«ნულოვანი» ტრაგიკომედია ანუ უკანასკნელი საბჭოთა მითი

«ნულოვანი» ტრაგიკომედია ანუ უკანასკნელი საბჭოთა მითი

      

        ბობოქარი დისკუსია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქონებაში საქართველოს წილის შესახებ, თამამად შეიძლება ჩაითვალოს ახალი ათასწლეულის პირველ მნიშვნელოვან მოვლენად. რომ აღარაფერი ვთქვათ 21-ე საუკუნეზე. თუმცა, ეს დისკუსია უფრო იმაზე მეტყველებს, რომ ახალ ეპოქაში ისევ ძველი პრობლემებით შევდივართ - ქართული საზოგადოება და «პოლიტიკური ბომონდი» მესამე ათასწლეულში, იგივეა, რაც მეორე ათასწლეულში იყო და ამ მძვინვარე დისკუსიის თვალყურის დევნებისას ეჭვიც შეგეპარება, რომ მეოთხე ათასწლეულში შეიცვლება რაიმე.
        კამათში ქართული პოლიტოლოგიური და პოლიტეკონომიკური აზრის ისეთი ტიტანები არიან ჩართულნი, ამ თემაზე წერისა კიდეც შეგეშინდება ადამიანს. თუმცა, ტრაგიკომიკურად გაბუქვის მიუხედავდ, პრობლემა სინამდვილეში ისევე მარტივია, როგორც ორჯერ-ორი. მეორე ათასწლეულის მიწურულს კი, ისევე, როგორც მესამე ათასწლეულის ალიონისას, აგრეთვე მეშვიდე ათასწლეულის შუახანებში, ორჯერ-ორი ოთხად დარჩება.
        ამიტომ, ელემენტარული ლოგიკითაც შესაძლებელია ამ ძალად გართულებული პრობლემის გადაწყვეტა და უეჭველი ჭეშმარიტების დადგენა. თუმცა, ამთავითვე გულდასაწყვეტია, რომ საქართველო მსოფლიო პოლიტეკონომიკური ისტებლიშმენტისათვის საანეკდოტო თემად ვაქციეთ. გადახედეთ რუსულ (აგრეთვე ევროპულ და ამერიკულ) პრესას, ინტერნეტსაიტებს: ყველა, ვინც ამ საკითხებითაა დაინტერესებული, მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც სიცილით იხოცება
        თუმცა, თავდაპირველად ერთი «დოქტრინალური პარადოქსის» შესახებ: მკითხველს ეხსომება, რომ საქართველოს «ეროვნული მოძრაობის» ფუნდამენტური დოქტრინის შესაბამისად, დამოუკიდებელი საქართველო არამც და არამც არ შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, ანუ თვით საბჭოთა კავშირის («წილობრივი») სამართალმემკვიდრე. ამ დოქტრინას იზიარებდა «მოძრაობის» ორივე ფრთა- როგორც «კონგრესისტები», ასევე «ერთადერთი არასაბჭოური მრავალპარტიული არჩევნების» მომხრეები. პირველნი ყოველგვარ «არჩევნებს» (ანუ «საბჭოურ სტრუქტურებში ლეგიტიმურ ინკორპორირებას» - როგორც მიტინგებზე მსჯელობდნენ) სწორედ იმ მოტივით ეწინააღმდეგებოდნენ, რომ ამ გზით საქართველო წარმოჩინდებოდა საბჭოთა კავშირის სამართალმემკივდრე სუბიექტად, მაშინ, როდესაც (მათი აზრით) საქართველო მხოლოდ 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე უნდა ყოფილიყო.
        საბჭოთა კავშირისადმი ფინანსური პრეტენზია შეიძლებოდა განხილულიყო მხოლოდ კონტრიბუციის (ანუ ანექსიისათვის კომპენსაციის) კონტექსტში, რაც, რასაკვირველია, კიდევ უფრო «რეალური» იყო, ვიდრე ამჟამად ყოფილი სსრკ ქონების კუთვნილი წილის ანგარიშში ვენის საბჭოთა საელჩოს შენობის ნახევრის მიღება.
