ნოემბრის შიმშილობა

ნოემბრის შიმშილობა - ეროვნული მოძრაობა

ნოემბრის შიმშილობა

მიტინგებითა და დემონსტრაციებით შეშინებულმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ (ფორმალურად, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა) გამოსცა ბრძანებულება «კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობებისა და დემონსტრაციების შესახებ». ბრძანებულება არა მხოლოდ მიტინგებსა და დემონსტრაციებს კრძალავდა, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში (მათ შორის სამეცნიერო ინსტიტუტებსა და უმაღლეს სასწავლებლებში) შეკრებათა რეგლამენტსაც აწესებდა.
    როგორც ჩანს, ჯუმბერ პატიაშვილი ვერ მიხვდა, რა პროცესი დაიწყო საქართველოში და როგორ უნდა მოქცეულიყო ახალ პირობებში, - რაც საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა. მან უბრალოდ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა.
    სხვა საქმეა, ჯუმბერ პატიაშვილს რომ მართლა ჰქონოდა ნება, არ დაეშვა მოვლენათა განვითარება იმ გზით, რომელიც მას დამღუპველად მიაჩნდა, მაგრამ მას არც ნება აღმოაჩნდა და არც ელემენტარული წინასწარჭვრეტის უნარი, რათა საქმე საბედისწერო 9 აპრილამდე არ მიეყვანა და ასე ადვილად არ ჩააებარებინა ფაქტობრივი ხელისუფლება უზნეო და უტვინო ბიჭ-ბუჭებისათვის.
   

    1988 წლის 5 ნოემბერს, ხელისუფლების მიერ სანქცირებულ ადგილას, იპოდრომზე, «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» ინიციატივით მიტინგი გაიმართა. მასში 2 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
    ეს არ იყო პირველი მიტინგი იპოდრომზე ამ ორგანიზაციის ეგიდით. რამდენიმე თვით ადრე «ჭავჭავაძის საზოგადოებამ» იქვე ჩაატარა არასანქცირებული მიტინგი და იგი, ძირითადად, ქვემო ქართლში ქართველი ქალის «გაუპატიურების ფაქტს» მიუძღვნა. მომიტინგეები ამტკიცებდნენ, რომ ქალი აზერბაიჯანელმა გააუპატიურა. ამ კრიმინალურ შემთხვევას ლამის ეროვნული ტრაგედიის ელფერი მიეცა. ხელისუფლებამ «კონტრპროპაგანდისტული» ზომები მიიღო - საქართველოს ტელევიზიით გამოვიდა უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი, რომელმაც დაახლოებით ასეთი რამ თქვა: «ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იმ ქალს ის კაცი შეპირებული ჰყავდა და ძალადობას ადგილი არ ჰქონიაო». ეს ისტორია იმთავითვე მეტყველებს პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის რა დონე იყო საქართველოში და რა ფონზე ვითარდებოდა მასობრივი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოძრაობა.
    საბედნიეროდ, «ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში» გონიერი ადამიანებიც იყვნენ. ისინი სულ მალე მიხვდნენ, რომ ამგვარი სულელური აქციებით და კრიმინალური ფაქტებისათვის პოლიტიკური ელფერის მიცემით ჩანასახშივე მოახდენდნენ ახლადდაწყებული მოძრაობის დისკრედიტაციას. ამიტომ, 5 ნოემბრის მიტინგზე, «ქვემო ქართლში ქართველი ქალების გაუპატიურების» თემა არავის გახსენებია. საუბარი ძირითადად შეეხებოდა საქართველოში ეკლესიების მშენებლობას, «იმპერიულ არმიაში» ქართველების წამებას და ა.შ.
