მძიმეწონოსანი მინისტრის მსხვილი პრივატიზაცია

 მძიმეწონოსანი მინისტრის მსხვილი პრივატიზაცია

 

  გუშინ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ გამოაქვეყნა საპრივატიზებო ობიექტთა სია. აქვე უნდა ითქვას, რომ ეტყობა, პრემიერ-მინისტრმა მაინც შეძლო ახლად დანიშნული ეკონომიკის მინისტრის ერთგვარი «დამუხრუჭება» და ამ სიაში ვერ მოხვდა, მაგალითად, ენგურჰესი, რომლის პროვატიზებაც, თავდაპირველი განცხადებებით, წელსზე იგულისხმებოდა.

       მაგრამ ზურაბ ჟვანიამ ამ საკითხში შეუვალი პოზიცია დაიკავა და (როგორც არაერთგზის განაცხადა, მათ შორის ბრიუსელშიც), ენგურჰესის «განსახელმწიფოებრივება» გადაიდო იმ პერიოდისათვის, როდესაც გაირკვა გალის რაიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის საკითხი. გარდა ამისა, ზურაბ ჟვანიას თქმით, «აუცილებელია შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო, რათა საპრივატიზაციო ტენდერში მონაწილეობა მიიღოს არა მხოლოდ «რაო ეეს»-მა, არამედ დასავლურმა კომპანიებმა».
        მაშასადამე, პრემიერი რუსული კაპიტალის შემოსავლის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ (თანმიმდევრულად, ისევე, როგორც რევოლუციამდე), ეჭვის თვალით უყურებს ჩუბაისის კომპანიას და, როგორც მინიმუმ, მის საპირისპირწონეს ეძებს, როდესაც საქმე ეხება ისეთის, მართლაც სტრატეგიული ობიექტის პრივატიზებას, როგორიც ენგურჰესია.
        კახა ბენდუქიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ «არ ესმის, რას ნიშნავს სტრატეგიული ობიექტი». მას ამით უნდოდა ეთქვა, რომ საკუთრების ფორმასტან მიმართებაში არანაირი «სტრატეგიული ობიექტი» არ შეიძლება არსებობდეს.
        ამაში, რა თქმა უნდა, ვერავინ შეედავება, როდესაც საქმე ეხება ნორმალურ მდგომარეობაში მყოფ ნორმალურ ქვეყანას. მაგალითად, ევროპის შუაგულში მდებარე რომელიმე სახელმწიფოს.
        მაგრამ, როცა საქმე ეხება საქართველოს, მათ შორის აფხაზეთს? კონფლიქტის ზონაში დისლოცირებულ «რუსის სამშვიდობო ჯარს» მისი «დერჟიმორდა» გენერლებით? ანატოლი ჩუბაისი თანამდებობიდან «მოძრობისა» და მის ნაცვლად «დერჟავული» გაერთიანება «როდინას» კანდიდატურის დანიშვნის მოსურნე დიმიტრი როგოზინს? სხვებსა და სხვებს (აღარაფერს ვამბობთ არძინბას ნარჩენ ბანდაზე), მაშინ ცნება «სტრატეგიული ობიექტი» ცოტა არ იყოს რეალურ მნიშვნელობას იძენს:
        სტრატეგიულია ობიექტი, თუ შესაძლებელია მისი გამორთვა არა კომერციული, არამედ პოლიტიკური(!) მოსაზრებებით და საქართველოს მილიონობით მოქალაქის წყვდიადში ჩაყუდება. ასეთი ობიექტი «სტრატეგიული», აბა რა არის?!
        მაშასადამე, კახა ბენდუქიძემ. ამ საკითხში პრემიერ ჟვანიასთან შეჭიდება ვერ გაბედა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ გარვრცელებული არაკომპეტენტური აზრის მიუხედავად, არავითარი «ჩრდილოვანი პრემიერი» მთავრობაში, ბენდუქიძის სახით, არ არსებობს. პრემიერი არის ზურაბ ჟვანია და ვიდრე ის პრემიერმინისტრი იქნება, არანაირ «ფორმალურ» თუ «არაფორმალურ» გავლენებს თავის კაბინეტში არ მოითმენს (გავიხსენოთ ბრიუსელის სამიტის სენსაციური გადაწყვეტილება), რაც პრეზიდენტმაც დაადასტურა.
