ნავთობსადენმა შეიძლება სოხუმისკენ გადაუხვიოს

ნავთობსადენმა შეიძლება სოხუმისკენ გადაუხვიოს

 

    ბორის ბერეზოვსკის საქართველოში სტუმრობის დროს, მიუხედავად ორივე მხარის მცდელობისა, როგორმე დაეფარათ ვიზიტის «მეორე ფსკერი», მაინც გაიჟღერა «ნავთობის თემამ».
    პრობლემა «ვუალირებული» იყო მხარეთა განცხადებებით რაღაც «პროგრესის» შესახებ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის პროცესში. როგორც ჩანს, «მეტი ოპტიმიზმის» თაობაზე გამოთქმული მართლაც «მეტისმეტი ოპტიმიზმი» სწორედ იმით აიხსნება, რომ შევარდნაძემაც და ბერეზოვსკიმაც გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. ოღონდ იმ საკითხში, რომელიც აფხაზეთს მხოლოდ ირიბად უკავშირდება.

    ბორის ბერეზოვსკი რუსეთში ცნობილია, როგორც არა მხოლოდ «საავტომობილო მეფე», არამედ ნავთობით დაინტერესებული კომერსანტი. მას აქტიური ურთიერთობა აქვს «ლუკოილთან», რომელიც თავისთავად უკავშირდება კავკასიის გეოპოლიტიკურ პრობლემატიკას. ბერეზოვსკის დანიშვნა უშიშროების საბჭოში - მდივნის მოადგილის თანამდებობაზე, გამოხატავდა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სურვილს, გაეძლიერებინა კავკასიაზე ეკონომიკური ზემოქმედების ბერკეტი. «ბორის აბრამოვიჩი» ერთმანეთს უკავშირებდა მრავალმხრივ ინტერესს და «ერთ გუნდად» კრავდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს.
    ამჯერად, ბერეზოვსკი სავსებით კონკრეტული წინადადებით ჩამოვიდა თბილისში: გროზნოში წარუმატებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება კასპიის შელფის ნავთობის «ჩრდილოეთის მარშრუტით» ტრანსპორტირებაზე. ჩეჩნები ამ პროექტს დაეთანხმებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სანაცვლოდ რუსეთი მნიშვნელოვან ეკონომიკურ დახმარებას გამოუყოფს, გაუხსნის ანგარიშს რუსეთის ცენტრალურ ბანკში, ან სცნობს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას.
    რომც მოაწერონ ხელი რაიმე დოკუმენტს, იგი არ შესრულდება მანამ, სანამ მხარეთა ძირეული ინტერესები არ დაკმაყოფილდება. მასხადოვი ცდილობს დრო მოიგოს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, რუსეთი კი ამ ილუზიით ყოვნდება და აგვიანებს ერთადერთი რეალური ალტერნატივის შექმნას - დაღესტნის გავლით ახალი ხაზის მშენებლობას, რომელიც გროზნოზე აღარ გაივლის.
    როდესაც კრემლი «ცაიტნოტში» აღმოჩნდება, გვიან იქნება, თუმცა არც მახაჩკალაში ესმით საკუთარი «კოზირების» ძალა და ისინიც ადვილად არ დასთანხმდებიან «შემოვლითი გზის» მშენებლობას, თუ სანაცვლოდ მნიშვნელოვანი მოგება არ მიიღეს.
    ამ პირობებში სავსებით ბუნებრივია, რომ კიდევ ერთი პროექტი წარმოიშვა, რომელიც ამჟამად არსებულ არც ერთ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ «სქემაში» არ ჯდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაზე წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს. მოსკოვშიც და თბილისშიც კარგა ხნის წინ შენიშნეს, რომ როგორც «მცირე», ასევე «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირებისთვის ბაქოდან-ნოვოროსიისკამდე არსებობს კიდევ ერთი შესაძლო მარშრუტი: ბაქო-თბილისი-სოხუმი-ნოვოროსიისკი. ამ მარშრუტის ასამოქმედებლად საკმარისია პოლიტიკური ნება, საქართველოს ხელისუფლების თანხმობა და რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია ნავთობსადენის მშენებლობისთვის