        «ეროვნული მოძრაობის» მეორე ნაწილი (არა მხოლოდ ზვიად გამსახურდია, არამედ ყველა ძალა, ვინც მხარს უჭერდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას) აგრეთვე იზიარებდა ამ დოქტრინას, ოღონდ მიაჩნდა, რომ საქართველო იმ შემთხვევაშიც შეიძლებოდა ქცეულიყო «1918-21 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის» სამართალმემკვიდრედ, თუ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.
        არავის საქართველოში მაშინ აზრადაც არ მოუვიდოდა კრინტი დაეძრა «საბჭოთა კავშირის აქტივების გაყოფის» თაობაზე, ვინაიდან ეს იქნებოდა «საბჭოთა სამართალმემკვიდრეობის» აღიარება. ახლა კი, მიაქციეთ ყურადღება, როგორ თვალსა და ხელს შუა გაქრა ის ეგრეთ წოდებული «დოქტრინა», რომელიც საქართველოსთვის (არა ბალტიის ქვეყნებისთვის, რომელთა დაპყრობა დასავლეთს არასდროს უცვნია, არამედ საქართველოსთვის) იმთავითვე სრული უტოპია იყო.
        დღეს იგი აღარავის ახსოვს - მათ შორის არც მის იმდროინდელ შემოქმედებსა და ადეპტებს: რუსეთმა კი (თუ სერიოზულად მოეკიდება პრობლემას) შეიძლება აქეთ გვისაყვედუროს: აკი თავად იკლავდით თავს «საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეები არა ვართო» - ახლა გაგახსენდათ ყოფილი სსრკ ქონება?
        სხვათა შორის, ბალტიის სახელმწიფოებმა ამიტომაც განაცხადეს თავიდანვე თანხმობა «ნულოვან ვარიანტზე», რაკი არ აღიარებდნენ თავს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ. მართლაც უცნაურია, რომ საქართველოში, «ბობოქარი წლების შემდეგ», ეს წინააღმდეგობა ვერავინ შენიშნა ან (უარესი) როგორ ვერ შენიშნეს, მაგრამ იმასაც ხედავენ, რამდენად აქტუალურია დღეს მათი «იდეები» და ძველი დოქტრინა.
        ახლა, რაც შეეხება თვით «ნულოვან ვარიანტს». გავიხსენოთ, როგორ განვითარდა მოვლენები 1991 წლის შემოდგომიდან (19 აგვისტოს პუტჩის შემდეგ), როდესაც მთელი მსოფლიოსთვის ცხადი გახდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი და უმრისხანესი იმპერიის დაშლა გარდაუვალი იყო.
        დასავლეთს მაშინ მხოლოდ ორი პრობლემა აღელვებდა. პირველი: ატომური იარაღის ბედი და მეორე: მისდამი (დასავლეთისადმი) საბჭოთა ვალების საკითხი. ორივე შემთხვევაში დასავლეთს სურდა სწორედ რუსეთი გამხდარიყო ერთადერთი პასუხისმგებელი სუბიექტი, რათა საქმე მოსკოვთან ჰქონოდა და არა ერთდროულად რამდენიმე სუბიექტთან.
        ამიტომ მან ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რათა «ატომური ღილაკი» მოსკოვის ხელში დარჩენილიყო, ხოლო სტრატეგიული ატომური იარაღი (ისევე, როგორც ტაქტიკური ატომური იარაღი) რუსეთში გაეზიდათ. უკრაინა და ყაზახეთი ცოტა გაჯიუტდნენ, მაგრამ ვაშინგტონიდან ერთი «შეუღრინეს» და უმალვე მიყუჩდნენ.
        იგივე ალგორითმი მუშაობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ვალებთან დაკაშვირებით. ბუნებრივია, რაკი რუსეთმა იკისრა სსრკ ვალების გადახდა - ყოფილი საბოჭთა კავშირის ქონებაც მას დაუმტკიცდა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსიც დაიჩემა - ისევ და ისევ დასავლეთის თანხმობითა და აქტიური მხარდაჭერით.