    აქვე უნდა ითქვას, რომ «საბჭოთა არმიაში ქართველების წამების» თემას სიყალბისა და არაკომპეტენტურობის ელფერი დაჰკრავდა. ვისაც საბჭოთა არმიაში უმსახურია, უეჭველად დამეთანხმება: დაჩაგრული ქართველი იქ დიდი იშვიათობა იყო. პირიქით, ქართველები (ჩეჩნებთან და სხვა ჩრდილოკავკასიელებთან ერთად) თავად იყვნენ სხვისი მჩაგვრელები. «სტროიბატებში» (ანუ სამშენებლო ჯარებში, სადაც ძირითადად მსახურობდნენ ქართველები) ისინი არაფერს აკეთებდნენ. რუსი, უზბეკი და «ჩუჩმეკი» ჯარისკაცები ქართველების ნაცვლად მუშაობდნენ. ქართველები კი უმრავლეს შემთხვევაში ან სერჟანტები იყვნენ, ან «კაჩეგარიაში» ეწყობოდნენ, ან სხვა «თბილ ადგილებში». სხვა საქმეა, რომ ქართველები თავად «ჭამდნენ ერთმანეთს». ყველაზე ხშირად კონფლიქტი ქართველს სწორედ ქართველთან მოსდიოდა.
    მიტინგებზე კი «არაფორმალები» ავრცელებდნენ ფოტოსურათს, რომელზეც ასახული იყო შემდეგი სცენა: ორი «რუსი» (იქნებ სხვა ეროვნებისა? -ავტ.) ჯარისკაცი თავზე ადგას და სიცილით კისერზე ავტომატს აბჯენს დაჩოქილ ქართველ ახალგაზრდას. თუ ამგვარი ფაქტი მართლა მოხდა, ეს იყო უიშვიათესი შემთხვევა, მაგრამ ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე სწორედ ეს ფაქტი იქცა «ფსიქოლოგიურ დომინანტად», ვინაიდან, «ლიდერთა» აზრით, იგი სიმბოლურად გამოხატავდა საქართველოს დაჩაგრულ მდგომარეობას.
    იმ პერიოდში მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ფაქტორად იქცა ის გარემოება, რომ «ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში» გაწევრიანდა «ელიტარული ინტელიგენციის» ზოგიერთი წარმომადგენელი (მაგალითად ოთარ მეღვინეთუხუცესი), ანუ ორგანიზაცია გარკვეულ სოციალურ დასაყრდენს იძენდა.
   

    11-12 ნოემბრისათვის იპოდრომზე დაიგეგმა «გრანდიოზული აქცია». მას მთლიანად უნდა «შეეძრა» საქართველო - ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებდნენ თავად «არაფორმალები».
    მართლაც, იპოდრომზე დილიდანვე იწყო ხალხმა შეკრება. მიტინგი უნდა გამართულიყო იპოდრომის სიღრმეში არსებული რესტორნის მიმდებარე პატარა მოედანზე. ორატორები ამ რესტორნის აივანზე დგებოდნენ ხოლმე. მეგაფონებს ორივე მხარეს ჭიმავდნენ, რაც კარგ სმენადობას ქმნიდა. მიტინგის დაწყების ზუსტი დრო არავინ იცოდა. 5000-მდე ადამიანი ერთი საათის განმავლობაში ამაოდ ელოდა აქციის დაწყებას. თუმცა არავინ დრტვინავდა. იპოდრომის მთავარი შემოსასვლელიდან კი ახალ-ახალი კოლონები მოედინებოდნენ. აივანზე ასასვლელთან ორი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მილიციელი (თუ უშიშროების თანამშრომელი) იდგა და რესტორნის აივანზე არავის უშვებდა.
    მოულოდნელად, კიბესთან აქოშინებული ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა. მან ხალხის ყურადღება ხმამაღალი შეძახილით მიიპყრო. ახალგაზრდამ განაცხადა, რომ სწორედ იმ დროს, უნივერსიტეტთან უამრავი ხალხი შეკრებილიყო (იქ მიტინგი იწყებოდა) და მოუწოდა ყველას, «მრისხანე მსვლელობით» უნივერსიტეტისაკენ დაძრულიყვნენ.
