ნიკო ლეკიშვილი სოხუმიდან ჯერჯერობით ხელცარიელი დაბრუნდა

ნიკო ლეკიშვილი სოხუმიდან ჯერჯერობით ხელცარიელი დაბრუნდა

    როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს «სამთავრობო დელეგაციის» ვიზიტს სოხუმში არავითარი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სანამ გლობალური პოლიტიკური საკითხები არ გადაიჭრება, ეკონომიკაზე საუბარს აზრი არა აქვს. აფხაზებისათვის მიუღებელია პრინციპი: «ჯერ ეკონომიკა, შემდეგ პოლიტიკა».
    ჩვენ ვერანაირი ეკონომიკური ზეწოლით ვერ ვაიძულებთ მათ, წავიდნენ პოლიტიკურ დათმობებზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება ეკონომიკურ საკითხებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. პირიქით, - პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის შემდეგ მათ აფხაზეთის ეკონომიკის აყვავების დიდი გეგმები გაუჩნდებათ. აფხაზეთს ამ მხრივ უდიდესი პოტენციალი აქვს; ოღონდ უბედურება ისაა, რომ ამ პოტენციალის რეალიზაციას რუსეთის მეშვეობით აპირებს.
    მიუხედავად ამისა, ქართულ მხარეს მაინც აქვს მნიშვნელოვანი «კოზირი», რათა სოხუმი დააინტერესოს. ესაა დასავლეთის შესაძლო დახმარება და «სატრანსპორტო დერეფნის» პროექტი, რომელმაც აფხაზეთს დიდი მოგება შეიძლება მოუტანოს.
    აფხაზეთის საკურორტო ინფრასტრუქტურაში რუსულ კაპიტალს ვერავინ შეეცილება - ეს გამორიცხულია. აფხაზეთი ამ თვალსაზრისით რუსეთის შავიზღვისპირეთის გაგრძელება გახდება და ამ პროცესს საქართველო ვერ შეაჩერებს. თუმცა, აფხაზეთის კურორტებზე ქართველებსაც შეუძლიათ დასვენება (მთავარია ფული - დოლარები! - გადაიხადონ).
    თბილისს შეუძლია, ნაწილობრივ აფხაზეთისკენაც მიმართოს ის სატრანსპორტო ნაკადი, რომელიც უკვე დაიძრა ცენტრალური აზიიდან კავკასიისაკენ.
    დასავლური საფინანსო ცენტრები მზად არიან, სოხუმის პორტის მოდერნიზებაში ათეულობით მილიონი დოლარი ჩადონ. ნიკო ლეკიშვილმა შესთავაზა კიდეც აფხაზურ მხარეს პორტის მოდერნიზაცია და ახალი ტერმინალების მშენებლობა. სხვათა შორის, თუ ეს პროექტი განხორციელდა, საკუთრივ საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმთან და ფოთთან ერთად, მესამე (სოხუმის») პორტიც ამოქმედდება.
    გარდა ამისა, საქართველომ შეიძლება აფხაზეთს საკუთარ საკომუნიკაციო სისტემებთან შეერთება შესთავაზოს, რათა სახმელეთო გზით აფხაზეთი დაუკავშირდეს თურქეთსა და მთელ ახლო აღმოსავლეთს. ასევე: ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, აფხაზეთი და მთელი ჩრდილო-კავკასია შეძლებს ყველაზე იაფი სარკინიგზო მაგისტრალით სარგებლობას, რასაც, რა თქმა უნდა, უდიდესი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება.
    აფხაზეთზე შესაძლებელია სომხეთისათვის განკუთვნილმა ტვირთებმაც გაიაროს.
    აფხაზეთთან ურთიერთობაში საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რეზერვი. კაპიტალის უშუალო ინვესტირებით საქართველო რუსეთს ვერ შეედრება. ნიკო ლეკიშვილთან ერთად სოხუმში «კოკა-კოლა კავკასიონის» პრეზიდენტი თემურ ჭყონიაც იმყოფებოდა და მისი შესაძლებლობები ძალზე მოკრძალებული აღმოჩნდა რუს მაგნატებთან შედარებით. ბორის ბერეზოვსკის, რემ ვიახირევს და ვიქტორ პოტანინს დღესვე შეუძლიათ ათეულობით, ასეულობით მილიონი დოლარი დააბანდონ აფხაზეთში.
    მეორე მხრივ, რუსული კაპიტალის მეტისმეტმა აქტიურობამ აფხაზეთში შეიძლება ანტირუსული განწყობა წარმოშვას, რაც საქართველოს ნამდვილად აძლევს ხელს.
    მერიდიანი, 22 აგვისტო, 2997 წ.