმი, დამოკიდებულება ქალისადმი, დამოკიდებულება მეგობრისადმი, «სტუმრის ინსტიტუტი» - არათუ მსგავსი, არამედ იდენტურია თავისი არსით.
    მსოფლმხედველობრივად, ქართველები და აფხაზები «ერთ განზომილებაში» ცხოვრობენ. მათი მსოფლგაგებაც ერთნაირია - ისინი კავკასიელები არიან და ერთნაირად აღიქვამენ სამყაროს, მის უზენაეს ფასეულობებს; ყოფითი თვალსაზრისითაც ქართველები და აფხაზები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. საუკუნეთა განმავლობაში მათი ცხოვრების წესი იდენტური იყო.
    საკმარისია შეადაროთ აფხაზისა და ქართველის საცხოვრისი, რომ ნათელი გახდეს მათი ურთიერთკავშირი. საცხოვრისი კი ადამიანის ეროვნული ბუნების გასაღებია!
    შევადაროთ ტამბოველი ან თუნდაც კრასნოდარელი კაზაკის საცხოვრისი - აფხაზი გლეხის საცხოვრისს ან მეგრელი გლეხის საცხოვრისს. ეს მსგავსება-განსხვავება უდიდესი მნიშვნელობისაა ამ ორი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციის თვალსაზრისით. იგი მიუთითებს, რომ ქართველები და აფხაზები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ გვერდი-გვერდ საუკუნეთა განმავლობაში. ანუ, არავითარი ტრადიცია ამ ორი ხალხის დაპირისპირებისა საუკუნეთა განმავლობაში არ არსებობდა.
    რაც შეეხება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ურთიერთქმედებას, აფხაზმა ხალხმა დიდი როლი შეასრულა საერთო-ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში. სწორედ აფხაზეთიდან დაიწყო ქართული მიწების გაერთიანება. ამდენად, ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ თითქოს არსებობს საქართველოს მხრიდან რაღაც «აგრესიის» ტრადიცია აფხაზეთის წინააღმდეგ, ისეთივე, როგორიც არსებობს რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის.
    ამდენად, ომი, რომელიც მიმდინარეობდა აფხაზეთში და რომელიც კვლავაც შეიძლება განახლდეს, სრულიად არ შეესაბამება საქართველოს ტრადიციას, განსხვავებით, იმავე რუსულ-ჩეჩნური ომისაგან.
    ეს მომენტები გასათვალისწინებელია იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთი რუსი მოღვაწე აფხაზეთისა და ჩეჩნეთის მოვლენებს იდენტური შინაარსის მოვლენებად თვლის. მაშინ როდესაც მათ შორის თვისებრივი, პრინციპული განსხვავებაა. იქნებ ზემოთთქმულმა იმასაც მიგვახვედროს, რომ არც პრობლემების გადაწყვეტის გზები და საშუალებები უნდა იყოს იდენტური.

«მსგეფსი», 9 აპრილი, 1996 წელი.