ნადირობა ისლამ კარიმოვზე

ნადირობა ისლამ კარიმოვზე

 

    ახლახან ცნობილი გახდა, რომ იაპონიაში პირველი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, უკან დაბრუნებისას, ედუარდ შევარდნაძის თვითმფრინავი ტაშკენტში დაეშვება.
    შეთანხმებას ამის თაობაზე შევარდნაძემ და კარიმოვმა მიაღწიეს სატელეფონო საუბრისას. საუბარი კი ტაშკენტში იდუმალებით მოცული აფეთქებებიდან 1 საათის შემდეგ გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი «უმალვე დაუკავშირდა» კოლეგას, რათა აღშფოთება გამოეხატა ტერაქტით და სამძიმარიც ეთქვა ადამიანთა დაღუპვის გამო.
    ტაშკენტში ხანმოკლე შეჩერება, აგრეთვე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დემარში იქნება. ედუარდ შევარდნაძეს იოტისოდენად არ ეპარება ეჭვი, რომ ეს დივერსია იმავე ცენტრში დაიგეგმა, სადაც 9 თებერვლის ტერაქტი.
    მიზანიც იგივეა: ქვეყანაში (ამ შემთხვევაში უზბეკეთში) ვითარების დესტაბილიზაცია, სამოქალაქო ომის პროვოცირება. თუმცა, კრემლის სპეცსამსახურთა ქმედებას განსაკუთრებული ლოგიკაც ჰქონდა არსებული «სპეციფიკის» გათვალისწინებით.
    9 თებერვლის ტერაქტი «დაშინების აქცია» არ იყო, - იგი სახელმწიფო მეთაურის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად. ტაშკენტში განხორციელებული აფეთქებები კი სწორედ «ძალის დემონსტრაცია» იყო და მუქარაც - ისლამ კარიმოვის მიმართ, რომელმაც სულ ახლახან განაცხადა დსთ-ს სამხედრო ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ;
    რუსეთისათვის უზბეკეთის «გასვლა» ამ ხელშეკრულებიდან ძალზე არასასურველია, ვინაიდან ამას უეჭველად მოჰყვება «ჯაჭვური რეაქცია» თანამეგობრობაში.
    მეორე მხრივ, ისლამ კარიმოვის «შემცვლელი» ფიგურა ჯერჯერობით არა ჰყავთ, ამიტომ მოერიდნენ უშუალო ლიკვიდაციას (თუნდაც მცდელობას) და «დემონსტრაციული აქციით» დაკმაყოფილდნენ.
    სასაცილოა აზრი, თითქოს უზბეკეთის პრეზიდენტს თავს «ისლამისტები» დაესხნენ. ფუნდამენტალისტი-რადიკალები ამგვარი დივერსიების განხორციელებას ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეშიც კი ვერ ახერხებენ, უზბეკეთი კი შედარებით ძლიერი და სტაბილური სახელმწიფოა.
    ასეთი დივერსიის განხორციელება, თანაც ამგვარი ფორმით, ცენტრალურ აზიაში მხოლოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვას თუ ძალუძს; ისლამ კარიმოვმა ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავად უწყის. მან ისიც იცის, რა გაღიზიანებით ადევნებდნენ თვალს მოსკოვში ტაშკენტისა და ვაშინგტონის დაახლოებას.
    უზბეკეთი ამერიკის შეერთებული შტატების «მთავარ მოკავშირედ» ითვლებოდა ცენტრალურ აზიაში, იგი თანდათანობით «სტრატეგიული დასაყრდენის» ფუნქციასაც იძენდა, რაც რასაკვირველია, სულ არ ეპიტნავებოდათ ყოფილ მეტროპოლიაში.
    ჯერჯერობით ისლამ კარიმოვი რუსეთს პირდაპირ არ ადანაშაულებს, თუმცა ყოველივე დსთ-ს მომავალ (მარტის) სამიტზე გაირკვევა, რომელსაც შევარდნაძე და კარიმოვი ერთნაირი მოტივაციით დაესწრებიან.
    საქართველოს პრეზიდენტისთვის ტაშკენტში ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: იგი აღარ არის გამონაკლისი პოსტსაბჭოურ სივრცეში, - კრემლმა უკვე მეორე პრეზიდენტზეც გამოაცხადა «ღია ნადირობა».