    ხალხმა ერთი «იგრიალა» და იპოდრომის გასასვლელისაკენ შეტრიალდა. ბევრმა გზა შეიმოკლა, ღობეს გადაევლო და. . . .მრავალათასიან კოლონას შეეჩეხა, - იგი უნივერსიტეტიდან დაძრულიყო, გაევლო მთელი ჭავაჭავაძის პროსპექტი და ვაკე-საბურთალოს გადასასვლელს აღწევდა. დემონსტრაციას გია ჭანტურია მოუძღოდა - მას მკლავში საქაღალდე ამოეჩარა და მტკიცედ მოაბიჯებდა. იქვე იყვნენ მერაბ კოსტავა და სხვა «ლიდერები».
    უზარმაზარმა კოლონამ მთავარი შესასვლელიდან შეაღწია იპოდრომზე. იქვე, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბიდან, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები ინტერესით შესცქეროდნენ მანამდე არნახულ, განსაცვიფრებელ სანახაობას. რა თქმა უნდა, აქტიურად მუშაობდა კრემლის ყველა სპეცსამსახური - ინფორმაცია ერთდროულად რამდენიმე არხით (гру, საქართველოს უშიშროება, „ცკ“-ს მეორე მდივნის აპარატი, ავტონომიათა ხელისუფლება და ა.შ.) მიდიოდა მოსკოვში.
    როგორც კი მანიფესტაციამ რესტორნამდე მიაღწია, უმალვე ცხადი გახდა, რომ მიმდებარე მცირე მოედანი ამ ზღვა ხალხს (დაახლოებით 40 ათას ადამიანს) ვერაფრით დაიტევდა. ორგანიზატორებმა მათ მოუწოდეს გადაეხვიათ მარცხნივ - იპოდრომის ტრიბუნებისკენ.
    უზარმაზარმა მასამ ტრიბუნები მთლიანად შეავსო. საიდანღაც გაჩნდა ორი მანქანა ხმის გამაძლიერებლებით. როგორც სჩანს, ხელისუფლებამ «ლიდერებს» სთხოვა, უნივერსიტეტიდან იპოდრომზე გადაენაცვლად და სამაგიეროდ ყველა პირობის შექმნას შეჰპირდა.
    გია ჭანტურიამ დამსწრეთ ამცნო, რომ იმ დღეს მთელს საბჭოთა კავშირში ტარდებოდა საპროტესტო აქციები : «ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბალტიისპირეთში მასობრივი აქციები ეწყობა, დემონსტრაციებია უკრაინაში, მოსკოვი გამოვიდა!» - ამ ცნობას დამსწრე საზოგადოება მქუხარე ოვაციით შეხვდა.
    ფრიალებდნენ შინდისფერი დროშები, დემონსტრანტებს გამოეტანათ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და სხვა დიდ მამულიშვილთა სურათები. აგრეთვე საეკლესიო და სალაშქრო ალმები, ჯვრები და სხვა.
    გია ჭანტურიამ და ირაკლი წერეთელმა წაიკითხეს საქართველოს «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» წესდება და პროგრამა. ირაკლი წერეთელი იმ დროს ჯერ კიდევ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. ისმოდა: «გაუმარ-ჯოს!», «გაუმარ-ჯოს!» - არ ვარგა, გაუმააააააააარ - ჯოოოს!!!» აღარავის ეშინოდა ლოზუნგისა «გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!».
    ვიღაცამ შემოიტანა პატარა პლაკატი წარწერით: «აჭარა-საქართველოა!». ამ პლაკატს დამსწრენი ფეხზე ადგომითა და მქუხარე ოვაციით შეეგებნენ.
    თემურ ქორიძემ, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ლურჯ მონასტერთან მილიციელებმა სცემეს ჯუმბერ პატიაშვილის უშვერი სიტყვებით გინებისთვის, მიტინგზე განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან შემდეგ ბოდიში მოიხადა პატიაშვილის შეურაცყოფისათვის, - სიმართლეს «არ შეეფერება»: «სიტყვა «ბოდიში» არც ჩემი ხელიდან, არც ჩემი პირიდან არ გამოსულა.»
