ნოდარ ჭითანავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღების მომხრეა

ნოდარ ჭითანავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღების მომხრეა

   

    რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ძალზე საინტერესო ინფორმაცია, რომელსაც დამკვირვებლებმა ყურადღება თითქმის არ მიაქციეს, არადა, იგი მეტად ნიშანდობლივია: საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, «ზუგდიდის დაჯგუფების» ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და ცნობილმა წარმომადგენელმა, ნოდარ ჭითანავამ პრეზიდენტთა შეხვედრისას დასვა კონსტიტუციის გადახედვისა და ქვეყანაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღების საკითხი.
    ნოდარ ჭითანავას თქმით, ამჟამინდელ რეალიებს კონსტიტუცია უკვე ვეღარ პასუხობს. ყოველ შემთხვევაში, იმ ნაწილში, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებისა და ფუნქციონირების საკითხს ეხება.
    ჭითანავას აზრით, სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება. ვიცე-პრეზიდენტი, მისი თქმით, უშუალოდ უნდა ხელმძღვანელობდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მთავრობას, იღებდეს გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
    ფაქტობრივად, ჭითანავა პრემიერ-მინისტრის ფუნქციებს გულისხმობდა, თუმცა ალტერნატივად მაინც «ვიცე-პრეზიდენტი» დაასახელა და არა პრემიერი ან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
    ეს ძალიან საყურადღებო განცხადებაა, რომელიც ბევრ ფიქრსა და ვარაუდს აღძრავს. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ნოდარ ჭითანავა თავად არასდროს ყოფილა ხელწამოსაკრავი ფიგურა. მას ძალიან სერიოზული გავლენა ჰქონდა და აქვს პოსტკომუნისტურ ისტებლიშმენტზე. განსაკუთრებით, ე.წ. «მეგრულ ელიტაში», რომელიც «ზვიადის» გამო კი დაიჩაგრა, მაგრამ რეაბილიტაციისათვის შესაძლო შანსს ხელიდან არასდროს უშვებს და შევარდნაძისადმი ლოიალობას მაინც ინარჩუნებს;
    საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, განცხადება ჭითანავამ რომელიღაც საჯარო თავყრილობაზე გააკეთა. მაშასადამე, მან იცოდა, რომ ამბავი «გარეთ» გაჟონავდა.
    როგორც ჩანს, ნოდარ ჭითანავა «მოქმედი ხელისუფლების» გარკვეული ჯგუფის ინტერესებსაც გამოხატავდა. ვიცე-პრეზიდენტში იგი სახელმწიფო მინისტრ ვაჟა ლორთქიფანიძეს გულისხმობდა. ყოველ შემთხვევაში, სააგენტოს ცნობით, მან სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა «ვიცე-პრეზიდენტზე».
    საინტერესოა, კონკრეტულად რას გულისხმობდა ნოდარ ჭითანავა და რას ნიშნავს ეს იდუმალებით მოსილი წინადადება, რომელსაც შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ინტერპრეტაცია მიეცეს?
    «პრემიერ-მინისტრი» რომ ვთქვა, სხვა იქნებოდა, მაგრამ «ვიცე-პრეზიდენტი» ახსენა. თანაც როგორი ვიცე-პრეზიდენტი, - რომელსაც არა მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია ექნება, არამედ იმთავითვე, პრეზიდენტის სიცოცხლეშივე, ანუ მოქმედი პრეზიდენტის გვერდით, შეასრულებს ძალზე მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ფუნქციას: ფაქტობრივად უხელმძღვანელებს მთავრობას და მიიღებს გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის სახელით.
    ნოდარ ჭითანავა არც პატარა ბავშვია და არც გაუნათლებელი ხეპრე. მან არ შეიძლება არ იცოდეს, რომ ასეთი ფუნქციების მქონე «ვიცე-პრეზიდენტი» მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს; პლანეტაზე არსებულ ყველა სახელმწიფოში, სადაც ამგვარი ინსტიტუტი მოქმედებს - ამერიკის შეერთებული შტატებიდან - ჩეჩნეთამდე, ვიცე-პრეზიდენტს მხოლოდ და მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, ანუ ეს არის «მძინარე გოლიათი», რომელსაც ძალაუფლებამდე მხოლოდ პრეზიდენტის სიცოცხლე აშორებს; მაგრამ სანამ პრეზიდენტი ცოცხალია, ვიცე-პრეზიდენტი შეუძლებელია რაიმე სერიოზულ ფუნქციას ასრულებდეს.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, მთლიანად ეს სისტემა აზრს კარგავს. ვიცე-პრეზიდენტი არსებობს ნომინალურად მანამ, ვიდრე პრეზიდენტი მოქმედებს. ვიმეორებ: წარმოუდგენელია ნოდარ ჭითანავამ ეს არ იცოდეს, მაშასადამე, მის წინადადებას რაღაც დატვირთვა, რაღაც შინაარსი კიდევ ჰქონდა - გარდა ფორმალიზებული იდეისა «აღმასრულებელი შტოს უფრო მეტად ქმედითობის შესახებ».
