მსოფლიოს 189 სახელმწიფოს მეთაური აფხაზეთზე მწარე სიმართლეს ისმენს

მსოფლიოს 189 სახელმწიფოს მეთაური აფხაზეთზე მწარე სიმართლეს ისმენს

        საქართველოს პრეზიდენტს მკვეთრი და მეტისმეტად მწვავე ფორმულირებები საერთოდ არ ახასიათებს. მით უმეტეს, საერთაშორისო ფორუმებზე გამოსვლისას. მაგრამ გუშინდელი მისი სიტყვა გაეროს «მილენიუმ სამიტზე» ამ თვალსაზრისით გამონაკლისია, რადგან უპრეცედენტოდ მწვავე აღმოჩნდა.
        ან, შესაძლოა, ეს არის არა გამონაკლისი, არამედ ახალი ეტაპის დასაწყისი საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და უახლესი წარსულის შეფასებაში, როდესაც ყველაფერს (მათ შორის რუსეთის როლს) დაერქმევა თავისი სახელი.
        რასაკვირველია, გაეროს ტრიბუნიდან შევარდნაძეს პირდაპირ არ უთქვამს, რომ რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ სოხუმს, რომ რუსი ინსტრუქტორები ამზადებდნენ «ბოევიკებს» გუდაუთის ბანაკებში, რომ რუსეთი ეხმარებოდა სეპარატისტებს თავისი საინფორმაციო იარაღით და ასე შემდეგ.
        მაგრამ რაც ითქვა, მაინც ყველასათვის გასაგები იყო _ ყოველ შემთხვევაში, დიპლომატიურად უფრო მეტის და სხვაგვარად თქმა შეუძლებელია. ეს კი უეჭველად იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთშიც და მთელ საქართველოშიც რუსეთის «გეოპოლიტიკური ჩანაცვლების პროცესი» უკვე შეუქცევადი ხდება.
        ედუარდ შევარდნაძემ სწორედ ეს თქვა «მილენიუმ სამიტზე» გამოსვლისას და მიუხედავად იმისა, რომ მონაწილე 189 სახელმწიფოდან უმრავლესობას საქართველო და ჩვენნაირი პრობლემატიკა საერთოდ არ აინტერესებს, მაინც უეჭველია, რომ ძირითადი მოთამაშეები (პოსტსაბჭოურ სივრცეზე ესაა რუსეთი, ამერიკა, ევროკავშირი, თურქეთი) შევარდნაძეს ყურადღებით მოუსმენდნენ და სწორადაც აღიქვამდნენ მის გამოსვლას, როგორც ცნებათა და მოვლენათა საბოლოო დაზუსტებას.
        აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ: «ათასწლეულის სამიტი» და საუკუნეთა ცვლა ემთხვევა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის საბოლოო კონცენტრირების პერიოდს.
        თანაც, ნიშანდობლივია, რომ რუსეთთან ერთად ედუარდ შევარდნაძემ მკაცრად გააკრიტიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც, რომლის აქტივობა აფხაზეთში ზაფხულობით სამხედრო დამკვირვებელთა ბიჭვინთის სანაპიროზე «ჭყუმპალაობით» შემოიფარგლება.
        რა თქმა უნდა, ესოდენ მკაცრი «თუმცა, მოკლედ თქმული» კრიტიკა იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის სამშვიდობო პროცესის ფორმატი უახლოეს მომავალში აუცილებლად შეიცვლება.
        გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ თავისი შესაძლებლობები მთლიანად ამოწურა და საქართველოს სასიკეთო ბევრი ვერც ვერაფერი გააკეთა.
        როგორი იქნება ახალი ფორმატი – უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. არ არის გამორიცხული, იგი ორიენტირებული იყოს არა დონდოლო და ბიუროკრატიზმით გაჟღენთილ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, არამედ იმ სახელმწიფოზე (ან სახელმწიფოთა ჯგუფზე «რუსეთის გარდა»), რომელთაც სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ.
        ამ ვარაუდის ჭეშმარიტება, ალბათ, ჯერ კიდევ წლის ბოლომდე დადასტურდება. მკითხველი ყურადღებას მიაქცევდა იმ გარემოებას, რომ გაზაფხულზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გაისმა განცხადებები 2000 წლის დეკემბრამდე აფხაზეთის საკითხში მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.
        აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათსვე ედუარდ შევარდნაძე შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს სეიდ მუჰამედ ჰატამის.
        გვინდა თუ არა, ირანი რეგიონში სერიოზული მოთამაშეა და, ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური ცვლილების პირობებშიც, საქართველო ვალდებული იქნება, გაითვალისწინოს რუსეთ-სომხეთ-ირანის გეოპოლიტიკური ღერძის არსებობა კავკასიაში.