    მერაბ კოსტავამ ქართველებს მოუწოდა (მიაქციეთ ყურადღება, - იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ მიტინგზე შეიძლება მხოლოდ ქართველები მოსულიყვნენ - ავტ) შეეტიათ ქვემო ქართლისაკენ: «ჩვენ უნდა შევუტიოთ მათ ჩვენი გეორგიელებით, ჩვენი მიწათმოქმედებით..!»
    ზვიად გამსახურდია: «შეწყდეს სამხრეთ საქართველოს არმენიზაცია! შეწყდეს აფხაზეთში ქართველების დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ მასობრივ მანიფესტაციებს აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით!!!» (მქუხარე ოვაცია).
    იპოდრომის ცალკე ტრიბუნაზე ამ დროს იმყოფებოდა საქართველოს მთელი კომუნისტური ხელისუფლება ჯუმბერ პატიაშვილის გარდა.
    ორი საათის შემდეგ მიტინგმა დაშლა იწყო. «არაფორმალებმა» სერიოზული გამარჯვება მოიპოვეს - ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია მანამდე არ ჩატარებულა საქართველოში.

    მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდებოდა საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. 11-12 ნოემბერს ბალტიისპირეთში მართლაც გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქციები. ისინი (განსაკუთრებით ლიტვაში) სსრკ შინაგან ჯარებთან შეტაკებაში გადაიზარდა. «არეულობები» დაიწყო დასავლეთ უკრაინასა და მოლდოვაში. აზერბაიჯანსა და სომხეთში კი მდგომარეობა საერთოდ უმართავი ხდებოდა.
    მიხეილ გორბაჩოვმა პირველი ნაბიჯი გადადგა საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივი სისტემის რეფორმირებისაკენ. მისი ინივიატივით მომზადდა ცვლილებები საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში. ამ ცვლილებათა თანახმად, უნდა მომხდარიყო სახელმწიფო მმართველობის ფორმალური დემოკრატიზაცია. სამაგიეროდ, კონსტიტუციიდან ქრებოდა მუხლი «საბჭოთა კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლის უფლების შესახებ». უფრო ზუსტად, ახალი რედაქციით, საკითხი საბჭოთა კავშირის სათანადო უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების გადასაწყვეტი ხდებოდა, რაც ფიქციად აქცევდა სსრკ კონსტიტუციის შესაბამის მუხლს («საბჭოთა კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლა»).
    როგორც მოსალოდნელი იყო, პროექტს საქართველოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ხელისუფლება შეეცადა განხილვისათვის აკადემიური ხასიათი მიეცა, მაგრამ ამაოდ - «არაფორმალებმა» მთავარი აქციის დაწყება გადაწყვიტეს. თუმცა «კონსტიტუციური ცვლილებები» რასაკვირველია მხოლოდ საბაბი იყო.
    23 ნოემბერს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს (ამჟამინდელი პარლამენტის) შენობასთან „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ინიციატივით დაიწყო შიმშილობის აქცია - ასეთი მასშტაბის პირველი საპროტესტო შიმშილობა საქართველოში. ძირითადი მოთხოვნა იყო მოკავშირე რესპუბლიკების საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლების შენარჩუნება კონსტიტუციაში. „ედპ“-ს უმალვე შეუერთდა ირაკლი შენგელაიას «ეროვნული სამართლიანობის კავშირი». მეორე დღეს კი, სტუდენტები და უფროსკლასელი მოსწავლეები პირველი საშუალო სკოლიდან. ღამე სტუდენტებმა სანთლები დაანთეს. მისტიური სურათი იყო: პირველად, საბჭოთა საქართველოს ისტორიაში, - შიმშილობა მთავრობის სახლის წინ სანთლის შუქზე.