        პროცესის საილუსტრაციოდ, მოდით თვალი გავადევნოთ, როგორ იქმნებოდა შესაბამისი იურიდიული ბაზა: 1991 წლის 4 დეკემბერს (!) გაფორმდა ხელშეკრულება «სსრკ სახელმწიფო ვალსა და აქტივებთან მიმართებაში სამართალმემკვიდრეობის თაობაზე». ძახილის ნიშანი აქ მართლაც უპრიანია, რათა გავიხსენოთ, რა მარაზმი ტრიალებს ამ დროს თბილისში: პათოლოგიურ-მანიაკალური ურთიერთდაპირისპირება ზენიტს უახლოვდება, სამოქალაქო ომი გარდაუვალია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი მურმან ომანიძე «ბუნკერში ჩამძვრალ» უზენაეს საბჭოს უყვება მოსკოვში გამართული სხდომის შესახებ, რომელსაც ყველა «მოკავშირე რესპუბლიკის» სამთავრობო დელეგაცია დაესწრო.
        ომანიძის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა მუქარამ: «თუ ჭკუით არ იქნებით, კრედიტებს ვეღარ ეღირსებითო» ეს «მკვახე შეძახილი» მოჰყვა ყოფილი «გოსპლანის» მაღალჩინოსნის დაწუწუნებას - ვალების გადავადების თაობაზე.
        მურმან ომანიძის მონაყოლს დიდი გამოხმაურება უზენაეს საბჭოში არ ჰქონია - ბევრად უფრო მეტად აინტერესებდათ, დათანხმებოდა თუ არა გამსახურდია სიგუა-კიტოვანის «კომპრომისს» ეროვნული გვარდიის უზენაესი საბჭოსათვის დაქვემდებარების შესახებ. ამ კომპრომისს ნოდარ ნათაძემ მიაღწია ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ.
        1991 წლის 30 დეკემბერს, როდესაც თბილისში უკვე «გახურებული ომი» იყო, მოსკოვში ხელი მოეწერა დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა შეთანხმებას «საზღვარგარეთ არსებული ყოფილი სსრკ-ს საკუთრების შესახებ». ბუნებრივია, საქართველო ამ შეთანხმებას ვერ შეუერთდებოდა, ვინაიდან სახელმწიფოს სუბიექტი აღარ არსებობდა, ხოლო მურმან ომანიძეზე ხმა დაირხა - ბუნკერში დახვრიტესო. საბედნიეროდ, ჭორი «ოდნვ გადაჭარბებული» აღმოჩნდა.
        1992 წლის 6 ივლისს გაფორმდა შეთანხმება «ყოფილი სსრკ-ს საკუთრების განაწილების შესახებ», რომელსაც საქართველომ ხელი არ მოაწერა, ვინაიდან მაშინ ეს ხელმოწერა შეიძლებოდა ქცეულიყო პოლიტიკურ არგუმენტად სამოქალაქო ომში ჩართული მხარეებისთვის. აქაოდა, «სახელმწიფო საბჭომ საქართველო სსრკ სამართალმემკვიდრედ აღიარაო».
        ვერც იმ დროს და ვერც ვერასდროს იმ ხალხს ვერ შეაგნებინებდი, რომ მსოფლიო საქართველოს აღიარებდა და აღიარებს მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოშობილ სუბიექტად!
        და რაც მთავარია: შეთანხმება «საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის, ყოფილი სსრკ-ს აქტივებისა და საგარეო სახელმწიფო ვალების სამართალმემკვიდრეობის საკითხების რეგულირების შესახებ (ნულოვანი ვარიანტი)».
        როგორ გგონიათ, როდის არის დოკუმენტი ხელმოწერილი? - 1993 წლის 14 სექტემბერს!!! ანუ მაშინ, როცა საქართველოში ძაღლი პატრონს საერთოდ ვეღარ სცნობს, პარლამენტში მოხდა უმწვავესი დაპირისპირება ედუარდ შევარდნაძესა და ჯაბა იოსელიანს შორის, სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა გადადგომის შესახებ, დგას ერთი გნიასი და აყალ-მაყალი, «მხედრიონი» და «გვარდია» «პოზიციებს იკავებენ» სხვადასხვა სართულებზე, ქობალიას რაზმი გარს ერტყმის სენაკს, აფსუა სეპარატისტები ცდილობენ ვითარებით ისარგებლონ, - ბორის პასტუხოვი დაძვრება თბილისსა და სოხუმს შორის და ასე შემდეგ.