        ედუარდ შევარდნაძის მკვახე სიტყვა «მილენიუმ სამიტზე» იმასაც ნიშნავს, რომ შესაძლოა ცვლილებები მოხდეს საშინაო პოლიტიკაშიც.
        იმ აზრით, რომ საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა და პირიქით. საგარეო პოლიტიკურ სფეროში არსებული დაძაბულობა კი ნამდვილად აისახება ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე. ისევე, როგორც უეჭველად აირეკლება ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილებაც. თუ ეს ვარაუდი სამართლიანია და თუ ასეთი ურთიერთქმედება ნამდვილად არსებობს, მაშინ უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომებიც ბევრად საინტერესო გახდება.
        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად მონაწილეობდა ოფიციალურ მიღებაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიწვევით, რომელიც გაიმართა ნიუ-იორკის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმრო «უოლდორფ ასტორიაში».
        ეს შეიძლება იყოს გამოსათხოვარი შეხვედრა პრეზიდენტ კლინტონთან. მსოფლიოს 189 ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მეფე თუ დიქტატორი (თვით ამერიკის დაუძინებელი მტერი ფიდელ კასტრო) იყო მიწვეული ამ მიღებაზე.
        კლინტონი ყოველნაირად ცდილობდა, სამიტის ცენტრალურ ფიგურად ქცეულიყო და ეს მოახერხა კიდეც. მისი ძალისხმევა, ძირითადად, მიმართულია ისრაელ-პალესტინის შეთანხმების მისაღწევად.
        ყველას შესანიშნავად ესმის, რომ თუ კლინტონი ამას მოახერხებს, იგი მართლაც ტრიუმფატორად შევა მეორე ათასწლეულის ისტორიაში.
        საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, მას ტრიუმფი ისედაც გარანტირებული აქვს – ამერიკის ეკონომიკა ასეთი აყვავებული, მდიდარი და ძლიერი არასდროს ყოფილა. მაგრამ საგარეო პოლიტიკაში კლინტონს, ვისი ქვეყანაც დღეს მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოა, სწორედ მეოცე საუკუნის ამ უმწვავესი პრობლემის გადაწყვეტა აკლია.
        ამიტომ თავისი გამოსვლა ბილ კლინტონმა ძირითადად სწორედ მას მიუძღვნა და ნიუ-იორკში ყოფნისას რამდენჯერმე შეხვდა კიდეც ისრაელის პრემიერ ბარაკსა და პალესტინის ლიდერ არაფატს, რომლებიც, თავის მხრივ, ყოველნაირად ცდილობდნენ იმის დემონსტრირებას, რომ პალესტინის პრობლემა მესამე ათასწლეულის მთავარ პრობლემად დარჩება, ანუ მათ ახსოვთ რეალური კომპრომისები. – მთავარი საკითხი ისევ და ისევ იერუსალიმის სტატუსია, არაბები ქალაქის არაბულ ნაწილზე სუვერენიტეტის აღდგენას ითხოვენ, ებრაელებისათვის კი იერუსალიმის გაყოფა ყოვლად წარმოუდგენელია.
        თუმცა, ისრაელ-არაბეთის პრობლემა არ არის ერთადერთი საკითხი, რაც დღევანდელ მსოფლიოში დაძაბულობას ქმნის. მსოფლიოს ლიდერთა გამოსვლებმა, ბრაზილიიდან - ისლანდიამდე, ფილიპინებიდან - კანდამდე და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან - ნორვეგიამდე, საზარელი სურათი დახატა თანამედროვე ვითარებისა ჩვენს პლანეტაზე.
        სავსებით რეალურია შთაბეჭდილება, რომ დედამიწას სულ მალე განადგურება ელის ეკოლოგიური, დემოგრაფიული და სოციალური დარტყმების შედეგად.
        ამ ვითარებაში ძალიან ძნელი იყო გაეროს ტრიბუნიდან ისეთი სიტყვა წარმოეთქვა პატარა ქვეყნის ლიდერს, რაც საყოველთაო ყურადღებას მიიპყრობდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ შევარდნაძემ რამდენიმე საკითხის გამწვავებით ეს მოახერხა და საქართველოს ხმა «მილენიუმ სამიტზე» საკმაოდ მკაფიოდ გაისმა.
        მთავარი, რაც შევარდნაძემ თავისი ქვეყნის სახელით კაცობრიობას უთხრა, ის იყო, რომ მსოფლიომ ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, რომელიც უდავოდ არსებობდა ცივი ომის დამთავრებიდან პირველ წლებში, რათა ძალისხმევა და რესურსები მიემართა მესამე ათასწლეულის პრობლემათა პროგნოზირებისა და პროფილაქტიკისათვის. მათ შორის შევარდნაძემ დაასახელა არა მხოლოდ ეკოლოგია ან დემოგრაფიულიო ბუმი, არამედ, ლოკალური კონფლიქტებიც, მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტი.

დილის გაზეთი, 3 სექტემბერი, 2000 წელი