ომი ავღანეთში 9/11 შემდეგ

ომი ავღანეთში 9/11 შემდეგ

დიდი მსხვერპლშეწირვა
       

        გუშინ ბრიტანულმა სააგენტომ «როიტერმა» გაავრცელა «ელვა-ცნობა» ავღანეთში თალიბ-ისლამისტთა უკანასკნელი ძლიერი დასაყრდენის - ყანდაგარის გათავისუფლების შესახებ. ქაბულისგან განსხვავებით, ყანდაგარი პუშტუნებით დასახლებულ რეგიონში მდებარეობს, პუშტუნები კი, ტრადიციულად, თალიბთა მხარდამჭერებად მიიჩნეოდნენ. მაშასადამე, ყანდაგარის აღება გარდატეხაა გლობალურ ანტიტერორისტულ ოპერაციაში, რომელიც ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა 11 სექტემბრის შემდეგ დაიწყეს.
        არ არის გამორიცხული, ამერიკამ მიაღწიოს იმას, რასაც ვერ მიაღწია საბჭოთა კავშირმა თითქმის 10 წლის განმავლობაში: 1979-დან - 1988 წლამდე. ყოველ შემთხვევაში, ამერიკელთა დანაკარგები მინიმალურია (უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებისას), ხოლო მათი მოკავშირეები (იგივე ავღანელი პუშტუნები, ტაჯიკები და უზბეკები) იოლად წყვეტენ ურთულეს საბრძოლო ამოცანებს. მოსალოდნელია, რომ ამერიკის ¹1 მტერი უსამა ბინ ლადენი, მიწაში რომ ჩაძვრეს (პირდაპირი მნიშვნელობით), იქიდანაც ამოაძვრენენ და მაინც დასვამენ ელექტრონულ სკამზე ნიუ-იორკში- მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამო, ან მორალურად გაანადგურებენ: ალაპარაკებენ მთელ მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციებზე და სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ - რა თქმა უნდა, სამუდამო პატიმრობის პირობით.
        ამასობაში, ამერიკულ პრესაში გრძელდება დისკუსია იმის თაობაზე, რამდენად მიზანშეწონილია «წყვილ ცათამბჯენთა» აღდგენა. უმრავლესობა, სამწუხაროდ, ასკვნის, რომ ცათამბჯენთა აღდგენა არ ღირს და უმჯობესია, რამდენიმე საშუალო ზომის შენობის აგება ტრაგედიის ადგილას. ეს ნამდვილად საწყენია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ტერორისტებმა ნაწილობრივ მიანც მიაღწიეს ჩანაფიქრს - მათი მიზანი ხომ თავისუფლების იდეალის ხელყოფა იყო (რასაც ნიუ-იორკის ცათამბჯენები განასახიერებენ), თორემ ამ ტერაქტით ამერიკას რომ ვერ დაანგრევდნენ, იმთავითვე ცხადი იყო თვით ტერორისტ-კამიკაძეებისთვის.
        ამრიგად, ეპოქას, რომელშიც ჩვენი თაობა ჩამოყალიბდა (1975-2001 წლები) ამიერიდან შეიძლება «ცათამბჯენთა ეპოქა» ვუწოდოთ. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით კი (თითქოს პაარდოქსია), ამერიკამ ტერაქტების შემდეგ კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები ევრაზიულ სივრცეში, ანუ «დიდ საჭადრაკო დაფაზე», როგორც მას ზბიგნევ ბჟეზინსკიმ უწოდა ორიოდე წლის წინ საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ამერიკას სამხედრო ბაზები დაეფუძნებინა რომელიმე პოსტსაბჭოურ რესპუბლიკაში. ის კი არა, რუსეთი (სწორედ ამის გამო) ლიტვის ნატოში გაწევრიანებასაც კი ეწინააღმდეგებოდა, რომ საკუთარ საზღვრებთან უცხო სამხედრო ბლოკის ინფრასტრუქტურის მიახლოება არ დაეშვა.
        ახლა კი, არათუ ლიტვაში, არამედ უზბეკეთში დაფუძნდა ამერიკული სამხედრო ბაზა, რაც უეჭველად ნიშნავს რუსეთის გავლენის შესუსტებას ამ რეგიონში. არადა, იგი მოსკოვური სახელმწიფოს «მზის წნულია» ტრადიციულად.
        უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვს მოსკოვში აშკარად ეტყობოდა, რომ «თავისუფლად ამოისუნთქა». ისლამისტები უკვე სერიოზულად ვეღარ დაემუქრებიან მის სეკულარისტულ რეჟიმს, ხოლო ცხრამილიარდიანი ამერიკული ინვესტიცია უზბეკეთის ეკონომიკაში თავისთავად ძალიან სერიოზული ინექციაა. უზბეკეთსა და ყაზახეთს შორის პაექრობა ამით უზბეკეთის სასარგებლოდ მთავრდება. შეგახსენებთ, რომ სულ მცირე ხნის წინ თალიბთა წარმატებებით დაზაფრული კარიმოვი დსთ-ის კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებასთან კვლავ მიერთებასაც კი გეგმავდა.
        რა იცვლება შექმნილი ვითარებით საქართველოსთვის? სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა მეტისმეტად სუსტია (პოლიტოლოგიურ ლიტერატურაში მას «სუსტ რგოლსაც» კი უწოდებენ), რომ რაიმე დივიდენდი მიიღოს ახალი გეოპოლიტიკური კონფიგურაციიდან.
        რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტი შევარდნაძე იძულებული გახდა სერიოზულ დათმობებს დათანხმებოდა რუსეთთან (ბაზების ლიკვიდაციის მოთხოვნის მოხსნა, ისევე როგორც სამშვიდობო ძალების გაყვანისა და სხვა), რადგან საკმარისია რუსეთმა ბუნებრივი აირის მოწოდება შეგვიწყვიტოს და თბილისში უკუნეთი დაისადგურებს, სრული ანარქია და სამოქალაქო ამბოხი გარდაუვალი იქნება.
        ასეთ ვითარებაში რაიმე «დიდ პოლიტიკაზე» ლაპარაკი ზედმეტია.

დილის გაზეით, 8 დეკემბერი, 2001 წ.