    ნოემბრის მიწურული გახლდათ, ამიტომ საკმაოდ ციოდა. შიმშილობას გამოცდილი ალპინისტები შეუერთდნენ და მთავრობის სახლთან კარვები გაიშალა. თუმცა, უმრავლესობას ღია ცის ქვეშ ეძინა. თითქმის ყოველდღე იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები. რუსთაველის გამზირი ჩაიკეტა ავტომანქანებისათვის. მეოთხე დღეს უკვე ოთხასამდე ადამიანი შიმშილობდა. აქციის მთავარი ორგანიზატორი გია ჭანტურიას პარტია იყო. მას შეუერთდნენ სხვა «ლიდერებიც»: ირაკლი წერეთელი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი ბათიაშვილი. ძალზე იშვიათად ჩანდნენ თამრიკო ჩხეიძე და ზურაბ ჭავჭავაძე - განხეთქილება უკვე აშკარა და შეურიგებელი ხდებოდა. მეუღლესთან ერთად შიმშილობდა ირინა სარიშვილიც.
    შიმშილობის პარალელურად, თბილისში თანდათანობით ვითარდებოდა ისტერიული განწყობა.
    უნივერსიტეტში ჩატარდა სხდომა, რომელსაც საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ (რეზო თაბუკაშვილი, რეზო ჩხეიძე და სხვები). ძირითადი თემა იყო თბილისში მიმდინარე აქცია და მოსკოვში დაგეგმილი სსრკ უმაღლესი საბჭოს სესია, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, შეიტანდნენ თუ არა ცვლილებებს კონსტიტუციაში.
    უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეკრებილი საზოგადოების ინტელექტუალურ დონეზე თუნდაც ერთი ფაქტი მეტყველებს: სავსებით სერიოზულად მსჯელობდნენ იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა კრებას უფლებამოსილება, თავისი წარმომადგენლები მიევლინა სსრკ უმაღლესი საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსასვლელად ნაცვლად ხსენებული დეპუტატებისა. არადა იმ კრებას რისი უფლებამოსილება უნდა ჰქონოდა?
    გიგა ლორთქიფანიძემ დამსწრეთ ამცნო: «მეზობელ აზერბაიჯანში ღია ბრძოლები მიმდინარეობს ჯარებსა და აზერბაიჯანის სოფლის მოსახლეობას შორის. მოგიწოდებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჯარი თბილისში არ შემოიყვანონ.»
    ამ დროს სააქტო დარბაზში ვიღაც შემოვარდა და შესძახა, მთავრობის სასახლის სახურავიდან დროშა ჩამოაგდესო. მართლაც, მიტინგის მსვლელობისას უცნობი ახალგაზრდა აიპარა შენობის სახურავზე და ჩამოაგდო საქართველოს სსრ დროშა. მას იქვე (თუმცა დაგვიანებით) მისწვდნენ მილიციელები. დროშის ჩამოგდებამ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. მიტინგის მონაწილეები დიდხანს არ ცხრებოდნენ და არ სწყვეტდნენ ოვაციას. თუმცა, გია ჭანტურიამ ეს საქციელი არ მოიწონა: «ჟესტი შეიძლება ლამაზი იყო, მაგრამ ეს ჩვენი მეთოდი არ არის». დროშა ერთ-ერთ ქანდაკებას ჩამოეკიდა და მომიტინგეებმა ჩამოიღეს მილიციელების დახმარებით.
    საერთოდ «ნოემბრის შიმშილობის» დროს ბევრი რამ ხდებოდა საინტერესო. მაგალითად, პოლიტიკით აქტიურად დაინტერესებული ქალბატონები შემდგომ აღშფოთებას ვერ მალავდნენ: «სპეცსამსახურები ხმებს ავრცელებენ, თითქოს ღამით ერთ-ერთმა მოშიმშილე წყვილმა იქვე თავი ვერ შეიკავაო». არადა ამ ფაქტს სრულიად დამოუკიდებელი წყაროებიც ადასტურებენ. ალბათ მომავალში გამოჩნდება მწერალი, რომელიც პოეტურად აღწერს ამ ეპიზოდს, როგორც «თავისუფლებისაკენ სწრაფვის უმშვენიერეს სიმბოლურ გამოხატულებას».
    ჯერ-ჯერობით ასეთი მწერალი არ გამოჩნდა. თქვენი მონა-მორჩილი კი ესოდენ მაღალმხატვრულ თემას ვერ შეჰბედავს - საამისო ნიჭი უფალმა არ მომმადლა. ამიტომ მეშინია, მაღალმხატვრული, პოეტურად წმიდა და სუფთა, მაღალი სულიერების გამომხატველი სურათის ნაცვლად სხვა რამე არ გამომივიდეს.
