მსოფლიო ირჩევს ობამას, ამერიკა ირჩევს რესპუბლიკელებს

მსოფლიო ირჩევს ობამას, ამერიკა ირჩევს რესპუბლიკელებს

              ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ (არა მხოლოდ ამერიკამ, არამედ ლამის მთელმა მსოფლიომ აზია-აფრიკის ჩათვლით) შეერთებული შტატების პრეზიდენტად პირველი აფროამერიკელი, ანუ ქართულად თუ ვიტყვით, ზანგი აირჩია.
        ორ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა და, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ემოციური არჩევანის შემდეგ, ეიფორიას იმედგაცრუება მოჰყვა. შედეგმაც არ დააყოვნა. 2010 წლის 2 ნოემბერს, ანუ (როგორც ამერიკულ კონსტიტუციაში წერია «ნოემბრის პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათს») ამერიკაში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა. ამერიკელებმა წარმომადგენელთა პალატა მთლიანად, ხოლო სენატი მესამედით გადაირჩიეს.
        რამდენიმე შტატში გაიმართა ადგილობრივი არჩევნები და ზოგიერთ მათგანს აგრეთვე ემოციური მნიშვნელობა ჰქონდა: მაგალითად კალიფორნიელები სამუდამოდ გამოეთხოვენ საყვარელ «ტერმინატორ» არნოლდ შვარცენეგერს. მას უბრალოდ აღარ ჰქონდა უფლება მესამედ ეყარა კენჭი გუბერნატორის, თორემ შესაძლოა კიდევ აერჩიათ. თავისთავად საინტერესოა, რომ ლეგალური ერთსქესიანი ქორწინებებით და გეი-პარადებით ცნობილ შტატში ორი ვადით სწორედ შვარცენეგერი აირჩიეს გუბერნატორად (მეტსახელიც შესაბამისი ჰქონდა - «გავერნატორი») და არა რომელიმე ნაზი «ცისფერი» - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიეს მსგავსი – ახლახანს რომ ოფიციალურად გათხოვდა ბებია ანგელას ლოცვა-კურთხევით.
        ესეც ალბათ ამერიკის ერთ ერთი უცნაურობა და თავისებურებაა.
        დავუბრუნდეთ კონგრესის არჩევნებს. ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელებმა – დემოკრატებს (პრეზიდენტ ობამას პარტიას) დამაჯერებლად წაგლიჯეს უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში: 237 რესპუბლიკელი, 182 დემოკრატი და 16 ნეიტრალური. ესე იგი, ყველა «ნეიტრალი» ან «გაურკვევლობაში მყოფიც» კი რომ დემოკრატი აღმოჩნდეს, ბარაკ ობამას უკვე აღარ შეუძლია ქვედა პალატაში ისევე გაიტანოს მნიშვნელოვანი კანონპროექტები, როგორც სამედიცინო დაზღვევის ისტორიულ კანონთან დაკავშირებით მოახერხა.
        არადა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატა უმნიშვნელოვანესია ბიუჯეტის შედგენისას. ესე იგი, ამერიკის პრეზიდენტს ხელ-ფეხი შეკრული აქვს: თუ რესპუბლიკელებმა არ ინებეს და მას ფული არ გამოუყვეს, ახალს ვერაფერს გააკეთებს. ასეთია ამერიკული სისტემის თავისებურება, რომელმაც ყველა ქვეყანაში (ამერიკის გარდა) ან სამოქალაქო ომი გამოიწვია, ან გადატრიალებებისა და რევოლუციების მთელი წყება. მაგალითად, გავიხსენოთ 2003 წლის რევოლუცია საქართველოში, რომელიც პირველ ყოვლისა სწორედ ხელისუფლებათა გაყოფის «ამერიკული სისტემის» შედეგი იყო.
        თუმცა, ამერიკა მაინც ამერიკაა. თანაც ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს სხვადასხვა პარტიები მართავენ. პირიქით, - ამერიკისთვის ასეთი დაპირისპირება უფრო ნორმალურია, ვიდრე ერთპარტიული მმართველობა ხელისუფლების ორივე შტოში.
        რაც შეეხება ზედა პალატას, ესე იგი სენატს, იქ ობამას პარტიამ უმრავლესობა შეინარჩუნა: 51 დემოკრატი, 46 რესპუბლიკელი და 3 «გაურკვეველი» ესე იგი nci, როგორც მათ ამერიკაში უწოდებენ. სენატში იმდენად დემოკრატებმა კი არ გაიმარჯვეს, რამდენადაც რესპუბლიკელებმა ვერ მოახერხეს უპირატესობის მოპოვება, რაკი კანონის თანახმად, არა მთელი სენატი, არამედ მისი მესამედი ირჩეოდა. სენატშიც რომ სრული არჩევნები ჩატარებულიყო, ესე იგი ასივე სენატორი ხელახლა აერჩიათ, რესპუბლიკელები ზედა პალატასაც მნიშვნელოვანი უპირატესობით დაეუფლებოდნენ.