        სამაგიეროდ, ლიბერალიზმის მებაირახტე კახა ბენდუქიზეს არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვდება სხვა «მსხვილ» ობიექტთა პრივატიზების დროს. ამ საწარმოთა ნუსხა კი საკმაოდ გრძელი.
        იგულისხმება ათასობით საწარმო, სადაც სახელმწიფოს ჯერ კიდევ აქვს თავისი წილი. მაგრამ მათი უმრავლესობა არარენტაბელურია და საეჭვოა, უფასოდაც ვინმემ აიღოს (თუნდაც მადლობის ფასად) _ აკი ბევრი ამათგანი «ნულოვან აუქციონზეც» კი არავინ შეიძინა. როგორც ჩანს, სახელმწიფოსაგან «იქით ფულის გადახდას» ელიან.
        ამდენად, ბენდუქიძის «საპრივატიზებო» სია სინამდვილეში მოიცავს სულ რამდენიმე ათეულ საწარმოს, რომელთა პრივატიზება სხვადასხვა ეტაპზეა მოსალოდნელი, ოღონდ არაუგვიანეს 2005 წლისა. მათ შორის, ს.ს. «თბილავაიმშენი», ს.ს. «ელმავალმშენი», ს.ს. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ს.ს. ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, შპს «საქავიამშენი», შპს ყაზბეგის ჰესი, შპს «საქართველოს ავიახაზები», შპს «საქართველოს საზღვაო სანაოსნო», შპს «საოკეანო სანაოსნო კომპანია», შპს «სუფსის საზღვაო ნავსადგური», ს.ს. «საქენერგო 2000», ს.ს. «საქართველოს ტელეკომი» და ასე შემდეგ.
        განსაკუთრებით აღსანიშნავია ფოთისა და ბათუმის პორტები, რომლის შეძენა ყველა მეზობელ ქვეყანას სურს. პირველ ყოვლისა, რასაკვირველია, რუსეთს. თანაც, ფასი ლამის გაირმაგდება, თუკი საქართველოს დათანხმდება ორივე პორტის «პაკეტში» პროვატიზებას. მაგალითად, ერთ-ერთი რუსული კომპანია მზად არის, ბათუმის პორტში 250 მილიონი დოლარი გადაიხადოს, ხოლო ორივე პორტში ერთად _ 850 მილიონი დოლარი. ოღონდ აქ ისევ გასათვალისწინებელი იქნება პრემიერმინისტრის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არაფრით დაუშვებს ერთი მფლობელის (მით უმეტეს, რუსული კომპანიის) მონოპოლიას შავიზღვისპირეთის ინფრასტრუქტურაზე. გუშინ მთავრობის სხდომაზე მეორე მძიმეწონოსანი მინისტრის, გურამ აბსნაძის გულისწყრომა გამოიწვია კახა ბენდუქიძის ინიციატივამ «ტყეების გაყიდვის» შესახებ. როგორც ჩანს, ლიბერალი ბენდუქიძე ხუმრობის ხასიათზე იყო. წარმოუდგენელია, იმ ვითარებაში, რაც საქართველოს ტყეებში შეიქმნა, საუბარი იყოს სრულფასოვან საკუთრებაზე, როდესაც, მაგალითად, მესაკთრეს ექნება უფლება, ტყის მასივი ფიცრებად დაჭრას და თურქეთში მასალად გაიტანოს. ალბათ, აქ იგულისხმება «შეზღუდული საკუთრების» უფლება, როდესაც მესაკუთრეს ტყის განადგურების გარეშე შეეძლება მხოლოს ამ სიმდიდრით სარგებლობა. ამ აზრს იზიარებს პრემიერ-მინისტრი, ვინც გამძვინვარებული «ლიბერალი-მინისტრის» შეკავებას ახერხებს, _ «ამ ეტაპზე ექსპრემიერმინისტრების» წინადადებით.

1 ივლისი, ხუთშაბათი, 2004 წელი
        დილის გაზეთი