   

    აქციის მეოთხე დღეს «კინოს სახლში» გაიმართა სახალხო ფრონტის დამფუძნებელი კრება, რომელმაც ტრაგიკომიკური ხასიათი შეიძინა. ქართული «სახალხო ფრონტი» ესტონური ანალოგის წამხედურობით იქმნებოდა. ინიციატორები იყვნენ ნოდარ ნათაძე და ნოდარ წულეისკირი. კრებას ესწრებოდნენ «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენლები.
    მიუხედავად იმისა, რომ «ფრონტის» ჩამოყალიბების იდეას თითქოს ყველა ეთანხმებოდა, როგორც მოსალოდნელი იყო, თავყრილობა სულ მალე გადაიზარდა აყალ-მაყალსა და ლანძღვა-გინებაში.
    ერთ-ერთმა მოშიმშილე ახალგაზრდამ ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა, რომ ისინი ჩაითრიეს შიმშილობაში და არ იციან ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვიდნენ. მოშიმშილეს განცხადებას დიდი აურზაური მოჰყვა. განსაკუთრებით იზა ორჯონიკიძე ბობოქრობდა, - იგი ყოველთვის მოუწოდებდა «არაფორმალებს», ანუ «მოძრაობის» ლიდერებს, ზომიერებისა და ნაკლები რადიკალიზმისაკენ.
    ორივე ნოდარი ცდილობდა იზა ორჯონიკიძისათვის სიტყვა შეეწყვეტინებინა. მან დამსწრეთ მიმართა: «მომეხმარეთ!». ხსენებულმა მოშიმშილემ და კიდევ რამდენიმე ხელიხელგადაჭდობილმა ახალგაზრდამ იზა ორჯონიკიძის გარშემო წრე შეჰკრეს. დარბაზში იდგა ერთი გნიასი და ღრიანცელი. რეზო ესაძემ რეზო თაბუკაშვილს სთხოვა კრება წაეყვანა. მთელ ამ მარაზმს აშკარა ზიზღით შესცქეროდნენ ბალტიისპირელი სტუმრები.
    ბოლოს, ხანგრძლივი ყაყანისა და გაწევ-გამოწევის შემდეგ, «სახალხო ფრონტი» დაფუძნებულად გამოაცხადეს, მაგრამ ვაი ასეთ დაფუძნებას!
    იზა ორჯონიკიძე და კრების სხვა მონაწილენი ფეხით გაემართნენ მთავრობის სასახლესთან მიმდინარე მიტინგისაკენ (რუსთაველის გამზირი ამ დროს დაკეტილია ავტომანქანებისათვის), სადაც უკვე შეეტყოთ «კინოს სახლში» ჩატარებული კრების შედეგები და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ «წითელ ინტელიგენციას».
   

    ნოემბრის შიმშილობამ სერიოზული ზეგავლენა მოახდინა საბჭოთა კავშირში კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობაზე - ეს იყო მართლაც უპრეცედენტო მოვლენა საბჭოთა კავშირის მასშტაბით. გორბაჩოვი შემდგომ გართულებებს მოერიდა და გარკვეულ დათმობებზე წავიდა ანუ ქართველთა რადიკალიზმით სხვებმაც მოიგეს (ვისაც მოსკოვის გაღიზიანება აზრადაც არ მოსვლია), მაგრამ ჩვენთვის მადლობა, რასაკვირველია, არავის უთქვამს.
    ცვლილებები კონსტიტუციაში მაინც შეიტანეს, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დამატებით: სსრკ უმაღლესი საბჭოს გამგებლობას მიეკუთვნა მხოლოდ ის საკითხები, რაც საბჭოთა კავშირის უმაღლესი მმართველობითი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნებოდა იმავე კონსტიტუციით. ანუ «მოკავშირე რესპუბლიკებმა» ფორმალურად შეინარჩუნეს «გასვლის» უფლება.