საით მიდის ამერიკა?

        ანუ, მთავარია ძირითადი ტრენდი, ძირითადი ტენდენცია, რომელიც 2 ნოემბრის არჩევნებმა მთელი ქვეყნის მაშტაბით დაადასტურა: დემოკრატები (პრეზიდენტი ობამა) აგებენ, ხოლო რესპუბლიკელები იგებენ! ამერიკელთა უმრავლესობა ირჩევს კონსერვატორებს, ესე იგი რესპუბლიკელებს, - როგორც «ობამამდელი» ამერიკის სიმბოლოებს.
        სრულიად უაზროა ამ ტრენდში რაიმე რაციონალური მიზეზების ძებნა. Oობამას არათუ არაფერი დაუშავებია 2 წლის განმავლობაში, არამედ ბევრი მიმართულებით აშკარა წარმატებასაც მიაღწია. სწორედ მან გაიტანა კონგრესში ისტორიული კანონი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ. ამას ყველა დემოკრატი პრეზიდენტი ცდილობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ უშედეგოდ. Oგარდა ამისა, ობამამ, ფაქტობრივად დაამთავრა ომი ერაყში. Yყოველ შემთხვევაში, ამერიკელი ჯარისკაცები იქ აღარ იღუპებიან, რადგან პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედრო ნაწილების უმრავლესობა მშვიდობიან კუვეიტშია გადაყვანილი. დარჩა 50 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ერაყელებს წვრთნის და სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობს. ეს ობამას მთავარი დაპირება იყო, რაც მან მთლიანად შეასრულა.
        მართალია, გრძელდება ომი ავღანეთში, თუმცა დანაკარგი იქ არც ისე დიდია. Yყოველ შემთხვევაში, ერაყისას ვერ შეედრება. Oსწორედ ობამამ «გადატვირთა» ურთიერთობა რუსეთთან. არადა, ამერიკელებს რუსული ატომური არსენალისა «ცივი ომის» ეპოქიდან მოყოლებული ძალიან ეშინიათ.
        უფრო მეტი: პრეზიდენტმა ობამამ იმასაც კი მიაღწია, რომ მოსკოვმა ამერიკას მხარი დაუჭირა ირანის საკითხში, რაც უდიდესი დიპლომატიური გამარჯვება იყო. ისევე, როგორც კონტინენტთაშორისი რაკეტების შემცირება.
        ბევრი ამერიკელი თითქოს ობამას შიდაეკონომიკური პოლიტიკითაა უკმაყოფილო, მაგრამ ესეც გაუგებარია: ჯორჯ ბუშის მმართველობის ბოლო წელს საქმე ამ მხრივ უარესად იყო. ობამას კი «ჯადოსნური ჯოხი» ნამდვილად არ ჰქონდა, - წლობით დაგროვილი ყველა პრობლემა ერთბაშად მოეგვარებინა. და მაინც: ეკონომიკური გაჯანსაღების მთავარი მაჩვენებლები ყოველდღე უმჯობესდება; ნელა, მაგრამ მაინც იზრდება მოხმარება, ესე იგი ამერიკელებს აღარ ეშინიათ ფულის ხარჯვა; ასევე ნელა, თუმცა მაინც მცირდება უმუშევრობა; ხოლო ინდუსტრიული აქტივობის ინდექსი «დოუ ჯონსი», რომელიც 2008 წელს 6000 პუნქტამდე დაეცა, ახლა 11 000-სს აჭარბებს.
        სხვა რა უნდა ექნა ამ კაცს 2 წლის განმავლობაში? მაგრამ ამ შემთხვევაში, ამერიკელები არა გონებით, არამედ ქვეცნობიერით ირჩევენ. Oობამა მათთვის მაინც «უცხო სხეულია». რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ამერიკაში რასობრივი სხვაობები უკვე მოისპო – ქვეცნობიერ დონეზე მათ მოსპობას კიდევ საუკუნეები დასჭირდება. ესე იგი,2008 წლის «ემოციური არჩევანი» 2010 წლის «ქვეცნობიერმა არჩევანმა» შეცვალა. ანუ გაუცნობიერებელმა, ინსტიქტურმა ლტოლვამ ძველი და გამოცდილისადმი. ასეთებად კი რესპუბლიკელები ჩანან.
        ოღონდ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ობამას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 100 პროცენტით წაგებული აქვს. 50 წელია ამერიკაში არ მომხდარა შემთხვევა, «დემოკრატი» პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, კონგრესის საშუალედო «ელექშენზე» რესპუბლიკელებს არ გაემარჯვათ და პირიქით. ანუ, აქაც გარკვეული კანონზომიერება მოქმედებს, რომელსაც ობამას «უნიკალურობა» უბრალოდ კიდევ უფრო მეტ ემოციას და სიმძაფრეს მატებს.
        გავიხსენოთ, თუნდაც, გასული საუკუნის 90-იანი წლები: 1992 წელს ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი გახდა; 1994 წელს მან პირწმინდად წააგო «დიდი სამშაბათის» არჩვნები და ორივე პალატას რესპუბლიკელები დაეუფლენ, თუმცა 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ «ბილარიმ» გაიმარჯვა.

