«მოქალაქეთა კავშირი» ნახტომისთვის ემზადება(?!)

«მოქალაქეთა კავშირი» ნახტომისთვის ემზადება(?!)

        ავთანდილ ჯორბენაძის პანკისში სტუმრობამ ნიშანდობლივი რაკურსით მიიპყრო ქართული მასმედიის ყურადღება. თავისთავად, სახელმწიფო მინისტრის სტუმრობა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ რეგიონში, სადაც ასეულობით უკონტროლო «ბოევიკია» დისლოცირებული, არაორდინარული მოვლენა იყო. მით უმეტეს მას შემდეგ როდესაც საქართველომ რუსეთის მიერ ძებნილი ადამ დეგკუშევის ექსტრადირება განახორციელა.
        ამ ვითარებაში ავთანდილ ჯორბენაძის ჩასვლა ხეობაში უეჭველად იმას მიუთითებს, ორმ ხელისუფლება ნამდვილად ცდილობს გააძლიეროს ზემოქმედება პანკისის «უკონტროლო ელემენტზე».
        გაცილებით უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო ჯორბენაძის ვიზიტის დროს შემდგარმა წმინდა პოლიტიკურმა აქციამ: პანკისის მოსახლეობის ნაწილი «მოქალაქეთა კავშირში» გაწევრიანდა. თბილისში, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს აქცია ერთმნიშვნელოვნად აღიქვეს: ხელისუფლებას შეიარაღებულ ფორმირებათა მიმხრობა სურს «სახელისუფლებო» პარტიისადმი».
        სინამდვილეში, თუ საუბარია «სახელისუფლებო პარტიაზე», - მას ადმინისტრაციული ბერკეტებიც ექნება საიმისოდ, რათა «ანტისისტემური» შემოტევები მოიგერიოს. თანაც, ისიც გავითვალისწინოთ, რომ 1991 წლის პოლიტიკური კონფიგურაცია აღარასოდეს განმეორდება. «ანტისისტემური» ძალები ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არსებობენ, მაგრამ მათი პოლიტიზება (11 წლის წინანდელ მოვლენათა მსგავსად) უკვე გამორიცხულია _ ამას ვეღარ გაბედავენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც შესანიშნავად აცნობიერებენ: დესტაბილიზაციისა და ქაოსის პირობებში, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათ არ დაადგებათ კარგი დღე, ანუ «ანტისისტემური ძალები» და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ელიტა ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ (ისევ და ისევ, 1990-1992 წლებისგან განსხვავებით).
        რაც შეეხება პანკისში «მოქალაქეთა კავშირის» რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებას, ეს, ალბათ, უფრო ავთანდილ ჯორბენაძის მზარდი პოლიტიკური ამბიციის გამოვლინებაა, ვიდრე შეიარაღებულ ფორმირებათა მიმხრობის სრულიად უპერსპექტივო და აბსურდული მცდელობა.
        სახელმწიფო მინისტრი ყოველმხრივ ვცდილობს «მოქალაქეთა კავშირის» გაძლიერებას, უფრო ზუსტად, მის გადარჩენას სრული განადგურებისა და პოლიტიკურ მოუსავლეთში ჩაძირვისგან. ნურავის ეგონება, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური მხარდაჭერის შემთხვევაში, «მოქკავშირი» ვერ შეძლებს ისე მოძლიერებას, არათუ, 7 პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, არამედ გარკვეული სეგმენტიც შეინარჩუნოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
        ამ მიზნით, უახლოეს მომავალში სახელმწფიო მინისტრი გააქტიურდება. შესაძლოა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცეს მომავალი ყრილობა, თუმცა, კვლავინდებურად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ედუარდ შევარდნაძე ამ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, ყრილობას, ალბათ, დაესწრება.
        პანკისის ხეობის შემდეგ იგივე აქცია უკვე კოდორის ხეობაში განხორციელდა: ავთანდილ ჯორბენაძის ხელმძღვანელობითა, «მოქალაქეთა კავშირი» ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია იკისროს პასუხისმგებლობა ურთულეს პრობლემათა გადაწყვეტაზე.
        შეიძლება ითქვას, ამ პარტიას უკვე ჰყავს გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი. 2 ივნისსი არჩევნებისას ინერტული ელექტორატის ნაწილი მას, ალბათ, მხარს დაუჭერს. ამას ემატება «ქვემო ქართლის» რესურსი. ისევე, როგორც ჯავახეთის ფაქტორი. ავთანდილ ჯორბენაძე რაკი პარტიის რეანიმაციას დათანხმდა – უკან დახევას ვეღარ შეძლებს. მისი პოლიტიკური პერსპექტივა უკვე მთლიანად დაუკავშირდა «მოქალაქეთა კავშირს». მაშასადამე, პარტიის წარმატება კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრის წარმატება იქნება და პირიქით.
        მაგრამ ამგვარ ურთიერთმიმართებას, როგორც უპირატესობები და პლუსები აქვს, ასევე, აქვს სახიფათო მხარეები და საყურადღებო მინუსები.
        რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, მისი განცხადება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში «მოქალაქეთა კავშირის» აუცილებელი გამარჯვების შესახებ, გულისხმობს მომავალ პარლამენტში (1003-1007) ისეთ ვითარების შექმნას, როდესაც ოპოზიცია კვაელიფიციურ უმრავლესობას ვერ მოაგროვებს.

დილის გაზეთი, 23 ივლისი, 2002 წელი