    აქცია ექვს დღეს გაგრძელდა: 23 ნოემბრიდან - 29 ნოემბრამდე. ტელევიზია განუწყვეტლივ უჩვენებდა ვიდეოფილმებსა და სხვა გასართობ პროგრამებს - «როგორც აღდგომის ღამეს». თუმცა, მოშიმშილეებმა ტელევიზორიც გამორთეს: «რა დროს გართობააო».
    ამასობაში ესტონეთის უმაღლესმა საბჭომ (აშკარად თბილისის აქციას დაამთხვია, - იგი ხომ უფრო ხმაურიანი და თვალშისაცემი იყო) მიიღო სენსაციური დადგენილება «ესტონეთის სუვერენიტეტის შესახებ».
    ჯუმბერ პატიაშვილმაც «რადიკალურ გადაწყვეტილებას» მიაგნო: საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ უარყო ცვლილებები სსრკ კონსტიტუციაში და კატეგორიულად მოითხოვა ხსენებული მუხლის უცვლელად შენარჩუნება. შემდგომ ნუგზარ ფოფხაძე ამბობდა: მოსკოვში გვითხრეს, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ესტონეთსაც კი არ მიუღიაო.
    პატიაშვილს, როგორც ჩანს ეგონა, «ხალხი და არაფორმალები» ამას დაუფასებდნენ, მაგრამ შედეგად ვერც «ამათი» გული მოიგო და მოსკოვიც ძალზე გააღიზიანა.
    შიმშილობის ბოლო ღამეს სანაპიროზე ტანკები გამოჩნდნენ. ეს იგორ როდიონოვის (ЗАКВО-ს სარდლის) უკანასკნელი გაფრთხილება იყო. გია ჭანტურიამ მიტინგზე გამოაცხადა: მე, ზვიადი და მერაბი უცნობ ახალგაზრდებთან ერთად ტანკებს წინ გადავუდექით და უკან შევატრიალეთო. ჭანტურიასა და გამსახურდიას შორის კონფლიქტი ჯერ არ წარმოშობილიყო.
    მეორე დღეს რუსთაველის გამზირის რადიოქსელით წაიკითხეს მიხეილ გორბაჩოვის მიმართვა «საქართველოს ახალგაზრდობისადმი». იგი სიმშვიდისა და კეთილგონიერებისაკენ მოუწოდებდა «შესანიშნავ, ლამაზ ქართველ ახალგაზრდობას». გენერალური მდივნის მომართვას ზოგი ტაშით შეხვდა, უმრავლესობა სტვენითა და ღრიალით. მიტინგის დასრულებისთანავე აქცია შეწყდა. მოშიმშილეები საავადმყოფოებში წაიყვანეს.
    მიხეილ გორბაჩოვს კი  მოახსენეს, რომ აქცია თბილისში მისი მიმართვის შედეგად შეწყდა, რაც, რასაკვირველია, ტყუილი იყო.
   

    რამდენიმე დღის შემდეგ, გურამ ენუქიძემ („ცკ“-ს მდივანმა, რომელიც პატიაშვილმა განათლების მინისტრად დანიშნა) თბილისის სკოლების ახალგაზრდა მასწავლებლები დაიბარა. ორი საათის განმავლობაში გაცხარებით ლანძღავდა «მოძრაობის» ლიდერებსა და მიტინგის მონაწილეებს. ახალგაზრდა მასწავლებელთა ერთი ნაწილი არანაკლები გააფთრებით ეკამათებოდა. მეორე ნაწილი დუმდა.
    ბოლოს, კამათით დაღლილმა ენუქიძემ საოცარი რამ თქვა: «დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, როგორც კი ეგენი თავისას მიაღწევენ და საქართველო დამოუკიდებელი გახდება, - ორიოდე წელიწადში საქართველო აღარ იქნება!».
    არა მგონია გურამ ენუქიძეს აქ ის ეგულისხმა, რომ საერთოდ აღარ დარჩებოდა ტერიტორია სახელწოდებით «საქართველო». იგი ალბათ უფრო დღევანდელ საქართველოს გულისხმობდა

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა