«მრეწველებსა» და ზურაბ ჟვანიას შორის ალიანსი იკვეთება

«მრეწველებსა» და ზურაბ ჟვანიას შორის ალიანსი იკვეთება

               გუშინ პარლამენტში ძალზე ნიშანდობლივი რამ მოხდა: «მრეწველთა ფრაქციამ» უმრავლესობის აშკარა მხარდაჭერით შეძლო გაეტანა წინადადება «საგადასახადო ცვლილებათა» განხილვის შესახებ. თოფაძე-ტყემალაძის დაჯგუფება უკვე წელიწადზე მეტია, მოითხოვს ამ წინადადებათა განხილვას. ისინი არც მალავენ, რომ ლობირებენ მსხვილ ბიზნესს (მათ შორის, რასაკვირველია, საკუთარსაც), როდესაც მოითხოვენ დამატებითი ღირებულების გადასახადის მნიშვნელოვნად შემცირებას.
        ბუნებრივია, საკითხის შეტანა დღის წესრიგში ჯერ სულაც არ ნიშნავს მის გადაწყვეტას, მაგრამ თავისთავად საგულისხმოა, თუ «მრეწველებმა» და «მოქალაქეებმა» ამ თემაზე საერთო ენის გამონახვა შეძლეს.
        «მრეწველთა» გუშინდელი ტაშის გრიალი უეჭველად იმ კონტაქტების შედეგია, რაც ბოლო დროს ხორციელდებოდა ზურაბ ჟვანიასა და «მრეწველებს» შორის. «დიდ ოპოზიციაში» სერიოზული მღელვარება გამოიწვია ბოლოდროინდელმა მოვლენამ, როდესაც ბათუმისაკენ მიმავალი «მრეწველთა ფრაქცია» მოულოდნელად 180 გრადუსით შემობრუნდა.
        მანამდე კი «მრეწველთა ფრაქციამ» შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებათა ალტერნატიული პროექტი, რომელიც აშკარად ზურაბ ჟვანიას წისქვილზე ასხამს წყალს. «დიდმა ოპოზიციამ» ერთ-ერთი ოპოზიციური ფრაქციის მოქმედება კი გაკიცხა, მაგრამ რაღაცნაირად ცალყბად, ვინაიდან შესანინავად ესმით, რომ ამ «დიდი კოალიციის» დაშლა უკვე გარდაუვალია.
        ფორმალურად «მრეწველებს» არაფერი დაურღვევიათ - არც ერთი შეთანხმება და არც ცნობილი «ფიცვერცხლჭამის» რიტუალი. მათ ჰქონდათ სრული უფლება (ყველა თვალსაზრისით), წარედგინათ «მინისტრთა კაბინეტის» საკუთარი პროექტი, რომელიც თვალნათლივ ემთხვევა ზურაბ ჟვანიას ადრინდელ წინადადებებს ქვეყანაში «საპარლამენტო რესპუბლიკის» დაფუძნებაზე.
        ეს უკვე საკმარისი საფუძველია სამომავლო ალიანსის, ანუ «სტრატეგიული შეთანხმებისთვის» - რისი ნიშანიც გახდა «საგადასახადო შეღავათების» შესახებ კანონპროექტთა პაკეტის შეტანა სესიის დღის წესრიგში.
        თანაც, მიაქციეთ ყურადღება, - ეს ყოველივე ხდება მაშინ, როდესაც კვლავ დაიძაბა ურთიერთობა თბილისსა და ბათუმს შორის, ანუ «მრეწველებმა» არჩევანი აქაც გააკეთეს. ბევრმა დამკვირვებელმა მიაქცია ყურადღება, რომ გოგი თოფაძე ბათუმში ყველაზე იშვიათი ფიგურა იყო ცნობილ პერსონათაგან - ეს ნამდვილად არ შეიძლება შემთხვევითობად ჩაითვალოს.
        კომპეტენტურ წრეებში კი, საუბრობენ, რომ თოფაძეს, როგორც წარმოებაზე (და არა იმპორტზე) ორიენტირებულ ბიზნესმენს, სავსებით კონკრეტული პრეტენზიები ჰქონდა ასლან აბაშიძის მიმართ, თუმცა ამ პრეტენზიებს აშკარად არ გამოხატავდა.
        სწორედ ამ ინტერესთა კონფლიქტით ისარგებლა ზურაბ ჟვანიამ, თანაც ძალზე ოსტატურად.
        მეორე მხრივ, «კანონპროექტთა პაკეტი» გადასახადების შემცირების შესახებ ჟვანიას არაფერს ავალდებულებს. ისევე, როგორც ხე-ტყისა და ლითონების ექსპორტის აკრძალვა, გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი, ანუ უმრავლესობა.
        რაც შეეხება ჟვანიასა და მრეწველების თანამშრომლობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ამ მომენტმა და საბიუჯეტო საკითხებზე თბილისი-ბათუმის ურთიერთობათა დაძაბვამ სრულიად ახალი პოლიტიკური პარადიგმა შექმნა. ამ მოტივაციით, «სოციალისტებისა» და «ტრადიციონალისტების» შეკოწიწება ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ძნელად თუ მოხერხდება.
        ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, თითქოს ზურაბ ჟვანია ასე ადვილად დათმობს ინიციატივას «მინისტრთა კაბინეტის» გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ ომში. განურჩევლად იმისა, შევა ცვლილებები კონსტიტუციაში თუ არა - სულერთია, ორივე შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს შანსი, გამარჯვებული გამოვიდეს და ინიციატივა შემდგომაც შეინარჩუნოს.
        ასლან აბაშიძე კი ვერ ამჩნევს, რომ ინიციატივას კარგავს და თბილისში თანხის გადმოურიცხავობით «ინტერესთა კონფლიქტს» ქმნის უკვე პოტენციურ მოკავშირეებთანაც კი.

დილის გაზეთი, 6 ივნისი, 2001 წელი