აფხაზეთის გავლით. ამგვარი «ნება» საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება აღმოაჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს აფხაზეთთან დაკავშირებით. არადა, აფხაზეთის «გატეხვა» მოსკოვისათვის გაცილებით ადვილია, ვიდრე ჩეჩნეთის. საკმარისია ჩაიკეტოს აფხაზეთის პორტები, ენგურჰესიდან და კრასნოდარიდან აფხაზეთს შეუწყდეს ელექტროენერგია, გააქტიურდეს დივერსიული მოძრაობა სოხუმის მიდამოებში და ამოქმედდება არძინბას გარემოცვაში «ჩანერგილი» აგენტურა. ანუ «ყინული დაიძვრება».
    პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას რამდენი დროც უნდა დასჭირდეს, ნავთობის კონსორციუმს სხვა გამოსავალი არ ექნება. დავხედოთ რუკას: «ჩრდილოეთის მარშრუტი» ბლოკირებულია გროზნოში. სომხეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება კატეგორიულად არ აძლევს ხელს აზერბაიჯანს. ირანის გავლით «დიდი» ან «მცირე» ნავთობის გადაზიდვა კი ამერიკის ადმინისტრაციის მკაცრ სანქციებს გამოიწვევს, ვინაიდან ფუნდამენტალისტური რეჟიმის წახალისებად აღიქმება. რჩება მხოლოდ ერთი მარშრუტი - თურქეთის გავლით, რომელმაც საქართველოზე უნდა გაიაროს.
    მაგრამ თუ ნავთობსადენმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოაღწია, მისი მიმართულება თბილისზე იქნება დამოკიდებული. საქართველოსა და რუსეთის «შეთანხმების» შემთხვევაში, კონსორციუმი იძულებული გახდება, მიიღოს ნებისმიერი პირობა, რომელსაც წაუყენებენ.
    კასპიის ნავთობში ათეულობით მილიონი დოლარია ჩადებული. ამდენად, დანაკარგი საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას შეადგენს. დასავლეთი, რა თქმა უნდა, შეეცდება, ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე და შესაბამისი «ბერკეტებიც» აამოქმედოს (საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სახით), მაგრამ აქაც იგივე ვითარებაა.
    საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები ჩადეს საქართველოში. დაკრედიტების შეწყვეტის შემთხვევაში, «წარმატებული ეკონომიკური ექსპერიმენტი» უმალვე შეიცვლება რეფორმათა სტაგნაციით, რაც ასევე არასასურველია იმავე ფინანსური ორგანიზაციებისთვის.
    თუ საქართველომ შეძლო «ნავთობსადენი» გაცვალოს «აფხაზეთში», ამით იგი ბევრს არაფერს დაკარგავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნავთობი მაინც საქართველოზე გაივლის, მაგრამ ერთადერთი პრობლემა ის იქნება, საქართველოდან მარშრუტი თურქეთისკენ წავა თუ რუსეთისაკენ. ეს ეხება არა მხოლოდ «მცირე», არამედ «დიდ» ნავთობსაც. «ბაქო-ჯეიჰანის» ნავთობსადენი შეიძლება ქიმერად იქცეს და თურქეთის «რეგიონალური გეოპოლიტიკაც» დაასამაროს.
    მთელი ამ ოპერაციის განხორციელებას უდიდესი სიფრთხილე და ხელოვნება დასჭირდება. თუ მოსკოვისა და თბილისის ინტერესები «გადაეჭდო», ეს უეჭველად გამოიწვევს თბილისისა და ერევნის ინტერესთა თანხვედრასაც. მნიშვნელოვნად შეიცვლება საგარეო-პოლიტიკური ვექტორიც, - იგი «ჩრდილო-ვერტიკალურ» ხაზს დაუახლოვდება.
    რა თქმა უნდა, პოლიტიკის ესოდენ მკვეთრ შეცვლას მნიშვნელოვანი პრობლემები მოჰყვება, მაგრამ აფხაზეთის პრობლემის გადასაჭრელად საქართველოს ხელისუფლება ყველაფრისთვის მზად იქნება. ამგვარი კომპრომისი შეიძლება, აფხაზურ მხარესაც აკმაყოფილებდეს, რაკი რუსეთი მისი სტატუსის გარანტი გახდება საქართველოს შემადგენლობაში.

7 დღე, 8 ივლისი, 1997 წ.