მოლაპარაკება სოხუმში         კარგად არდავიწყებული ძველი        

მოლაპარაკება სოხუმში         კარგად არდავიწყებული ძველი        

       

        დღეს აფხაზეთში მიემგზავრება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საზელმწიფო მინისტრის პორტფელის მქონე goga xaindravas მეთაურობით. აფხაზური მხარე თავის დროზე სამაოდ პიზიტიურად შეხვდა გოგოა ხაინდარავას დანიშვნას ამ პოსტზე, რაკი იმთავითვე ცხადი იყო, რომ იგი პრობლემის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრე იქნება.

        ეს, თავის დროზე, დაადასტურა სოხუმის ხელისუფლების ერთ-ერთმა ყველაზე მძვინვარედ შეურიგებელმა მოღვაწემ, სეპარატისტთა საგარეო სამქეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. მისი თქმით, ხაინდრავა საკმაოდ კარგად იცნობს ქართულ-აფხაზური დაპირისპირების პრობლემატიკას და მისი დანიშვნა, შესაძლოა, პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს.
        იმავე განწყობის გამოვლინებაა აფხაზების თანხმობა, პირველად სწორედ გოგა ხაინდრავასთან გაემართათ მოლაპარაკება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რაც არა მხოლოდ «ვარდების რევოლუციით», არამედ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოლაპარაკებათა სრული ჩიხში შესვლით იყო განპირობებული.
        რევოლუციის შემდეგ, სოხუმის ხელისუფლებამ აფხაზეთში «ვარდების სურნელი» შენიშნა. საოცარია, მაგრამ ფაქტია: «გამარჯვებიდან» 11 წლის თავზე ეს უფრო მათი შიშნარევი ნევროზის გამოვლინება იყო, ვიდრე, «ახალი თბილისის» რეალური მისწრაფება, ვინაიდან, ყველა განცხადების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას შესანიშნავად ესმის, რამდენად შესაძლებელია «თბილისისა» და «ბათუმის» სცენარების განხორციელება აფხაზეთში, სადაც სულ სხვა ეთნიკური და პოლიტიკური ლანდშაფტია.
        ამას თვით გოგა ხაინდრავაც ადასტურებს რადიო «თავისუფლების» რუსული რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, სოხუმის მოლაპარაკებამიზნად ისახავს ქართულ-აფხაზური დიალოგის განახლებას. მათ შორის, კონფლიქტის სრული მოწესრიგების მიზნით.
        მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები პრეზიდენტ სააკაშვილს საკმაო რიდით (რომ არ ვთქვათ სიფრთხილითა და შიშით) ეკიდებიან, ზოგიერთი სიმპტომის მიხედვით, იმ პოლიტიკოსთან ურთიერთობა, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია 1992-1993 წლის მოვლენებთან, სოხუმისათვის მისაღებია.
        ამასთანავე, მათ ურჩევნიათ, უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ გოგა ხაინდრავასთან, როგორც ომის მონაწილესთან (თუმცა, გენოციდში მას თვით შამბა და ოზგანიც არ ადანაშაულებენ), ხოლო სამომავლოდ გადაწყვეტილებები მიიღონ სააკაშვილთან და მთლიანად, მმართველ ტრიუმვირთან ერთად.
        მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ მოლაპარაკებასაც და მთლიანად დიალოგის პროცესსაც, სოხუმის ხელისუფლება აღიქვამს, როგორც თავისი «დამოუკიდებელი რესპუბლიკის» უშიშროების გარანტიას.
        დღესაც (ისევე, როგორც დღემდე) მოლაპარაკება არ იქნება მთლიანად «ორმხრივი». მასში უეჭველად იქნებიან ჩართული (ამა თუ იმ დონითა და წარმომადგენლობით) რუსეთი და გაერო. აგრეთვე, დასავლეთის სახელმწიფოები. დღის წესრიგიც ისეთი ფორმულირებითაა შედგენილი, რომ გვაიძულებს დავასკვნათ: სოხუმი აგრძელებს ძველ სტრატეგიას, რომლის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ დროის მოგება.
        მათ აქვთ ილუზია, თითქოს, ახალ ხელისუფლებასთანაც მოახერხებენ იმას, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ. უკიდურეს შემთხვევაში, სურთ რამდენიმე წელი კიდევ მოიგონ _ საქართველოში მორიგი შიდა დაძაბულობის და დაპირისპირებების ატეხვის იმედით.
        არავითარი ძვრა არც ლტოლვილთა, თუნდაც გალში დაბრუნების, მით უმეტეს, აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის თვალსაზრისით, მოსალოდნელი არ არის.
        რამდენიმე დღის წინათ, მოსკოვში შეიკრიბა რუსული პოლიტოლოგიის ბომონდი, რომელზეც კარნეგის ფონდის წარმომადგენლობა, ალექსანდრ მალაშენკომ საინტერესო ფრაზა თქვა: დღეს რუსეთი ცდილობს საქართველოსთან აწარმოოს მოლაპარაკება იმის შესახებ, თუ რა ტონალობაში და რა დღის წესრიგით შეიძლება მომავალში დაიწყოს ლაპარაკი აფხაზეთის პრობლემაზე.
        როგორც ვხედავთ, ძალიან შორიდან «უვლის» ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური რუსი ექსპერტი, მაგრამ მიმდინარე პროცესის არსს საკმაოდ ზუსტად ასახავს სოხუმის მოლაპარაკებით, აფხაზი სეპარატისტები ცდილობენ ამ პროცესში თავიდანვე იგდონ ხელთ ინიციატივა, რათა არ დაუშვან რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი აფხაზეთის თემატიკაზე. მათი მონაწილეობის გარეშე.
        აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი მოლაპარაკება, რომლის შედეგი აბსოლუტურ ნულს არ გასცდება, უკანასკნელიც არ იქნება.
        უფრო მეტიც: აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, განსაკუთრებით კი არძინბას ეპოქის დასრულების შემდეგ, სოხუმის ხელისუფლება ასეთ მოლაპარაკებათა გამართვას (ოღონდ ანალოგიური შედეგით) უფრო მაღალ დონეზე შეეცდება, თუმცა, ამჟამინდელი ხელისუფლება, ალბათ, «წყლის ნაყვას» არ მიჰყვება და მხოლოდ წინასწარ ცნობილი კონკრეტული შედეგის შემთხვევაში (მის გასაფართოებლად) დათანხმდება მოლაპარაკებაზე. ამგვარ ტაქტიკას უახლესი მომავალი უეჭველად დაადასტურებს.

20 მაისი, ხუთშბათი, 2004 წელი
        დილის გაზეთი