                                სააკაშვილის  გამოსვლისას დარბაზი კამეჩთა ჯოგივით ზმუოდა

    მთავრობის განვლილმა სხდომამ ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელზე, ვისაც ლიბერალური რეფორმისა და თვით დემოკრატიის ყადრი ესმის, უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა.
    ეს განსაკუთრებით ეხება პირველ დღეს, როდესაც ე.წ. «ძალისმიერი სტრუქტურები» შეიკრიბნენ. თუმცა, თავდაცვის სამინისტროდან სხდომას მხოლოდ მინისტრი დავით თევზაძე ესწრებოდა.
    «დანარჩენები» შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, უშიშროების, სასამართლოს (?) წარმომადგენლები იყვნენ.
    შეუძლებელია ადამიანი არ შეეზარა იმ ატმოსფეროს, რაც დარბაზში სუფევდა. ეს იყო საშინელება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ალბათ მაინც ფუჭად ცდებიან «რეფორმატორები», როცა ამ ქვეყანაში რაღაცის შეცვლას ცდილობენ. თუ რისი «პატრონია» ერი და ვისი ხელით ცდილობს იგი საკუთარი ცხოვრების გარდაქმნას, რა ხალხი დგას «კანონიერების სადარაჯოზე», ვინ უნდა აღასრულოს კანონი, რა ინტელექტისა და შეგნების ხალხმა - ყველაზე უკეთ და ზუსტად სწორედ ამ სხდომაზე გამოჩნდა.
    ამგვარი «აქტივის შეკრებები» კომუნისტურ ეპოქაში იმდენად რამე მმართველობითი, ორგანიზაციული ფუნქციის მატარებელი არ იყო, რამდენადაც «დათვალიერების» დანიშნულება ჰქონდა, ანუ «სმოტრ სილ».
    პარასკევს თვალნათელი გახდა, რა ძალებს ეყრდნობა ეს ჩვენი დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვისი ან რისი იმედი უნდა ჰქონდეს.
    ამ მასაში იშვიათად თუ მოჰკრავდი თვალს ადამიანს, ინტელექტის ნასახი რომ ჰქონოდა სახეზე. განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო დამსწრეთა ქცევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ავიდა ტრიბუნაზე ერთბაშად ამოძრავდა, აიხორკლა, აიბურძგნა, აბორგდა დარბაზი «უჰ შენი...,» თანაც აშკარა ტყუილი აღმოჩნდა, თითქოს სააკაშვილი მხოლოდ «ანტირეფორმატორ მოსამართლეებს» სძულთ, ხოლო ისინი, ვინც თავად არიან გამწარებულნი მათ მიერვე დაპატიმრებული რეციდივისტების «სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებით», თითქოსდა უფრო კეთილ განწყობით ხვდებიან «რეფორმებსა და რეფორმატორებს»;
    არ დაიჯეროთ!
    მთელი დარბაზი ერთნაირი სიძულვილით სუნთქავდა. სააკაშვილი ლაპარაკობდა კორუფციის აღმოფხვრაზე, მას კი ასეულობით წყვილი სიძულვილით ანთებული თვალით მისჩერებოდა: «რომ ბოლოს და ბოლოს, შეიძლებოდეს ამ ქვეყანაში რაიმე საქმის გაკეთება ფულის გარეშე...» «წადი შენი...» - საშინელი სიძულვილით გამოსცრა კბილებში ჩემს გვერდით მჯდომმა ჩაკურატებულმა «აქტივისტმა».
    ეს ყოველივე ვინმეს შეიძლება წვრილმანად მოეჩვენოს, არადა, ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ არა, - ამ ხალხის გარეშე საქართველოში სახელმწიფოებრივი პოლიტიკა შეუძლებელია.