        ასეთ პირობებში აბა რა გასაკვირია, თუ პრემიერ-მინისტრ ოთარ ფაცაციას სულ სხვა დოკუმენტი შეუცურეს მაგიდაზე ხელმოსაწერად, რომლიდანაც «აწაპნილი იყო» მუხლები ალმასის ფონდისა და ყოფილ «ვნეშეკონომბანკში» საქართველოს მოქალაქე კონტრაქტორთა ანაბრების შესახებ?
        მას შემდეგ, 7 წლის განმავლობაში, რუსეთი პერიოდულად გვახსენებდა, რომ აუცილებელი იყო შეთანხმების რატიფიცირება, მაგრამ ქართული მხარე ამას თავს არიდებდა და იქცეოდა აბსოლუტურად სწორად. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს შესაძლებელი იყო რაიმე მიგვეღო ყოფილი სსრკ აქტივებიდან. «ნულოვანი ვარიანტი», რომელსაც არანაირი პრაქტიკული (ეკონომიკური) მნიშვნელობა საქართველოსთვის არ ჰქონდა, შეიძლებოდა გამოგვეყენებინა პოლიტიკურ არგუმენტად იმ რთულ თამაშში, რომელიც მიმდინარეობდა ერთი მხრივ რუსეთსა და უკრაინას (თუმცა აღსანიშნავია, რომ უკრაინა მხოლოდ დიპლომატიურ შენობა-ნაგებობათა ნაწილს ითხოვს, როგორც 1945 წლიდან გაეროს წევრი ქვეყანა), ხოლო მეორე მხრივ - რუსეთსა და ეგრეთ წოდებული «კრედიტორთა პარიზის კლუბს» შორის.
        სწორედ «პარიზის კლუბის» ფარგლებში უნდა გადაწყვეტილიყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ვალის «სტრატეგიული რესტრუქტურიზაციის» საკითხი. ამ ვითარებაში საქართველოს შეეძლო გამოეყენებინა «უკანასკნელი არგუმენტი», რათა მიეღწია მაქსიმუმისთვის, რისი მიღწევაც თეორიულად შესაძლებელი იყო: მოეხდინა რუსეთის ვალების თუნდაც რესტრუქტურიზაცია ნულოვანი ვარიანტის რატიფიცირების სანაცვლოდ. ეს არის «ნულოვანი ვარიანტის» მაქსიმალური ფასი! ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ შეიქმნა ურთულესი პოლიტიკური კონფიგურაცია მოსკოვ-პარიზ-ვაშინგტონის სამკუთხედში.
        2000 წლის 6 მაისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აგზავნის ულტიმატუმს - რუსეთი პარიზისა და ლონდონის კლუბებში გააკეთებდა განცხადებას, რომ ვინაიდან საქართველო უარს ამბობს «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირებაზე, რუსეთი იხსნის პასუხისმგებლობას ყოფილი სსრკ ვალების «საქართველოს წილ» 1 მილიარდ 389 მილიონი დოლარის გადახდაზე და დაუყოვნებლივ იწყებს მოლაპარაკებას საქართველოსთან «აქტივების გაყოფაზე».
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველო დაუყოვნებლივ ხდებოდა პასუხისმგებელი დასავლეთისათვის ყოფილი საბოჭთა კავშირის ვალის გადახდაზე, ხოლო სსრკ «აქტივებზე» მოლაპარაკება მხოლოდ დაიწყებოდა, თანაც ვერავინ (იმავე დასავლეთის ჩათვლით) ვერ მისცემდა საქართველოს იმის გარანტიას, რომ «აქტივების» სახით რუსეთი დაგვითმობდა ალმასის ფონდის ნაწილს და არა ანგოლის «სახალხო რესპუბლიკის» ვალებს საბჭოთა კავშირისადმი.
        საეჭვოა, რუსეთისათვის დასავლეთს ომი გამოეცხადებინა იმ მოთხოვნით, რომ მოსკოვს თბილისისთვის რეალური ქონება დაეთმო და არა ფორმალური.
        უბრალოდ სასაცილოა ის არგუმენტიც, რომ «საქართველოს შეეძლო აქტივები 10-20 პროცენტად გაეყიდა». ჯერ ერთი, ეს (თეორიულადაც) შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქტივებს იურიდიულად დავიმტკიცებდით - ამას კი რამდენიმე წელი დასჭირდებოდა მოლაპარაკებათა ოფიციალურად დაწყების შემდეგ.
