მხედრიონი და „ბორჯომელი ხალხი“

მხედრიონი და „ბორჯომელი ხალხი“

  

    თემურ ხაჩიშვილისა და გიგა გელაშვილის ჩვენებამ «საუკუნის პროცესზე» არათუ რაიმე ცხადყო ცნობილ ტერაქტებთან დაკავშირებით, არამედ ისედაც გაურკვეველი და ბნელით მოცული ამბავი კიდევ უფრო «ჩააბნელა».
    თუმცა ვისთვის - როგორ. ბევრისთვის ისედაც ყველაფერი ნათელია. სხვები კი, უბრალოდ «თავს იგიჟიანებენ», თითქოს ვერ ხვდებიან და არ იციან, რამდენია ორჯერ-ორი.
    ნიშანდობლივია, რომ ჯაბა იოსელიანმა საკმაოდ ეშმაკური ტაქტიკა აირჩია: ჩვენების ნაცვლად ანეკდოტები მოჰყვა და ისევ «ზვიადიზმის» ლანძღვა დაიწყო, თითქოს (ფორმალურად მაინც) სწორედ ამისათვის ასამართლებდნენ.
    სინამდვილეში, ჯაბამ ჭკუა იხმარა და ამ ხერხით საკმოად ოსტატურად გაემიჯნა სხვა განსასჯელებს. ეს «ბებერი მოჯაჰედინისა» და მისი ადვოკატების ტაქტიკაა. ქარაგმულად იგი გამოიხატება ასეთ დამოკიდებულებაში: არ ვიცით და არც გვაინტერესებს, ჩაიდინეს თუ არა დანაშაული სხვა განსასჯელებმა, მოკლეს თუ არა მათ გია ჭანტურია, გია გულუა, სოლიკო ხაბეიშვილი, ააფეთქეს თუ არა ედუარდ შევარდნაძე. ვიცით მხოლოდ ერთი: ჯაბა იოსელიანი იქ არაფერ შუაში იყო.
    მაგრამ ასე არ გამოვა. ასეთი ტაქტიკა შედეგს მაინც ვერ გამოიღებს და, საბოლოოდ, «ჯაბასა და სხვათა» საქმე მაინც ერთ მთლიანობაში აღიქმება. ჯაბა იოსელიანი გამართლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვებიც გამართლდებიან. ძნელი წარმოსადგენია გიგა გელაშვილს, თემურ ხაჩიშვილსა და სხვებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ, ხოლო ჯაბა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ. ჯაბა იოსელიანის გათავისუფლება მხოლოდ ლოთი ქობალიასთან ერთად არის შესაძლებელი, - «დიდი ეროვნული შერიგების» კონტექსტში. სხვა თვალსაზრისით, იგი განწირულია.
    ჯაბასა და მისი ვექილის სტრატეგიიდან გამომდინარე, გიგა გელაშვილმა და თემურ ხაჩიშვილმაც შესაბამისი ტაქტიკა აირჩიეს: ისინი კატეგორიულად უარყოფენ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს. სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ხმები იმის თაობაზე, თითქოს მხოლოდ თემურ ხაჩიშვილი «გატყდა» წინასწარი ძიებისას, ტყუილი აღმოჩნდა. ცნობილი ფაბულა «კოზა ნოსტრას» ამერიკული ისტორიიდან ამჯერად არ განმეორდა. ჯო ვალაჩიმ ვიტო ჯენოვეზეს «სასიკვდილო ამბორი» კი დაიმსახურა, მაგრამ სხვაც ბევრი გახდა ამბორის ღირსი.
    ამდენად, თემურ ხაჩიშვილისაგან «განტევების ვაცის» კლონირება ვერ მოხერხდა. არადა, რომ მოხერხებულიყო - ყველა უფრო თავისუფლად ამოისუნთქავდა «საზოგადოებრივი დამცველების» ჩათვლით. ახლა კი, ჭეშმარიტად ანეკდოტური (შავი ანეკდოტისათვის დამახასიათებელი) ვითარება იქმნება უზენაესი სასამართლოს დარბაზში: თურმე საერთოდ არავინ ყოფილა დამნაშავე და «მხედრიონის» ლიდერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ ტყუილუბრალოდ დააპატიმრა - რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებით.
    ამდენად, ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან და ფორმალური თვალსაზრისით, გასაკვირია, მათი ადვოკატები, გულშემატკივრები და საზოგადოებრივი დამცველები რატომ არ მართავენ ისეთივე დემონსტრაციებს, როგორსაც აწყობდნენ 1991 წლის შემოდგომაზე «ჯაბა იოსელიანისა და სხვა პოლიტპატიმრების» გათავისუფლების მოთხოვნით.
    აგრეთვე გაუგებარია: თუ ბრალდებულებს დანაშაული არ მიუძღვით, თუ არავინ მოუკლავთ, რას ერჩის მართლმსაჯულება ამ ხალხს, რას ემართლება? გამოდის, «საუკუნის პროცესი» მართლაც რომ «საუკუნის უსამართლობა» ყოფილა და ამ თვალსაზრისით იგი მსოფლიო კრიმინოლოგიის ანალებშია შესატანი.