ჩაის პარტია

        შესაძლოა ახლაც იგივე განმეორდეს. ბევრი რამ ისევ და ისევ ამერიკელთა ემოციურ და ქვეცნობიერ განწყობებზე იქნება დამოკიდებული. ობამას შარშანწინდელი გამარჯვების შემდეგ ამერიკაში ე.წ. «ჩაის პარტია» აღორძინდა. ეს არის კონსერვატორთა გაერთიანება, რომლებიც ამერიკას იმ დროს ახსენებენ, როცა ბოსტონში ჩაის სასმელად შეკრებილმა ამერიკელებმა ინგლისელები ქვეყნიდან გააძევეს. იმ დროს ზანგებს საარჩევნო ხმა საერთოდ არ ჰქონდათ. უფრო მეტიც: ამერიკის მამა-დამფუძნებლები, - ჯეფერსონი, ვაშინგტონი და სხვები უმდიდრესი მონათმფლობელები იყვნენ.
        თუ ეს მოძრაობა გაძლიერდა, ამერიკაში შეიძლება სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირებაც დაიწყოს. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, ამერიკული დემოკრატია ამ გამოცდასაც გაუძლებს.
        რა მოჰყვება რესპუბლიკელთა რევანშს მთელი მსოფლიოსათვის? სერიოზული ცვლილებები (მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით) მოსალოდნელი არ არის. ბოლოს და ბოლოს, რესპუბლიკურ უმრავლესობას კონგრესში შეუძლია დაბლოკოს რაიმე გადაწყვეტილება, მაგრამ პოლიტიკის გამტარებელი მაინც პრეზიდენტია. სხვა საქმეა, რომ ობამა და მისი გუნდი უფრო მეტად იქნებიან იძულებულნი გაითვალისწინონ რესპუბლიკელთა აზრი. განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა იმპერიის სივრცესთან, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით.
        ჩვენმა ნამდვილმა მეგობარმა, ჯონ მაკკეინმა უკვე შეიტანა განსახილველად რამდენიმე რეზოლუცია, რომელიც საქართველოს უფრო აქტიურ მხარდაჭერას გულისხმობს. რესპუბლიკური უმრავლესობის პირობებში აბსოლუტურად გამორიცხულია, ამერიკის ადმინისტრაციამ თვალი დახუჭოს რუსეთის ახალ აგრესიაზე, ან საქართველო აიძულოს დათანხმდეს რუსული ოკუპაციის ლეგალიზებას – თუნდაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის «შეშვების» ფორმით.