    დაუჯერებელია, ნოდარ ჭითანავა არ აცნობიერებდეს, რომ «მთავრობის ქმედითობა და პრეზიდენტის დამატებითი ფუნქციებისაგან გათავისუფლება» არ გულისხმობს და არ ნიშნავს ისეთ უცნაურ (მეტი რომ არ ვთქვათ) წინადადებას, როგორიცაა «პრემიერის ფუნქციების მქონე» ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დაფუძნება.
    იმთავითვე ნათელია ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანისათვის, მათ შორის ნოდარ ჭითანავასათვისაც, რომ არც დღევანდელი, არც მომავალი პარლამენტი ასეთ ოდიოზურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მადლობა ღმერთს, საქართველოში გვაქვს უდავოდ კარგი კონსტიტუცია და საზოგადოება არ დაუშვებს მის მარაზმად ქცევას ისეთი «ექსპერიმენტებით», როგორიცაა «პრემიერის უფლებების მქონე ვიცე-პრეზიდენტი».
    ყველა ეს უცნაურობა აიხსნება, თუ ყურადღებით დავაკვირდებით იმავე პრესრელიზში მოხმობილ ნოდარ ჭითანავას ფრაზას, რაც მისი გამოსვლის «ეკონომიკური ნაწილის» ქვაკუთხედად იქცა. ნოდარ ჭითანავამ მკაცრად გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია მის მიერ გამოთქმული აზრისათვის, რომ «საქართველო უნდა წავიდეს ლიბერალური ეკონომიკური სისტემის მშენებლობის გზით». ჭითანავას აზრით, «ეკონომიკის ლიბერალიზაცია» თურმე სხვა არის და «ლიბერალური ეკონომიკა» - სხვა.
    თუ ამ აბრაკადაბრას არ მივაქცევთ ყურადღებას, უეჭველია, რომ ჭითანავამ, მთლიანობაში, იმ ხალხის გულისთქმა გამოხატა, რომელსაც ზურაბ ჟვანია და მისი «რეფორმატორთა გუნდი» ნერვებს უშლის. ჭითანავას თქმით, «ევროპა უკვე კარგა ხანია დაშორდა იმ კონცეფციას, რომლის შესაბამისად «სახელმწიფო მხოლოდ ღამის დარაჯია ეკონომიკის ბაზარზე». ჭითანავას აზრით, სახელმწიფო რეგულირება გარდამავალ ეტაპზე უბრალოდ აუცილებელია.
    გასაგებია, რომ «ვიცე-პრეზიდენტი» და მთელი ეს «ანტილიბერალური» თეორიაც ჭითანავას მხოლოდ იმისათვის დასჭირდა, რათა «ჟვანიას გუნდის» წინააღმდეგ გაელაშქრა, მაგრამ მიუხედავად მისი მცდელობისა, შედეგს ვერ მიაღწია, ვინაიდან ედუარდ შევარდნაძემ კატეგორიულად უარყო ყველა ის იდეა, რომელიც «ანტილიბერალური» გამოსვლის ქვეტექსტში იკითხებოდა.
    ჭითანავა პატიოსანი, გარკვეულწილად გულწრფელი ფუნქციონერი იყო. მის კორუმპირებულობაზე საუბარი ალბათ, დაუშვებელია - იგი სხვა «ჯიშის» კომუნისტურ მოღვაწეთა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, ნამდვილი რეაქციონერია, ანუ «ანტილიბერალი».
    მისი დემარშები მით უფრო საშიშია, რომ ჭითანავა ზუგდიდის დაჯგუფების წარმომადგენელია, საკმაოდ ჭკვიანი კაცია და მიზანსწრაფვაც არ აკლია.
    მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, მისი ე.წ. «კონცეფცია» განხორციელდეს. ჯერ ერთი, საქართველოში «სახელმწიფო რეგულირების» აღდგენის ყოველი მცდელობა უეჭველად გამოიწვევს ნორმალური ეკონომიკის პირველ, მაცოცხლებელ ყლორტთა განადგურებას და ქვეყნის დაბრუნებას სრულ მარაზმში - საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში «გოსპლანმაც» ვერ გაამართლა და «ნაწილობრივი სახელმწიფო რეგულირება» მით უმეტეს ვერ იმუშავებს.
    გარდა ამისა, ჭითანავამაც და მისმა მომხრეებმაც (ან იმ ხალხმა, ვისი მომხრეც თავად არის) უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო ვეღარ დაბრუნდება პოლიტიკური იდეოლოგიისა და საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპების ხანაში.
    1991-94 წლების საყოველთაო ანარქიამ ის შედეგი მაინც გამოიღო (დადებითი შედეგი გვაქვს მხედველობაში) რომ საბოლოოდ გაანადგურა ყოველგვარი რწმენა საქართველოში სახელმწიფო რეგულირების რაიმე შესაძლებლობისა; მით უფრო, ტოტალიტარული კონტროლისა სახელმწიფოს მხრიდან.
    ტოტალიტარული სახელმწიფო ჩვენში დისკრედიტირებულია; ამრიგად, «ვიცე-პრეზიდენტის» პოსტი, რა შინაარსსაც არ უნდა დებდნენ მასში «ჭითანავები», სრულიად ფუჭი და უპერსპექტივო იქნება.

მერიდიანი, 13 იანვარი, 1999 წელი