    კიდევ კარგი, სიკვდილით დასჯა გაუქმდა და ქართულ საზოგადოებას (ჩვენს შთამომავლებს) ის აზრი მაინც არ დატანჯავთ, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაისაჯნენ სიკვდილით. თუ პროცესი პოლიტიკურია, მაშასადამე ყველაფერი ხელისუფლების ნებაზე ყოფილა დამოკიდებული და ამას განსასჯელები შესანიშნავად გრძნობენ.
    გიგა გელაშვილის თქმით, მას ხელისუფლებასთან კონფლიქტი ბორჯომის ქარხნების გამო მოუვიდა, ვინაიდან სურდა, რომ «ბორჯომის წყლის სიმდიდრე ბორჯომელი ხალხის საკუთრება ყოფილიყო».
    საკუთრივ «ბორჯომელი ხალხი» ერთობ საინტერესო ტერმინია - ეს, როგორც ჩანს, რაღაც ახალი სოციო-ეთნიკური ერთობაა, რომელსაც საკუთარი ინტერესები გააჩნდა. თუმცა, გიგა გელაშვილი არც თუ ძალიან აჭარბებს: რა თქმა უნდა, ბორჯომის ქარხნები მართლაც ისეთი სიმდიდრეა - ადგილობრივი ელიტა მათ ხელში ჩასაგდებად თუნდაც ახალი ისტორიული ერთობის («ბორჯომელი ხალხის») დაფიქსირებაზეც კი წავიდოდა. რაც ყველაზე საინტერესოა, ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დაიწყო წინა პარლამენტში საუბარი «ბორჯომის ქარხნების მიზერულ ფასად გაყიდვის შესახებ». თავდაპირველად ამ თემაზე პარლამენტის «მემარჯვენე-დემოკრატიული ფრთა» აყვირდა; როგორც ჩანს, მათ ეგონათ, რომ ბორჯომის ქარხნები «კომუნისტურმა ნომენკლატურამ» იგდო ხელთ, ამიტომ წივილ-კივილი ეადვილებოდათ, რადგან ამ ნომენკლატურის ლანძღვა სერიოზულ საფრთხესთან არასოდეს ყოფილა დაკავშირებული. აბა რას წარმოიდგენდნენ, თუ ბორჯომის ქარხნის მიღმა სხვა, უფრო მეტად «ანგარიშგასაწევი» ძალა იდგა? რას წარმოიდგენდნენ, თუ საპარლამენტო ტრიბუნიდან მხურვალე «სპიჩის» დასრულებისთანავე, იმავე შენობაში, იქვე, გვერდით დერეფანში დაიბარებდნენ, დედას აგინებდნენ და პირში იარაღის ლულას მისცემდნენ «ბორჯომელი ხალხის უფლების ხელყოფისათვის?»
    ამის შემდეგ ბორჯომის ქარხნის თაობაზე «ფრთხილი და მოზომილი» მსჯელობა მხოლოდ მაშინდელი სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივა გახდა - ტრადიციულ რადიოინტერვიუებში; ზემოთხსენებული «დემოკრატები» კი ამ თემაზე ლაპარაკს «გვერდით დერეფანში» გასაუბრების შემდეგ, თავს არიდებდნენ.
    სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ «მხედრიონის» საზოგადოებრივი დამცველები სწორედ ის ხალხია, ვინც წინა პარლამენტში ბევრს ლაპარაკობდა «ხელისუფლების ნეოკომუნისტურ ანტირეფორმაზე», მაგრამ კონკრეტულ თემებზე (მაგალითად, ბორჯომის ქარხნებზე, ცეკავშირზე და ა.შ.) დისკუსიას გაურბოდა: გვერდით . . . დერეფანი . . . პირში იარაღის ლულა . . . და ა.შ.
    ახლა იმ ჩვენმა გულადებმა, როგორც იქნა ამოისუნთქეს შვებით. მიმდინარეობს ახალი ვაცის კლონირება, რომლის განტევება ისევ და ისევ არაა დაკავშირებული რაიმე სერიოზულ რისკთან. მოდექი და ლანძღე ნუგზარ შევარდნაძე, ამაზე ადვილი რა არის? (გიგა გელაშვილის მტკიცებით, სწორედ ამ ქართველი «ნუვორიშის» წყალობით მოხვდა მეხუთე სამმართველოში). იმავე ნუგზარ შევარდნაძეს, სანამ დიდ საქმეს წამოიწყებდა, ზემოთხსენებულ დერეფანში ხშირად რომ ევლო და იქაური ბინადრების გული დროულად მოეგო - საზოგადოებრივი იმიჯის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა არ შეექმნებოდა. თუ მაინც შეექმნებოდა, - პირში იარაღის ლულა და მისი ჯანი! ანუ ძველი ანეგდოტისა არ იყოს ინტელიგენტი არა . . .!

7 დღე, 30 იანვარი, 1998