მშობლიური ინტერპოლი ჩვენც გვიცავს

მშობლიური ინტერპოლი ჩვენც გვიცავს

     

        თბილისში, ინტერპოლის ერთ-ერთი კოლეგიალური კომისიის სხდომის გამართვა ნამდვილად შეიძლება საკმაოდ საინტერესო და ღირსშესანიშნავ მოვლენად ჩაითვალოს, ვინაიდან ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობათა «სწორი აწყობის» შემთხვევაში, მასთან თანამშრომლობას შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს საქართველოსთვის.
        რასაკვირველია, აქ იგორ გიორგაძის ყბადაღებული «საქმე» არა გვაქვს მხედველობაში: რამდენიც უნდა ვაგზავნოთ «საერთაშორისო პოლიციაში» («ინტერპოლის» ზუსტი თარგმანი) სუკის ყოფილი შეფის სურათები, სულ ერთია, ეს ორგანიზაცია სრულებით უძლურია იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის სამართლის დამცველ ორგანოებს, პოლიტიკური მოტივებით, არ სურთ იგორ გიორგაძის დაპატიმრება. «ინტერპოლს» კი რაიმე «ზეეროვნული» ძალები არ ჰყავს. მას, ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედება შეუძლია მხოლოდ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით. რაკი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯიუტად «ვერ ამჩნევს» მოსკოვის ფეშენებელურ რესტორან «პრაღაში» მოქეიფე იგორ გიორგაძეს, მაშასადამე, «ინტერპოლიც» უძლურია.
        სინამდვილეში, «ინტერპოლი» სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო ხელშეკრულება ურთიერთდახმარების შესახებ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი ინსტიტუციონალიზებულია ორგანიზაციის სახით, აქვს სიანფორმცაიო ბაზა, რომელიც დღეს, კომპიუტერის ათასწლოვანი ეპოქის გარიჟრაჟზე, ჭეშმარიტად ზემძლავრი გახდა. ოღონდ, ისევ და ისევ, «ინტერპოლი» ქმედითია მხოლდ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შემთხვევაში - თუ მაგალითად, შვეიცარია ეძებს ვინმე გაიძვერა პავლე ბოროდინს, რომელსაც ფულის გათეთრება და მექრთამეობა ედება ბრალად, იგი შეიძლება დააკავოს მხოლოდ რომელიმე ქვეყნის ლეგიტიმურმა სამართალდამცავმა ორგანომ. რუსეთი არ დააკავებდა, მაგრამ როგორც კი ამერიკაში მოხვდა, მაშინვე დაიჭირეს და ვირის აბანოში უკრეს თავი.
        რაში შეიძლება გამოადგეს საქართველოს ინტერპოლთან თანამშრომლობა? საყოველთაოდ ცნობილია, რომ განვითარებადი ქვეყნისთვის უმთავრესი პრობლემაა «საკრედიტო რისკების» შემცირებაა. რვა წლის წინ, «კუპონის ეპოქაში», როდესაც ქართული კაპიტალიზმი «კავკასიის ბირჟასთან» პირველ ინერციას იძენდა, ათიდან რვა საკრედიტო გარიგება (მათ შორის, ეროვნული ბანკის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის - დემურ დვალიშვილის მონაწილეობით), მთავრდებოდა იმით, რომ კრედიტის მიმღები მას სასწრაფოდ ახურდავებდა ბირჟაზე, ჰყიდდა თბილისში სახლ-კარს, ავეჯს, დანა-ჩანგალს, ოჯახთან ერთად «აეხვეტებოდა» და «მოხევდა» მოსკოვში ან ევროპასა თუ ამერიკაში.
        გააჩნია, კრედიტის რაოდენობას.
        ზოგი იმ რაოდენობის კრედიტი იყო, მანჰეტენზეც შეიძინეს აპარტამენტები, თუმცა მოსკოვში იმაზე იაფი როდია - რუსეთის დედაქალაქშიც მოიძევება ფეშენებელური ბინები და ფულის სარფიანად დაბანდების საშუალება.
        აქედან გამომდინარე, საქართველოს «ლიბერალურ-მონეტარისტული» ეკონომიკური რეფორმა იმთავითვე საჭიროებდა შესაბამის უზრუნველყოფას, თორემ ამ ქვეყანაში იოლად ფულის მოხვეჭისა და საზღვარგარეთ «მოხევის» მსურველს რა დალევს?
        ინტერპოლის მეშვოებით სკრუპულოზური, პედანტური მუშაობით სავსებით შეიძლება მივაკვლიოთ 1993-94 წლებში «კავკასიის ბირჟასთან» დატრიალებული ამბების გმირებს - სადაც არ უნდა იყვნენ ისინი: მანჰეტენსა და ლონდონში კი არა, «ინტერპოლს» სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში მდებარე რანჩოებზეც აღმოუჩენია ფინანსური მაქინატორები, რომელთაც არათუ გარეგნგობა, სქესიც ჰქონდათ გამოცვლილი.
        ასე რომ, ყველაფერი, კიდევ წინ არის: «კუპონის ეპოპეის» დროინდელი მილიარდებიდან მცირედიც რომ დავიბრუნოთ, ესეც საქმეა, თანაც, საქართველოს ამჟამად ნამდვილად ესაჭიროება «საკრედიტო რისკის» შემცირება - წარმოუდგენელია ეკონომიკა განვითარდეს, როდესაც კომერციული კრედიტი 25 პროცენტს აჭარბებს წელიწადში, ანუ 2 პროცენტს თვეში! ნორმალურ ქვეყანაში კი წელიწადში 7 პროცენტი თუ გადაიხადე, ხელზე გაკოცებენ.
        ისევ და ისევ, რუსეთი რჩება მთავარ პრრობლემად, ვინაიდან ჩვენი ისტორიული ძმა და მეგობარი, სულაც არ არის დაინტერესებული საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობითა და განვითარებით.
        ამიტომაც, რუსეთიდან ყველაზე ნაკლებად უნდა გვქონდეს იმედი ფინანსურ «სტრინგერთა» ექსტრადირების, მაგრამ ინტერპოლს აქ «საერთო წესების დამყარება» მაინც შეუძლია - იგორ გიორგაძეც კი გადახვეწეს ბეირუთში, როცა ინტერპოლთან უხერხულ მდგომაროებაში ჩაცვივდნენ.

დილის გაზეთი, 16 მაისი, 2001 წელი