ოთარ ფაცაციას გახსენება

ოთარ ფაცაციას გახსენება

  

    ზურაბ ჟვანიას ინიციატივით პოლიტიკურად «გაცოცხლებული» ექსპრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია უკვე აქტიურად შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ანუ ზვიადისტების «შემორიგებას» და ტყიდან გამოყვანას
    ფაცაციას «მეგრული ჯგუფი», ყოველგვარი ირონიის გარეშე, სავსებით კეთილშობილურ მიზანს ისახავს: დაასრულოს სამოქალაქო ომი საქართველოში და მოსპოს საფუძველი გარეშე ძალის მიერ «მართვადი ქაოსის» მექანიზმთა ამოქმედებისათვის. არავის შეეპაროს ეჭვი, რომ მისია წარმატებით დასრულდება; თუნდაც იმიტომ, რომ წარუმატებლობისათვის არანაირი წინაპირობა აღარ არსებობს - «ზვიადისტები» კარგა ხანია შეურიგდნენ ბედს და ბოლო დრომდე მხოლოდ ხელისუფლებისათვის უსისხლო «დანებების» პრობლემა აღელვებდათ. შევარდნაძის სურვილმა - მაქსიმალურად გამოეყენებინა 9 თებერვლის შემდეგ შექმნილი ვითარება ქვეყანაში სტაბილურობის განსამტკიცებლად - მათ ამისი საშუალება მისცა. ოთარ ფაცაციასაც გაუჩნდა შანსი, «დიდ პოლიტიკაში» ღირსეულად დაბრუნებულიყო.
    ეს პიროვნება ჯერ კიდევ 1992 წლის იანვარ-თებერვალში გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე. იმ დროს, სამეგრელოში, გვარდია და «მხედრიონი» მდგომარეობის «დაშოშმინების» პარალელურად ახალი ხელისუფლებისათვის სოციალურ დასაყრდენსაც ქმნიდნენ. ზოგიერთ რაიონში «კანონიერი ქურდები» აღმოჩნდნენ ამისათვის საკმარისნი, სხვაგან კი უფრო ისეთი კატეგორიის ხალხის ძიება დაიწყეს, რომლებიც იმავე მასის თვალში «ძველ კეთილ დროსთან» ასოცირდებოდნენ.
    ათწლეულების განმავლობაში ოთარ ფაცაცია სამეგრელოს ცენტრში - ზუგდიდში - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დაჯგუფების ლიდერი იყო. მისი «ქაღალდკომბინატი» მთელ ზუგდიდს აჭმევდა და არც მისი დირექტორი იკლებდა რაიმეს. იმავდროულად, ფაცაციას საწარმო კომუნისტურ რეჟიმსაც აკმაყოფილებდა გეგმების დროული შესრულებით და მაშინდელი «თამაშის წესთა» განუხრელი დაცვით.
    ფაცაციამ ახალ ხელისუფლებასაც უმალვე აუღო ალღო და მასზე დაკისრებული ფუნქცია გარკვეულწილად შეასრულა - ყოველ შემთხვევაში, 1992 წლის იანვარშივე ზუგდიდის მოსახლეობა ერთიანი აღარ იყო და გარკვეულწილად «ახლებსაც» იმედის თვალით შესცქეროდა - ეგებ «ძველი» დროება დაგვიბრუნონო. ანუ ის დროება, როცა ზუგდიდი «საკავშიროდ» იყო განთქმულ იქ მცხოვრებ საბჭოთა მოქალაქეთა სიმდიდრითა და ხელშეუხებლობით, როცა ზუგდიდში ზღვად მიედინებოდა ყოველგვარი სიკეთე, «მშრომელ ხალხს» კი ათას-ორიათასკაციანი ქორწილები არ ენატრებოდა.
    1993 წლის აგვისტოში, თენგიზ სიგუას მეორე «ნებაყოფლობითი გადადგომის» შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური საკმაოდ მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. იმჟამინდელ ვითარებაში შეუძლებელი ჩანდა ისეთი ფიგურის მოძებნა პრემიერის პოსტზე, რომელიც ყველას თუ არა, უმრავლესობას მაინც დააკმაყოფილებდა. ზურაბ კერვალიშვილის კანდიდატურა პარლამენტმა უარყო. ამის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, რაკიღა დარწმუნდა, რომ «ჩვეულებრივი» ფიგურებით (აღმასრულებელი ხელისუფლებიდან) ვერაფერს გახდებოდა, სამეგრელოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ისეთი კანდიდატურა შესთავაზა პარლამენტს ფაცაციას სახით, რომლის უარყოფა შეიძლებოდა პოლიტიკურ დემარშად აღქმულიყო და «სხვა ელფერი» მისცემოდა.
    ფაცაცია სწორედ ამ ფსიქოლოგიური განწყობის გამო დაამტკიცეს პრემიერად. იგი რომ ზუგდიდელი არ ყოფილიყო, გაცილებით ნაკლები შანსი ექნებოდა, ვიდრე ზურაბ კერვალიშვილს, მაგრამ იმდროინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ მას (ვიმეორებ) სხვა ფუნქცია დააკისრა. თუმცა, მისი შესრულება ფაცაციას ძალებს აღემატებოდა: მიუხედავად იმისა, რომ პირველივე ფრაზა (დამტკიცების შემდეგ) «შერიგებას» შეეხებოდა - «ზვიადისტების» შეჩერება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა. სულ მალე ზუგდიდში კვლავ სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ერთადერთი, რაც ფაცაციას შეეძლო გაეკეთებინა, იყო სოფელ-სოფელ სიარული და შეძლებისდაგვარად ხალხის დამშვიდება «მხედრიონის» თარეშის პირობებში. მაგრამ «დარჩელის ტრაგედიის» თავიდან აცილება ვერც მან შეძლო.
    სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ ოთარ ფაცაცია საპარლამენტო ოპოზიციის ძირითად სამიზნედ იქცა. «ლიბერალები» დარწმუნებულნი იყვნენ: დასავლეთი ფინანსურ დახმარებას არ გვიწევს, ვინაიდან «ისინი ფულს ფაცაციას ვერ გამოუგზავნიან». საქმე მხოლოდ ის არ იყო, რომ (მათი აზრით) იმ ფულს სხვა მიმართულება მიეცემოდა, არამედ ოთარ ფაცაციას რეტროგრადული იმიჯი.
    პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე რესპუბლიკელმა ოთარ ბერიშვილმა ტრიბუნის მარჯვნივ განლაგებული მთავრობის წევრებისაკენ გაიშვირა ხელი და პირდაპირ თქვა: «აი, ისინიც, ბატონებო... მაფია». მას უმალვე ავთანდილ მარგიანი წამოუხტა: «გაეთრიე აქედან!» ფაცაცია უფრო აკადემიურად პასუხობდა: «მეც ხომ შემიძლია, გავიშვირო ხელი მარცხნივ...» (ესე იგი, რესპუბლიკელებისაკენ).
    მიუხედავად ამისა, დიდი ჯახირით და წვალებით ოთარ ფაცაციამ საქმე ბოლომდე (ახალ არჩევნებამდე) მაინც მიიყვანა, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის ცნობილი ბრძანებულების შემდეგ (1991-95 წლებში მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების თაობაზე)  ფაცაციას საკითხი კვლავ წამოიჭრა. ზემოხსენებული ბრძანებულება ძირითადად თენგიზ სიგუას, ზურაბ კერვალიშვილსა და ავთო მარგიანს ეხებოდა, მაგრამ ვერც ოთარ ფაცაციას აუვლიდა გვერდს.
    მკითხველი მიხვდება რასაც ვგულისხმობ თუ ვიტყვი, რომ კერვალიშვილი და მარგიანი მაინც სწორედ ფაცაციამ გადაარჩინა, ვინაიდან «ზუგდიდის დაჯგუფების» ლიდერი ხელშეუხებელი აღმოჩნდა - 1994-95 წლებში გამოცემულ ბრძანებულებათა «კანონიერება-უკანონობის» მიუხედავად.
    მონდომების შემთხვევაში კომპეტენტური კომისია ბევრ «საინტერესოს» იპოვიდა, მაგრამ ფაცაციას ხელყოფა სამეგრელოში შეიძლებოდა «სხვაგვარად აღექვათ», ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მისთვის არ დაეკისრებინა პასუხისმგებლობა «ჯართისა» და «მაზუთის» საქმეებზე. მით უმეტეს, რომ ფაცაციას ხელმოწერა ფორმალურად არსად ფიგურირებდა, ხოლო თურქმენეთთან, გაზის სანაცვლოდ გაფორმებული «ბარტერები» საერთო გადაწყვეტილება იყო და უმაღლესი ინსტანციიდან მომდინარეობდა - რაკი იმ დროს სხვა გზა, გარდა ქუთაისური ჯინსის ასოც დოლარად შეფასებისა, არ ჩანდა.
    ზემოთქმულის გათვალისწინებით, ოთარ ფაცაციას კიდევ ერთხელ მისცეს შანსი «შემრიგებლის» მისია წარმატებით შეასრულოს და იმავდროულად ხელისუფლებაც შემოირიგოს. მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი მას უეჭველად ვიხილავთ დეპუტატთა შორის; სამეგრელოში მას ამ თვალსაზრისით პრობლემა არასდროს ჰქონია და არც ექნება.

მერიდიანი, 16 მარტი, 1998 წ.