        მეორე: აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ისარგებლებდა ამ შესაძლებლობით თვით რუსეთი და თავად რატომ არ შეეცდებოდა «მაჯლაჯუნა» საგარეო ვალი (დღეს 40 მილიარდზე მეტი) გაექვითა, თუნდაც ნაწილობრივ, ყოფილი საბოჭთა კავშირისადმი დავალიანებით?
        და მესამე. მოდით, ისევ და ისევ ვიმსჯელოთ ლოგიკურად: დავუშვათ, საქართველოს აქტივი (ყოფილი სსრკ ქონებიდან) შეადგენს 150 დოლარს (პირობითად), ხოლო პასივი - 100 დოლარს. ვთქვათ, საქართველომ იპოვა მყიდველი, რომელიც თანახმაა იყიდოს «მესამე მსოფლიოს ვალები» საქართველოსადმი 10-15 პროცენტად, ანუ 15-20-25 დოლარად. საუკეთესო შემთხვევაში, საქართველოს რჩება 25 დოლარი «აქტივი», მაგრამ პასივს რას ვუშვებით? პასივი ხომ ისევ ის 100 დოლარია?!!!
        ხომ არ ჰგონია ვინმეს, რომ თუკი ლიბიის, ანგოლის, ვიეტნამის, ნიკარაგუას ვალებს 10 პროცენტად გავყიდით, ჩვენი ვალებიც იმავე 10 პროცენტით უნდა გადავიხადოთ? ნურას უკაცრავად! საბჭოთა კავშირის ვალი გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ დიდი ბრიტანეთისადმი სწორედაც 100 პროცენტით გვექნებოდა გადასახდელი, ანუ მთელი 1 389 მილიონი დოლარი.
        გაუგებარია, აგრეთვე, რატომ დაგვეთანხმება რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქონებიდან ლიკიდური ქონების გადმოცემაზე მაშინ, როდესაც შეუძლია შემოგვაჩეჩოს სრულიად არალიკვიდური აქტივი - ჩრდილოეთ კორეისა და ლიბიის არაბთა ჯამახირიის ვალი «საბჭოთა კავშირისადმი»? ფორმალურად ხომ ორივე «აქტივია»?
        სწორედ ამ მიზეზით, 2000 წლის ივნისში, უკრაინა-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებისას, უკრაინის მხარემ შესთავაზა რუსეთის ფედერაციას, რომ უარს იტყვის კუთვნილ 16,37 პროცენტ წილზე (აბა დავითვალოთ, რამდენი მილიარდია?) იმ პირობით, თუ რუსეთი დაუთმობს უკრაინას ყოფილი სსრკ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა შენობების ნაწილს მსოფლიოს 36 ქვეყანაში.
        კი შესთავაზა, მაგრამ ცივი უარი მიიღო და «ყურებზე ხახვიც ვერ დააჭრა».
        გეკითხებით: ამ ბერკეტის გამოყენებით, რუსეთისათვის საზღვარგარეთ (ვთქვათ, «ჟენევაში ჩივილით») სერიოზული პრობლემების შექმნა რომ შეიძლებოდეს, ამას საქართველო მოახერხებს და უკრაინა ვერ მოახერხებდა? - უკრაინა, რომელსაც გვერდში დაუდგებოდნენ პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის სახელმწიფოები.?
        და მიანც, თუ ასეა, კვლავ უნდა ვუპასუხოთ არანაკლებ ლოგიკურ კითხვას, რატომ ცდილობს რუსეთი, აიძულოს საქართველო «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირება მოახდინოს, თუ ეს ამდენად მნიშვნელოვანია მისთვის და პირიქით, შეუძლია სსრკ ვალის ნაწილი ჩვენ (და უკრაინას) გადმოგვაკისროს, სანაცვლოდ კი ლაოსისა და მონღოლეთის ვალი («აქტივი») შემოგვაჩეჩოს? - იმიტომ, რომ რუსეთისთვისაც ეს პოლიტიკური არგუმენტი უფროა, ვიდრე ეკონომიკური.