    აპარატი ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდება. ძალისმიერი სტრუქტურები კი ამ აპარატის გულანია. რაც უფრო ცივილურია სახელმწიფო, მით უფრო ნაკლებკორუმპირებული, სუფთა, ინტელექტუალური აპარატი ჰყავს და პირიქით. ამ აპარატის პატრონები რა რეფორმებზე ვსაუბრობთ საქართველოში? ამ ხალხისთვის ნებისმიერი რეფორმა შინაგანად, თვისებრივად მიუღებელია. ეს აპარატი საუბედუროდ ერის ნაწილია და ყველაზე უკეთ, ყველაზე ზუსტად გამოხატავს ერის ჭეშმარიტ შინაგან მისწრაფებებს. მას «ზედ ეტყობა» რა «დასავლური ორიენტაციაც» გვაქვს.
    ეს ორიენტაცია ფასეულობათა ორიენტაცია უნდა იყოს. ცხოვრების წესის შინაგან მოთხოვნილებაში უნდა გამოიხატებოდეს. მსგავსი არაფერი ეტყობა აპარატს, რომლის გარეშეც (ვიმეორებ) ყოველგვარი სახელმწიფო პოლიტიკა შეუძლებელია საქართველოში. ეს ხალხი კვლავ ბრეჟნევის ეპოქაში ცხოვრობს.
    არ არის შემთხვევითი, რომ «რეფორმებსა» და «გარდაქმნებს» ძალადობრივ ვესტერნიზაციად, ეროვნულობაზე უარის თქმად აღიქვავენ. ქრთამი, საქმის გაჩალიჩება «პატივისცემა», «ჩაწყობა» მათთვის სწორედ ეროვნული ტრადიციაა; კორუფციის აღმოფხვრას კი «ეროვნული მეობის» წაშლად აღიქვამენ;
    ეს მომენტი ძალიან ზუსტად და მკაფიოდ გამოხატეს თავიანთ კინოშედევრში გიორგი შენგელაიამ და ოთარ იოსელიანმა - «ალავერდობა» «გიორგობისთვე».
    მათში ქართული სინამდვილის აღწერაა ანუ ქართული «ტრადიციისა», რომელიც იმდენად გულისამრევია, რომ შეიძლება ყოველგვარი ქართული შეგაძულოს. თანაც, დეფორმირებული კი არ არის (თავს ნუ მოვიტყუებთ), არამედ იგია სწორედ «ნორმალური - საპირისპირო კი დეფორმირებულია და ანომალიური».
    ასეთი «ანომალიურნი» იყვნენ იმ დარბაზში ზურაბ ჟვანია, მიშა სააკაშვილი, რუსიკო ბერიძე და სხვა ადამიანები, რომელნიც ქართულ-საბჭოური ტრადიციის მატარებელნი არ არიან. დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ედუარდ შევარდნაძესაც ეჭვის თვალით უყურებდა. აშკარა იყო, ყოველი მისი ქმედება, რაც «რეფორმატორთა» (თუნდაც სასამართლო რეფორმის) მხარდაჭერად აღიქმება, პოსტკომუნისტური «ეროვნული» აპარატის საშინელ რეაქციას, კბილთაღრჭენასა და ბოღმის ნთხევას იწვევს.
    ენატრებათ, ძალიან ენატრებათ «ძველი დრო»; ეს არის მათი ნავსაყუდელი, იქ არის მათი სულიერი შვება, - იქ, იმ სამყაროში გრძნობდნენ თავს სრულფასოვან ორფეხა არსებებად, ამიტომ ეზმანებათ «პლენუმები» და «აქტივის შეკრებები», როდესაც ყოველივე გასაგები და მისაღები იყო მათთვის.
    ახალ სისტემაში ისინი თავიანთ ადგილს ვერ იპოვიან; აქ იქმნება სწორედ საზარელი პარადოქსი, - ჩაკეტილი წრე: სისტემის რეფორმირება შეუძლებელია აპარატის გარეშე, რომელიც ახალი სისტემის შექმნას არაფრის დიდებით არ დაუშვებს, თვით აპარატის შეცვლა კი ვერ ხერხდება, ვინაიდან იგი ერის მენტალობას ეყრდნობა.

7 დღე, 22 თებერვალი, 1999 წელი