        ოღონდ, მიაქციეთ ყურადღება: «ნულოვანი ვარიანტის» რეალური მნიშვნელობა (ნებისმიერი თვალსაზრისით), იქიდან ჩანს, თუ რისი გადახდისთვის არის მზად რუსეთი, ანუ «რას აფასებს» თავად ამ დათმობას და რის გადახდაზე ამბობს მტკიცე უარს.
        ჩვენში ძალიან უკვირთ: 6 მილიარდი დოლარის ნაცვლად 179 მილიონი დოლარის ჩამოწერაზე მაინც რატომ ვერ დავითანხმეთო. ვერ დავითანხმეთ ბატონებო და ვერც დავითანხმებთ, იმიტომ, რომ ეს ყბადაღებული 6 მილიარდი დოლარი სინამდვილეში არის საპნის ბუშტი, რომელიც «ღირს» არა 179 მილიონი დოლარი, არამედ ის ფასი, რასაც რუსეთი გვიხდის, ანუ ვალის 1-2 წლით გადავადება (რესტრუქტურიზაცია).
        პრობლემა აქ ის კი არ არის, თითქოს საქართველომ «ცუდად აწარმოა მოლაპარაკება რუსეთთან» (უკრაინამაც ცუდად აწარმოა?), არამედ გასაყიდი საქონლის რეალური ფასი.
        ჩვენ ვყიდდით არა 6 მილიარდ 666 მილიონ დოლარს (ღმერთო გვიშველე, სატანური ციფრია!) არამედ მცირე პოლიტიკურ არგუმენტს რუსეთსა და «პარიზის კლუბს» შორის მიმდინარე დისკუსიაში.
        არ ღირს ბატონებო იგი მეტი - არ ღირს და ვინ გადაგვიხდის მეტს?
        უკრაინასაც უნდოდა «მეტი» მიეღო კუთვნილი 16,37 პროცენტი წილის სანაცვლოდ, მაგრამ მხოლოდ ის «მიიღო», რომ მინსკის სამიტზე პუტინმა აიძულა უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, სახელმწიფო ვალად ეღიარებინა უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში რუსეთ- ევროპის გაზსადენიდან მოპარული ბუნებრივი აირის საფასური.
        ფასს აღარ იკითხავთ? - 80 დოლარი 1000 კუბური მეტრისთვის! ცნობისთვის: იტერა ამჟამად 53 დოლარად გვაწვდის 1000 კუბმეტრს და ესეც უსშაველო ფასად გვეჩვენება.
        ამრიგად, «ნულოვანი ვარიანტი» ვალების რესტრუქტურიზების სანაცვლოდ, არის ადეკვატური ფასი პოსტსაბჭოური ქიმერისათვის.
        კვლავ მიაქციეთ ყურადღება: რუსეთმა (ბოლო დროს თვლა რუსებმაც ისწავლეს) 2000 წელს გადასახდელი 22 მილიონი დოლარიც კი არ გვაპატია, ანუ ხსენებული ქიმერისათვის ესეც «მეტისმეტ ფასად» მიიჩნია. ამიტომ, 2000 წლის 17 აპრილს, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ სპეციალური წერილით შეახსენა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ საქართველო ვალდებული იყო ვალის ძირითადი თანხის ანგარიშში დაეფარა 22 მილიონ 400 ათასი დოლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს დაერიცხებოდა წლიური საურავი 4,5 პროეცნტი და ქვეყანა გამოცხადდებოდა «კროს-დეფოლტად».
        არ დაიჯეროთ, რომ ასეთ შემთხვევაში ვინმე დაძრავდა კრინტს საქართველოს დასაცავად. თანამედროვე მსოფლიო ეფუძნება მკაცრ კანონს: ვალი უნდა გადაიხადო! წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარ გაკოტრებული სახელმწიფო, რომელსაც ექცევიან ისე, როგორც ექცევიან «ციხეზე» იმ პატიმარს, ვინც ფულს წააგებს და «არ ჩააბარებს».
        კიდევ კარგი, ეს «22 მილიონი» დროულად გადაირიცხა და სავალუტო ფონდმა საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინა, რაც მსოფლიო ბანკის ტრანშეებსაც უხსნის გზას ჩვენი ბიუჯეტისკენ.
        თანაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ ვითარებაში, როდესაც პარიზის კრედიტორთა კლუბში რუსეთის წარმომადგენელს ჯერ არ განუცხადებია ოფიციალური თანხმობა საქართველოს 158-მილიონიანი ვალის რესტურქტურიზაციაზე. მაგრამ არ გეგონოთ, ფონდი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. თბილისს ის 22,4 მილიონი დოლარი რომ არ გადაეხადა, ჩვენს საკითხს არც კი განიხილავდნენ. დაკმაყოფილდებოდნენ არგენტინის საკითხის განხილვითა და მთლიანობაში 22 მილიარდი დოლარის გამოყოფით.
        ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ რუსეთმა ვალის რესტრუქტურიზაციაზე ჯერ ოფიციალურად თანხმობა არ განაცხადა. რატომ გვგონია, რომ რუსები იდიოტები არიან და ჩვენ ვართ მხოლოდ გენიოსები? «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირება ჯერ რეალურად არ მომხდარა - მოხდება თუ არა, კაცმა არ იცის, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ნამდვილად შეეცდება გაჯიუტებული კოლეგები დაარწმუნოს ამ ნაბიჯის გარდაუვალობაში, თორემ რუსეთისათვის 2001 წელს უკვე ლამის ორჯერ მეტი თანხა გვექნება გადასახდელი - თანაც ბიუჯეტში გათვალისწინებულზე მეტად, რამაც სავალუტო ფონდის პროგრამა შეიძლება შეაჩეროს.
        არც ვაშინგტონში სხედან იდიოტები სსფ-ის ტრანშებიც ნაწილ-ნაწილ მოდის და შესაბამის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე 1 დოლარს ვერ მოკიდებ ხელს. ისიც აღსანიშნავია, რომ «რესტრუქტურიზაციის თაობაზე» რუსეთთან ამჟამად მოქმედი ხელშეკრულება საშინლად კაბალურია: მცირე გადაცდომის შემთხვევაში რუსეთს აქვს უფლება მოითხოვოს ამჟამად დარჩენილი ვალის (158 მილიონი დოლარი) ერთბაშად გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში - «დეფოლტი», ანუ «გაფუჭება».
        ამასთანავე, 2001 წლის ბიუჯეტს დამოკლეს მახვილად ჰკიდია თავზე 550 მილიონი ლარის გადახდის საშიშროება. მაშინ, როდესაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1 მილიარდ ლარს ძლივს აღემატება.
        ერთი სიტყვით, «ნულოვანი ვარიანტის» მიღება, თუნდაც «რესტრუქტურიზაციის» სანაცვლოდ, სრულიად გარდაუვალია. ყოველ შემთხვევაში, თუ ლოგიკური და მიზანშეწონილი პოლიტიკის კალაპოტში დავრჩებით. არადა, მთელი ეს ისტერია სწორედ უახლესი ისტორიის ჭრილშია ძალზე ნიშანდობლივი. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 8 წლის შემდეგ ვიწყებთ გააფთრებულ ბრძოლას, რათა ვიქცეთ საბჭოთა კავშირის იურიდიულ სამართალმემკვიდრედ!!!
        ასეთ შემთხვევაში, ეგება სჯობდა, თავიდანვე სხვა დოქტრინა გვქონოდა, რათა ამჯერად ორაზროვან მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავით?
        გარდა ამისა, საქართველოს უბედურებაა (რაც «ნულოვანი ვარიანტის» თაობაზე ატეხილმა გნიასმა ნათლად წარმოაჩინა), რომ ჩვენი პოლიტიკა მეტისმეტად არის დამოკიდებული ე.წ. «საზოგადოებრივ აზრზე».
        ნებისმიერი გადაწყვეტილება იმდენად «რეზონანსულია», ლამის ყველა მკაფიო გადაწყვეტილების შემდეგაც ქვეყანა ფსიქოლოგიურად სამოქალაქო ომის წინაშე დგება, ხოლო ხელისუფლებას არა აქვს საშუალება გაატაროს კონცენტრირებული პოლიტიკა, მითებისა და ქიმერებისაგან დამოუკიდებლად.

დილის გაზეთი, 15 იანვარი, 2001 წელი